M4 და მისი ალტერნატივები

წინასიტყვაობა: ეს სტატია დაიწერა 2008-ში და შემდგომ მცირე ცვლილებებით ხელმეორედ გამოქვეყნდა ჩემ ბლოგზე 16 წლის წინ, 2010 როდესაც უკვე გარკვეული პერიოდი იიყო გავლილი, მას მერე, რაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ გადაწყვიტა AR-15/M4 ტიპის იარაღით ჩაენაცვლებინა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატები. იმ დროსაც და ეხლაც მე ვთვლი, რომ პერსპექტიული სისტემის შეიარაღებაში მიღება იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რომ ეს პროგრამა წარიმართა არასწორად, მაგრამ რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა და რატომ, ცალკე სტატიის ან სტატიების ციკლის თემა უნდა იყოს.

თავდაპირველად შესწორებებით გამოქვეყნდა: 22 თებეერვალი, 2010.

M4-ის სისტემის კარაბინის მიღებამ შეიარაღებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია და, ალბათ, მხოლოდ ყრუ და ბრმა ადამიანებს არ გამოუხატავთ ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი.

გასაგებია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია. გასაგებია, რომ, ალბათ, იაფად მოგვცეს. ალბათ, არც არავის შევუკითხივართ, რა გვინდოდა, და უბრალოდ გამზადებული გადაწყვეტილება შემოგვთავაზეს. ალბათ, ის ფულიც, რითიც ვიყიდეთ, გვაჩუქეს. ასეა თუ ისე, მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი არ იყო. ავხსნი, რატომ.

ისიც ნათელია, რომ პრეზიდენტი, როდესაც მსოფლიოში საუკეთესო იარაღზე საუბრობდა, ცდებოდა. ამასაც ავხსნი, რატომ. თუმცა მას არ ევალება, იარაღში ერკვეოდეს.

მოკლედ, M4-ზე.

M4-ის ნაკლოვანებების შესახებ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი და ისინი მისი კონსტრუქციიდან გამომდინარეობს. დენთის წვის აირების პირდაპირი მოხვედრა სისტემაში იწვევს მის სწრაფ გადახურებას — უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდება იმ იარაღებში, რომლებიც დგუშიან სისტემას იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ დენთის აირების რაოდენობა ძალიან მცირეა, ის მაინც არსებობს და პირდაპირ ხვდება იარაღის შიგნით. ეს აბინძურებს მას და საჭიროებს მუდმივ წმენდასა და მომსახურების რეგლამენტის მკაცრ დაცვას.

მხოლოდ ეს ფაქტორიც კი განაპირობებს იმას, რომ M4, თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, ნაკლებად საიმედოა, ვიდრე სხვა სისტემები, რომლებიც ავტომატიკის განსხვავებულ სქემებს იყენებენ. თუმცა ეს სხვაობა კატასტროფული არ არის, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების განმავლობაში M16/M4-ის კონსტრუქცია დაიხვეწა, პრობლემები აღმოიფხვრა და მიღწეულ იქნა ფუნქციონალური საიმედოობის ადეკვატური ხარისხი, რომელიც, პენტაგონის შეფასებით, დღესაც საკმარისია იმისათვის, რომ ამერიკელმა ჯარისკაცმა დაკისრებული ფუნქცია შეასრულოს.

რამდენი საიმედოობა გინდა შენ? რამდენს გამოიყენებ? საიმედოობა იარაღში გარკვეული საფასურის გადახდის ხარჯზე მიიღწევა. გარდა ამისა, ავტომატური იარაღის საიმედოობაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორ ცალკეულ ელემენტზე — მჭიდსა და ვაზნებზე. მცირე გადაცდომაც კი და საიმედოობასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიიღებთ.

ამის ყველაზე ცნობილი მაგალითებია M16-თან დაკავშირებული პრობლემები ვიეტნამში და Beretta 92-ის საიმედოობის პრობლემები, რომლებიც ერაყში დაბალი ხარისხის მჭიდებთან იყო დაკავშირებული.

როგორ მიიღწევა M16-ის საიმედოობა (და აშშ-ისა და ისრაელის ჯარებში ეს მიღწეული იქნა) და რატომ, ჩემი აზრით, ამის მიღწევა საქართველოში ვერ მოხერხდება? ამ ნაწილის მომზადებაში მე დამეხმარნენ ამ იარაღის ექსპლუატაციის გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები, ასე რომ, არ იფიქროთ, თითქოს ეს მხოლოდ ჩემი პირადი სპეკულაციებია.

პირველ რიგში, M16-ის საიმედოობაში კრიტიკულ როლს თამაშობს მოვლის პროცედურა და მისი ხარისხი. M16-ს მუდმივად წმენდენ — დავალებაზე გასვლის წინ და დისლოკაციის ადგილას დაბრუნების შემდეგ.

რატომ?

კალაშნიკოვის სისტემის 7.62 მმ-იანი ავტომატის მაღალი საიმედოობა მიიღწევა დგუშიანი ავტომატიკის სქემის გამოყენებით, მოძრავი ნაწილების გრძელი სვლითა და მათი მოძრაობის მაღალი სიჩქარით. ეს, თავის მხრივ, განაპირობებს მაღალ იმპულსს და სროლას ნაკლებად კომფორტულსა და ნაკლებად ზუსტს ხდის. ჯერებით სროლა კი კიდევ უფრო არაეფექტურია.

სამაგიეროდ, მოძრავი ნაწილების დიდი მასა და მაღალი სიჩქარე უზრუნველყოფს იარაღის ფუნქციონირებას ძლიერი დაბინძურების შემთხვევაშიც.

ამის საპირისპიროდ, M16-ს აქვს მსუბუქი საკეტი, მოკლე სვლით, რომელიც ასევე დენთის აირების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. იუჯინ სტოუნერი, რომელმაც ეს იარაღი შექმნა, სულელი არ ყოფილა. მან უბრალოდ კარგად შეასრულა მიცემული დავალება.

ამერიკელი სამხედროები იმ დროს იყენებდნენ ჯონ გარანდის სისტემის შაშხანას და მის მოდიფიცირებულ ვარიანტს — M14-ს. აუცილებელი პირობა იყო როგორც კალიბრისა და, შესაბამისად, უკუცემის იმპულსის შემცირება, ასევე იარაღის საერთო მასის შემცირება და სიზუსტის გაზრდა.

იუჯინ სტოუნერი თავის მემუარებში წერდა, რომ სამხედროები არარეალურად მსუბუქ იარაღს ითხოვდნენ. სტოუნერი ნიჭიერი კონსტრუქტორი იყო და ასეთი იარაღი შექმნა. რაც უთხრეს, ის გააკეთა.

ბევრი რამ დაიწერა იმის შესახებ, რომ M16-მა ვიეტნამში არ გაამართლა. ეს ერთდროულად სიმართლეცაა და მცდარი ინფორმაციაც. საქმე ისაა, რომ თავის დროზე რევოლუციური იარაღი იმ დანაყოფებში მოხვდა, რომლებიც უკვე ომობდნენ. იარაღის ათვისება და შეცდომების გამოვლენა ჯარისკაცების სისხლის ფასად ხდებოდა.

ვიეტნამის კამპანიაში გამოვლენილ M16-ის პრობლემებზე წიგნები დაიწერა (და მე ისინი წავიკითხე ;–)) და ამ სტატიაში მათ სრულად ვერ აღვწერ, მაგრამ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გამოვყოფ.

როდესაც M16 ჯარში მოხვდა, მისი მოვლის პროცედურები არ არსებობდა. ჯარისკაცს უნდა აუხსნა, როგორ მოუაროს ახალ იარაღს, როგორ გაწმინდოს, რითი გაწმინდოს და ა.შ. ეს არ გაკეთდა.

შედეგად, იარაღის მოვლის ხარისხი დაეცა, რაც საიმედოობის შემცირებაში გამოიხატა. პრობლემა ნაწილობრივ გადაწყდა ფერადი კომიქსების დარიგებით, სადაც ნათლად იყო აღწერილი მოვლის პროცედურები, და სპეციალური საწმენდი კომპლექტების მიწოდებით.


კომიქსების სახით, სასწრაფოდ გამოშვებული მომსახურების ინსტრუქცია

დენთთან დაკავშირებულმა შეუთანხმებლობამ მწარმოებლებსა და დამკვეთს შორის გამოიწვია სხვადასხვა ტიპის დენთის გამოყენება. შედეგად, ისედაც მგრძნობიარე ავტომატიკამ დენთის გარკვეული მარკები უბრალოდ ვერ „მოინელა“.

ზოგიერთ დენთს წვის შედარებით დაბალი სიჩქარე ჰქონდა, რის გამოც მისი ნაწილაკები ხვდებოდა დენთის აირების მილში და ახშობდა მას. ამავე გზით ისინი პირდაპირ აღწევდა იარაღის შიგნით და აბინძურებდა მას, რაც საკეტის მოძრაობას აფერხებდა. აქ მთელი დეტექტიური ისტორია იმალება, მაგრამ მე თავს უფლებას მივცემ, ეს ისტორია ერთ აბზაცამდე შევამცირო.

1967 წლის ოქტომბერში სენატორ რიჩარდ აიხორდის თავმჯდომარეობით შექმნილმა კომისიამ გამოაქვეყნა 51-გვერდიანი საგამოძიებო დასკვნა, რომელშიც შეიარაღებული ძალები და თავდაცვის დეპარტამენტი 31 პუნქტში იყო დადანაშაულებული. ბრალდებების უმეტესი ნაწილი დენთის მარკის შეცვლას ეხებოდა, რამაც M16-ის საიმედოობის შემცირება გამოიწვია.

ეს ფოტო ვიეტნამის ომის დროს არის გადაღებული. დააკვირდით იარაღზე დამაგრებულ საწმენდი შომპოლის ღერძს. ეს იმისთვის არის გაკეთებული, რომ იარაღის გაჭედვის შემთხვევაში ჯარისკაცმა სწრაფად მოხსნას იგი და სცადოს გაჭედილი მასრის ამოგდება. იმ პერიოდში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო და კარგად ასახავს იმდროინდელ პრობლემებს, რომლებიც M16-ის ექსპლუატაციას ახლდა თან.

M16A2/A3/A4 და M4, თავისი მოდიფიკაციებით, საიმედო იარაღებია, თუ ხდება მათი ადეკვატური მომსახურება, გამოიყენება შესაბამისი ვაზნები და მჭიდები, ხოლო მათი მომხმარებელი კარგად იცნობს იარაღს და დისციპლინირებულად ექცევა მას. M16 ჯარისკაცისგან მეტ მომზადებას და მეტ ყურადღებას მოითხოვს. ეს ფაქტია. სავარაუდოდ, უფრო მეტსაც, ვიდრე კალაშნიკოვის სისტემა, რომელიც თავიდანვე შეიქმნა შედარებით დაბალი კვალიფიკაციისა და შეზღუდული მომზადების მქონე ჯარისკაცისთვის.

მაგალითად, თუ M16-ის მჭიდს 31 ვაზნით დატენით (და ტექნიკურად ეს შესაძლებელია), დიდი ალბათობით იარაღი გაჭედავს. ვიზუალურად ვაზნების რაოდენობის კონტროლი შეუძლებელია. კალაშნიკოვის ავტომატის მჭიდში კი 31 ვაზნას საერთოდ ვერ ჩადებთ.

თუ 31 ვაზნა მოთავსებულია M16-ში, რომელსაც დახურული საკეტი აქვს, მჭიდის ჩასმა მნიშვნელოვნად რთულდება, ან ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელიც ხდება.

ასევე ცნობილია, რომ M16-ის მჭიდზე დაყრდნობით სროლა რეკომენდებული არ არის, მაშინ როდესაც კალაშნიკოვის ავტომატში ეს, როგორც წესი, პრობლემას არ იწვევს.

იგივე შეიძლება ითქვას გაჭედილი მასრის ამოღებაზეც. საველე ინსტრუქციის მიხედვით, თუ საკეტზე ხელით მოქაჩვით მასრა არ ამოდის, იარაღს კონდახით უნდა დაარტყათ მიწას და შემდეგ კვლავ სცადოთ საკეტის საშუალებით მისი ამოგდება. რა დაემართება პლასტმასის ტელესკოპური კონდახით აღჭურვილ იარაღს, თუ ამას ხშირად გაიმეორებთ, მგონი გასაგებია.

კალაშნიკოვის ავტომატისგან განსხვავებით, M16-ში დენთის აირების მილი არ იწმინდება. ამის საჭიროება არ არსებობს. როდესაც ნაწილში ამ თხელ მილს ტეხავენ, საქმე გვაქვს იარაღთან არასწორ მოპყრობასთან. ეს სერიოზული გადაცდომაა.

და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.

გამოცდილი მსროლელისთვის, რომელიც სხვადასხვა სისტემის იარაღს იცნობს და იარაღის ენთუზიასტია, M16-ის ათვისება პრობლემას არ წარმოადგენს. გამოუცდელ 18 წლის სოფლელ ჯარისკაცს ეს გაცილებით გაუჭირდება, თუ მას არ აიძულეს მკაცრი ინსტრუქციების დაზეპირება და ავტომატურ დონეზე შესრულება.

შესაძლებელია ეს ქართულ ჯარში? ჩემი აზრით — არა.

ისრაელისა და ამერიკის ჯარებში ინსტრუქტორები მკაცრად აკონტროლებენ, როგორ ექცევიან ჯარისკაცები იარაღს. ჩააგდე იარაღი ლულით თოვლში? დასჯილი ხარ. უხეშად დააგდე მიწაზე? დასჯილი ხარ. ხდება ასე ქართულ ჯარში? არ მგონია.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ამერიკის ჯარში არსებობს სამხედრო სტანდარტები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც M16/M4-ის ოჯახს ეხება და არეგულირებს მისი წარმოების პროცედურებს, ტექნოლოგიურ პროცესებსა და გამოყენებულ მასალებს. ეს სტანდარტები უზრუნველყოფს, რომ მიღებული იარაღი საჭირო ხარისხის იყოს და შესაბამისი მასალებისგან იყოს დამზადებული.

მოგეხსენებათ, კომერციული შაშხანები ხშირად შედარებით დაბალი ხარისხის მასალებისგან მზადდება. მწარმოებლები სხვადასხვა გზით ცდილობენ ხარჯების შემცირებას — წარმოების გამარტივებითა და უფრო იაფი მასალების გამოყენებით. ცხადია, ასეთი პრაქტიკა საბრძოლო იარაღისთვის მიუღებელია.

სწორედ ამიტომ M4-ისთვის შექმნილი სტანდარტი (MIL-C-71186 (AR)) მკაცრად განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი კარაბინი.

არის თუ არა Bushmaster-ის მიერ წარმოებული XM-15 ამ სტანდარტის სრულად შესაბამისი? ჩემთვის ეს უცნობია.

ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ ამერიკის ჯარს მხოლოდ ერთი პარტია კარაბინები მიაწოდა, რომლებიც მთლიანად სატანკო ნაწილებში გადანაწილდა, სადაც ერაყის ოპერაციის დროს კარაბინების დეფიციტი შეიქმნა.

იარაღთან ურთიერთობის მაღალი დისციპლინა უზრუნველყოფს მის ფუნქციონალურ საიმედოობას. M16-ის შემთხვევაში ეს დისციპლინა კრიტიკულ როლს თამაშობს.

შესაძლებელია თუ არა საქართველოს ჯარის პირობებში ამ დისციპლინის უზრუნველყოფა? ჩემი აზრით — არა.

ის ფაქტი, რომ ჯერ არ შემხვედრია ჯარისკაცი, რომელიც M4-ით სრულად კმაყოფილი ყოფილიყო, ამ მოსაზრებას მხოლოდ ამყარებს.

M16-ს უამრავი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ იარაღმა თავისი ძირითადი დავალება უნდა შეასრულოს — უნდა ისროდეს ყოველ ჯერზე, როდესაც ჯარისკაცი ჩახმახს გამოკრავს. თუ ის არ ისვრის, ჯარისკაცი შეიძლება მოკვდეს.

აქ უკვე ჩნდება მარტივი მიზანშეწონილობის საკითხი. გაამართლებს თუ არა ასეთი იარაღი ჯარში? რამდენად მარტივია მისი მომსახურება და საიმედოობის უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც ჩვენთან ჭანჭიკის წარმოებაც კი არ ხდება? რა მოცულობის სათადარიგო ნაწილების მარაგია საჭირო? და ასე შემდეგ.

ვინმემ ამაზე იფიქრა? არ მგონია.

შემდეგი საკითხია — არის თუ არა M16 ან M4 საუკეთესო თავის კლასში?

პასუხი შეიძლება იყოს — არა.

არის თუ არა M16 ცუდი იარაღი?

არა, არ არის.

უბრალოდ იმ უპირატესობებს, რომლებიც ამ სისტემას გააჩნია — მაღალი სიზუსტე, დაბალი წონა, შედარებით დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები, წარმოების სიმარტივე და სხვა — თავისი ფასი აქვს. ეს არის და ეს.

ახლა ძალიან მოკლედ განვიხილოთ ალტერნატივები.

საქართველოში არსებობს მოსაზრება, რომ დედამიწაზე მხოლოდ ორი ავტომატი არსებობს, რომლებზეც კამათი ღირს — M16 და კალაშნიკოვი. სინამდვილეში ეს ასე არ არის და უკვე დიდი ხანია აღარ არის.

ქვემოთ განხილული იქნება მხოლოდ M4-ის კლასის კონკურენტი კარაბინები. არ ვიწყებ კალიბრების ომს და არც იმაზე დავას, თუ რა სიგრძის ლულაა უკეთესი. განვიხილოთ მხოლოდ კარაბინები, მათი შესაძლებლობები და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები.

თავდაპირველად M4-ის ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:

M4

  • სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს;
  • ლულის სიგრძე — 37 სმ;
  • წონა — 2.5 კგ (ცარიელი), დაახლოებით 3 კგ (დატენილი);
  • ეფექტური სროლის მანძილი — 400 მეტრი.

1. Heckler & Koch G36

შედარებით გვიან მიღებული შეიარაღებაში (1995 წელი), ეს იარაღი უკვე იქცა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ავტომატურ შაშხანად.


მთლიანად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. აქვს უნივერსალური სამაგრი და დასაკეცი კონდახი. იშლება ყოველგვარი ინსტრუმენტების გარეშე.
იყენებს მსოფილოში საუკეთესო სისტემების ელემენტებს. ბრუნავ საკეტს, დგუშის მოკლე სვლიან ავტომატიკას და ასე შემდეგ. აბსოლუტური საიმედოობა, უნივერსალურობა და დაბალი წონა (რა თქმა უნდ ტრადიციული უმაღლესი ხარისხი). შესანიშნავად იმუშავა ავღანეთის პირობებში. ერთადერთი ნაკლი – მაღალი ფასი.


2. Sig 556 და მისი მოდიფიკაციები

შესანიშნავი მოდიფიკაცია, რომელიც 2006 წელს პირველად ნაჩვენები იქნა აშშ-ში. ისევ მოკლე სვლიანი ავტომატიკა, ბრუნავი საკეტი და მრავალი უნივერსალური სამაგრი. დასაკეცი რკინის სამიზნე მოწობილობები. სრულიად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. აღსანიშნავია ამ კარაბინის საოცარი სიზუსტე. ერთ ერთ ჟურნალში ტესტირებისას ნაჩვენები სიზუსტე 100 მეტრზე გახლდათ საშუალოდ 4 სმ 100 მეტრზე ხოლო საუკეთესო ჯგუფები საშუალოდ მხოლოდ 2.2 სმ. !!! კონსტრუქციულად ახლოს დგას კალაშნიკოვის სისტემი ავტომატთან.

კარაბინის მინუსებში მოიხსენიება ძალიან პატარა დაშვებები, რაც ნიშნავს რომ ქვიშის და ტალახის პირობებში სისტემა შეიძლება არ იყოს იმდენად საიმედო. საქართველოსთვის ქვიშა არადამახასიათებელია. გამოცდები, რომლებიც არ ჩატარდა ამას ადვილად გაარკვევდა.

ლულის სიგრძე 41 სმ.
წონა 3.9 კგ.

ლულის დიდი სიგრძე და ხრახნების ბიჯი უზრუნველყოფს მძიმე ტყვიების სტაბილიზაციას რაც ჩვენ პირობებში ძალიან სასურველია.

გააჩნია ორ პოზციანი დენთის აირების რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფ ფუნქციონირებას ძლიერი დაბინძურების პირობებში.

უნივერსალური, მაღალი ხარისხის და ძალიან ზუსტი. სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა M-4-ს.

3. Robinson Arms ‘XCR’

მულტი კალიბრიანი ახალი სისტემა, რომელსაც უშვებს პატარა კომპანია რობინსონ არმს აშშ-დან. ძირითადი ოფცია – კალიბრების შეცვლისას იცვლება მხოლოდ ლულა, საკეტი და მჭიდი.

სრულიად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. აქვს ოთხი უნივერსალური სამაგრი.

ქარხნული გამოცდების დროს, 3 სმ ჯგუფები 100 მეტრაზე არის ნორმა. ამას ხელს უწყობს მაღალი ხარისხის ლულა.

საკეტი იკეტება პირდაპირ ლულაზე რაც განაპირობებს ლულის და შესაბამისად კალიბრის გამოცვლოს სიადვილეს.

რეგულირებადი 5 პოზიციანი დენთის აირების რეგულატორი, უზრუნველყოფს მუშაობას სხვა და სხვა პირობებში და მაყუჩების ეფექტურ გამოყენებას.

საიმედოობა და შესაძლებლობა იმოქმედოს წმენდის და მომსახურების გარეშე გათვალისწინებულია კონსტრქუციულად.

ერთადერთი ნაკლი – ახალი სისტემაა, რომელმაც ჯერ არ გაირა სამხედრო სამსახური. შესაბამისად ორგანიზებული გამოცდები გამოავლენდა ამ სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებს საქართველოს ჯარში მსახურებისას.

წონა სულ 3.4 კგ

ლულის სიგრძე – 41 სმ.

4- HK 416

გერმანელების კიდევ ერთი შესანიშნავი ქმნილება. წარმოადგენს M-16/M-4 სისტემის იარაღს რომელსაც უყენდება ახალი “აპერი” ანუ ზედა ნაწილი საკეტით, ლულით და ახალი დენთის აირების სისტემა მოკლესვლიანი დგუშით. გააჩნია ხუთი უნივერსალური სამაგრი გამოდის სხვა და სხვა სიგრძის ლულებით. საკმაოდ სასურველი ვარიანტია, გამომდინარე იქიდან, რომ მოხდა ორი ყველაზე ეფექტური სისტემის/ელემენტის შერწყმა. გამოცდილია ბრძოლებში და დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ ნაწილებში, სადაც მიწოდებულ იქნა გამოცდებისთვის (აშშ-ს სპეც. დანიშნულების ძალები). ძალიან საიმდეო და ზუსტი, ტრადიციული გერმანული ხარსხით დამზადებული.

5. FN SCAR


შექმნილია ბელგიური კომპანიის მიერ სპეცილაურად აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის. წარმოადგენს მოდულურ კონსტრუქცაის, ადვილად შეიძლება მისი მოდიფიცირება სხვა და სხვა დანიშნულებისათვის. შეიძლება ადაპტირება სხვა და სხვა ტიპის ვაზნებზე მათ შორის რუსულ 7.62X39-ზე. გააჩნია უნივერსალური სამაგრები. ლულა იცვლება რამოდენიმე წუთში სპეციალური ინსტრუმენტების დახმარების გარეშე. ავტომატიკა მოკლე სვლით, დენთის წვის პროდუქტები სისტემაში არ ხვდება რითაც უზრუნველყოფილია მაღალი საიმედოობა. კონსტრუქციაში ჩადებულია უკიდურესი საიმედოობა და ფუნქციონირების საშუალება განსაკუთრებულად რთულ პირობებში მინიმალური მომსახურებით.

ამ და სხვა იარაღების ძირითადი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები

ცალკე უნდა მოვიხსენიოთ ე.წ. ბულპაპის სქემით აგებული იარაღები. ეს არის კომპაქტური იარაღი, რომელიც ზომითა და წონით კარაბინების კლასში ჯდება, მაგრამ ამავე დროს სრული ზომის ლულა გააჩნია და ეფექტური სროლის მნიშვნელოვნად უფრო დიდი მანძილით გამოირჩევა. ასეთი ტიპის იარაღის არჩევა ასევე არასტანდარტული და, შესაძლოა, საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯი ყოფილიყო. ზოგიერთი მსგავსი კონსტრუქცია უკვე მრავალი წელია შეიარაღებაში იმყოფება და პრაქტიკულად ბოლომდეა დახვეწილი.

2007 წლის ტესტი

2007 წელს აშშ-ის არმიამ ჩაატარა ცდები, რომლებშიც M4-ის გარდა კიდევ სამი მოდელის კარაბინი მონაწილეობდა: Heckler & Koch-ის მიერ წარმოებული XM8, FN SCAR და HK416 (ჩვენმა სამინისტრომ, ალბათ, ამის შესახებ არ იცოდა).

ცდები ჩატარდა ცნობილ აბერდინის პოლიგონზე, რომელიც მერილენდის შტატში მდებარეობს.

ტესტირების პირობები მაქსიმალურად რეალურთან იყო მიახლოებული. ქვიშა სპეციალურად არაბეთის ნახევარკუნძულიდან ჩამოიტანეს. ქვიშის ზემოქმედება განხორციელდა როგორც იარაღებზე, ისე დატენილ მჭიდებზე და მებრძოლების ეკიპირებაზე, რომელშიც მჭიდები იყო მოთავსებული.

თითოეული მოდელის 10 კარაბინიდან განხორციელდა 6 000 გასროლა, ანუ ჯამში — 60 000 გასროლა.

შედეგები შემდეგი იყო:

  • M4 — 882 დაბრკოლება სროლისას; 19 შემთხვევაში საჭირო გახდა ხელოსნების ჩარევა;
  • XM8 — 116 უმნიშვნელო და 11 მნიშვნელოვანი დაბრკოლება;
  • FN SCAR — 226 დაბრკოლება;
  • HK416 — 233 დაბრკოლება.

აღსანიშნავია, რომ M4-ის შემთხვევაში 239 დაბრკოლება მჭიდის გაუმართაობით იყო გამოწვეული.

ასევე უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი HK416 თავიდანვე პრობლემური აღმოჩნდა, რამაც საერთო სტატისტიკა მნიშვნელოვნად გააუარესა.

საინტერესოა ისიც, რომ რამდენიმე კვირით ადრე ჩატარებულმა ანალოგიურმა ტესტირებამ, რომელშიც მხოლოდ M4 მონაწილეობდა, სულ 307 დაბრკოლება აჩვენა. ამიტომ ამ თემაშიც ბევრი საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტესტირების ჩატარება ოკლაჰომის შტატის სენატორმა ტომ კობერნმა მოითხოვა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების აქტიური მხარდაჭერით იყო ცნობილი. თავის წერილში იგი შეშფოთებას გამოხატავდა ერაყიდან და ავღანეთიდან მიღებული საჩივრების გამო და არმიის დეპარტამენტს სთხოვდა, კომერციული მოდელების გამოყენებით შედარებითი ტესტირება ჩაეტარებინა.

ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენს ჯარში ვინმემ თითი თითზე რომ დაარტყას რომელიმე პარლამენტარის მოთხოვნით.

ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის ამერიკა ამერიკა და საქართველო — საქართველო.

შესაძლებლობების შედარება

ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი შედგენილია Robinson Armament-ის ვებგვერდზე განთავსებული შედარებითი მატრიცის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანით.

შენიშვნები

  • ჩემთვის უცნობია, აქვთ თუ არა ჩვენს მიერ შეძენილ M4-ებს უნივერსალური სამაგრი (Picatinny Rail). სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მიერ მიღებულ იარაღებს ეს შესაძლებლობა აქვთ, თუმცა, თუ არ ვცდები, ჩვეულებრივ საბრძოლო ნაწილებში ასეთი ოფცია არ არის გათვალისწინებული.

** ამ მოდელის კარაბინს ამჟამად მხოლოდ M4-ის ტიპის გასაშლელი კონდახი აქვს, თუმცა მისი კონსტრუქცია იძლევა გვერდზე დასაკეცი კონდახის დაყენების შესაძლებლობას.

*** ვინაიდან HK416 იმავე საკეტის ჯგუფს იყენებს, რასაც M4, მასაც გააჩნია ანალოგიური კონსტრუქციის ექსტრაქტორი, რომელიც პერიოდულ მომსახურებას საჭიროებს.

**** იგულისხმება, შესაძლებელია თუ არა ერთი და იმავე იარაღის კონვერტაცია, მაგალითად, სნაიპერულ შაშხანად ან მსუბუქ ტყვიამფრქვევად.

ორივე ცხრილიდან ჩანს, რომ M4A3 საკმაოდ ეფექტური და, რაც მთავარია, მსუბუქი და კომპაქტური იარაღია. თუმცა დღეს ის უკვე ჩამორჩება რიგ თანამედროვე სისტემებს, სადაც იგივე ან ოდნავ უფრო მაღალ ფასად მომხმარებელი უფრო მეტ შესაძლებლობას იღებს, ვიდრე M4A3-ის პლატფორმა სთავაზობს.

რა თქმა უნდა, M4-ის კომერციული მოდიფიკაციები კვლავაც გამოირჩევა კარგი მახასიათებლებით, თუმცა დრო თავისას აკეთებს და სულ უფრო მეტი უნივერსალური და მრავალფუნქციური სისტემა ჩნდება.

ასევე აშკარად ჩანს გარკვეული ტენდენციები. თანამედროვე კონსტრუქტორები თავიდანვე ცდილობენ ისეთი ტექნიკური გადაწყვეტილებების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალ საიმედოობას და მინიმალურ მომსახურებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ განხილული სისტემებიდან არც ერთი არ იყენებს სტოუნერის ავტომატიკის კლასიკურ სქემას, სადაც დენთის აირების ენერგია პირდაპირ საკეტზე გადადის.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგიერთი კომპანია პრაქტიკულად იდენტურ იარაღებს უშვებს ორ სხვადასხვა კალიბრზე — 5.56×45 მმ და 7.62×51 მმ. ეს პრაქტიკულად საშუალებას გაძლევთ, ერთი და იმავე სისტემის ფარგლებში ორი სხვადასხვა დანიშნულების იარაღი იქონიოთ.

წარმოიდგინეთ, რამდენად ეკონომიკურად და ლოგისტიკურად გამართლებულია 80%-ით თავსებადი იარაღის გამოყენება, როდესაც ერთი სისტემა ძირითად საბრძოლო შაშხანის, ხოლო მეორე — საჯარისო სნაიპერის იარაღის ფუნქციას ასრულებს.

თეორიულად ეს M4-ის შემთხვევაშიც შესაძლებელია, რომელსაც სტოუნერის 7.62 მმ-იანი AR-10-ის სახით „დიდი ძმა“ ჰყავს. თუმცა საქართველოში M4-ის წყვილად რატომღაც ისრაელის წარმოების Galil-ები და Remington 700-ის მოდიფიკაციები შეირჩა.

ჩემი აზრით, Remington 700-ის გამოყენება საჯარისო სნაიპერის იარაღად მრავალი მიზეზის გამო გაუმართლებელია.

კომპანია Bushmaster, რომელმაც M4-ები მოგვაწოდა, ასევე აწარმოებს AR-10 ტიპის სნაიპერულ სისტემას — Bushmaster .308-ს. განიხილებოდა თუ არა მისი შეძენა? რატომ შეირჩა Galil? ჩემთვის უცნობია.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.

M16 და განსაკუთრებით M4 შექმნილია იმ მოთხოვნებისა და საბრძოლო მოქმედებების კონცეფციის შესაბამისად, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ. ეს კონცეფცია ეფუძნება საცეცხლე ძალაში აბსოლუტურ უპირატესობას, აგრეთვე ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე დომინირების პრინციპს.

ასეთი მიდგომა ითვალისწინებს უწყვეტ და სტაბილურ ლოგისტიკას, უმაღლესი ხარისხის საბრძოლო მასალებითა და სხვა საჭირო მარაგებით მომარაგებას. ამას ემატება ამერიკელი ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადებისა და სამხედრო კულტურის მაღალი დონე.

ყველაფერი ეს ხელს უწყობს შედარებით ფაქიზი და მომთხოვნი იარაღის უპრობლემო ექსპლუატაციას.

რამდენად შეესაბამება ეს პირობები ქართულ არმიას, არსებულ მდგომარეობასა და საფრთხეებს?

ჩემი პასუხი მარტივია — არანაირად.

ჩვენ არ გვყავს საკმარისად დისციპლინირებული და გაწვრთნილი ჯარი, არ გაგვაჩნია სტაბილური მომარაგების წყაროები და არც ისეთი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მსგავსი ტიპის იარაღის არსენალის ხანგრძლივ პერსპექტივაში მაღალ მზადყოფნაში შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

იარაღთან მოპყრობის კულტურაც, ჩემი დაკვირვებით, პრობლემურია და საერთოდ უცნობია, რამდენად ექცევა ამას სათანადო ყურადღება.

პრინციპში, ამ პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი რესურსების დახარჯვა არც არის განსაკუთრებით მიზანშეწონილი, რადგან ქართულ ჯარში M4-ის სრულფასოვანი ათვისება, სავარაუდოდ, ვერ მოიტანს იმ შედეგს, რომელიც ამ დანახარჯებს გაამართლებს.

ამავე დროს, ნატოს სტანდარტებზე გადასვლის უფრო იაფი და პრაქტიკული გზებიც არსებობს.

მაგალითად, კალაშნიკოვის სისტემის იარაღები ნატოს კალიბრზე. ასეთ იარაღს აწარმოებს ბულგარეთი, ისრაელი უშვებს Galil-ის სხვადასხვა ვერსიას, ხოლო ფინეთი — AK-ის ბაზაზე შექმნილ სისტემებს.

განიხილებოდა თუ არა ეს ვარიანტები? არ ვიცი.

ფაქტია, რომ M4-მა ქართულ ჯარში, როგორც ჩანს, მოლოდინები ვერ გაამართლა.

ფორუმებსა და ჟურნალ „არსენალში“ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საიმედოობის გასაზრდელად ახალი კომპლექტების შემოტანა იგეგმებოდა. პირადად მე მსგავსი პრეცედენტის შესახებ არ მსმენია.

ირიბად ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩვენი M4-ები სრულად არ შეესაბამებოდა აშშ-ის სამხედრო სტანდარტებს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მსოფლიოში საუკეთესო შაშხანის“ ეტაპობრივი ამოღება საჯარისო ნაწილებიდან მიმდინარეობდა.

არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია ჩვენს პირობებში სხვისი 50 წლის წინ დაშვებული შეცდომების გამეორება და ველოსიპედის თავიდან გამოგონება.

არსებობს იარაღის შერჩევისა და ტესტირების ჩამოყალიბებული პრაქტიკა, დაგროვილი გამოცდილება და უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია. საჭიროა მხოლოდ ვინმემ მოიცალოს და ეს ყველაფერი წაიკითხოს.

2007 წელს M4-მა ცნობილი ტესტირება დამაჯერებლად წააგო. 2008 წელს სააგენტო Reuters იუწყებოდა, რომ საქართველომ იმდენი M4 შეიძინა, რაც მასშტაბური გადაიარაღებისთვის საკმარისი იყო. 2010 წლისთვის კი M4-ის კარიერა ქართულ ჯარში პრაქტიკულად დასრულდა.

მსგავსი პრეცედენტი პირადად მე არ მახსენდება და, მგონი, არც არსებობს.

ეს სტატია აგვისტოს ომამდე იყო მომზადებული.

ჯარი ომში წავიდა „მსოფლიოში საუკეთესო შაშხანის“ გარეშე. M4-ების მნიშვნელოვანი რაოდენობა მტრის ხელში აღმოჩნდა. შედეგი დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია.

ვხვდები, რომ ბევრი იტყვის: ეს იყო ნატოს სტანდარტებზე გადასვლის ფასი. მოიყვანენ უამრავ არგუმენტს იმის ასახსნელად, თუ რატომ იყო იმ პერიოდში M4-ის შეიარაღებაში მიღება აუცილებელი, რომ სხვა ალტერნატივებს არავინ გვთავაზობდა და ა.შ.

მაგრამ, მეგობრებო, ჯარისკაცის იარაღს მხოლოდ ერთი ძირითადი ფუნქცია აქვს — გაისროლოს ყოველ ჯერზე, როდესაც ჯარისკაცი სასხლეტს გამოკრავს.

თუ ეს არ ხდება, მაშინ ნატოს სტანდარტები, პოლიტიკური მოსაზრებები და ყველა სხვა არგუმენტი ავტომატურად მეორე პლანზე გადადის.

Scroll to Top