Ruger 10/22-ის ტესტირება

პირველად გამოქვეყნდა: 8 დეკემბერი, 2014.

ეს იარაღი ლეგენდარული რეპუტაციით სარგებლობს და საკუთარ კლასში ისეთივე კლასიკურ და ეტალონურ მოდელად ითვლება, როგორც მაუზერის 1898 წლის შაშხანა ან კოლტის 1911 წლის პისტოლეტი. შემთხვევითი არ არის, რომ Ruger-ის ოფიციალურ საიტზე განთავსებული სარეკლამო სლოგანი 10/22-ს „ამერიკის ყველაზე საყვარელ .22 კალიბრის იარაღად“ მოიხსენიებს — და სტატისტიკაც ამ შეფასებას ამყარებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დღემდე დაახლოებით 7 მილიონამდე Ruger 10/22 კარაბინია გამოშვებული. პოპულარული ინტერნეტრესურსი The Truth About Guns კი 10/22-ს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღის მოდელად ასახელებს. პირადად მე კი უკვე წლებია Ruger 10/22-ის შეძენაზე ვოცნებობდი და, როგორც იქნა, ეს სურვილიც ავისრულე. საქმე იმაში არ არის, რომ ეს იარაღი ძვირი ღირს, ის უბრალოდ არასდროს არ იყო იმპორტირებული საქართველოში, ის უბრალოდ ძალიან იშვიათია.

ზოგადად დღეს, ბაზარზე უამრავი კარგი — და არც თუ ისე კარგი — .22 კალიბრის ნახევრადავტომატური მცირე კალიბრიანი კარაბინი არსებობს. პრაქტიკულად ყველა სერიოზული მწარმოებელი ცდილობს ამ პოპულარულ სეგმენტში საკუთარი მოდელის წარმოდგენას. მეც დიდი ხანია ნახევრადავტომატური „პლინკერების“ მოყვარული ვარ და წლების განმავლობაში პირადად ვფლობდი Toz 99-ს, Colt Coltier-ს, Mossberg 702-ს, Walther G22-ს, Marlin 795-ს, Remington 597-ს, Magtech 7002-ს, Savage 64-სა და GSG 522-ს. მგონი არც ერთი გამომრჩა.

ამ ყველაფერს იმიტომ ვახსენებ, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოში ნამდვილად რთულია შექმნა იარაღი, რომელიც არა მხოლოდ გამორჩეული იქნება, არამედ ათწლეულების განმავლობაში ლიდერის პოზიციებსაც შეინარჩუნებს. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის იარაღებთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება დამიგროვდა და შესაბამისად, შედარებების გაკეთების შესაძლებლობაც მაქვს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ, რა განაპირობებს Ruger 10/22-ის გამორჩეულ პოპულარობას, რატომ გახდა ის ამ კლასის ერთგვარი სტანდარტი და როგორ ახერხებს „პლინკერების“ სამყაროში სამეფო ტახტის შენარჩუნებას უკვე ამდენი წლის განმავლობაში.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ Ruger 10/22-ის წარმატების მიზეზები, აუცილებელია გავეცნოთ ბილ რუგერ უფროსის ბიოგრაფიას — ადამიანის, რომელმაც დააარსა კომპანია Sturm, Ruger & Co., Inc. კომპანიის მეორე დამფუძნებელი, ალექსანდერ მაკკორმიკ სტურმი, 1951 წელს, დაარსებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა და ამის შემდეგ კომპანიის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ბილ რუგერი გახდა.

რუგერი უდავოდ გამორჩეულად ნიჭიერი კონსტრუქტორი იყო, თუმცა არანაკლებ ძლიერი მენეჯერი და ბიზნესმენიც გახლდათ. მას პრაქტიკულად ინტუიციურად შეეძლო განესაზღვრა, რა სჭირდებოდა მომხმარებელს, და ზუსტად საჭირო დროს შეეთავაზებინა შესაბამისი იარაღი. ჩემი აზრით, მისი შექმნილი მოდელები ამერიკული იარაღის წარმოების ტრადიციების საუკეთესო განსახიერებაა — ტექნოლოგიური, წარმოებაში შედარებით იაფი, მარტივი, საიმედო და მაქსიმალურად მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე.

სწორედ ამ მიდგომისა და ბილ რუგერის ტალანტის წყალობით, 2008–2011 წლებში Ruger აშშ-ის უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი იყო, ხოლო 2009–2011 წლებში კომპანიას ყველაზე მეტი მოკლელულიანი იარაღი გამოჰქონდა ამერიკულ ბაზარზე. 1949 წლიდან 2004 წლამდე კომპანიამ 20 მილიონზე მეტი ერთეული იარაღი გამოუშვა.

10/22-ის გარდა, ბილ რუგერს ეკუთვნის კიდევ რამდენიმე ლეგენდარული .22 კალიბრის იარაღის დიზაინი, მათ შორის Ruger-ის .22 კალიბრის პისტოლეტი და რევოლვერი Ruger Single-Six. 10/22-თან ერთად, ორივე ეს მოდელი საკუთარ კლასში ერთგვარ ეტალონად ითვლება. ჩემი მოკრძალებული აზრით, დღეს Ruger საუკეთესოდ განასახიერებს ყველაფერს, რაც ამერიკულ იარაღის წარმოებასთან ასოცირდება.

თავად 10/22 უშუალოდ ბილ რუგერის, ჰარი სეიფრიდისა და დუგ მაკკლენაჰანის ერთობლივი ქმნილებაა. როდესაც სამი ასეთი ნიჭიერი ადამიანი ერთ პროექტზე მუშაობს, შედეგიც, როგორც წესი, გამორჩეული გამოდის. ჰარი სეიფრიდი, მაგალითად, სრულიად არაორდინარული ფიგურა იყო — ბრწყინვალე კონსტრუქტორი, რომელსაც დაახლოებით 40 პატენტი ეკუთვნოდა და მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ისეთი ლეგენდარული იარაღების შექმნაში, როგორებიცაა High Standard Supermatic, High Standard Sentinel და Ruger Redhawk. ის 1959–1979 წლებში Ruger-ის მთავარი კონსტრუქტორი იყო.

Ruger 10/22-ზე მუშაობა ბილ რუგერმა ჯერ კიდევ 1950 წელს დაიწყო, თუმცა კარაბინი გაყიდვაში პირველად მხოლოდ 1964 წელს გამოჩნდა.


მოდელი “კარაბინი” ხის კონდახში არის ყველაზე მასობრივად გამოშვებული 10/22-ის მოდიფიკაცი

მიუხედავად იმისა, რომ Ruger 10/22 წლების განმავლობაში მრავალ სხვადასხვა კონფიგურაციაში გამოდიოდა, „Carbine“ მაინც ყველაზე პოპულარული და კლასიკური ვარიანტია. სწორედ ასეთ შესრულებაში გამოჩნდა პირველი 10/22 ბაზარზე 1964 წელს. ოფიციალური სახელწოდება „Carbine“ მოდელმა 1965 წელს მიიღო — მანამდე მას უბრალოდ 10/22 ერქვა.

პირველი მოდელი აღჭურვილი იყო თავისუფალი საკეტით, 18.5-დუიმიანი ლულით 1:16 ბიჯით, ალუმინის რესივერითა და სამხედრო სტილის კაკლის ხის კონდახით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ასევე საკმაოდ უჩვეულო 10-ვაზნიანი როტორული მჭიდი, რომელიც მოგვიანებით 10/22-ის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.

1964 წელს 10/22-ის ფასი 54.50 აშშ დოლარი იყო, რაც იმ პერიოდისთვის მაინცდამაინც იაფად არ ითვლებოდა. შედარებისთვის, იმ დროის პოპულარული Marlin 99 ღირდა 53.95 დოლარი, ხოლო Remington Nylon 66 — 54.95 დოლარი.

დღეს Ruger, კლასიკური Carbine-ის გარდა, 10/22-ს კიდევ რამდენიმე ვერსიაში უშვებს, მათ შორის Compact, Sporter, Tactical, Takedown და Target მოდელებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში 10/22 სხვა კალიბრებშიც გამოდიოდა. მაგალითად, 2004 წელს მხოლოდ ერთი წლით გამოვიდა მოდელი 10/17, რომელიც .17 HMR კალიბრზე იყო გათვლილი, ხოლო 1999–2006 წლებში Ruger უშვებდა 10/22 Magnum-ს .22 WMR კალიბრში. ამ ორივე მოდელს ფოლადის რესივერი ჰქონდა.

კლასიკური Carbine-ის იერსახე დღემდე თითქმის უცვლელია, თუმცა წლების განმავლობაში მოდელმა არაერთი მცირე განახლება მაინც მიიღო. მოგვიანებით დაემატა დასაკეცი უკანა სამიზნე მოწყობილობა, გამოჩნდა სინთეტიკური კონდახიანი ვერსიებიც — კაკლის ხის კონდახის გამოყენება დაახლოებით 1981 წლიდან შეწყდა მისი მაღალი ღირებულების გამო. ასევე გამოვიდა უჟანგავი ფოლადის ვარიანტი, თუმცა მასშიც მხოლოდ ლულა იყო უჟანგავი, რესივერი კი ვერცხლისფრად შეღებილი ალუმინის რჩებოდა.

ტექნიკური სქემა პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, თუმცა მუდმივად იხვეწებოდა წარმოების ტექნოლოგია, რის შედეგადაც 10/22 უფრო გამძლე და საიმედო გახდა. მაგალითად, დღეს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჩარჩო პოლიმერისგან მზადდება, რადგან Ruger-ის დასკვნით, ეს მასალა უკეთ უძლებს დარტყმებსა და დატვირთვებს. თანამედროვე 10/22-ებზე ასევე გამოიყენება როტაციული ჭედვის მეთოდით დამზადებული ლულები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტითა და დიდი რესურსით.

დღეს Ruger 10/22-ის საბაზისო მოდელის ფასი დაახლოებით 200 დოლარიდან იწყება.

10/22 უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იყიდება და ამ ხნის განმავლობაში არაერთ საინტერესო და განსხვავებულ კონფიგურაციაში გამოდიოდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარიანტი იყო ე.წ. International მოდელი, რომელიც აღჭურვილი იყო გრძელი, „მანლიხერის“ ტიპის სრულმასშტაბიანი კაკლის ხის კონდახით, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავდა ლულას და იარაღს ევროპული სანადირო შაშხანის ელეგანტურ იერს აძლევდა. ეს მოდელი 1966–1969 წლებში იწარმოებოდა და დღეს კოლექციონერებში საკმაოდ მოთხოვნად და საინტერესო ვერსიად ითვლება.

როგორც ამ კლასის იარაღების აბსოლუტური უმრავლესობა, Ruger 10/22-იც თავისუფალი საკეტის სქემას იყენებს და მოსახსნელი მჭიდიდან იკვებება. ერთი შეხედვით, მისი კონსტრუქციაც სრულიად კლასიკურია და განსაკუთრებულად არაფრით გამოირჩევა. მაშ, რა განასხვავებს ამ იარაღს? რატომ მოახერხა მან გამხდარიყო ასეთი პოპულარული და გამორჩეული უამრავ, ერთი შეხედვით თითქმის იდენტურ, ნახევრადავტომატურ .22 კალიბრის კარაბინს შორის?

სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ტესტირების მიზნით ჩვენ თავად შევიძინეთ Ruger 10/22. როგორც ყოველთვის, ჩვენ მხოლოდ იმ იარაღზე ვწერთ, რომელიც პირადად გამოვცადეთ და საფუძვლიანად შევისწავლეთ. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ხშირად საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა ბლოგის ავტორისთვის…


10/22-ის ორი პოპულარული მოდიფიკაცია ასევე არის პისტოლეტი “Charger” და დასაშლელი კარაბინი, “Takedown”. უკანასკნელი იშლება ორ ნაწილად და იწყობა რამდენიმე წამში. 

ჩვენი ტესტის ობიექტი არის 10/22 “Carbine” — როგორც უკვე აღვნიშნე, 10/22-ის ყველაზე გავრცელებული და კლასიკური კონფიგურაცია. რა თქმა უნდა, ყოველთვის უმჯობესია ახალი იარაღის შეფასება, თუმცა ჩვენი 10/22 მეორადია, რადგან, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მიუხედავად ამ მოდელის უდიდესი პოპულარობისა, მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ 10/22 ვინმეს ქართულ ბაზარზე ოფიციალურად შემოეტანა გასაყიდად. შესაბამისად, ეს იარაღი, სავარაუდოდ, საქართველოში ცალკეულ ფიზიკურ პირებს ინდივიდუალურად შემოჰქონდათ და მათი რაოდენობაც საკმაოდ მცირეა.

სერიული ნომრის მიხედვით, ჩვენი კარაბინი 1980 წელს არის გამოშვებული. თქვენც შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი 10/22-ის გამოშვების წელი, თუ ამ ბმულზე გადახვალთ.

კარაბინი თავდაპირველად შეძენილი იყო Archangel Nomad-ის კომპლექტაციით. ეს არის პლასტმასის ფურნიტურის ნაკრები, რომელიც 10/22-ს ტაქტიკურ კარაბინად გარდაქმნის და ვიზუალურად პრაქტიკულად მთლიანად იმეორებს გერმანული Heckler & Koch G36-ის ფორმებს. მადლობა პატრონს, რომ ორიგინალური კომპლექტაციის ყველა დეტალიც გამოაყოლა, თუმცა უკანა სამიზნე მოწყობილობა მოხსნისას შემთხვევით გატეხა.

საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაკრები საკმაოდ ხარისხიანად არის დამზადებული, პირველივე საველე გასვლამ დამარწმუნა, რომ დასაკეცი კონდახის მიუხედავად, ის პრაქტიკაში აბსოლუტურად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა გაზრდილი ტევადობის მჭიდს, რომელიც უბრალოდ საიმედოდ არ ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, კოლიმატორი იარაღზე ზედმეტად მაღლა იდგა, ხოლო 10/22-ის დაშლა და წმენდა მნიშვნელოვნად გართულებული იყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ Ruger-ს თავისი ორიგინალური იერსახე უნდა დაბრუნებოდა.

იარაღი მთლიანად დაიშალა და საფუძვლიანად გაიწმინდა. რესივერზე, ვიწრო „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრის ნაცვლად, რომელიც ქარხნულად მოჰყვებოდა, დავაყენეთ ახლად შეძენილი Monstrum Tactical-ის Picatinny-ს ტიპის სამაგრი, რომელზეც მოგვიანებით С-More-ის ტიპის კოლიმატორის ჩინური კლონი დამონტაჟდა.

10/22-ის ლულის დაბოლოება ქარხნულად დამცავი გვირგვინით არ არის დაცული, რის გამოც მასზე სტანდარტული A2 ტიპის ალმქრობი დავაყენეთ. ის, ერთი მხრივ, ლულის ბოლოს იცავს, ხოლო, მეორე მხრივ, ნაწილობრივ ამცირებს ლულის ალსა და გასროლის ხმას. “Nomad”-ის ნაკრებსაც მოჰყვებოდა ბუტაფორიული ალმქრობი, თუმცა ის უბრალოდ ზედმეტად დიდი იყო და იარაღზე სასაცილოდ გამოიყურებოდა, ამიტომ მის გამოყენებაზე უარი ვთქვით.

თანამედროვე მცირეკალიბრიან კარაბინებზე მწარმოებლები ჯიუტად აღარ აყენებენ საღვედეებს — ალბათ, სამდოლარიან ეკონომიასაც აქვს მნიშვნელობა — მაგრამ ჩვენს 10/22-ს ისინი ქარხნულად ჰქონდა, ამიტომაც Condor-ის ორწერტილიანი, ერთი ხელით რეგულირებადი ღვედის დაყენება პრობლემას არ წარმოადგენდა.

პრობლემური ProMag-ის მჭიდიც დაიშალა — როგორც აღმოჩნდა, წინა პატრონს ის არასწორად ჰქონდა აწყობილი — და საფუძვლიანად გაიწმინდა. მიუხედავად ამისა, მჭიდი მაინც ვერ გახდა საიმედო. სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ კიდევ ვერ შემხვედრია ProMag-ის პროდუქტი, რომელიც გამართულად და უპრობლემოდ მუშაობდა.

Nomad-ის კომპლექტაციიდან საბოლოოდ მხოლოდ დიდი ზომის საკეტის შემაკავებელი დავტოვეთ, რომელიც პრაქტიკაში ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, ვიდრე სტანდარტული, მცირე ზომის დეტალი.

Archangel Nomad-ის კომპლექტაციის წყალობით 10/22 გადაიქცა დიდ, გაბარიტულ პლასტმასის „სათამაშოდ“, რომელიც არასაიმედოდ მუშაობდა უხარისხო და პრობლემური მჭიდის გამო. ამ ნაკრების მთავარი პლუსი, უდავოდ, დასაკეცი კონდახია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს იარაღის საერთო გაბარიტებს და ტრანსპორტირებას უფრო მოსახერხებელს ხდის. თუმცა ნაკრებს სერიოზული მინუსებიც გააჩნია. პირველ რიგში, საკმაოდ რთულია მისი მონტაჟი და შემდგომი მომსახურება. იარაღის უბრალო დაშლაც კი, წმენდის მიზნით, დაახლოებით ათამდე ხრახნის მოხსნას მოითხოვს, რაც პრაქტიკულობის თვალსაზრისით აშკარა ნაკლად უნდა ჩაითვალოს.

კონსტრუქციაზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, როგორც ჩანს, თავის დროზე ბილ რუგერმა სწორად დაასკვნა, რომ მცირეკალიბრიანი კარაბინის ყველაზე სუსტი ელემენტი სწორედ მჭიდია. შეიძლება ითქვას, რომ 10/22-ის ლეგენდარული საიმედოობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მისი როტორული მჭიდია. ამ მჭიდის კონსტრუქცია კი უკვე ნახსენებ ჰარი სეიფრიდს ეკუთვნის.

საკმარისია მჭიდს ერთი შეხედვითაც დააკვირდეთ, რომ მიხვდეთ — ფოლადის მჭიდის ტუჩების წყალობით მისი მწყობრიდან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. როტორის გამოყენების გამო მჭიდის ვაზნებით ავსებაც ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.

თუ სხვა მწარმოებლის მჭიდების შეძენას აპირებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მჭიდის ტუჩები ფოლადის უნდა იყოს. პლასტმასის ტუჩებიანი მჭიდები გაცილებით ადვილად ზიანდება და საიმედოობითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ზოგადად მიღებულია მოსაზრება, რომ Ruger-ის ქარხნული 5-, 10- და 25-ვაზნიანი მჭიდები ყველაზე საიმედოა.

ამ კონსტრუქციის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ 10-ვაზნიანი მჭიდი მთლიანად იმალება იარაღის კონტურში, რის გამოც მისი დაზიანების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს. ამის საპირისპიროდ, გამოშვერილი ცალრიგიანი მჭიდები ან თხელი მეტალის ფირფიტისგან დამზადებული ლულისქვეშა მჭიდები გაცილებით უფრო ადვილად ზიანდება და დეფორმირდება.

10/22-ის მჭიდი კომპაქტურია და მთლიანად იმალება იარაღის კონტურში, რაც მას დაზიანებისგან ეფექტურად იცავს. მისი კონსტრუქცია ძალიან გამძლეა და პრაქტიკულად არ შეიცავს დეტალებს, რომლებიც ინტენსიური გამოყენების შედეგად ადვილად იცვითება ან მწყობრიდან გამოდის. დამატებითი უპირატესობა ისიცაა, რომ მჭიდის სრულად დაშლა შესაძლებელია, რაც მის საფუძვლიან წმენდასა და მომსახურებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ძალიან ჭკვიანური კონსტრუქცია აქვს მჭიდის ღილაკს. ის პრაქტიკულად არ არის გამოშვერილი, რის გამოც მასზე უნებლიე დაჭერა თითქმის შეუძლებელია. ღილაკი ისეა ინტეგრირებული კონსტრუქციაში, რომ „პიანინოს კლავიშას“ ჰგავს — დამალულია კარაბინის ქვედა ნაწილში და მისი დაჭერის შემდეგ მჭიდი პირდაპირ ხელის გულზე გივარდება.

ეს დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ იარაღს, როგორც წესი, მხოლოდ ერთი მჭიდი მოჰყვება კომპლექტში. საქართველოში კი ცალკე მჭიდის შოვნა ხშირად პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, 10/22-ის ტიპის კარაბინს ძირითადად ის ადამიანები იძენენ, ვინც ბევრ დროს ატარებს ბუნებაში და ხეტიალისას მჭიდის დაკარგვა მათთვის რეალური და საკმაოდ უსიამოვნო რისკია.

მე მინახავს არაერთი რუსული ТОЗ-17, რომელსაც მჭიდები სწორედ ამ მიზეზით ჰქონდა დაკარგული — ზოგ შემთხვევაში იმდენად, რომ მფლობელები იძულებულებიც კი იყვნენ მჭიდი იარაღზე ბაწრით მიემაგრებინათ. 10/22-ის შემთხვევაში მჭიდის ღილაკის ასეთი კონსტრუქცია ამ სცენარს პრაქტიკულად გამორიცხავს.

მართალია, არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც ამ ღილაკს ცვლიან და უფრო გამოშვერილ დეტალს აყენებენ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი: 10/22 არ არის სამხედრო, ტაქტიკური ან თავდაცვითი კარაბინი, სადაც მჭიდის მილიწამებში გამოცვლას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, მის შემთხვევაში ბევრად უფრო რეალურია მჭიდის დაკარგვის რისკი ტყეში, რაც სწორედ ასეთი მარტივი, მაგრამ გააზრებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებით ეფექტურად არის მინიმიზებული.

10/22-ის მჭიდის ღილაკი კიდევ ერთი დეტალია, სადაც Ruger-ის კონსტრუქციული მიდგომა კარგად ჩანს. თუ მაინც ვერ ისვენებთ და ამ ელემენტის შეცვლა გინდათ, არსებობს სპეციალური შემცვლელი ბერკეტი, რომელიც ამ სურათზე მოხსნილი, გვერდზე დევს.

ლულის მონტაჟის სქემა, რომელიც 10/22-ში გამოიყენებოდა, მფლობელს აძლევდა შესაძლებლობას ლულა შეეცვალა ყოველგვარი რთული ინსტრუმენტების გარეშე — საკმარისი იყო მხოლოდ ერთი ალენის ქანჩი და რამდენიმე წუთი თავისუფალი დრო. 2011 წლიდან ეს მიდგომა შეიცვალა და ახალ მოდელებზე ლულები უკვე რესივერში იხრახნება.

იარაღი მარტივად იშლება და ასევე მარტივად იწმინდება. არ არის საჭირო ბოლომდე მოხსნათ ხრახნი, რომელიც კონდახსა და რესივერს აერთებს, რაც თავის მხრივ ამცირებს მისი დაკარგვის რისკსაც. ორი პინი აერთებს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულს რესივერთან და ლულასთან.

საკეტი მარტივად გამოდის რესივერიდან. მისი კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია — საკეტის შიგნით მოთავსებულია მასიური დამრტყმელი, რომლის მასაც და გაბარიტებიც პრაქტიკულად გამორიცხავს მის დაზიანებას ან გატეხვას. დამაბრუნებელი ზამბარა, მისი ღერძი და საკეტის სახელური ერთიან მოდულად არის გაერთიანებული, რაც ზედა რესივერის დაშლას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ჩვენი იარაღი 1980 წელს არის გამოშვებული, შესაბამისად დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი ალუმინისგან არის დამზადებული. ეს დეტალი საკმაოდ დიდი ზომისაა, ადვილად იშლება და შესაბამისად ადვილად იწმინდება.

სქელი „პინი“, რომელიც რესივერშია გაყრილი (1), ასრულებს ბუფერის ფუნქციას და იღებს საკეტის დარტყმას. (2) მცველი. (3) საკეტის შემაკავებელი. (4) ლულის V-ფორმის ფიქსატორი, რომელიც დამაგრებულია ორი ალენის ტიპის ხრახნით. იარაღი გასაწმენდად მარტივად იშლება, რაც მის მომსახურებას პრაქტიკულად ამარტივებს.

რაც შეეხება მართვის ელემენტებს, აქ ყველაფერი მეტ-ნაკლებად ტრადიციულ სქემას მიჰყვება. მჭიდის ღილაკი განლაგებულია ქვედა მხრიდან, მჭიდის უკან. მცველი წარმოადგენს ორმხრივ „გაყრილ“ ღილაკს, რომელიც სასხლეტის დამცავ რკალთან არის მოთავსებული. რკალის წინ მდებარეობს საკეტის შემაკავებელი ღილაკი. იმისთვის, რომ საკეტი ღია მდგომარეობაში დატოვოთ, საჭიროა ის ხელით უკან გამოწიოთ და ქვემოდან დააჭიროთ შემაკავებელს. საკეტის წინ გასაშვებად კი იგივე ღილაკის ხელახლა დაჭერაა საჭირო.

ქარხნულ კონფიგურაციაში საკეტი უკან გაწევისას ავტომატურად არ ფიქსირდება, რაც უსაფრთხოების დამატებით ზომად არის გათვალისწინებული. ავტომატური ფიქსაციის ფუნქციის მისაღებად საჭიროა მოდიფიცირებული შემაკავებლის დაყენება — მისი მონტაჟი მარტივია და თან შედარებით იაფიც ღირს. ჩვენ სწორედ ასეთი დეტალი დავაყენეთ კარაბინზე.

წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობები პირდაპირ ლულაზეა განთავსებული. რესივერი ქარხნულად გახვრეტილია ოთხ წერტილში, რაც ოპტიკის სამაგრების დაყენებას ამარტივებს — იქნება ეს „მერცხალის კუდის“ თუ Picatinny ტიპის პლატფორმა, არჩევანი მომხმარებელზეა. ჩვენ შევიძინეთ სპეციალურად 10/22-ზე გათვლილი Picatinny სამაგრი, რომელიც დაახლოებით 9 დოლარი დაგვიჯდა.

Ruger-ის კონსტრუქცია არის მარტივი, ლოგიკური და გათვლილი ინტენსიურ ექსპლუატაციაზე. მასში აშკარად იგრძნობა ზრუნვა მსროლელზე. გარდა ამისა, Ruger-ის „კაპიტალური რემონტი“ პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეასრულოს — ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები ჩვეულებრივ ნებისმიერი იარაღის ენთუზიასტის ხელსაწყოების კოლოფში მოიძებნება.

10/22 განსხვავდება მრავალი ანალოგისგან იმით, რომ თავიდანვე შეიქმნა როგორც მსხვილკალიბრიანი იარაღის სტანდარტებით დამზადებული მცირეკალიბრიანი კარაბინი (1964 წლის Ruger-ის კატალოგშიც სწორედ ასე იყო აღწერილი). მასში არ იგრძნობა ის ხელოვნური სიიაფე ან პრიმიტივიზმი, რაც ხშირად სხვა ანალოგებს ახასიათებს, ან მცდელობა, რომ იარაღი სხვა კატეგორიას დაამსგავსონ. აქ ყველაფერი ფუნქციონალურობაზეა მორგებული — მინიმუმ დეტალი, მაქსიმუმ პრაქტიკული დატვირთვა.

ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემია ახალი თაობის ზედმეტად რთული და ხშირად არაპრაქტიკული დიზაინები, როგორიცაა GSG 522 ან Walther G22. Ruger კი ხაზს უსვამს, რომ მისი კარაბინი გათვლილია ზრდასრულ მსროლელზე და არა ბავშვურ პლატფორმაზე, რის გამოც მას აქვს კარგი ერგონომიკა და დაბალანსებული კონსტრუქცია. წლების შემდეგ მსგავსი მიდგომის გამეორება სცადა Remington-მა თავის 597 მოდელშიც.

ახლა გადავიდეთ სროლის ნაწილზე. სამწუხაროდ, ზაფხული და კარგი ამინდები დასრულდა და 10/22-ის გამოცდა რთულ პირობებში მოგვიწია — ტემპერატურა მინუს ორი გრადუსი იყო, თოვლი და სიცივე. სროლა განხორციელდა დაწოლილი პოზიციიდან, 50 მეტრზე, ყოველგვარი მაგიდის, სადგარის ან ქვიშის ტომრის გარეშე — მხოლოდ თოვლზე დადებული ზურგჩანთის გამოყენებით. ამას იმითაც ვხსნი, რომ რეალურ პირობებში სროლა ხშირად სწორედ ასეთ გარემოში ხდება, ამიტომ პრაქტიკული სიზუსტე გვაინტერესებდა.

სამწუხაროდ, კარაბინი თავიდანვე მოუმზადებელი აღმოჩნდა ტესტისთვის. პრაქტიკულად მაშინვე მწყობრიდან გამოვიდა C-More-ის კლონი. იარაღი მხრიდან ჩამოცურდა და თოვლში ჩავარდა — მსუბუქი დარტყმაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოლიმატორის ლინზა გატეხილიყო. ამ დროს ნათლად გამოჩნდა, რატომ ღირს ჩინური კოლიმატორი 50 დოლარი და Aimpoint 500 დოლარზე მეტი. პირადად ჩემთვის ეს საკმარისი გაკვეთილი იყო, რომ აღარ ვიწუწუნო ხარისხიანი ოპტიკის ფასზე — და სხვებსაც იგივეს ვურჩევ.

გატეხილი კოლიმატორის მიუხედავად, მასზე დიდად არც ვიდარდეთ — უკეთესია ყველაფერი, რაც არ მუშაობს, ბანაკიდან გასვლამდე გაფუჭდეს, ვიდრე ტყეში. მის ნაცვლად 10/22-ზე დავაყენეთ ბიუჯეტური ოპტიკური სამიზნე Simmons 8-Point 3-9×42, რომელიც თან გვქონდა. ეს მოდელი დაახლოებით 45 დოლარი ღირს აშშ-ში და მიუხედავად შედარებით მოკრძალებული ოპტიკური ხარისხისა, გამართულად და საიმედოდ მუშაობს.

სამწუხაროდ, პრობლემები კოლიმატორით არ დასრულებულა — დაახლოებით 30 გასროლის შემდეგ Picatinny სამაგრმაც დაიწყო მოშვება. ასეთ პირობებში 10/22 თავდაპირველად იძლეოდა 4.5–5.5 სმ ჯგუფებს 60 მეტრზე. სამაგრის პრობლემის მოგვარების შემდეგ ჯგუფები შემცირდა დაახლოებით 3.5–2.5 სმ-მდე.

სროლისას გამოყენებული იყო Remington Yellow Jacket, CCI Target და Remington Cyclone ვაზნები. ჩვენი დაკვირვებით, 10/22-ს უფრო სწრაფი ვაზნები „უყვარს“. თუ იარაღი გასწორებულია სტანდარტული სიჩქარის ვაზნებით, მაღალი სიჩქარის მუხტის გამოყენებისას 50 მეტრზე მოხვედრის წერტილი საშუალოდ 5–7 სმ-ით ზემოთ ინაცვლებს.

ოპტიკის სამაგრის პრობლემის აღმოჩენის შემდეგ Picatinny სამაგრი ხელახლა დამაგრდა, ამჯერად ხრახნების ფიქსატორის (ლურჯი) გამოყენებით — რაც აუცილებელია. დაახლოებით 30–40 .22 კალიბრის ვაზნამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ მყარად დაჭერილი ხრახნები მაინც მოშვებულიყო და სამაგრი თავისუფლად „დასეირნობდა“.

კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა ProMag-ის მჭიდი, რომელმაც, მიუხედავად დაშლისა, გაწმენდისა და სწორად აწყობისა, უფრო მეტი პრობლემა შექმნა, ვიდრე სარგებელი. დამატებით, უცნობი მიზეზებით, მისი გამოყენებისას ზოგჯერ საერთოდ არ ხდებოდა ვაზნის აალება. ამ ეტაპზე ვვარაუდობ, რომ მჭიდი ხელს უშლის საკეტის სრულ წინ მისვლას და „ჩაკეტვას“, რის შედეგადაც ჩახმახის ენერგიის ნაწილი საკეტის მოძრაობაზე იხარჯება და დარტყმა ვაზნის ასაალებლად აღარ არის საკმარისი. თუმცა ამ საკითხს დამატებით შემოწმება სჭირდება.

ტესტირებისას Ruger-ის ორიგინალური 10-ვაზნიანი მჭიდით დაახლოებით 100 გასროლა განხორციელდა. დაფიქსირდა მხოლოდ ორი შეფერხება: ერთხელ არ მოხდა Remington Yellow Jacket-ის მიწოდება (მისი კონუსური, ღრუ-წვერიანი ფორმის გამო, რომელიც ზოგადად უფრო მომთხოვნია ნახევრადავტომატებისთვის) და ერთხელ ვაზნა არ აალდა — რაც, დიდი ალბათობით, თავად ვაზნის ბრალია. სხვა პრობლემა არ დაფიქსირებულა.

ერთადერთი გამონაკლისი იყო რუსული წარმოების „სუროკის“ ვაზნები, რომლებზეც იარაღმა პრაქტიკულად სრულად თქვა უარი — არ ხდებოდა ვაზნების მიწოდება მჭიდიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბსოლუტურად საიმედო ნახევრადავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღიც კი შეიძლება კონკრეტულ მუხტზე იყოს სენსიტიური. პირადად მქონია კარაბინი, რომელიც მხოლოდ ამ „სუროკზე“ მუშაობდა საიმედოდ, ამიტომ, როდესაც იპოვით ვაზნას, რომელიც თქვენს იარაღს კარგად ერგება და კარგ ჯგუფებსაც გაძლევთ, გონივრულია მისი მარაგის გაკეთება.

ტესტირების პროცესი, თოვლი და ყინვა ჩვენ ვერ გაგვაჩერებს

მას შემდეგ, რაც ოპტიკის სამაგრის პრობლემა მოგვარდა და „ProMag“-ის დეფექტური მჭიდიც გვერდზე გადავდეთ, იარაღი საბოლოოდ გამართულად ამუშავდა. მთლიანობაში კარაბინმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

თუ ვინმეს 2.5–3 სმ ჯგუფები ზედმეტად ეჩვენება, შეგახსენებთ: 20-თეთრიანის დიამეტრი სულ რაღაც 22 მმ-ია, ხოლო სროლა მიმდინარეობდა რთულ, ღია პირობებში და არა დახურულ ტირში, სტაბილური მაგიდიდან. ჩემი აზრით, ასეთი შედეგი ძალიან კარგია 34 წლის იარაღისთვის, რომლის დანიშნულებაც არ არის ზეზუსტი სროლა. დარწმუნებული ვარ, უკეთეს პირობებში, ხარისხიანი ოპტიკითა და შერჩეული ვაზნებით, 10/22-ის სიზუსტე კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

რა შეიძლება დავამატოთ სროლის ნაწილს? უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასხლეტს. 10/22 მასობრივი წარმოების იარაღია და, ბუნებრივია, მისი ქარხნული სასხლეტი არ არის იდეალური და არც იდეალურთან მიახლოებული (ვისაც იდეალური სასხლეტი სურს, არსებობს როგორც მორგებული ნაკრებები, ასევე სრული დამრტყმელ-სასხლეტი მოდულები). თუმცა ჩვენს შემთხვევაში სასხლეტი რბილი იყო, არ ჰქონდა თანამედროვე ანალოგებისთვის დამახასიათებელი „ხრაშუნის“ შეგრძნება — სავარაუდოდ იმიტომ, რომ იარაღი 34 წლისაა და დეტალები უკვე ერთმანეთზე „მოჯდა“.

სვლის სიგრძე მოკლეა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, სხვა ანალოგებთან შედარებით, მე ვერ ვიტყვი, რომ სასხლეტი სროლაში პრობლემას ქმნიდა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: არ ვიცი, როგორი მდგომარეობაა ახალ 10/22-ებზე. ერთია ფაქტი — სროლა ამ კარაბინიდან ძალიან სასიამოვნოა.

კოლეგებო, ახლა ყურადღებით წაიკითხეთ მნიშვნელოვანი გაფრთხილება: მცირეკალიბრიან ნახევრადავტომატურ იარაღებს, როგორც წესი, აქვთ შედარებით სუსტი ექსტრაქტორები და რბილი ზამბარები. თუ ვაზნა დაფარულია პარაფინით ან უბრალოდ დაბინძურებულია, ხოლო სავაზნეც ჭუჭყიანია, შესაძლებელია ვაზნა გაიჭედოს. გასროლისას პრობლემა ჩვეულებრივ არ იჩენს თავს და ექსტრაქცია მუშაობს ნორმალურად, მაგრამ როდესაც საკეტით ხელით ამოაგდებთ ვაზნას, ის შეიძლება სავაზნეში დარჩეს და ექსტრაქტორმა ვერ ამოიღოს. შეიძლება გეგონოთ, რომ იარაღი ცარიელია, რადგან საკეტი გახსნილია, თუმცა რეალურად ვაზნა სავაზნეში იყოს დარჩენილი — ეს კი უკვე სახიფათო სიტუაციაა. ამიტომ იარაღის განმუხტვისას ყოველთვის ვიზუალურად დარწმუნდით, რომ სავაზნე ცარიელია.

ჩვენ ხელში კარაბინი მოხვდა უკვე გადაკეთებული, დეფექტური მჭიდით და მოუვლელ მდგომარეობაში. მისი აღდგენის პროცესი დროში გაიწელა და არც სიურპრიზების გარეშე ყოფილა, თუმცა ეს პრობლემები 10/22-ის ბრალი არ არის — ჩვენ უბრალოდ მოგვიწია არაკომპეტენტური ჩარევის გამოსწორება.

ორიგინალურ კონფიგურაციაში 10/22 საიმედო, ზუსტი და ზოგადად უპრობლემო იარაღია. თავდაპირველი იდეა იყო, რომ ის ყოფილიყო მსუბუქი „ტაქტიკური“ პლინკერი კოლიმატორითა და დიდი ტევადობის მჭიდით, რომელიც ჩემს AR-15-ს ნაწილობრივ ჩაანაცვლებდა მსუბუქი გასართობი სროლისას. სამწუხაროდ, არც კოლიმატორი და არც თანდართული მჭიდი აღმოჩნდა გამართული. შედეგად, პრაქტიკულად აზრი დაკარგა Nomad-ის კომპლექტაციის გამოყენებამაც. ერთი სიტყვით — ერთს ველოდით და სრულიად სხვა მივიღეთ. ორიგინალური იერსახის დაბრუნების შემდეგ კი მივიღეთ მსუბუქი, ერგონომიული კლასიკური კარაბინი, ყოველგვარი „ტაქტიკურობის“ გარეშე.

დასკვნა მარტივია: Ruger 10/22 უდავოდ კარგი იარაღია — უფრო ზუსტად, ძალიან კარგი იარაღი. უკვე ის ფაქტი, რომ მცირე თანხითა და მინიმალური ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მისი სრული აღდგენა და ფუნქციონალურ მდგომარეობაში დაბრუნება, ბევრს ამბობს მის კონსტრუქციაზე. მცირეკალიბრიანი იარაღის ასეთი მარტივი აღდგენა იშვიათობაა.

გარდა ამისა, 10/22-ს აქვს უზარმაზარი ტიუნინგის პოტენციალი და ძალიან ხელმისაწვდომ ფასებში. მისი კონსტრუქციის სიმარტივე და მოვლის სიადვილე ნამდვილად გამოარჩევს სხვა ანალოგებისგან. ამას ემატება კარგი ერგონომიკა, გამძლეობა და კარგად გააზრებული კონსტრუქცია.

ჩემი აზრით, 10/22 დღეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია და შესანიშნავი გასართობი ნებისმიერი იარაღის ენთუზიასტისთვის. 100%-ით ამერიკული და 100%-ით ლეგენდარული, ის უკვე იარაღის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ამავდროულად არის პრაქტიკული, გამძლე და მოსახერხებელი.

სამწუხაროა, რომ საქართველოში ის იშვიათია. არადა, ასეთ იარაღზე მუშაობა და ტიუნინგის შესაძლებლობები ჩვენს პირობებშიც კი საკმაოდ დიდ სივრცეს იძლევა. მისი პოპულარობის გამო ბაზარზე ხელმისაწვდომია უამრავი ნაწილი და აქსესუარი — შესაძლებელია ააწყო 10/22 ტიპის შაშხანა, რომელშიც Ruger-ის არც ერთი ორიგინალური ნაწილი აღარ იქნება დარჩენილი. ამ მხრივ მას თითქმის არ ჰყავს კონკურენტი.

ინტერნეტი სავსეა 10/22-ის გაუმჯობესების სხვადასხვა გზებით, თუმცა არავის ვურჩევ კონსტრუქციის ცვლილებას ისე, თუ ბოლომდე არ ესმის რას აკეთებს. თუმცა, თუ რამე გაფუჭდება — ესეც დიდი პრობლემა არ არის: თითქმის ყველა ნაწილი თავისუფლად იშოვება და საკმაოდ იაფიც ღირს.

ჩემი აზრით, ქარხნულ მდგომარეობაშიც კი Ruger 10/22 აბსოლუტურად საკმარისად ეფექტური, საიმედო და ზუსტია.

10/22-ის კონსტრუქცია, დეტალების და აქსესუარების სიუხვე, ასევე კომპანიების დიდი რაოდენობა, რომლებიც სპეციალიზდებიან ამ კარაბინის მოდიფიცირებაზე, განაპირობებს იმას, რომ Ruger 10/22 დღეს პრაქტიკულად ნებისმიერ ფორმატში გვხვდება. სტანდარტული 10/22-ის ტრანსფორმაცია ყველაფერში, რასაც სურათზე ხედავთ, შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს, საკმაოდ პრიმიტიული ინსტრუმენტების გამოყენებით.

update/განახლება

ვინაიდან პირველი ტესტის პირობები არ იყო კარგი, იარაღიც არ იყო ბოლომდე მზად და შესაბამისად შედეგებიც არ იყო სანდო, რუგერი ხელმეორედ გავიტანეთ ტესტირებაზე ამჯერად უფრო უკეთ მომზადებული. სამწუხაროდ ამინდი ისევ არ იყო კარგი, წვიმით და ნისლით. სროლა ხორციელდებოდა ამჯერად 100 იარდზე (91 მეტრზე) სამი ტიპის ვაზნის გამოყენებით, დაწოლილი პოზიციიდან, საყრდენის როლში გამოიყენებოდა ზურგჩანთა. ამჯერად შედეგები გაცილებით უფრო უკეთესი იყო და უნდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით წინა სესიიდან საუკეთესო ჯგუფი მიღებულ იქნა სტანდარტულ სიჩქარიანი ჩეხური ვაზნებით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემ მოსაზრებას, რომ ერთ-დღიანი გაცნობის შედეგად სტატიის და მიმოხილვის წერას აზრი არ აქვს. საჭიროა რაც შეიძლება ხანგრძლივი დრო გაატაროთ იარაღთან, რომ სარწმუნო “რევიუ” დადოთ მასზე. საუკეთესო ჯგუფი მიღებულ იქნა ჩეხური Sellier&Bellot-ის ვაზნებით, და 91 მეტრზე გაფანტვამ შეადგინა სულ რაღაც 3 სმ რაც ჩემი აზრით საუკეთესო ჯგუფია რომელიც მე მინახვას ასეთ მანძილზე. მაღალსიჩქარიანმა ვაზნებმა დაადასტურეს ტენდენცია და როგორც სურათიდან ჩანს 6-7 სმ-ით მაღლა დაჯგუფდნენ შედრებით უარესი სიბურჯღლის დემონსტრირებით. სურათიდან ჩანს, რომ გადახრა მარჯვნივ უფრო აშკარად არის გამოხატული. ოპტიკაში შესწორებების შეტანის შემდეგ შემდეგ გასროლები დაჯგუფდა ცენტრში, რამაც დამიდასტურა რომ Simmons-ის ოპტიკური სამიზნეს შესწორებების მექანიზმი სანდოთ მუშაობდა. სამწუხაროდ ლინზების ხარისხი არ არის მაინც და მაინც საუკეთესო რაც მე მინახავს მაგრამ 50 დოლარიან ოპტიკას მეტს ვერ მოთხოვ.  სროლის დროს არანაირ დაბრკოლებებს ადგილი არ ჰქონია. ყველა ნასროლი ჯგუფის საშუალო სიდიდე გამოვიდა 5 სმ 91 მეტრზე, რაც ჩემი აზრით არის შესანიშნავი შედეგი ასეთი იარაღისთვის.

Scroll to Top