A-ZED, ანუ A-Zone Equivalence Distance, არის მეტრიკა, რომელიც შემოიღო პრესტონ მურმა — იგივე სახელწოდების YouTube არხის ავტორმა — და რომელსაც ის იყენებს კონკრეტული შაშხანისა და მუხტის სიზუსტის რეალური ხარისხის შესაფასებლად.
მარტივად რომ ავხსნათ, A-ZED არის მანძილი, რომელზეც კონკრეტული კარაბინიდან კონკრეტული მუხტით ნასროლი ჯგუფი კვლავ დარჩება IPSC-ის სამკერდე A-ზონაში, რომლის ზომებია 15×28 სანტიმეტრი.
„დიდი ამბავი“, იტყვით თქვენ — რა არის ამაში განსაკუთრებული?
განსაკუთრებული სწორედ ისაა, თუ როგორ ადგენს მური ჯგუფის რეალურ სიდიდეს, რადგან ამ მეტრიკის მთავარი ნიუანსიც სწორედ აქ იმალება. მაგრამ ჯერ მოდით აღვწეროთ ტესტირების პროცესი.
თავიდან ის ტესტირებისთვის არჩევს კონკრეტული მწარმოებლის ლულას, შემდეგ კი ხელით აწყობს კარაბინს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის AR-15 პლატფორმა, რადგან მის არხზე ძირითადად სწორედ ამ სისტემის იარაღის ლულები იტესტება. პროცესში ის აზომვებისა და სპეციალური ყალიბების გამოყენებით ამოწმებს, რომ ლულა სრულად ჯდება სპეციფიკაციებში და ლულის არხიც მაქსიმალურად სწორ და ხარისხიან მდგომარეობაშია. ამის შემდეგ კარაბინი იკრიბება ყველა მოთხოვნის დაცვით — მათ შორის ხრახნების, barrel nut-ის ტორკის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების კონტროლით.
სროლა მიმდინარეობს სადგამიდან, დიდი გადიდების ოპტიკით, 100 მეტრზე. ყოველი გასროლა დეტალურად დოკუმენტირდება: ფიქსირდება უკუცემის იმპულსი — რისთვისაც გამოიყენება აქსელერომეტრი — ტყვიის საწყისი სიჩქარე და მოხვედრის წერტილი. გასროლების რაოდენობა? ერთი სრული, 30-გასროლიანი სერია, რომელიც მაქსიმალურად იმეორებს კარაბინის პრაქტიკული გამოყენების სცენარს და ლულის გახურების ფაქტორის გათვალისიწინებით. ლულის მოწყობილობების გამოყენება არასოდეს ხდება, რათა შედეგებზე დამატებითი გავლენა გამოირიცხოს. ასევე გამოიყენება საასპარეზო სასხლეტი. პრაქტიკულად, ყოველი მისი ტესტირების ვიდეო სწორედ ამ პირობების ზუსტი ჩამონათვალით იწყება.
საინტერესო კი ის არის, რომ ეს მეთოდოლოგია ხშირად ძალიან დამაფიქრებელ შედეგებს იძლევა. 30 გასროლის შემთხვევაში ტოპ-ხარისხის ლულაც კი თითქმის არასოდეს იძლევა იმ სანატრელ 1 MOA-ს ან მით უმეტეს SUB-MOA სიზუსტეს, რომელზეც ინტერნეტში ასე ბევრს საუბრობენ. უმეტეს შემთხვევაში, ტოპ-კლასის ლულისა და საუკეთესო მატჩ-ამუნიციის პირობებშიც კი, დაახლოებით 1.5 MOA არის საუკეთესო რეალისტური შედეგი და ასეთი შეედეგიც ხშირი არ არის.
ჩემთვის ეს, შესაძლოა, ახალი არ იყოს, მაგრამ ბევრისთვის მსგავსი შედეგები შეიძლება ერთგვარი თვალის ამხელი სიურპრიზიც აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ SUB-MOA შედეგის მიღება 3- ან 5-გასროლიან ჯგუფში ნამდვილად სასიამოვნო და კარგი ამბავია, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ამტკიცებს. ხშირად ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მომენტში ყველაფერი იდეალურად დაემთხვა — პირობებიც, მუხტიც, მსროლელიც — და ცოტაოდენმა იღბალმაც თავისი როლი ითამაშა. დაიწყეთ მეტი სროლა და სიზუსტის მაჩვენებელი დაწყებს დეგრადირებას.
ჩემს ხანდაზმულ და დიდი ხნის მკითხველებს ალბათ ემახსოვრებათ ჩემ მიერ აღწერილი „ლპს-ის ფაქტორი“, რომელსაც 7.62×54R კალიბრის შაშხანებიდან სროლისას ხშირად ვახსენებდი: სამი-ოთხი გასროლა — შესანიშნავი ჯგუფი, ხოლო მეხუთე გასროლის შემდეგ ჯგუფი მოულოდნელად და სამარცხვინოდ იშლება.თავს იჩენს ერთ ან რამდენიმე იმ უამრავი ფაქტორიდან, რომელიც მოქემდებს იმაზე თუ სად მოხვდება ტყვია.
სწორედ ამიტომ, რამდენიმე კარგი 3-გასროლიანი ჯგუფი სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენს ხელში რეალურად SUB-MOA კარაბინია. დააკვირდით მე არ ვიყენებ სიტყვა ზუსტს.
ამ ყველაფრის გამო, პრესტონ მურს ხშირად „ოცნებების მკვლელსაც“ კი ეძახიან. მისი ტესტები აჩვენებს იარაღის რეალურ სიზუსტეს — შედეგს, რომელიც ხშირად აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის როგორც მსროლელების მოლოდინებთან, სიზუსტის yiutube სტანდარტებთან და მსროლელების სურვილებთან, ასევე იმასთან, რასაც თავად ლულებისა და შაშხანების მწარმოებლები აცხადებენ.
სამწუხაროდ, არც არასასიამოვნო შედეგებია იშვიათობა — როდესაც პრაქტიკაში მიღებული რეალური სიზუსტე საერთოდ არ შეესაბამება არც მწარმოებლის რეპუტაციას და არც კონკრეტული ლულის ფასს და არც მწარმოებლის გარანტიებს.

მაგალითიად ნახეთ Balistic Advantage-ის ლულის ტესტირების შედეგი. ამ ლულებს მათ შორის მინიმუმ ბოლო 10 წელი იყენებს Aero Precision-ი. მწარმოებელი არეკლამებს ამ სერიის ლულებს, როოგრც sub-moa გარანტირებულს. 4 მუხტი, აქიდნა ერთი სტანდარტული FMJ მუხტი მსუბუქი ტყვიით და სამი მატჩ კლასის მუხტი. საუკეთესო 30 გასროლიანი ჯგუფი? 2.42 MOA და ისიც არა-მატჩ მუხტით! რა გამოდის, მწარმებეელი იტყუება? კი და არა. ნახეთ შემდეგი სურათი.

აქ 30 გასროლიანი ჯგუფები ნასროლი 4 მუხტით უკვე ჩაშლილია სამ გასროლიან ჯუფებად და ეს ყოველი სამ გასროლიანი ჯგუფი გაზომილია ინდივიდულაურად. რას ვხედვათ? იმ დანაპირები sub-MOA სიზუსტის “აჩრდილს” (მონიშნულია მწვანედ). ეს ჯგუფები წავა სოც ქსელებში, როგორც მტკიცება რომ Aero ტოპ კარაბინია და მსროლელი ბუზს მოხსნის ფრენაში 100 მეტრიდან, ხალათში, ტალახიანი სავარძლიდან (if you know what I mean).
ახლა კი გადავიდეთ პრაქტიკული სიზუსტის საკითხზე.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მეთოდოლოგიით მიღებული ჯგუფები უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად სცდება იმ სანატრელ MOA და SUB-MOA „სტანდარტს“, რომელსაც თანამედროვე მსროლელთა სამყაროში თითქმის აბსოლუტურ ნორმად გვახვევენ თავს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი რამ: პრაქტიკული თვალსაზრისით AR-15 მაინც საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს.
სწორედ აქ იწყება განსხვავება „ლაბორატორიულ“ და რეალურ სიზუსტეს შორის.
დიახ, მსგავსი შედეგები ბევრ თანამედროვე მსროლელს პირდაპირ შოკში აგდებს. ადამიანები, რომლებიც მიჩვეულები არიან 3- ან 5-გასროლიანი იდეალური ჯგუფების ფოტოების ყურებას, ხშირად გაბრაზებითაც კი უარყოფენ პრესტონ მურის მეთოდოლოგიას. მიზეზიც გასაგებია — 30-გასროლიანი სერია ძალიან დაუნდობლად აჩვენებს რეალობას: ლულის გახურებას, ამუნიციის ვარიაციას, სისტემის სტაბილურობას და უბრალოდ იმ ფაქტს, რომ იდეალური ჯგუფები ყოველთვის არ მეორდება.
თუმცა, პარადოქსი სწორედ ისაა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, AR-15-ს მაინც საკმაოდ კარგი A-ZED მაჩვენებელი და აბსოლუტურად ადეკვატური პრაქტიკული სიზუსტე აქვს.
მაგალითად, 3 MOA — რაც სტანდარტული, non-free floated AR-15-ისთვის, რკინის სამიზნეებით და კარგი მსროლელის ხელში სრულიად ტიპური შედეგია — დაახლოებით 150-მეტრიან A-ZED-ს ნიშნავს. ანუ ასეთ მანძილზე კარაბინი ჯერ კიდევ ინარჩუნებს შესაძლებლობას, რომ გასროლები IPSC-ის სამკერდე A-ზონაში დარჩეს.
2 MOA უკვე დაახლოებით 270–280 მეტრიან A-ZED-ს იძლევა, რაც პრაქტიკული გამოყენებისთვის ძალიან სერიოზული მაჩვენებელია.
ხოლო 1.5 MOA — რაც პრესტონ მურის ტესტებში ტოპ-კლასის ლულისა და მაღალი ხარისხის მატჩ-ამუნიციის გამოყენებისას უკვე ექსტრაორდინარულ შედეგად ითვლება — დაახლოებით 440-მეტრიან A-ZED-ს ნიშნავს.
და სწორედ აქ ჩანს ყველაზე საინტერესო რამ: პრაქტიკული თვალსაზრისით, თუნდაც „მხოლოდ“ 2 MOA-ს მქონე კარაბინი რეალურად ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტერნეტ-დისკუსიებიდან შეიძლება მოგვეჩვენოს. თანამედროვე მსროლელთა კულტურაში SUB-MOA თითქმის ფეტიშის დონეზეა აყვანილი, მაგრამ რეალურ სამყაროში, რეალური პირობებით და სრული სერიებით ჩატარებული ტესტები ხშირად სრულიად განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს.

ჩემი გათვლები აქ მიახლოებითია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორმულა რომელიც შეიმუშავა პრესტონ მურმა. მიაქციეთ ყურადღება რომ ფორმულა ინჩებში არის და გამოიყენება mean რადიუსი. ფორმულა მარტივია და ადვილია გამოყენებაში, 5.91 = IPSC A-ზონის სიგანე ინჩებშმ Mean Radius × 4 ≈ პრაქტიკული გაფანტვის ფაქტორი 95.6 – გადაყავს MOA იარდებში. ეს X4 არის საკვანძო ნაწილი ფორმულის, რატომ ოთხზე გამრავლება?
იმიტომ, რომ Mean Radius მხოლოდ საშუალო გაფანტვას აღწერს. მური Mean Radius-ის ოთხზე გამრავლებით ცდილობს მიიღოს იარაღის რეალური, პრაქტიკული „სროლის კონუსი“ — ანუ ის სივრცე, სადაც გასროლების უმეტესობა მოხვდება რეალურ პირობებში სტატისტიკის გათვალისწინებით.
მაგრამ ესეც თუ გეზარებათ, პრესტონ მურის ვიდეობში არის ეს გათვლები, ამიტომ იპოვეთ თქვენი სიზუსტის მაჩვენებელი და ნახეთ უკვე გამოთვლილი a-zed მაჩვენებელი.

მე ვთხოვე ხელოვნურ ინტელექტს შეედგინა სურათი სადაც ჩვენ დავინახავდით ა-ზონის ზომებს სიგარეტის კოლოფთან შედარებით, რომ დაგენახათ რეალურად რამხელა სამიზნე არის ა-ზონა და A-ZED-ის ვიზუალიზაცია რომ გამეკეთებინა თქვენთვის. რომელი იარაღის გამიოენების რეალისტურ სცენარში ასეთი სიზუსტე არ იქნება საკმარისი ტაქტიკური კარაბინისთვის ან პრაქტიკული/სანადირო ბოლტისთვის?
რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან?
პირველ რიგში, ლულისა და შაშხანის მწარმოებლები, მინიმუმ, კეკლუცობენ მაშინ, როდესაც გარანტიებს 3- ან 5-გასროლიანი ჯგუფების საფუძველზე იძლევიან. ზუსტად ასე კეკლუცობენ ბევრი მსროლელიც, რომლებიც რამდენიმე კარგი ჯგუფის მიხედვით ძალიან შორს მიმავალ დასკვნებს აკეთებენ.
არასწორად არ გამიგოთ — მეც მიხარია, როდესაც კარგ ჯგუფებს ვისვრი, იქნება ეს სამი, ხუთი თუ ზოგჯერ სულ ორი გასროლაც კი. ამაში ნამდვილად არის თავისი კაიფი. მაგრამ ამის საფუძველზე არც იმას ვთვლი, რომ ტოპ-დონის მსროლელი ვარ და არც იმას, რომ რაიმე ჯადოსნური, უნიკალური შაშხანა მაქვს.
მე მაქვს ის, რაც მაქვს. ვისვრი ისე, როგორც ვისვრი, და ყოველთვის ვცდილობ კონკრეტულ მომენტში მაქსიმალურად კარგი შედეგი მივიღო.
თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მკვეთრი ხაზის გავლება კონტროლირებად გარემოში შესრულებულ სროლასა და იმ შედეგს შორის, რომლის მიღებაც რეალურ ან საბრძოლო პირობებში იქნება შესაძლებელი.
ეს ნიშნავს, რომ ახლა ყველამ 30-გასროლიანი ჯგუფები უნდა ისროლოს?
რა თქმა უნდა, არა.
ეს უკვე თითოეული ადამიანის სურვილზე, ინტერესსა და მიზნებზეა დამოკიდებული.
პრესტონ მურსა და A-ZED-ზე საუბრისას მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდოდა შემეხსენებინა ყველასთვის, რომ არსებობს ძალიან დიდი განსხვავება რეალურ სამყაროსა და იმ სამყაროს შორის, რომელსაც YouTube-ზე იარაღიანი აიტიშნიკები ქმნიან.
დღეს ყველა ზედმეტად ჩაციკლულია SUB-MOA-ზე, „ულტიმატურ“ სიზუსტეზე და უსასრულო აქსესუარებზე, მაგრამ პრაქტიკული სიზუსტის ის პრინციპები, რომლებიც ათწლეულების წინ ჯეფ კუპერმა ჩამოაყალიბა, დღემდე აქტუალური რჩება.
კუპერის აზრით, 2- ან თუნდაც 3-ინჩიანი შაშხანა აბსოლუტურად ადეკვატურია ნადირობისთვის, საველე marksmanship-ისთვის, საბრძოლო მოქმედებებისთვის და თავდაცვითი გამოყენებისთვის.
მისი ხედვით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია:
— მსროლელის უნარები,
— სამიზნის აღმოჩენა,
— სასროლი პოზიცია,
— დროის ფაქტორი,
— ქარი,
— მოძრაობა,
ვიდრე სხვაობა SUB-MOA და 2 MOA შაშხანას შორის.
ჩემი აზრით, ამ მხრივ არსებითად არაფერი შეცვლილა.
შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დღეს ოპტიკიანი შაშხანა პრაქტიკულად ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუ ადრე ზუსტი ოპტიკა, ხარისხიანი ლულა და შესაბამისი ამუნიცია შედარებით ვიწრო წრის პრივილეგია იყო, ახლა ეს ყველაფერი მასობრივ პროდუქტად იქცა.
ამასთან ერთად, ჩვენ ვცხოვრობთ სოციალური მედიის ეპოქაში, სადაც ყველაფერს ნახვები, ლაიქები და ალგორითმები მართავს. შესაბამისად, ინფორმაციის რაოდენობაც უზარმაზარია, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარია ხმაურიც. თან ყველა ცდილობს რაღაცა მოგყიდოს, პროდუქტი, მომსახურება, საკუთარი თავი. 99% ადმაინების ვინც გელაპარაკებიან ეკრანებიდან არიან უბრალოდ სეილსმენები.
ყოველდღიურად ხედავ ვიდეოებს „0.3 MOA build“-ებზე, „laser beam“-ებად მონათლულ კარაბინებზე, სასწაულებრივ ლულებზე და აქსესუარებზე, რომლებიც თითქოს ფიზიკის კანონებს აუქმებენ. ბუნებრივია, ეს ქმნის მოლოდინს, რომ თუ შენი შაშხანა მუდმივად SUB-MOA შედეგს არ დებს, რაღაც სერიოზულად არასწორადაა. რეალობა კი ბევრად უფრო პროზაული და ნაკლებად „ინსტაგრამულია“.
და ბოლოს — პრაქტიკულად კურიოზული შემთხვევა, როგორც კარგი ილუსტრაცია ყველაფრისთვის, რაზეც ზემოთ ვისაუბრე.
სულ ახლახანს პოპულარულმა YouTube-არხმა 9-Hole Reviews-მა გამოაქვეყნა ვიდეო LMT-ის MRGG შაშხანაზე. თავდაპირველად იარაღი, როგორც იტყვიან, საერთოდ „ვერ კრავდა“ ჯგუფებს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ პრობლემა მოშვებულ ლულის ხრახნებში იყო. MRGG-ს, ისევე როგორც ზოგადად LMT-ის MRP სისტემას, გამოცვლადი ლულა აქვს, რომელიც რესივერში ორი ხრახნით ფიქსირდება.
პრობლემის გამოსწორების შემდეგ მათ რამდენიმე გასროლა შეასრულეს განულებისთვის და პირდაპირ გადავიდნენ long-range კურსზე, რაც გულისხმობდა ინკრიმენტალურ სროლას 200 იარდიდან 1000 იარდამდე, რკინის გონგებზე.
შედეგი?
იარაღმა ეს კურსი იდეალური ანგარიშით გაიარა.
ანუ სისტემა, რომელიც მანამდე თითქოს „არ ისროდა“, რეალურ პრაქტიკულ სროლაში სრულიად ეფექტური აღმოჩნდა.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ მოხდა.
ამ კურსის დასრულების მერე მათ გადაწყვიტეს ეჩვენებინათ 100 მეტრზე ქაღალდზე ნასროლი ჯგუფები და — ჰოი საოცრებავ — იარაღი ისევ „არ კრავდა“ იმ ჯგუფებს, რასაც ინტერნეტის ნაწილი ელოდებოდა.
შედეგები მერყეობდა დაახლოებით 1.5-დან 2.5 MOA-მდე.
და, რა თქმა უნდა, კომენტარებში მაშინვე გამოჩნდნენ „იარაღიანი აიტიშნიკები“:
“3” for a duty AR/AK with ball is perfectly acceptable. 3” with match out of a precision system is atrocious.”
“1.5 to 2 MOA, $4000+. Nah.”
“They are really good groups… for an SKS.”
ფასი და ბრენდის სახელი გვერდზე გადავდოთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: იარაღმა long-range კურსი იდეალური შედეგით გაიარა.
დანარჩენი კი უკვე თქვენ განსაჯეთ.




