პირველად გამოქვეყნდა: 20 თებერვალი, 2015.
გლოკის პისტოლეტები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში. აღნიშნული პისტოლეტების ოჯახის საფირმო ნიშნებია კონსტრუქციის სიმარტივე, დეტალების მცირე რაოდენობა, საიმედოობა და ხელმისაწვდომი ფასი. კონკურენტებთან შედარებით განსაკუთრებით დასაფასებელია დეტალებისა და მჭიდების თავსებადობა, ასევე პისტოლეტის კასტომიზაციის სიმარტივე. ამ ყველაფრის გამო გლოკი, დიდი ალბათობით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პისტოლეტია. წლების განმავლობაში ეს პისტოლეტი უმნიშვნელოდ იხვეწებოდა და ცვლილებები მეტწილად ერგონომიკას ეხებოდა, ვიდრე პისტოლეტის ტექნიკურ მხარეს. მომხმარებლის თვალსაზრისით, პირველ და მეოთხე თაობას შორის პრაქტიკულად არანაირი სხვაობა არ არის — იგივე მართვის ელემენტები, ტარის კუთხე და სასხლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ გლოკის პისტოლეტები მუშაობენ პირდაპირ ყუთიდან ყოველგვარი მოდიფიკაციების გარეშე, შესაძლებელია მცირე ინვესტიციის შედეგად საბოლოო ჯამში მივიღოთ უფრო უკეთესი თავდაცვითი ინსტრუმენტი.
ამ სტატიაში საუბარი იქნება იმ მოდიფიკაციებზე, რომლებიც შესაძლებელია განახორციელოს პისტოლეტის მფლობელმა რთული ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და იმ გათვალისწინებით, რომ საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს უკეთესი თავდაცვის ინსტრუმენტი. ბევრი რამ, რაზეც აქ იქნება საუბარი, ეხება არა მხოლოდ გლოკს, არამედ სხვა პისტოლეტებსაც.
პირობითად, გლოკის გაუმჯობესება შეიძლება დაიყოს სამ მიმართულებად: გაუმჯობესება, რომელიც აუცილებელია; რომელიც სასურველია; და რომელიც მიზნად ისახავს მფლობელის ესთეტიკური გრძნობების დაკმაყოფილებას. აღნიშნული სტატია ეფუძნება ჩემს პირად გამოცდილებასა და შეხედულებებს. სხვადასხვა ადამიანებს შეიძლება განსხვავებული გამოცდილება და შეხედულებები ჰქონდეთ.
დავიწყოთ აუცილებელი გაუმჯობესების აღწერით. წლების განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ გლოკის სტანდარტული პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები გამძლეობით მნიშვნელოვნად ჩამორჩება დანარჩენ პისტოლეტს. განსაკუთრებით ეს ეხება წინა სამიზნე მოწყობილობას, რომლის დაზიანება ან სრულად მოტეხვა საკმაოდ ადვილია. მართალია, ზოგჯერ გლოკის პისტოლეტები კომპლექტდება რკინის სამიზნე მოწყობილობებით პირდაპირ ქარხნიდან, მაგრამ, როგორც წესი, ეს მხოლოდ ის პისტოლეტები, რომლებიც განკუთვნილია სამართალდამცავებისთვის და რომლებმაც ეს სპეციალურად მოითხოვეს. მაგალითად, პისტოლეტების უმეტესობა, რომლებიც ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს აქვთ, სწორედ გლოკის სტანდარტული ღამის (და რკინის) სამიზნე მოწყობილობებით არის აღჭურვილი. როდესაც ასეთ მეორად გლოკს ყიდულობთ, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ იმ ფასს, რომელსაც იხდით, უნდა გამოაკლოთ 70–100 დოლარი, რაც საჭიროა ხარისხიანი რკინის სამიზნე მოწყობილობების შესაძენად. სამიზნე მოწყობილობების შეძენისას, რა თქმა უნდა, ჯობია იყიდოთ სრული კომპლექტი — წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებით. თუ საკმარისი თანხა არ გაგაჩნიათ, მინიმუმ ყველაზე სუსტი — წინა სამიზნე მოწყობილობა უნდა გამოცვალოთ. ასეთი მიდგომა დაგიზოგავთ 50–60 დოლარს.
სამიზნე მოწყობილობების არჩევისას გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და კარგად შეისწავლოთ პროდუქტი, რომელსაც ყიდულობთ. სამიზნე უნდა იყოს რკინის და უნდა ჰქონდეს ტრიტიუმის „წერტილები“. წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობის ტრიტიუმის წერტილები არ უნდა იყოს ერთნაირი ფერის, რათა სიბნელეში მარტივად გაარჩიოთ წინა სამიზნე მოწყობილობა და არ აგერიოთ. პრიორიტეტი მიანიჭეთ ცნობილი კომპანიების ნაწარმს. თუ ყიდულობთ მოდელს, რომელიც არ იძლევა ვერტიკალური რეგულირების საშუალებას, არსებობს ალბათობა, რომ მოხვედრის წერტილი განსხვავებული იქნება. შეეცადეთ მიიღოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია, მათ შორის „YouTube“-ზე შეფასებების ნახვით. დარწმუნდით, რომ მათი ფორმა, ზომა და სამიზნე სურათი თქვენთვის მისაღებია. სამიზნე მოწყობილობების არჩევა სერიოზული გადაწყვეტილებაა და ამ საკითხს ზერელედ არ უნდა მოეკიდოთ. კარგ სამიზნე მოწყობილობებს უშვებენ, მაგალითად: Ameriglo, Trijicon, Meprolight, Tru-Glo. გლოკზე სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა არის ერთადერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა განახორციელოთ. გლოკის პისტოლეტში სხვა რამის შეცვლა ან დამატება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. გლოკი შესანიშნავი პისტოლეტია და, დამიჯერეთ, სამიზნეების გამოცვლის შემდეგ ის დამატებით რამე არევას არ საჭიროებს.

სამიზნეები თავდაცვით იარაღზე შეიძლება იყოს ოპტიმიზირებული ახლო მანძილზე სროლისთვის (მარცხნივ) და ტრადიციული (მარჯვნივ).
რაც შეეხება სასურველ მოდიფიკაციებს, აქ, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი ვარიანტი და შესაძლებლობაა. ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა უნდა დაყენდეს დამაბრუნებელი ზამბარა რკინის ღერძით. ორიგინალური დეტალი პლასტმასისაა და, მიუხედავად იმისა, რომ ის იშვიათად ტყდება, ჩემი აზრით, მისი გამოცვლა მეტალის დეტალზე კარგი ინვესტიციაა. აღნიშნულ დეტალს პრაქტიკულად ულევი რესურსი ექნება, ხოლო ზამბარის ახლით გამოცვლა მარტივია. ასეთი ღერძი ძვირი არ ღირს — როგორც წესი, ქარხნული წონის ზამბარით მისი ფასი 20–30 დოლარია. შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ ზამბარის წონა იყოს სტანდარტული თქვენი გლოკის მოდელისთვის.

როგორც წესი, ღერძი ზამბარას ხრახნის საშუალებით იჭერს. ხრახნი უნდა იყოს ხრახნების ფიქსატორით დამაგრებული, რათა სროლისას არ მოეშვას.
მჭიდების ტევადობის გაზრდა ასევე ძალიან პოპულარული მოდიფიკაციაა და სახლის დაცვის იარაღში, რომელიც არ უნდა იყოს აუცილებლად პატარა და მსუბუქი, მაქსიმალური ტევადობის მჭიდი, ჩემი აზრით, აუცილებელია. იმისთვის, რომ გაიზარდოს გლოკის სტანდარტული მჭიდების ტევადობა, გამოიყენება ორი ტიპის დამაგრძელებელი. ყველაზე იაფია მხოლოდ პლასტმასის დაგრძელებული ხუფები, რომლებიც ყენდება სტანდარტული ხუფის ადგილას და იყენებს სტანდარტულ მჭიდის ზამბარას. მჭიდის ამ გზით მოდიფიცირება დაჯდება 8–10 დოლარი. ამ მიდგომის მინუსებია ის, რომ ზამბარა მუშაობს არასტანდარტულ პირობებში და, გარდა ამისა, პლასტმასის ხუფი უფრო სუსტია, ვიდრე ორიგინალური დეტალი. თუ ამ გზით მოდიფიცირებული სავსე მჭიდი დავარდება მყარ ზედაპირზე საკმარისი ძალით, ხუფი გატყდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მაღალი კლასის მჭიდის ტევადობის გაზრდის კომპლექტების შეძენა, რომლებსაც ასევე მოყვება ახალი ზამბარაც. ასეთი ნაკრებების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია Arredondo Accessories. საბრძოლო კომპლექტის გაზრდის დამატებითი გზა არის (თუ თქვენი გლოკი კომპაქტური ან სუბკომპაქტურია) სრული ზომის გლოკის მჭიდის გამოყენება ან გლოკის სტანდარტული 33-ვაზნიანი მჭიდის გამოყენება. გრძელი მჭიდი აუცილებლად უნდა აღიჭურვოს ადაპტერით, რომელიც შეავსებს სივრცეს მჭიდსა და ტარს შორის. ეს აუცილებელია, რადგან მჭიდს ადგილზე იჭერს მჭიდის ღილაკი, ხოლო დამატებით ის მიბჯენილია ტარზე, რომელიც იღებს დარტყმას. თუ იარაღი დაგრძელებულ მჭიდზე დავარდება, მთელი ძალა მიადგება მჭიდის ღილაკსა და საკეტს. ადაპტორი უზრუნველყოფს დარტყმის ძალის გადაცემას ტარზე, რაც გამორიცხავს პისტოლეტის დაზიანებას. გარდა ამისა, პისტოლეტი უფრო ესთეტიურად გამოიყურება და ჭერაც მარტივდება. გლოკისთვის მჭიდები უნდა იყოს ორიგინალური, გლოკის წარმოების. კომპანია „Magpul“-მა გამოუშვა გლოკისთვის მჭიდები, თუმცა ეს ჯერ ახალი პროდუქტია და საველე პირობებში ბოლომდე გამოცდილი არ არის.

მჭიდზე დასაყენებელი ტარის დამაგრძელებლები
მართვის ელემენტების მოდიფიცირებაც პოპულარულია. ეს მეტწილად კეთდება იმისთვის, რომ საკეტის შემაკავებელი და მჭიდის ამოგდების ღილაკი იყოს უფრო ადვილად ხელმისაწვდომი. თუ სტანდარტულ დეტალებთან პრობლემა არ გაქვთ, ჯობია, დატოვოთ ისინი უცვლელად. ორივე ეს დეტალი უნდა შეცვალოთ მხოლოდ მაშინ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს. რატომ? იმიტომ, რომ უფრო მსხვილი, გამოწეული მჭიდის ღილაკი უფრო დიდი ალბათობით უნებლიედ გააქტიურდება და გაათავისუფლებს მჭიდს შემთხვევითი დაჭერისას, მაგალითად მაშინ, როდესაც პისტოლეტი ქამრის შიგნთ არის მოთავსებული.

დიდი ზომის მჭიდის ღილაკი (1). საკეტის შემაკავებლების ვარიანტები (2). ადრე პოპულარული იყო სტანდარტული შემაკავებლის მოღუნვა ისე, რომ ის უფრო მკვეთრად ყოფილიყო გამოწეული. ასე აკეთებდნენ მანამ, სანამ გაირკვა, რომ მოღუნული დეტალი მალევე ტყდებოდა. ქარხნული დეტალების კუსტარულად გადაკეთება არ არის სწორი გზა.
ე.წ. „grip tape“-ის გამოყენებაც პისტოლეტის კარგი მოდიფიკაციაა. ასეთი ფირები აადვილებს იარაღის დაჭერასა და მანიპულაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელები სველი გაქვთ (ოფლიანი ან სისხლიანი) ან ხელთათმანები გაცვიათ. გამოიყენება სპეციალურად იარაღისთვის შექმნილი ფირები, რომლებიც რბილი რეზინის ზედაპირით არის (GT-5000 Grip Tape), ასევე არსებობს ე.წ. „სკეიტბორდის ფირები“, რომლებიც ძალზე აბრაზიულია და ადვილად აზიანებს ყველაფერს, რაც მასთან კონტაქტში შევა — ბუდეს, ტანსაცმელს და ა.შ. ხელმისაწვდომია პირველი ტიპის ნაკრებები კონკრეტული იარაღისთვის, წინასწარ გამოჭრილი ფორმით, ან შეგიძლიათ თავად შეიძინოთ ფირის ნაჭრები და გამოჭრათ სასურველი ფორმის ფრაგმენტები. გაითვალისწინეთ, რომ ფირის დაწებებამდე ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ჭუჭყისა და ცხიმისგან (მაგალითად, სპირტით).

ავტორის კუთვნილი გლოკი ორივე ტიპის ფირს იყენებს — რეზინის ფირს ტარზე და აბრაზიულს საკეტზე. საკეტში ჩაწებებული თხელი ფირფიტები ჩამალულია ღარებში და არ აზიანებს ტანსაცმელს, თუმცა ხელის მოკიდებისას სრულად ასრულებს თავის ფუნქციას. არასოდეს მოაცვათ ტარს რეზინის სახელურები — ისინი მალე იწელება, კარგავს ფორმას და ტარზე მყარად აღარ ფიქსირდება.
რაც შეეხება იარაღის პერსონალიზაციას, მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი, რაშიც ფულს ხარჯავთ და იარაღზე აყენებთ, პრაქტიკულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

ავტორის გლოკზე ასეთი „პერსონალიზირებული“ საკეტის ხუფია დაყენებული. გარდა იმისა, რომ ეს ხუფი დეკორატიულ როლს ასრულებს, ის ასევე, პლასტმასის ორიგინალური დეტალისგან განსხვავებით, ალუმინისგან არის დამზადებული. ჩარჩო შეღებილია „Duracoat“-ით (ფერი Coyote Brown) — ასევე პერსონალიზაციის მიზნით. (ამ სტატიის დაწერიდან 11 წლის შემდეგ, შეიძლება ვთქვა რომ ჩარჩოების ღებვა და ჩონჩხების დაყენება იარაღზე არის არასერიოზული საქმიანობა)
რაიმე მოწყობილობების დაყენება პიკატინის ტიპის სამაგრზე არ ითვლება მოდიფიკაციად. ფარანი, ლაზერი ან მათი კომბინაცია საკმაოდ საჭირო დანამატია გლოკისთვის. ლაზერული სამიზნე ამარტივებს დამიზნებას, ხოლო ფარანი საშუალებას გაძლევთ, ერთ ხელში გქონდეთ იარაღიც და განათების წყაროც, ხოლო მეორე ხელი თავისუფალი დარჩეს. პიკატინის სამაგრზე ასევე შეიძლება დაყენდეს მცირე ზომის ხიშტი ან მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ გლოკი დარტყმისთვის და მიბჯენით სროლისთვის. ჩემი აზრით, ამ უკანასკნელ ორს სჯობს ფარანი, ლაზერი ან მათი კომბინაცია. სტანდარტული წესი — „არ იყიდოთ ჩინური პროდუქტი“ — აქაც მოქმედებს. საუკეთესო ფარნებს უშვებს „Surefire“, თუმცა Streamlight TLR-1 და მისი მოდიფიკაციები ასევე საიმედოა და უფრო ხელმისაწვდომიც. გლოკიც უშვებს ფარნებს და ფარან-ლაზერის კომბინაციებს საკუთარი პისტოლეტებისთვის. ლაზერული დამიზნების საშუალებებს შორის ლიდერობენ Lasermax, Crimson Trace და Viridian.
და ბოლოს, როგორც უკვე ვთქვი, გლოკი ძალიან საიმედო პისტოლეტია. მე არავის ვურჩევ თავდაცვითი იარაღის ქარხნული ნაწილების (გარდა ამ სტატიაში აღნიშნულისა) შეცვლას, თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს. ეს ეხება როგორც გლოკს, ასევე ნებისმიერ სხვა ხარისხიან იარაღს. მსუბუქი ზამბარები, ბრჭყვიალა უჟანგავი ლულები, არაქარხნული „თეთრი“ საკეტები, ტიტანის შიგნეულობა, მსუბუქი სასხლეტები — ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ზედმეტი ხარჯია. მათი გამოყენებამ შესაძლოა სავალალო გავლენა მოახდინოს იარაღის რესურსზე და საიმედოობაზე. ნუ შეეხებით გლოკის შიგნეულობას და ის საიმედოდ იმუშავებს. რთული „ტუნინგი“ პროფესიონალების საქმეა. მე ბევრად მეტი იარაღი მინახავს მწყობრიდან გამოსული არაკვალიფიციური ჩარევის გამო, ვიდრე თავისით გაფუჭებული, სროლის შედეგად.
განსაკუთრებით ხშირად მესმის პრეტენზიები გლოკის სასხლეტთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ გლოკი შექმნილია იმისთვის, რომ ატაროთ ის ვაზნით სავაზნეში, თუმცა მას არ გააჩნია მექანიკური მცველი. ასეთ იარაღზე სასხლეტი არ შეიძლება იყოს ძალიან მოკლე და მსუბუქი — ეს უსაფრთხოების ელემენტარული მოთხოვნაა. სტანდარტული გლოკის 5.5-ფუნტიანი სასხლეტი წარმოადგენს ოპტიმალურ ბალანსს უსაფრთხოებასა და კომფორტს შორის, და შემთხვევითი არ არის, რომ წლების განმავლობაში სწორედ ასეთი კონფიგურაცია გამოიყენება. ბოლო დროს გამოჩნდა მზა კომპლექტები, რომლებიც მთლიანად ცვლის ქარხნულ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულს, თუმცა მათი ფასი საკმაოდ მაღალია (150–300 დოლარი), ხოლო მათი გამოყენების მიზანშეწონილობა თავდაცვით იარაღზე საეჭვოა. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება — მეტი ივარჯიშოთ გლოკთან და არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.
დაიმახსოვრეთ: იარაღში და სროლაში უკეთესი ხშირად კარგის მტერია. თუ რამე მუშაობს და თავის ფუნქციას ასრულებს, მისი შეცვლა არ არის საჭირო. მოდიფიკაცია ხშირად გულისხმობს კონსტრუქციის გართულებას, რაც ზრდის მწყობრიდან გამოსვლის ალბათობას. ამიტომ მოდიფიკაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა არ არსებობს. გონივრულად მიუდექით ამ საკითხს და მიიღებთ უფრო მოსახერხებელ და ეფექტურ თავდაცვის საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება საბოლოოდ არასასურველი შედეგი მიიღოთ.
PS
არ შემიძლია არ ვახსენო ერთი ისტორია. ტირში ვნახე ადამიანი, რომელსაც, ასე ვთქვათ, მძიმედ მოდიფიცირებული გლოკი ჰქონდა — „თეთრი“ საკეტი, გრძელი უჟანგავი ლულა და უამრავი დამატება. ეს სამუშაო შესრულებული იყო იარაღის ხელოსნის მიერ, რომელიც, როგორც ჩანს, არ ფლობდა სათანადო ცოდნას. პისტოლეტი ვიზუალურად შთამბეჭდავი იყო, მაგრამ არ ისროდა ზუსტად, არ აგდებდა მასრებს და, ალბათ, 15 წელიწადში პირველად — და იმედია, უკანასკნელად — შევხვდი ქარხნული ახალი ვაზნუს მტყუნებას თანამედროვე პისტოლეტში. ცუდი სიზუსტის მიზეზი აღმოჩნდა რკინის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, რომელიც, როგორც ჩანს, სხვა მოდელის იარაღისთვის იყო განკუთვნილი. საკეტი ისე მოძრაობდა, რომ ხელითაც იგრძნობოდა — ზამბარას ძალა არ ჰყოფნიდა მის ადგილზე დასაბრუნებლად. ექსტრაქტორი შეღებილი იყო სქელი შავი საღებავით, რის გამოც თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. შიგნით რა ხდებოდა, რთული სათქმელია… ფაქტია, რომ მფლობელის თქმით, 60-დოლარიანი დამაბრუნებელი ზამბარის შეცვლის შემდეგ 7-დოლარიანი ქარხნული ზამბარით პისტოლეტმა დაიწყო ზუსტად სროლა. მფლობელიც არ იყო კარგი მსროლელი. დაიმახსოვრეთ, არ არსებობს არაფერი, რასაც იყიდით, დააყენებთ პისტოლეტზე და ავტომატურად გახდებით უკეთესი მსროლელი. ამას მხოლოდ ვარჯიში, პრაქტიკა, ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება უზრუნველყოფს.



