პირველად გამოქვეყნდა: 25 მარტი, 2016
არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოკლე ლულიანი AR-15. მოკლე ლულიან AR-15-ში მე ვგულისხმობ იარაღს, რომელიც აღჭურვილია 10.3 და 11.5 დუიმის სიგრძის ლულებით (შემდგომში უბრალოდ 10-ნი და 11-ნი ლულები). მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ქარხნული კარაბინების, რომლებიც იყიდება მაღაზიაში, არის 16.5-ნი ლულებით, როდესაც საქმე მიდგება შეკვეთით აწყობაზე, უპირატესობა ენიჭება სწორედ უფრო მოკლე ლულებს. მიზეზი, რატომ არის ჩვენს მაღაზიებში კარაბინების უმეტესობა 16.5 დუიმის სიგრძის მქონე ლულებით, არის ის, რომ ეს იარაღები შემოდის ძირითადად აშშ-დან, სადაც კარაბინები ლულის მინიმალური სიგრძით 16.5 იყიდება თავისუფლად, ხოლო ამაზე მოკლე ლულიანი კარაბინი ითვლება „მოკლელულიან შაშხანად“ და საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რომლის მიღებას სჭირდება დრო და 200 დოლარიანი ქვითარი. ჩვენთან, ცხადია, ასეთი შეზღუდვა არ არის და, როგორც ჩანს, არჩევანის შემთხვევაში მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ მოკლელულიან კარაბინებს.
დაწყებული იმ დროიდან, რაც კოლტმა გამოუშვა მოდელი 607 — კარაბინი მოკლე, 10-ინჩიანი ლულით და გასაშლელი კონდახით — ასეთი ზემოკლე AR-15-ები პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლების გარკვეულ წრეებში. პირველი „კლიენტები“ ასეთი იარაღის იყვნენ აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებიც ვიეტნამში იბრძოდნენ. მოდელი 607 შემდგომ შეიცვალა უფრო დახვეწილი 609 მოდელით, რომელიც იყო პირველი „ზემოკლე“ AR-15, რომელიც გამოდიოდა მსხვილი პარტიებით და დიდი რაოდენობით გამოჩნდა საბრძოლო დანაყოფებში. საბრძოლო პირობებში ექსპლუატაციამ გამოავლინა ბევრი პრობლემა ამ იარაღთან და ის შემდგომ შეიცვალა მოდელი 629-ით, რომელსაც, მათ შორის, ჰქონდა უკვე ოდნავ გრძელი, 11.5-დუიმიანი ლულა. როგორც მოგეხსენებათ, ამ სისტემის იარაღისა და მისი ვაზნის ევოლუცია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში არ წყდებოდა და ადგილი ჰქონდა მრავალ მცდელობას ამ იარაღის გაუმჯობესების. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ მოკლე ლულიანი AR-15 არის ყველაზე პრობლემური „შვილი“ სტოუნერის სისტემის იარაღების ოჯახში, 2000 წელს 10-ინჩიანი AR-15 კვლავ გამოჩნდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალში, ამჯერად Mk18-ის სახით, ხოლო სამოქალაქო მსროლელებში მოკლე AR-15 დიდი პოპულარობით სარგებლობს. რატომ დაბრუნდა „მოკლე“ AR-15? იმიტომ, რომ ჯარს და ფლოტს უნდოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტების მქონე იარაღი, რომელიც გამოიყენებდა კარაბინის კალიბრს და იქნებოდა მაქსიმალურად თავსებადი შეიარაღებაში მყოფ M4-თან. თუ ადრე ასეთი კონფიგურაციის კარაბინი იყო არასაიმედო და პრობლემური, რა შეიცვალა მას მერე? რა უპირატესობები და შეზღუდვები აქვს „ზემოკლე“ AR-15-ებს? რას უნდა ელოდოს ასეთი იარაღის პატრონი და რისთვის უნდა იყოს მზად? ყველა ამ შეკითხვაზე მე შევეცდები გაგცეთ პასუხები ამ საკმაოდ ვრცელ სტატიაში.
დავიწყოთ ყველაზე მთავარით — რა პრობლემას ქმნის 10-ნი ან თუნდაც 11-ნი ლულის გამოყენება ამ სისტემის იარაღში? მოგეხსენებათ, რომ სტანდარტული AR-15 იყენებს დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევის სისტემას, რომელიც ცნობილია და გამოიყენება მეოცე საუკუნის დასაწყისიდან — ჯერ ფრანგულ როსინიოლის სისტემის შაშხანებში და მოგვიანებით შვედი ერიკ ეგლუნდის კონსტრუქციის კარაბინში, თუმცა სტოუნერის მიერ გამოყენებული სქემა უფრო დახვეწილია. ამ სისტემის ადეპტი მეც გახლავართ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი სქემის გამოყენება იძლევა საშუალებას შეიქმნას მარტივი იარაღი ძალიან ცოტა მოძრავი დეტალით, უფრო მსუბუქი და, თან, უდიდესი სიზუსტის პოტენციალით. პირდაპირი შეფრქვევის სისტემას, ცხადია, დადებითი მხარეების გარდა, გააჩნია უარყოფითი მხარეებიც (როგორც ყველა სისტემას). პირდაპირი შეფრქვევის სქემაში, რომელიც გამოიყენა იუჯინ სტოუნერმა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლულაში წნევის შენარჩუნების დროს. ეს ნიშნავს, რომ სისტემა იღებს საჭირო მოცულობის წნევას საჭირო დროის განმავლობაში, რაც აუცილებელია, რომ მოხდეს მასრის საიმედო ექსტრაქცია და ახალი ვაზნის სავაზნეში მიწოდება. მოკლე ლულიან იარაღში, გამომდინარე იქიდან, რომ ლულის დაბოლოება განლაგებულია ძალიან ახლოს დენთის აირების სისტემის ნასვრეტთან ლულაში, საიდანაც ხდება აირების ამოღება გადატენვის ციკლის შესასრულებლად, აღნიშნული იწვევს წნევის შენარჩუნების დროის (dwell time) შემცირებას. ეს კი ახდენს გავლენას იარაღის საიმედოობაზე, განსაკუთრებით ჯერებით სროლისას. ანუ ამ სისტემას აქვს თანდაყოლილი თვისება, იყოს მგრძნობიარე წნევის შენარჩუნების დროზე და ასევე გამოყენებული ვაზნის მიმართ. როგორც კი იცვლება ვაზნები და იარაღის კონფიგურაცია, საჭიროა ცვლილებები, რომ საიმედოობა შენარჩუნდეს. ეს არ იყო პრობლემა M16-ში, იმიტომ რომ ის იქმნებოდა კონკრეტული ვაზნის ირგვლივ, კონკრეტული კონფიგურაციით, ანუ თავიდანვე იყო აგებული კონკრეტული კონფიგურაციის ირგვლივ.
შეკითხვაზე, რატომ იყო 10-ნი AR-15 არასაიმედო ვიეტნამში და გახდა საიმედო 2000-იან წლებში, მარტივი პასუხი არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ მაშინ ეს სისტემა შედარებით ახალი და ნაკლებად შესწავლილი იყო. მაშინ არ არსებობდა მძიმე ბუფერები, მძიმე ზამბარები, ვაზნები არ იყო ისეთი მაღალი ხარისხის, როგორც დღეს. იუჯინ სტოუნერი, ჯიმ სალივანი და სხვა ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ და ხვეწავდნენ M16-ს, მას ქმნიდნენ ისეთად, როგორსაც მათ სამხედროები სთხოვდნენ — შაშხანას 20-დუიმიანი ლულით, 11-დუიმიანი დენთის აირების სისტემით და ვაზნით, რომელსაც ექნებოდა სასურველი გარე და ტერმინალური ბალისტიკური მონაცემები. იმ დროს უბრალოდ მიღებული არ იყო ერთი და იმავე სისტემის სხვადასხვა კონფიგურაციის შაშხანის (თვითდამტენის) შეიარაღებაში მიღება. ფეხოსნის ძირითადი იარაღის მოდიფიცირება დასაკეც, მოკლე-ლულიან, კომპაქტურ იარაღად დაიწყო მოგვიანებით, და მანამდე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უბრალოდ სხვა სისტემას იღებდნენ შეიარაღებაში — უფრო მსუბუქს და უფრო სუსტი კალიბრისას (მაგალითად, .30-06 კალიბრის გარანდის შაშხანა და .30 კალიბრის კარაბინი M1, ორი განსხვავებული შეიარაღების სისტემა განსხვავებული კალიბრებით). ამიტომ არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდებოდა, რომ M16-ის ლულა შუაზე გადაჭრილიყო და რა ცვლილებები მოჰყვებოდა ამას ბალისტიკაში და ასე შემდეგ. იარაღის მოდიფიცირება ხდებოდა ახალი მოთხოვნების მიხედვით, სწრაფად, ომის პირობებში, და პრობლემების გადაჭრა მიმდინარეობდა საბრძოლო ექსპლუატაციის პარალელურად. მას შემდეგ, რაც ამდენი წელი გავიდა, ცხადია, ეს სისტემა გაცილებით უკეთ არის შესწავლილი და შესაძლებელი გახდა საიმედო მოკლე AR-15-ის შექმნა.
სამხედროები წავიდნენ შემდეგი გზით: დენთის აირების ნასვრეტი ლულაში გაიზარდა 1.6 მმ-დან 1,8 მმ-მდე, ექსტრაქტორის ზამბარა ოთხხვეულიანი შეიცვალა უფრო ხისტი, ხუთხვეულიანი დეტალით, რომელსაც დაემატა რეზინის რგოლი ექსტრაქტორის ქვეშ (ე.წ. „ბუბლიკი“). სამი განცალკევებული დენთის აირების რგოლი შეიცვალა ერთიანი დეტალით. მე ხელთ მაქვს პრეზენტაცია, რომელიც მიმოიხილავს Mk18-ის (M4 ტიპის შაშხანა, აღჭურვილი 10-დუიმიანი აპერით) ტესტირების შედეგებს. ოთხი ასეთი იარაღიდან ჯამში ნასროლი იყო 40 000 ვაზნა. ოთხივე იარაღმა სულ განიცადა 56 დაბრკოლება. აქედან 29 მოვიდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ კარაბინზე, დანარჩენებმა კი 10 000 გასროლაზე განიცადეს 6, 10 და 11 დაბრკოლება შესაბამისად, რაც ნიშნავს საშუალოდ 1 111 გასროლას დაბრკოლებებს შორის. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. 10% გასროლებისა შესრულდა საპრესორების გამოყენებით. ყველა გასროლა ხდებოდა მოკლე ან საშუალო სიგრძის ჯერებით. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნახევრად-ავტომატური სამოქალაქო მოდელები უფრო საიმედო იქნება, რა თქმა უნდა, კარგი მწარმოებლისგან ან კომპეტენტური პირის მიერ აწყობის შემთხვევაში. ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით სტატიის ბოლოს.

Mk18 Mod 1, რომელიც ამჟამად არის შეიარაღებაში, იწყობა კოლტის M4 ან M16A1-ის რესივერებზე და ასევე იყენებს Daniel Defense-ის ტიბჟირს პიკატინის სამაგრებით და SOPMOD კონდახს. იარაღზე აყენია KAC-ის საპრესორი.
კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება მოკლე ლულის გამოყენებას. შაშხანის მასრაში არსებული დენთი ნელა იწვის იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ლულის სიგრძე და ტყვიას მეტი ენერგია გადასცეს. შესაბამისად, მოკლე ლულიდან სროლისას უნდა ველოდოთ დიდი მოცულობის ლულის ალს (ავტორის გამოცდილებით, მოდერატორის გამოყენების გარეშე ლულის ალი მზიან ამინდშიც ჩანს), იმის გამო, რომ მოკლე ლულაში დენთი ვერ ასწრებს ბოლომდე დაწვას. ასევე გასროლის ხმა ძალიან მაღალია. აქ გამოსავალი არის მხოლოდ მაღალი ხარისხის სპეციალური ლულის მოწყობილობის/მოდერატორის გამოყენება, რომელიც შეამცირებს წნევის დარტყმას, ალს და გასროლის ხმას. სამწუხაროდ, ასეთი თანამედროვე მოწყობილობების ფასი 100 დოლარიდან იწყება, მაგრამ თუ თქვენ აპირებთ მეტ-ნაკლებად ბევრი ვაზნის სროლას თქვენი მოკლე AR-15-დან, ასეთი მოწყობილობის გამოყენება აუცილებელია.
ცხადია, რომ მოკლე ლულა მნიშვნელოვნად ტვირთავს ლულის მოწყობილობას და ის მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რომ გაუძლოს ექსპლუატაციას. ამერიკელები ვიეტნამში იყენებდნენ შთამბეჭდავი სიგრძის მოდერატორს. მე მეყენა ასეთი მოდერატორი 11.5-იან კარაბინზე და ის კარგად ახშობს ლულის ალს და ამცირებს გასროლის ხმას, მაგრამ ის არც ისე ადვილად იწმინდება და ასეთი მოდერატორით 11.5-ნი კარაბინი ხდება 14.5-ნი კარაბინის სიგრძის. შესაბამისად, 11.5-ნი ლულის გამოყენებაც აზრს კარგავს. მაღალი გასროლის ხმა ასევე სერიოზული ტაქტიკური შეზღუდვაა — დახურულ სივრცეში პისტოლეტის ან კარაბინის გასროლის ხმას ადამიანი აიტანს, ხოლო მოკლე ლულიანი კარაბინიდან გასროლა სმენის დაცვის გარეშე ნიშნავს, რომ მსროლელი გარანტირებულად მიიღებს აკუსტიკურ ტრავმას. ამიტომ, თუ ასეთ იარაღს იყენებთ თავდაცვისთვის, იქონიეთ ახლოს სმენის დაცვის საშუალება.
რაც შეეხება ლულის ცვეთის/რესურსის საკითხს, ჩემს მიერ მოყვანილი ტესტირების შედეგებში ასევე ნახსენებია ეს თემა. პრეზენტაციის ნაწილში, რომელიც ეხებოდა ლულის ყელის ცვეთის მაქსიმალურ ნიშნულს (throat erosion), რის შემდეგაც ლულა უნდა გამოიცვალოს, ოთხმა კარაბინმა ამ მაჩვენებელს მიაღწია დაახლოებით 7–9 ათასი გასროლის შემდეგ. ნახევრად-ავტომატურ კარაბინს, სამოქალაქო მსროლელის ხელში, თუ ის ანალოგიურად მაღალი ხარისხის ქრომირებული ლულით არის აღჭურვილი, რესურსიც, დიდი ალბათობით, უფრო მეტი ექნება.
სულ ბოლოსთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა შემოვინახე — რა გავლენას ახდენს 10–11-ნი ლულა კარაბინის გარე და ტერმინალურ ბალისტიკაზე? მოგეხსენებათ, ბალისტიკაში საოცრებები არ ხდება და ბუნებრივია, დამოკლებულმა ლულამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამ იარაღის ეფექტურობა. 80-იანი წლების დასაწყისიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალები გადავიდნენ ახალ ვაზნაზე ინდექსით M855. ეს ვაზნა შექმნილი იყო იმისთვის, რომ გაზრდილიყო იარაღის ეფექტურობა წინაღობებს მიღმა განლაგებული სამიზნეების მიმართ, რის გამოც მის წინამორბედთან შედარებით (M193) გაიზარდა ტყვიის მასა (52 გრანიდან 62 გრანამდე), ხოლო ტყვიის შიგნით მოთავსდა მცირე ზომის ფოლადის გული, ე.წ. პენეტრატორი.

მიუხედავად იმისა, რომ ტყვიაში მოთავსებულია რბილი ფოლადისგან დამზადებული გული, M855 არ არის კლასიფიცირებული, როგორც ჯავშანგამტანი არც მწარმოებლის და არც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ. ასევე, ასეთად არ არის კლასიფიცირებული საქართველოშიც, სადაც მოქალაქეს ეკრძალება ჯავშანგამტანი ტყვიების გამოყენება. (შენშვნა: სტატიის დაწერის დღიდან გარკვეული დრო გავიდა და საქართველოში კანონმა დაკარგა თავისი ძალა, ამიტომ დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ და გაითვალისწინეთ რომ არავინ არაფრისგან ასეთ ქვეანაში დაზღვეული არ არის).
გაზრდილი მასისა და პენეტრატორის გარდა, გაიზარდა ტყვიის გარსის სიმკვრივე, რამაც ჯამში გაზარდა ტყვიის ეფექტურობა ბარიერში გავლისას, მაგრამ შეამცირა მისი ტერმინალური ეფექტურობა. მოგეხსენებათ, რომ ამ ტყვიის მთავარი დამაზიანებელი მექანიზმი არის ფრაგმენტაცია, ხოლო ფრაგმენტაციას ადგილი აქვს მხოლოდ ტყვიის გარკვეული სიჩქარის მიღწევის შემდეგ. სიჩქარის შემცირებამ და ტყვიის გარსის სიმკვრივის ზრდამ გამოიწვია ეფექტური სროლის მანძილის შემცირება. ეფექტურ სროლის მანძილში მე ვგულისხმობ იმ მანძილს, რა მანძილზეც საიმეოდ მოქმედებს ფრაგმენტაციის მექანიზმი და შესავამიად ტყვიას აქვს ადეკვატური ტერმინალური ეფექტურობა.
ეს უკვე იყო პრობლემა მაშინ, როდესაც ჯარში მასიურად ჯერ არ გამოჩნდა 14.5-ნი კარაბინები და ფეხოსანთა ძირითადი შეიარაღება კვლავ იყო M16, 20-დუიმიანი ლულით. ბუნებრივია, ლულის დამოკლებამ მხოლოდ შეამცირა ტერმინალური ბალისტიკა. მაგალითად, M4-დან ნასროლი M855-ის ტყვია ფრაგმენტირდება მხოლოდ დაახლოებით 50 მეტრამდე მანძილზე, ხოლო M193 ფრაგმენტირდება დაახლოებით 100 მეტრამდე მანძილზე. 11.5-ინჩიანი ლულიდან ნასროლი M855 საიმედოდ ფრაგმენტირდება მხოლოდ დაახლოებით 15 მეტრამდე მანძილზე. ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ის, ვინც ირჩევს ასეთ იარაღს და ვაზნას საკუთარი თავის დაცვის მიზნით.
M16A1, M193 ტიპის ვაზნასთან ტანდემში, არის ძალიან ეფექტური იარაღი. ასეთი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები არის ძალიან მძიმე და ეფექტური საბრძოლო პირობებში სროლის მთელ დიაპაზონში. საბჭოთა სპეციალისტები, რომლებიც ვიეტნამში იმყოფებოდნენ, აღნიშნავდნენ მძიმე ჭრილობებს, რომლებსაც იწვევდნენ ამერიკელების მიერ ნასროლი ტყვიები, რაც გახდა გაეროში საბჭოთა მხარის პროტესტის მიზეზიც და ამ ტყვიების აკრძალვის მოთხოვნა (ინფორმაცია აღებულია რუსული წყაროდან და დაუდასტურებელია). დიდი ალბათობით, ვიეტნამიდან მიღებულმა გამოცდილებამ ითამაშა როლი იმ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირში უარი ითქვა 7.62×39 კალიბრზე და 1974 წელს მიღებულ იქნა შეიარაღებაში AK-74, კალიბრში 5.45×39.
მე სრულად ვიზიარებ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ 14.5-დუიმიანი ლულით აღჭურვილი M4, M855 ვაზნასთან ერთად, არ არის კარგი კომბინაცია. ეს არის შეცდომა, რომელიც ვერ სწორდება აშშ-ის შეიარაღებული ძალების შიგნით არსებული კონსერვატიული, ბიუროკრატიული და კორუმპირებული სისტემის გამო. მე არ მინდა იმის თქმა, რომ M4 უვარგისი ნაგავია — არა, მაგრამ M855-ზე უნდა ითქვას უარი შეიარაღებულ ძალებში და მას არ უნდა ენდოს სამოქალაქო მსროლელი. დღეს არსებობს ბევრად უკეთესი მუხტები მოკლელულიანი AR-15-თვის ვიდრე M855. გავმეორდები: მე არ მაქვს პრეტენზია იარაღთან ან კალიბრთან — პრობლემა არის M855-ში. ამ ყველაფრის გარდა, M855-ს უკავშირდება კიდევ ორი პრობლემა — მისი დაბალი სიზუსტე და ის, რომ ვაზნის ტერმინალური ეფექტი „თამაშობს“ ვაზნების პარტიიდან პარტიამდე, რაც განპირობებულია ამ მუხტის ტყვიის კონსტრუქციის და ამ მუხტის წარმოების სპეციფიკით.
რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ზემოაღნიშნულიდან? გარე ბალისტიკა არ არის დიდი პრობლემა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოკლე AR-15-ს ადამიანი ყიდულობს როგორც თავდაცვის ინსტრუმენტს ან გასართობ იარაღს. სხვა გამოყენება ასეთ იარაღს საქართველოში პრაქტიკულად არ აქვს. თავდაცვით სცენარებში კარაბინის გამოყენება ხდება პისტოლეტის მანძილებზე — ანუ ტიპიურ შემთხვევაში სროლა განხორციელდება სასაუბრო დისტანციებზე, მიბჯენით ან 10 მეტრამდე მანძილზე. შესაბამისად, ტერმინალური ბალისტიკა არის პრობლემა, მაგრამ არა იმდენად დიდი, როგორც სამხედროებისთვის, რომლებსაც უწევთ უფრო შორ მანძილებზე სროლა. ქალაქის, სახლის პირობებში მოკლე ლულით განპირობებული შეზღუდვები ასე მკვეთრად არ იჩენს თავს, თუმცა შეზღუდვები არსებობს და საკმაოდ სერიოზულია. დიდი ალბათობაა, რომ 10–15 მეტრის იქით 10–11-ინჩიანი ლულიდან ნასროლი M855 დაკარგავს დაზიანების მთავარ მექანიზმს — ფრაგმენტაციას. მისი ტერმინალური ეფექტი იქნება ძალიან სუსტი, რაც ნიშნავს, რომ სამიზნე არ იქნება საიმედოდ და სწრაფად ნეიტრალიზებული. ჩემი აზრით, ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვაზნა — M855 — არის გამოუსადეგარი 10–11-ინჩიან AR-15-ში. სწორედ ამიტომ საჭიროა შედარებით მძიმე ტყვიების გამოყენება, ანუ ისეთი ტყვიების, სადაც ფრაგმენტაცია/ექსპანსია ხდება შედარებით დაბალ სიჩქარეებზე.
1:7 ტვისტისთვის ესენია: 68 გრანიანი Hornady Match TM, 69 გრანიანი SMK OTM, 75 გრანიანი Hornady TAP, 77 გრანიანი Nosler OTM. 1:9 ტვისტისთვის უმჯობესია 69 გრანამდე ტყვიების გამოყენება. ოპერატორები, რომლებიც იყენებდნენ Mk18-ს, უპირატესობას ანიჭებდნენ უფრო მძიმე ტყვიით (77 გრანი) აღჭურვილ ვაზნას — Mk262-ს, რომელიც, ისევე როგორც M855, მიღებულია შეიარაღებაში და განკუთვნილია „მარქსმენის“ განკარგულებაში არსებული 5.56 კალიბრის სისტემებში გამოყენებისთვის. აუცილებლად გამოცადეთ ვაზნების მოქმედება — დარწმუნდით, რომ მოკლე ლულიდან სროლისას არ ხდება მათი დესტაბილიზაცია და სამიზნეში არ არის ოვალური ნახვრეტები. თუ ლულა ვერ ახდენს ტყვიის სტაბილიზირებას, გარდა სიზუსტის დეგრადაციისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ლულაზე დაყენებული კომპენსატორის ან მუხრუჭის დაზიანება.
და ბოლოს, რჩევა მათთვის, ვინც იყენებს მოკლე AR-15-ს თავდაცვისთვის: აქციეთ ჩვევად იარაღთან ერთად სმენის დაცვის საშუალების ტარება — საუკეთესოა აქტიური ყურსასმენები. დახურულ სივრცეში მოკლე AR-15-დან გასროლამ შეიძლება მძიმე დაზიანება მიაყენოს თქვენს სმენას.

ტყვიის ვარდნა სხვადასხვა სიგრძის ლულებიანი AR-15-დან (ვაზნა M855 ამერიკული იარაღისთვის და 7ნ6 რუსული იარაღისთვის) დათვლილია Hornady-ის ბალისტიკური კალკულატორის გამოყენებით. რუსულ წყაროებში მოცემული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიღებული შედეგებისგან, მაგრამ აქ წარმოდგენილია ის, რაც მივიღეთ გათვლებით.

ამ გრაფიკიდან ჩანს საწყისი სიჩქარის ვარდნა მანძილის ზრდასთან ერთად. 10- და 11-ინჩიანი ლულების ბალისტიკა პრაქტიკულად იდენტურია, თუმცა მცირე მატება ლულის სიგრძეში სხვა სარგებელს იძლევა.

არსებობს ასევე AR-15 12.5-დუიმიანი ლულით. ასეთი სიგრძის ლულის გაჩენის ძირითადი მიზეზი არის შესაძლებლობა გამოიყენოთ რეფლექსური ტიპის საპრესორი, რომელშიც თავსდება ლულის გარკვეული ნაწილი და, შესაბამისად, საჭიროა დამატებითი სიგრძე.
დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სიზუსტესთან პრობლემა არ გექნებათ. ეს სისტემა საოცრად დიდი სიზუსტის პოტენციალის მქონეა. 200 მეტრამდე მოკლე AR-15 იქნება საკმარისზე მეტად ზუსტი, როგორც საბრძოლო კარაბინი, ხოლო 100 მეტრამდე ის დიდი ალბათობით უფრო ზუსტი იქნება, ვიდრე ბევრისთვის სიზუსტის ეტალონი — „სვდ“. რატომ? იმიტომ, რომ მოკლე, სქელი ლულა პრაქტიკულად არ განიცდის რხევას. დაუმატეთ ამას ლულის მაღალი ხარისხი, მოძრავი ნაწილების დაბალი მასა, დგუშის არ არსებობა, რომელიც არ ზემოქმედებს ლულაზე — და მიიღებთ ძალიან ზუსტ იარაღს.

ასეთი ჯგუფები იშვიათობა არ იქნება. კონკრეტულად ავტორის კარაბინის საშუალო სიზუსტე არის 4.7 სმ 100 მეტრზე.
ეხლა რაც შეეხება საკითხს, რომელსაც სტატიის დასაწყისში შევეხე – კარგი 10 – 11 ინჩიან AR-15-ის არჩევას. სიმართლე გითხრათ ყველა მოკლე AR-15 რაც მე მინახავს საქართველოში იყო აწყობილი აქ ნაწილებიდან ანუ არც ერთი არ იყო ქარხნული მოდელი. შესაბამისად ძნელია დადგენა იმისი თუ რა კომპონენტებისგან და როგორ იყო აწყობილი კონკრეტული კარაბინი. იმის თქმა არ არის საჭირო, რომ მოკლე AR15-მა საიმდოდ იმუშაოს საჭიროა მხოლოდ მაღალი ხარსხის და საჭირო სპეციფიკაციების მქონე კომპონენტების გამოყენება. მე მინახია აქ აწყობილი მოკლე კარაბინები, რომლებიც არ მუშაობდნენ საიმედოდ ყველა ტიპის ვაზნით. დადგენა მუშაობს თუ არა იარაღი შესაძლებელია მხოლოდ მისი ტესტირებით. კარგი “მოკლე” AR-15 უნდა ინელებდეს ყველა ტიპის 5.56х45 კალიბრის ვაზნას.
გასათვალისწინებელია, რომ იარაღი შეიძლება საიმედოდ მუშაობდეს და ზუსტადაც ისროდეს, მაგრამ მას შეიძლება მოგვიანებით გაუჩნდეს პრობლემები. თუ მოკლე AR15 არ არის, აქ მოდით ვიხმაროთ ავტოსპორტული ჟარგონი შესაბამისად „დანასტროიკებული“, მაშინ შესაძლებელია არც ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იარაღს გაუჩნდეს მექანიკური პრობლემები. ეს შეიძლება გამოიხატოს ექსტრაქტორის ნაჩქარებ ცვეთაში (რესურსის შემცირებაში), შეიძლება მალევე დაიწყოს პრობლემები საიმედოობასთან და ყველაზე მძიმე შედეგი გამოიხატება გატეხილ საბრძოლო ბჯენებში ან გატეხილ საკეტში. მიზეზი? საკეტი გაიხსნება უფრო მალე და შეეცდება ამოიღოს მასრა სავაზნიდან, როდესაც ლულაში წნევა ჯერ კიდევ მაღალია, და მასრა არის გაფართოებული და მიბჯენილი სავაზნის კედლებზე. ამუშავე ასეთ რეჟიმში კარაბინი საკმარისად დიდხანს და ექსტრაქტორი გამოვა მწყობრიდან. სწორედ ამიტომ “მოკლე” AR-15-ში მიმაჩნია, რომ სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული, რაც ნაკლებ წინაღობას ქმნის ექსტრაქციისას და სწორედ ამიტომ მიჩნეულია რომ “მოკლე” AR-15-ში უმჯობესია მძიმე ბუფერის გამოყენება, რომელიც დიდხანს გაუწევს წინააღმდეგობას საკეტს რომელსაც აწვება დენთის აირები მანამ სანამ ლულაში წნევა დაეცემა, და ამავე დროს მისცემს საშუალებას იარაღს საიმედოთ შეასრულოს გადატენვის ციკლი.
კონკრეტული ტიპის ვაზნის გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მაგალითად ცნობილია, რომ Noveske თავის მოკლე AR-15-ში იყენებს დენთის აირების ნასვრეტს, რომლის დიამტერი არის 0.80 ინჩი ნაცვლად 0.70-სა Mk18-ში. მიზეზი? კარაბინმა უნდა იმუშაოს ნაკლებად ძლიერ არა სამხედრო სტანდარტის ვაზნებთან. შესაბამისად ამ იარაღში M855-ის გამოყენება უნდა დაბალანსდეს მძიმე ბუფერით და დამაბრუნებელი ზამბარის გამოყენებით. რა ლულა, რა ბუფერი, რა ექსტრაქტორი და დამაბრუნებელი ზამბბარა აყენია თქვენ იარაღში ამის გარკვევა შეიძლება აღმოჩნდეს შეუძლებელი. ამიტომაც საქართველოში ნაყიდი მოკლე AR15-ის შეძენა გარკვეულ რისკს წარმოადგენს. გამოცდილი მსროლელს შეუძლია მიხვდეს, როდის მისი კარაბინი იღებს მეტ დენთის აირებს ვიდრე ეს საჭიროა (overgas), შეიძლება მიხვდეს როდის დამაბრუნებელი ზამბარა ითხოვს შეცვლას და ასე შემდეგ. ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლისთვის მოკლე AR15-ის „დანასტროიკება“ იქნება ჩინური ენა. ამიტომაც მე ასეთ მომხმარებელს ვურჩევ 14.5-16-5-ნი AR15-ის შეძენას, რომელიც იქნება მოსაწყენად საიმედო, ზუსტი და ტერმინალური ბალისტიკაც იქნება მისაღები თუნდაც “უვარგისი” M855-ის გამოყენებისას.
თუ გაგიჩნდათ კითხვა რომელი ჯობია 10 ინჩიანი თუ 11 ინჩიანი ლულა, ჩემი აზრით 11.5-ნი ლულა უკეთესია. სხვაობა ბალისტიკაში, როგორც მოყვანილი გრაფიკიდან ჩანს არის უმნიშვნელო მაგრამ 11.5 დუიმიან ლულას აქვს სხვა უპირატესობები. Bravo Company-ის (რომელიც სპეციალიზირდება AR-15-ის ტიპის იარაღის წარმოებაში) წარმომადგენლის განმარტებით 11.5 ინჩიანი ლულით აღჭურვილი AR-15 არის 4% უფრო გრძელი ვიდრე 10 ინჩიანი კარაბინი მაგრამ ეს 4% იძლევა საშუალებას წნევის შენარცუნების დრო გაიზარდოს 40% რაც სისტემას ხდის უფრო ტოლერანტულს სხვადასხვა ტიპის ვაზნების, სხვადასხვა წონის ბუფერების გამოყენებისას და ასევე ნაკლებად მგრძნობიარეა გაცვეთილი/სუსტი ექსტრაქტორების მიმართ. ლულის ტვისტს რაც შეეხება, უმეტესობა მოკლე ლულაში გამოიყენება 1:7, მაგრამ არსებობს 1:9-იც, ავტორის კუთვნილი AR15 სწორედ ასეთი ლულით არის აღჭურვილი. ჩემი აზრით “მოკლე” AR15-ის ლულა და სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული.
რაც შეეხება მოკლე AR15-ის ტაქტიკურ ნიშას, რა თქმა უნდა ასეთი მოკლე და მსუბუქი კარაბინი მოსახერხებელი ინსტრუმენტია. მოკლე ლულის გამო იარაღით მანევრირება ადვილია. ინერცია მას პრაქტიკულად არ აქვს. ტაიმერის გამოყენებით ვარჯიშების შესრულებამ დაადასტურა რომ იარაღის სამიზნეზე მიტანა უფრო სწრაფია ვიდრე 16 ინჩიანი AR-15-ის. გადაადგილებისას, როდესაც იარაღი ღვედზეა დაკიდებული ის არ ედება არაფერს და არ ღლის მსროლელს. ცხადია დახურულ მჭიდრო სივრცეებშიც გამოსაყენებლად ასეთი კარაბინი ბევრად მოსახერხებელია. Mk18-ის დანიშნულებაც ეს იყოს, მისი გამოყენება მათ შორის უნდა მომხდარიყო ჯგუფების მიერ, რომლებიც დაკავებულები იქნებოდნენ გემების დათვალიერებით და ჩხრეკით, ოპერატორების მიერ, რომლებიც პირადი დაცვის ფუნქციას შეასრულებდნენ. ამ იარაღის გამოყენება არ იგულისხმებოდა “ჩვეულებრივ” საბრძოლო მოქმედებებში. ეს უნდა გაითვალისწინოს ასეთი იარაღის სამოქალაქო მფლობელმა. იმას ვისაც უნდა კომპაქტური თავდაცვის იარაღი ტარების უფლებით, რომელიც ჩაანაცვლებს პისტოლეტს, რომლის ტარება ჩვეულებრივ მოქალაქეებს ეკრძალება ”მოკლე” AR15 იქნება კარგი არჩევანი. თუ ეძებთ შაშხანას, შაშხანის მანძილებზე სასროლად, სანადიროდ ან უბრალოდ გინდათ შორს მსროლელი მსუბუქი იარაღი აირჩიეთ 16.5-ნი ან 20-ანი ლულით აღჭურვილი იარაღი. სამოქალაქო თავდაცვის იარაღის როლში “მოკლე” AR-15-ის ბალისტიკური შეზღუდვები იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი და პირველ ადგილზე გამოდის თავდაცვის იარაღის მთავარი თვისება, საიმედოობა. რამდენად შესაძლებელია ენდოთ აქ აწყობილ AR-15-ს თქვენი გადასაწყვეტია.
ყველაფერი ამის მოსმენის შემდეგ ვიღაცა იტყვის რომ აი კალაშნიკოვი იმიტომ არის მაგარი რომ ყოველთვის ისვრის, ამდენი ტვინის ჭყლეტვა საჭირო არ არის და ასე შემდეგ. საბჭოთა კავშირშიც შეიქმნა ანალოგიური იარაღი, რომლის დანიშნულება ასეთივე სპეციალიზირებული იყო. საუბარი მაქვს საბჭოთა კავშირში შექმნილ AКС-74У-ზე. ამ იარაღს პრაქტიკულად უნდა შეეცვალა სტეჩკინის სიტემის პისტოლეტი, თავდაცვითი იარაღის როლში, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში ან იყვნენ მძიმე შეიარაღების გათვლის ნაწილი, საბრძოლო მანქანების ეკიპაჟის წევრები და ასე შემდეგ (აშშ-ში ამ როლისთვის განკუვნილი იყო კარაბინი M4). AКС-74У-ს არასდროს მოეთხოვებოდა შაშხანის/კარაბინის ფუნქციების შესრულება. ტიპიური გამოყენების მანძილი? 50 მეტრი. თავდაპირველი იდეა ამ იარაღით შეიარაღებულიყო საჰაერო-სადესანტო ჯარები მიჩნეულ იქნა არამიზანშეწონილად მათ შორის ამ იარაღის არადამაკმაყოფილებელი საბრძოლო თვისებების გამო. ასევე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არანაირ სპეციალური ვარჯიშები ან ჩათვლის სისტემა AКС-74У-ს მფლობელებისთვის საბჭოთა ჯარში არ არსებობდა და ნორმატივების ჩაბარება ხდებოდა AК-74-ით, ვინაიდან მათი ჩაბარება AКС-74У-ით უბრალოდ იყო შეუძლებელი. მცდელობები AКС-74У შეცვლილიყო უფრო ადეკვატური სისტემით არ შეწყვეტილა არც საბჭოთა კავშირში და არც შემდგომ რუსეთში. მოგვიანებით რუსებმაც შექმნეს AК74-ის დამოკლებული ვარიანტი АК105, რომელიც აშკარად უფრო უკეთესი იარაღი უნდა იყოს ვიდრე AКС74У. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი გათვლებით მიღებული მონაცემები განსხვავდება იმ მონაცემებიდან, რომლებიც მოცემულია რუსულ წყაროებში. მე არ ვენდობი რუსულ წყაროებს, თან რუსებს არ უყვართ თავისი იარაღის კრიტიკა. მე პრაქტიკულად ვერ ვიპოვე რაიმე საინტერესო საკითხავი ამ იარაღზე და როგორც ჩანს რუსებს კარგი არაფერი არ აქვთ ამ იარაღზე სათქმელი და დუმილი ურჩევნიათ. თუმცა საკმარისად არის გამოხმაურებები, რომლის მიხედვითაც იარაღი სწრაფად ხურდება და ცეცხლის ეფექტურობა ნულამდე დადის. ის ფაქტიც, რომ ნორმატივების შესრულებისას ამ იარაღს არ იყენებდნენ მეტყველებს იმაზე რომ საბჭოთა ჯარში ამ იარაღს საერთოდ არ ანიჭებდნენ არანაირ პრაქტიკულ მნიშვნელობას.

რუსული იარაღის ადეპტებს ვთავაზობ გაეცნონ M855-ის და საბჭოთა 5.45×39 კალიბრის ტერმინალური ეფექტის ამსახველ ილუსტრაციებს. ცხადია, რომ ამერიკული ვაზნა უფრო დიდ დაზიანებებს იწვევს; პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ მოკლე ლულის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ამ კალიბრის ეფექტურობას. საბჭოთა ვაზნის ეფექტურობის შესახებ გაცილებით ნაკლები ინფორმაციაა ცნობილი.
დიახ, AКС74У არის ბუმბულივით მსუბუქი, ძალიან კომპაქტური და სიამედოც. სროლა ამ იარაღიდან ძალიან სახალისოა, მაგრამ ეს იარაღი არის ნაკლებად არაეფექტური და გაცილებით უფრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვიდრე ამერიკული M4 ან თუნდაც Mk18. რუსები ყველგან იმეორებენ, რომ ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილი არის 500 მეტრი, რაც ჩემი აზრით ისეთივე რეალისტურია როგორც 1000 მეტრზე გათვლილი სამიზნე მოწყობილობები მაუზერის პისტოლეტებზე. პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობების და მოკლე სამიზნე ხაზის გამო (პრაქტიკულად პისტოლეტური 235მმ) ეფექტურად სროლა AКС-74У-დან შეუძლია მხოლოდ კარგად გაწვრთნილ მსროლელს. ჯერებით სროლისას ახლო მანძილებზე AКС-74У ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება M4-ს მიუხედავად იმისა, რომ ისიც იყენებს შედარებით დაბალ იმპულსიან ვაზნას. როგორ მოხვდა ეს იარაღი შეიარაღებაში ჩემთვის გაუგებარია. ტექნიკური დავალება იყო ძალიან ხისტი მე ვიტყოდი არარეალისტური, რასაც შეეწირა იარაღის საბრძოლო თვისებები, დაუმატეთ ამას კორუფცია ზედა ეშელონებში და გასაგები გახდება სავარაუდო მიზეზებიც ამ იარაღის ჯარში და მილიციაში მოხვედრის.
რუსულ კომპაქტურ ავტომატს აქვს დიდი პლიუსები, მთავარი აქიდან საიმედოობა, რომელიც მას გადმოყვა “დიდი” კალაშნიკოვისგან, მაგრამ კონფიგურაციის გამო ის უფრო წარმოდგენს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ვიდრე კარაბინს.

ვერტმფრენების საბჭოთა პილოტები ავღანეთში, საშტატო ავტომატებით ბუდეებში.



