
იარაღის ფლობის სპორტად გადაქცევა, ერთი შეხედვით, შესაძლოა პოზიტიურ მოვლენად ჩანდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება თავად სამოქალაქო იარაღის უფლებების იდეასვე აზიანებდეს. როგორ? შევეცდები აგიხსნათ.
რა არის სპორტი, თავისი არსით? ეს მხოლოდ პოპულარული გართობა არ არის — ეს არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც ეფუძნება იერარქიასა და კონტროლს. სპორტი ფუნქციონირებს მკაცრი წესების, მმართველი ორგანიზაციების, სტანდარტიზებული პროცედურების, სპონსორობის, მედიის ყურადღებისა და საბოლოოდ — მოგებისა და გასართობი ღირებულების ფარგლებში. იგი შექმნილია იმისთვის, რომ იყოს რეგულირებადი, კომერციულად გამოსადეგი და კანონებთან შესაბამისი. კანონები, ქვეყანას გააჩნია, შეიძლება იყოს დრაკონული და უსამართლო.
სამოქალაქო იარაღის ფლობა კი სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე დგას: ინდივიდუალური ავტონომია, პირადი პასუხისმგებლობა და თავდაცვის უფლება. ეს ბუნებით უფრო დეცენტრალიზებული და პიროვნულია. როდესაც იარაღი პირველ რიგში სპორტულ ინსტრუმენტად აღიქმება, დისკუსია ნელ-ნელა გადადის უფლებებიდან რეგულაციებზე, შესრულების სტანდარტებსა და ინსტიტუციურ კონტროლზე. რისი კარგი მაგალითიც არის ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როდესაც ინდივიდაულური უფლებები ითელება მაგრამ სხვადასხვა ფედერაციები და კლუბები, როგორც ჩანს ლაგდებიან ამ გარემოში, იმიტომ რომ მათი ძირითადი ინტერესი არის გართობა და მოგების გენერირება, მათ შორის ფორმალურად თუ არაფორმალურად მიღებული პრივილეგიების ხარჯზე, თუმცა სიტყვებზე ისინი ცდილობენ მოგვევლინონ, როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველები, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის, იმიტომ რომ მათი და ინდივიდუალური თავისუფლების გზები დიდი ხანია რაც გაიყო.
აქ ჩნდება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა. რაც მეტად ინაცვლებს იარაღის კულტურა „სპორტულ“ და გასართობ ჩარჩოში, მით მეტად ხდება იგი დამოკიდებული იმავე სტრუქტურებზე, რომლებიც ინდივიდუალურ თავისუფლებაზე მეტად კონტროლს ანიჭებენ პრიორიტეტს, მათ შორის ხდებიან დაოკიდებული სახელმწიფოზე. დამოკიდებულება კიდე უდრის მორჩილებას.
ამის თვალსაჩინო მაგალითია პრაქტიკული სროლის სპორტის სახეობების, როგორიცაა მაგალითად IPSC, განვითარება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, სადაც სამოქალაქო თავისუფლებები ფართოდ შეზღუდულია, ორგანიზებული სროლის სპორტი მაინც წარმატებით ვითარდება. რატომ? იმიტომ რომ ის ჯდება კონტროლირებად, სანქცირებულ მოდელში — მოდელში, რომელიც ადვილად ექვემდებარება მონიტორინგს, რეგულირებას და შეიძლება იქცეს კიდეც ელიტებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ორგანიზაციების გართობის ფორმად. მხოლოდ უკრაინაში შეჭრამ აიძულა IPSC და ISSF-ს შეეწყვიტა სპორტული შეჯიბრებების ჩატარება რუსეთში, მაგრამ მათ გარეშეც რუსეთში ეს სპორტი ხარობს, შესაბამისი ფედერაცები მხარს უჭერენ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ფულსაც აგროვებს რუსული ჯარის დასახმარებლად. ასე შეიძლება აიხსნას ეს პარადოქსი, სასროლოსნო სპორტის განვითარება დიქტატორული რეჟიმის პირობებში. იმიტომ რომ სპორტი, როგორც ომი არის ყოველთვის სახელმწიფოს პოლიტიკის გაგრძელება და არა ინდივიდუალური თავისუფლების და მიღწევების ზეიმი.
ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით იარაღის ფლობის იდეაის „სპორტიფიკაცია“ აუცილებელი არ არის თავისუფლების გაფართოებას ნიშნავდეს — მას შეუძლია მშვიდად თანაარსებობდეს მის არარსებობასთანაც. და აქ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: თუ იარაღის ფლობა ძირითადად სპორტის ჭრილში განიხილება, ხომ არ კარგავს ის თავის უფრო ღრმა მნიშვნელობას, როგორც ფუნდამენტური სამოქალაქო უფლება? ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ IPSC-ის დამფუძნებლებმა თავის დროზე დატოვეს ეგ ორგანიაცია, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ის გადაიქცა სულ სხვა რამედ ვიდრე მათ ქონდათ ჩაფიქრებული. ჩვენთან ამ პრობლემამ თავი იჩინა სულ ახალხანს, იმიტომ რომ იარაღის ფლობის იდეის “სპორტიფიკაცია” რუსეთში ფორმალურად დაიწყო 1998 წელს, ჩვენთან სულ რაღაც ალბათ 5 წლის წინ, მაგრამ დინამიკა და ბუნება პროცესის აბსოლუტურად ერთნაირია.


