პირველად გამოქვეყნდა: 11 იანვარი, 2015

რის გამოც მე ვცემ ბერეტას პატივს, არის ის, რომ ეს კომპანია პერიოდულად იყენებს არატრადიციულ, ორიგინალურ სქემებს, და ასეთი იარაღი ამავე დროს არის საიმედო და გამძლე. მაგალითად, თანამედროვე პისტოლეტების აბსოლუტური უმეტესობა იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას, მაშინ როცა ბერეტას პისტოლეტები იყენებენ ჩაკეტვას ლულის ბრუნვით ან მოძრავი საყრდენით.
მიუხედავად იმისა, რომ ბერეტას სახელი ასოცირდება მაღალი კლასის თოფებთან და ზე-პოპულარულ 9მმ-იან Beretta 92-თან, ეს კომპანია ასევე ცნობილია თავისი კომპაქტური პისტოლეტებითაც. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პისტოლეტი იყო ბერეტას 1934 წლის მოდელი. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ასევე საკმაოდ წარმატებული 70–71 სერიის კომპაქტური პისტოლეტები.
ბერეტას პირველი „შიდა დამრტყმელიანი“ (striker-fired) 9მმ-იანი ულტრა კომპაქტური პისტოლეტი — „ნანო“ — აგრძელებს ამ კომპანიის შესანიშნავ ტრადიციებს. მიუხედავად მცირე ზომებისა, ის ძალზედ ინოვაციურია და გააჩნია მრავალი საჭირო ფუნქცია, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ასეთ ზომის პისტოლეტებში ძალიან იშვიათი იყო. ჩვენ ტესტირების მიზნით ხელში ჩავიგდეთ ბერეტა „ნანო“ და წარმოგიდგენთ ტესტის შედეგებს.

წონა — 480 გრამი; სიგრძე — 14 სმ; სიგანე — 23 მმ; სიმაღლე — 106 მმ; ლულის სიგრძე — 78 მმ. მომრგვალებული ფორმები და გამოშვერილი დეტალების არარსებობა მიზანმიმართულად უზრუნველყოფს მაქსიმალურად კომფორტულ ფარულ ტარებას.
ბერეტამ „ნანოს“ გაყიდვები დაიწყო 2011 წელს. „ნანო“ ბერძნულად ნიშნავს ჯუჯას, და ალბათ ახსნა საჭირო არ არის, რატომ შეარჩია კომპანიამ ეს სახელი. როგორც ცნობილია, ეს პისტოლეტი იწარმოება მხოლოდ აშშ-ში, ბერეტას ქარხანაში და უნდა ვივარაუდოთ მეეტ წილად ჩრდილო ამერიკის ბაზრისთვის არის განკუთვნილი.
მიუხედავად მცირე ზომებისა, „ნანო“ არის ძალიან დახვეწილი და გააზრებული ინსტრუმენტი, რომლის შექმნაზეც აშკარად კომპეტენტური და ნიჭიერი ინჟინრები მუშაობდნენ.
ტექნიკურად „ნანო“ არის ავტომატური 9მმ-იანი (9×19 Luger) პისტოლეტი, რომელიც იყენებს ნაცად ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას და იკვებება ცალრიგიანი მოსახსნელი მჭიდებით. ამ მხრივ ის დიდად არ განსხვავდება სხვა თანამედროვე პისტოლეტებისგან. პისტოლეტიგ ამოირჩევა სიმარტივით და შედგება მხოლოდ 34 ნაწილისგან, თუ არ ჩავთვლით მჭიდს და სამიზნე მოწყობილობებსю
მისი ერთ-ერთი საინტერესო თავისებურებაა ჩარჩოში ჩამალული ღილაკი, რომელიც საშუალებას იძლევა უსაფრთხოდ დაიშვას დამრტყმელი დაშლის წინ, სასხლეტზე დაჭერის გარეშე. მწარმოებლის თქმით, ეს ამცირებს დაშლისას უბედური შემთხვევების რისკს.
ჩემი აზრით, ასეთი მექანიზმი დიდად საჭირო არ არის, რადგან ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაცვა ისედაც გამორიცხავს პრობლემებს. თუმცა თანამედროვე მწარმოებლები ხშირად ამატებენ მსგავს დამატებით უსაფრთხოების ელემენტებს.
სამიზნე მოწყობილობები სრულფასოვანი რკინისაა, თეთრი წერტილებით, რაც ამარტივებს დამიზნებას. ასევე ხელმისაწვდომია ტრიტიუმის ღამის სამიზნეები. მათი შეცვლა მარტივია, რადგან ხრახნებითაა დაფიქსირებული.
პისტოლეტს არ აქვს გარე საკეტის შემაკავებელი — ის შიდაა, რაც საშუალებას აძლევს კონსტრუქციას დარჩეს მაქსიმალურად თხელი. ასევე არ აქვს მექანიკური მცველი — ყველა უსაფრთხოების სისტემა შიდა და ავტომატურია.

„ნანოს“ საკეტის სიმაღლე „გლოკთან“ შედარებით.

მჭიდები ორია: 6-ვაზნიანი (კომპაქტური) და 8-ვაზნიანი (დაგრძელებული). ეს დღეს საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა.

„ნანო“ მოდულური კონსტრუქციისაა: პოლიმერის ჩარჩო და შიდა მეტალის „ჩონჩხი“, რომელზეც დატანილია სერიული ნომერი. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად შესაძლებელია ჩარჩოს შეცვლა, ეს ასევე შედარებიტ ახალი მაგრამ პოპულარული მიდგომაა, რომელიც გაძლევს საშუალებას გამოიყენო სხვადასხვა ზომის ჩარჩოები, რომლებიც პრაქტიკულად უკვე წარმოადგენენ აქსესუარს და არა იარაღის ძირითად ნაწილს.
პისტოლეტი მარტივი კონსტრუქციისაა და სრულად იშლება სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე, რაც დიდი პლუსია — როგორც მოვლის, ისე შეკეთების თვალსაზრისით.
რაც შეეხება სროლას — მთავარი მინუსი არის სასხლეტი. ის გრძელი, მძიმე, „რევოლვერის ტიპის არს. რესეტი ასევე ძალიან გრძელია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სწრაფ სროლას და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სწრაფ „double tap“-ს.
მიუხედავად ამისა, მიჩვევის შემდეგ სროლა უმჯობესდება, თუმცა სროლის კომფორტით „ნანო“ ჩამორჩება ბევრ სხვა სუბკომპაქტურ პისტოლეტს.
სიზუსტე თავდაცვისთვის საკმარისია. 0–10 მეტრზე პისტოლეტი კარგად ასრულებს თავის ფუნქციას, თუმცა მისი დანიშნულებაც სწორედ ახლო დისტანციაზე გამოყენებაა. შეხედეთ მას როგორც “მოკლეცხვირიან” რევოლვერს, ორივე ეს იარაღი ერთი და იგვე ტაქტიკურ ნიშას იკავებენ. \

სროლა სამიზნეში ხორციელდებოდა 15-დან 7 მეტრის მანძილზე სწრაფი ტემპით. მათ შორის იარაღის ამოღებით და სწრაფი გასროლის განხორციელებით, მათ შორის ერთი ხელიდან. ზედა ჯგუფი სამიზნის თავის არეში ნასროლია 7 მეტრიდან ორი ხელით, ნელი ტემპით.

სროლის მანძილი 10-12 მეტრი. იარაღის სწრაფი ამოღება და კონტროლირებადი წყვილებით სროლა. ორ წრეში მოქცეული „გაქცეული“ მოხვედრები, რისი მიზეზიც ჩემი აზრით მძიმე სასხლეტია.უკუცემის აღქმა ძალიან სუბიექტურია, მაგრამ ყველა მსროლელის აზრით უკუცემა დიდი არ იყო და პისტოლეტი სწრაფად ბრუნდებოდა სამიზნეზე. შესაბამისად, შესაძლებელი იყო შედარებით მაღალი ტემპით სროლა, ხოლო ტემპს ზღუდავდა მხოლოდ სასხლეტი თავისი გრძელი სვლით და „რესეტით“.
რა თქმა უნდა, 8-ვაზნიანი დაგრძელებული მჭიდით სროლა უფრო მოსახერხებელი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ 6-ვაზნიანი მჭიდით სროლა განსაკუთრებულად რთული ან არაკომფორტული იყო.
ხელმისაწვდომია „ნანოს“ მოკლე მჭიდის ხუფი, რომელზეც გათვალისწინებულია ადგილი თითის დასადებად. მას უშვებს კომპანია Pearce Grips და ეს დეტალი სულ რაღაც 10 დოლარი ღირს. კიდევ ერთი საინტერესო მოწყობილობაა ლაზერული დამიზნების სისტემა, რომელსაც კომპანია LaserMax აწარმოებს. მოდელი CF-Nano Centerfire Laser ძალიან კომპაქტურია, იმეორებს იარაღის ფორმებს და არ ღირს ძვირი — დაახლოებით 70–80 დოლარი.
„ნანოდან“ 200 ან მეტი ვაზნის გასროლა (რაც მეტი, მით უკეთესი) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მსროლელი მიეჩვიოს იარაღს და დარწმუნდეს მის საიმედო მუშაობაში. როგორც ჩანს, ეს პისტოლეტი არ არის „ყველაფრის მომნელებელი“, როგორც, მაგალითად, პატარა Glock 26.
არსებობს პისტოლეტები, რომლებიც უბრალოდ არ მუშაობენ ყველა პოპულარულ მუხტთან, და „ნანო“ სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. სასროლოსნო წრეებში გავრცელებულია მოსაზრება, რომ 9მმ-იანი „ნანო“ ცუდად მუშაობს მსუბუქი ტყვიით აღჭურვილ ვაზნებთან.
ულტრაკომპაქტური პისტოლეტისთვის ასეთი თავისებურება ნაკლად არ უნდა ჩაითვალოს. ცნობილია, რომ კომპაქტური პისტოლეტები ხშირად ნაკლებად საიმედოა, ვიდრე სრული ზომის მოდელები. „ნანო“ არის მიკრო პისტოლეტი, გათვლილი ძლიერ მუხტებზე, და, შესაბამისად, საკმაოდ სპეციფიკური იარაღია — მათ შორის გამოყენებადი ვაზნების მხრივაც.
ის არც პირველი მოკლე ლულიანი მიკრო იარაღია მსგავსი თავისებურებებით. ბევრი მწარმოებელი პირდაპირ მიუთითებს, თუ რომელ მუხტებთან მუშაობს მათი პროდუქცია საიმედოდ. მაგალითად, Seecamp-ის ვებგვერდზე მოცემულია რეკომენდებული მუხტების სია, ხოლო Boberg-ის XR სერიის პისტოლეტებს თან ახლავს ჩამონათვალი იმ ვაზნებისა, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია.
ასევე ცნობილია, რომ მსუბუქი წონის მსხვილკალიბრიან რევოლვერებში არ არის რეკომენდებული მსუბუქი ტყვიების გამოყენება. მსგავსი შეზღუდვები მიკრო პისტოლეტებსა და რევოლვერებში ნორმაა და არა გამონაკლისი.
„ნანო“, რომელიც იწონის მხოლოდ 480 გრამს და აქვს 78 მმ-იანი ლულა, ვერ იქნება ისეთივე უნივერსალურად საიმედო, როგორც სრული ზომის პისტოლეტი, მაგალითად Glock 17.
ჩვენს შემთხვევაში ეს თავისებურება პრობლემად იქცა, რადგან, როგორც ჩანს, „ნანო“ არ მუშაობს სწორედ იმ მუხტებთან, რომლებიც ყველაზე გავრცელებულია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, ბერეტამ ეს ხარვეზი გამოასწორა, ჩვენი ტესტის ნიმუშმა უარი თქვა 124 გრანიანი, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით აღჭურვილი ვაზნების საიმედოდ გამოყენებაზე (5 დაბრკოლება 130 გასროლაზე).
დაბრკოლება გამოიხატებოდა იმაში, რომ გასროლილი მასრა რჩებოდა სავაზნეში, ხოლო შემდეგი ვაზნა, საკეტის მიერ მიწოდებული მჭიდიდან, ეჯახებოდა მას. პრობლემის აღმოსაფხვრელად დაახლოებით 2 წამი იყო საკმარისი, თუმცა რეალურ შეტაკებაში ეს დრო შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ ხუთი ასეთი დაბრკოლებიდან სამი ბოლო ვაზნაზე მოხდა.
სროლისას „ნანო“ არ ცდილობს ხელიდან ამოხტომას, თუნდაც მოკლე, 6-ვაზნიანი მჭიდის გამოყენებისას. 8-ვაზნიანი მჭიდი სროლას გარკვეულწილად ამარტივებს და პისტოლეტს ოდნავ უფრო კონტროლირებადს ხდის. ადეკვატური ერგონომიკის, კარგი სამიზნი მოწყობილობების ფონზე სასხლეტი გამოვლინდა, როგორც ამ პისტოლეტის ყველაზე სუსტი მხარე. რა თქმა უნდა, „ნანოს“ სასხლეტის შეფასებისას ვხელმძღვანელობ ჩემი წინა გამოცდილებით, რომელიც მეტწილად დაკავშირებულია სრული ზომის პისტოლეტებთან. სავარაუდოდ, მათთვის, ვისაც რევოლვერიდან სროლის გამოცდილება აქვს, „ნანოს“ სასხლეტი განსაკუთრებულად უცნაური არ მოეჩვენება.
ნამდვილად არ მინდა შევაშინო ამ პისტოლეტის პოტენციური მყიდველები — უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ „ნანოს“ სასხლეტი მიჩვევას საჭიროებს. ის არ ჰგავს არც ერთი იმ პისტოლეტის სასხლეტს, რომელიც მე მქონია.
როდესაც მიეჩვევით, ანუ დააჭერთ სასხლეტს თითის წვერით და გასროლას განახორციელებთ სწრაფი, ერთგვაროვანი მოძრაობით, სროლა გაცილებით გამარტივდება. თუმცა სროლისუნარიანობით „ნანო“ ახლოსაც ვერ მივა იმ სხვა სუბკომპაქტურ პისტოლეტებთან, რომლიდანაც მე მისვრია.
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ კომპაქტურობით ვერც ერთი მათგანი ვერ გაუწევს კონკურენციას „ნანოს“. მე შევეგუები ტარის შედარებით მოუხერხებელ ფორმას, რადგან ის კომპაქტურობით არის განპირობებული; შევეგუები ლულის შედარებით მაღალ ღერძსაც, მაგრამ არ არსებობს ლოგიკური მიზეზი, რომელიც გაამართლებს ასეთი ტიპის სასხლეტის გამოყენებას ავტომატურ პისტოლეტში. რატომ, ბერეტა, რატომ?!
საბოლოო ჯამში:
პლიუსები:
- კომპაქტურობა
- ხარისხიანი დამზადება
- მოდულური კონსტრუქცია
- მარტივი დაშლა
- კარგი ერგონომიკა
მინუსები:
- მძიმე და გრძელი სასხლეტი
- გრძელი რესეტი
- სროლის საშუალო კომფორტი
- ზოგიერთ მუხტთან პრობლემური საიმედოობა
ვერდიქტი:
Beretta Nano ფუნქციური და საიმედო შეიძლება იყოს, მაგრამ საჭიროებს მიჩვევას და გარკვეულ ტუნინგსაც კი. თუ თქვენთვის კრიტიკულია მაქსიმალური კომპაქტურობა — ეს კარგი არჩევანია. თუ არა, ბაზარზე არსებობს უფრო ბალანსირებული ალტერნატივებიც.
რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა, რომ უბრალოდ არ გაგვიმართლა და შეგვხვდა პრობლემატური, გამონაკლისი პისტოლეტი. ცნობილია, რომ ახალი გამოშვების „ნანოებზე“ ექსტრაქციასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აღინიშნება. თუმცა ფაქტი ჯიუტია: პრობლემებზე წერდნენ ინტერნეტში და ამ პრობლემას ჩვენც წავაწყდით. შესაბამისად, რისკი, რომ მომდევნო მყიდველსაც შეხვდეს პრობლემური იარაღი, ნამდვილად არსებობს.
ექსტრაქციასთან დაკავშირებული პრობლემა (ინგლისურად extraction ნიშნავს ვაზნის ამოღებას სავაზნიდან ექსტრაქტორის მეშვეობით, ხოლო ejection — მასრის გარეთ გამოგდებას ეჟექტორის საშუალებით) საქართველოში ყველაზე გავრცელებული მუხტების გამოყენებისას, შეიძლება გახდეს ამ პისტოლეტის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი.
საკანონმდებლო შეზღუდვები, კვალიფიციური ხელოსნების ნაკლებობა, სათადარიგო ნაწილების მიუწვდომლობა, საგარანტიო მომსახურების არარსებობა და ასევე მძიმე ტყვიით აღჭურვილი თავდაცვითი მუხტების შეზღუდული ხელმისაწვდომობა (ამ ეტაპზე საქართველოში იყიდება მხოლოდ Winchester Personal Protection 147 gr JHP) ქმნის გარემოს, სადაც ბერეტა „ნანოზე“ არჩევანის გაკეთება, სავარაუდოდ, არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
მეორე მხრივ, თუ გაქვთ იარაღის ტარების უფლება, გაქვთ ვარჯიშის შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ჩამოიტანოთ და დააყენოთ ახალი ექსტრაქტორი და ზამბარა, ან თავად განახორციელოთ „ნანოს“ ტუნინგი, და ამასთან ერთად გსურთ მაქსიმალურად კომპაქტური 9მმ-იანი პისტოლეტი — მაშინ „ნანო“ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
თუ არა, მაშინ ზე-საიმედო Glock 26 დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. Glock 26-ის გარდა, რომელიც ამ სტატიის დაწერის მომენტში ახალი დაახლოებით 1450 ლარი ღირს, ასევე ხელმისაწვდომია Springfield XD Sub-Compact (1100–1300 ლარი). ორივე ეს მოდელი არ არის ულტრაკომპაქტური, თუმცა „ნანოს“ ბიუჯეტს მცირედის დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა ულტრაკომპაქტური მოდელიც — მაგალითად Ruger LCP (დაახლოებით 1200–1300 ლარი).
ჩვენ ბერეტა „ნანო“ 1000 ლარად შევიძინეთ, ახალი, მაღაზიაში. აშშ-ში მისი ფასი დაახლოებით 400–450 დოლარია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პირობებში „ნანო“ სამართლიან ფასად იყიდება. ამ ფასად მივიღეთ მაღალი ხარისხის თავდაცვითი ინსტრუმენტი, რომლის მიმართ ნდობაც აღდგა არც ისე რთული ტუნინგის შემდეგ.


