პირველად გამოქვეყნდა: 27 მაისი, 2015
რა არის საჭირო იმისთვის, რომ შექმნა კარგი პისტოლეტი? პირველ რიგში, უნდა გქონდეს წარმოდგენა, რა მოდა და ტრენდები არსებობს იარაღის ბაზარზე, რაზე არის მოთხოვნა. აქვე დავამატებ, თუ შენ გინდა შეტენო სახელმწიფოს შენი ქმნილება და ამისთვის იყენებ ყალბ პატრიოტულ ნოტებს და ძმაკაცებს კაბინეტებში — შენ ვერ შექმნი კარგ პისტოლეტს.
მეორე რიგში, შენ კარგად უნდა გესმოდეს საწარმოო პროცესები, ანუ უნდა იყო მექანიკოსი, ინჟინერი, სასურველია გატაცებული ავიაციით. თუ აქამდე იყავი სასტუმროს მენეჯერი და იარაღი სურათებზე გინახავს — შენ ასევე არაფერი გამოგივა.
მესამე რიგში, უნდა გამოიყენო აპრობირებული ტექნიკური გადაწყვეტილებები და ხარისხიანი მასალები. ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით შენ შექმნი კარგ, კომერციულად წარმატებულ პროდუქტს.
ამერიკული კომპანია SCCY Industries-ის დამფუძნებელი, ჯო რობაკი სწორედ ასეთი კაცი აღმოჩნდა. ავიაციის ფანატი, დეტალების დამზადების სპეციალისტი და იარაღის მოყვარული, ის პრაქტიკულად შემთხვევით აღმოჩნდა იარაღის წარმოების ბიზნესში. მას თავიდან დაუკვეთეს დაზგების და მოწყობილობების მიწოდება ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლისთვის, მაგრამ ჯო „გადააგდეს“ და მან გადაწყვიტა თავად დაეწყო იარაღის წარმოება მის განკარგულებაში დარჩენილი დაზგებით. თავის კომპანიას მან დაარქვა SCCY (თავიდან SKKY), რაც იკითხება როგორც „სკაი“, ანუ ცა — მინიშნება ჯო რობაკის ავიაციით გატაცებაზე.

ასე გამოიყურება კომპანიის წარმოება, რომელიც არანაირად არ ჰგავს სარდაფში მოწყობილ კუსტარულ სახელოსნოს. კომპანია მდებარეობს დაიტონაში, ფლორიდას შტატში, ცნობილი სარბოლო ტრასის — დაიტონა 500-ის მახლობლად. (სურათების წყარო: TFB)
ამჯერად კომპანია უშვებს ორი მოდელის 9მმ-იან კომპაქტურ პისტოლეტს — CPX-1 და CPX-2. განსხვავება მათ შორის არის მხოლოდ მექანიკური მცველის არსებობა პირველ მოდელზე და მისი არარსებობა მეორე მოდელზე. აღწერილობის თანახმად, მცველის არარსებობა მეორე მოდელზე კომპენსირდება გრძელი და მძიმე სასხლეტით, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა, ვიდრე პირველ მოდელზე. „ვივარაუდოთ“ იმიტომ, რომ ტესტირებისთვის ჩვენ გვაქვს მოდელი CPX-1, აღჭურვილი მექანიკური მცველით, რომელიც თან ორმხრივია.
ყველაფერი, ზამბარებისა და პოლიმერის ჩარჩოს გარდა, მზადდება უშუალოდ კომპანიაში. საკეტი მზადდება ფრეზირების მეთოდით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის საბოლოო პროდუქტს და დიდ რესურსს. თავდაპირველად იგეგმებოდა ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით (MIM) დამზადებული საკეტის გამოყენება, მაგრამ ბოლოს გადაწყდა საკეტის ფრეზირებით დამზადება. ასეთი ტიპის პისტოლეტით იარაღის ბაზარზე შესვლა განპირობებული იყო იარაღის შეძენისა და ტარების რეგულაციების ლიბერალიზაციით, რამაც წარმოშვა უდიდესი მოთხოვნა კომპაქტურ, მაგრამ ძლიერ იარაღზე.

ჩვენი ტესტირების ობიექტი — CPX-1 — უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საკეტით. ასევე ხელმისაწვდომია მოდელი „შავი“ (ნიტრიდით დაფარული) საკეტით.
პისტოლეტი პირველად მოხვდა გაყიდვაში 2005 (სხვა ინფორმაციით 2003) წელს და მთლიანობაში პოზიტიური გამოხმაურებები დაიმსახურა პროფილურ პრესაში და ინტერნეტ რესურსებზე. რაც შეეხება პისტოლეტის კონსტრუქციას, ის იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ ლულას კლასიკური ხრახნებით (ლულის სიგრძე 77 მმ), იკვებება ორრიგიანი მჭიდიდან (ერთრიგიანი ვაზნების გამოსვლით), რომელშიც ეტევა 10 ცალი 9×19 Luger კალიბრის ვაზნა — რაც საკმაოდ შთამბეჭდავია პისტოლეტისთვის, რომელიც სულ რაღაც 425 გრამს იწონის.
პისტოლეტს კომპლექტში ორი მჭიდი მოყვება და ორივე მჭიდი კომპლექტდება ორი ტიპის ხუფით — მოკლით და გრძელით, ნეკა თითის დასადებად. პისტოლეტის ასეთი დაბალი წონა განპირობებულია პლასტმასის ჩარჩოში ჩასმული ალუმინის ქვე-ჩარჩოს გამოყენებით. ეს ერთადერთი პისტოლეტია ჩემთვის ცნობილი, რომელიც იყენებს ალუმინის ქვე-ჩარჩოს. შესაბამისად, პისტოლეტის სერიული ნომერი მხოლოდ ქვე-ჩარჩოზეა (უკანა მხარეს) დატანილი, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია სხვადასხვა ფერის (ან გაუმჯობესებული მოდელის) დამატებითი ჩარჩოს თავისუფლად შეძენა და დაყენება. კომპანია ამჟამად უშვებს შავ, ყავისფერ, თეთრ და მანდილოსანი მსროლელებისთვის ვარდისფერ ჩარჩოებს.
პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი (მხოლოდ ორმაგი მოქმედების) არის ზემარტივი, იყენებს დამალულ (დახურული ტიპის) ჩახმახს და ტარში განთავსებულ საბრძოლო ზამბარას. დამრტყმელი პისტოლეტში არის ინერციული, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების საჭირო დონეს. პისტოლეტის მექანიზმი ძალზედ მარტივია და ძნელად წარმომიდგენია, რა შეიძლება გამოვიდეს მანდ მწყობრიდან. თუ ასეთი რამ მოხდა, დეტალების მარტივი გეომეტრიის გამო მათი დამზადება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ცხადია, ტექ. მომსახურების ეს საკითხი უფრო ჩვენი ქვეყნისთვის არის აქტუალური, ხოლო აშშ-ში ამ პისტოლეტის მყიდველებს აქვთ ფუფუნება ისარგებლონ უპირობო სამუდამო გარანტიით.
უფრო მეტიც, კომპანია იღებს ვალდებულებას უფასოდ მიაწოდოს ახალი პისტოლეტი იარაღის მოპარვის შემთხვევაში, თუ მფლობელი წარმოადგენს პოლიციის მიერ შედგენილ ოქმს, რომელიც დაადასტურებს ქურდობის ფაქტს.
როგორ გგონიათ, ამ ყველაფრის შემდეგ რა იქნება ამ პისტოლეტის ფასი? ჩრდილოეთ ამერიკაში ის ღირს დაახლოებით 290 დოლარი, ხოლო „ქუჩის ფასი“ — დაახლოებით 220 დოლარია ახალ პისტოლეტში.
ჩემი აზრით, ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ იარაღის წარმოება აშშ-ში არ მომკვდარა და არ არის მხოლოდ მსხვილი კორპორაციების ხელში. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შესაძლებელია კარგი და იაფი იარაღის წარმოება — 100% ამერიკული, ყოველგვარი ჩინეთში თუ ბანგლადეშში წარმოების გადატანის გარეშე, ორი კაპიკის დაზოგვის მიზნით.
რამდენადაც მე გამოვიკვლიე, კლიენტების მომსახურება უმაღლეს დონეზეა და საგარანტიო პირობები უნაკლოდ და დროულად სრულდება. როგორც წესია, კომპანია გულისყურით უსმენს მომხმარებლების აზრს და საჭიროების შემთხვევაში ხვეწავს იარაღს. იმ წლების განმავლობაში, რაც პისტოლეტი იწარმოება, მისი კონსტრუქცია მუდმივად იხვეწებოდა და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები დადებითად აისახა რესურსსა და საიმედოობაზე.
ყველა ცვლილების ჩამოთვლას აზრი არ აქვს — დაიხვეწა მცველის კონსტრუქცია, დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი უფრო მტკიცე ფოლადისგან მზადდება, პინების დიამეტრი გაიზარდა, რათა სროლისას არ დაძრულიყო ადგილიდან და ასე შემდეგ. შედეგად, დღევანდელი პისტოლეტები გაცილებით უფრო უკეთესი იარაღებია, ვიდრე პირველი წლების პროდუქცია.
პისტოლეტში შესაძლებელია +P კატეგორიის ვაზნების შეზღუდულად გამოყენება, რაც ასევე დადებითად ახასიათებს ამ იარაღს.

კომპლექტში პისტოლეტს მოყვება ორი მჭიდი, შესაცვლელი ხუფებით, ძალზედ დეტალური ინსტრუქცია (სადაც სათადარიგო ნაწილების ფასებიც არის მითითებული) და საკეტი ორი გასაღებით, რომელიც მაგრდება ჩარჩოზე და კეტავს სასხლეტს. (სურათზე ადრინდელი მოდელია).
პისტოლეტი ადვილად იშლება, გადახსენით და დააფიქსირეთ საკეტი ღია მდგომარეობაში, გამოწიეთ გარეთ მასრის საშუალებით საკეტის შემაკავაბელი ღერძი, გაათავისუფლეთ საკეტი და მოხსენით ის ჩარჩოს, ამოიღეთ ზამაბარა და მისი ღერძი და შემდგომ განაცალკევეთ ლულა და საკეტი. პისტოლეტი მზად არის გასაწმენდად. აწყობა პირიქით ხდება. დაშლილი პისტოლეტი შიგნიდან კარგად გამოიყურება, დამზადებულია სუფთად და ხარისხიანად. ალუმინის ქვეჩარჩო დამზადებულია იგივე მასალიდან და ზედაპირის დამუშავების სტანდარტით რაც კარაბინი M4.

გასაწმენდად დაშლილი CPX-1
CPX-1-საც აქვს გარკვეული თავისებურებები, როგორც ნებისმიერ იარაღს. ნეტში არსებული ინფორმაციით, როგორც ჩანს, ამ პისტოლეტს არ უყვარს ვაზნები რკინის მასრებით და მათი გამოყენებისგან ჯობს თავი შეიკავოთ.
ინსტრუქციის მიხედვით, პისტოლეტის გატენვისას უნდა გახსნათ საკეტი, მოათავსოთ მჭიდი და შემდეგ დახუროთ საკეტი. რატომ არის ასეთი ალგორითმი მითითებული — ზუსტად არ ვიცი. დახურულ საკეტზეც მჭიდი უპრობლემოდ თავსდება იარაღში, მაგრამ ხელით ვაზნის მიწოდებისას გარკვეულ მომენტში საკეტს თითქოს უჭირს დახურვა — თითქოს ვაზნა რაღაცას ედება. თუმცა არც ერთხელ მასრის მიწოდების პროცესი არ შეფერხდა — არც ხელით გადატენვისას და არც სროლის დროს.

პისტოლეტი საკმაოდ სუფთად არის შესრულებული — ინსტრუმენტების კვალი არ ეტყობა და დეტალები კარგად არის მორგებული.
გგადავიდეთ უშუალოდ პისტოლეტის საბრძოლო თვისებების შეფასებაზე. პისტოლეტი არ არის თხელი, მაგრამ ბუმბულივით მსუბუქია. ხელში კარგად ზის, თუმცა მცველი ორივე მხრიდან ხელს ედება. მიუხედავად იმისა, რომ ნეტში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ამის გამო მცველი სროლის დროს თავისით ირთვებოდა, ჩვენ ასეთ პრობლემას არ გადავაწყდით — არადა ორივე მსროლელს საკმაოდ დიდი ხელები გვაქვს.
პისტოლეტის მართვის ელემენტები ადვილად მისაწვდომია — საკეტის შემაკავებელი, მჭიდის ღილაკი და მცველი ისეა განლაგებული, რომ ჭერის შეცვლა არ გიწევთ. სამიზნე მოწყობილობები ფოლადისგან არის დამზადებული და წარმოადგენს კლასიკური კონსტრუქციის წინა და უკანა სამიზნეებს თეთრი კონტრასტული წერტილებით. ისინი აბსოლუტურად ადეკვატურია ამ იარაღისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნე, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედებისაა — გრძელი და შედარებით მძიმე სვლით, და ასეთივე გრძელი რესეტით, რომელიც გარკვეულ მიჩვევას ითხოვს.
სროლა ამ პისტოლეტიდან ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. დავიწყოთ იმით, რომ პისტოლეტი კარგად იყო მისროლილი. მოხვედრის წერტილი 5–8 სმ-ით მაღლა იყო, ვიდრე დამიზნების წერტილი, მაგრამ მე ასეთი მისროლა მომწონს — სროლისას ცდილობ დაინახო სამიზნე და მისი მოქმედებები, ამიტომ ოდნავ დაბლა უმიზნებ, ხოლო ტყვიები ხვდება ზუსტად იმას, რასაც უყურებ.
კიდევ ერთი სიურპრიზი იყო სასხლეტი — იდეალური ასეთი ტიპისთვის და საუკეთესო მხოლოდ ორმაგი მოქმედების სასხლეტი, რაც მე შემხვედრია. გრძელი, მაგრამ აბსოლუტურად ერთგვაროვანი, მსუბუქი (სიმძიმე საერთოდ არ იგრძნობა), ხოლო ჩახმახის გათავისუფლება ხდება მოულოდნელად და მკვეთრად. შედეგად, პისტოლეტიდან ზუსტი სროლა მარტივია ნებისმიერ პრაქტიკულ მანძილზე.
გრძელი რესეტი მიჩვევას ითხოვს, მაგრამ ორი-სამი მჭიდის შემდეგ სწრაფი სროლაც საგრძნობლად მარტივდება.
დაბალი მასის გამო პისტოლეტი საკმაოდ გირტყამს ხელში და დარტყმის ძალა მოდის ხელის ზედა ნაწილზე. 4–5 მჭიდის შემდეგ ადგილი დიდ და საჩვენებელ თითს შორის საგრძნობლად გაწითლდა. უკუცემა ხისტია, მაგრამ არა აუტანელი. ლულის დაბალი ღერძისა და ერგონომიული ტარის გამო სწრაფი, დაყოლილი გასროლების შესრულება მარტივია.
არავინ აპირებს ამ პისტოლეტით 300–400 გასროლიან მატჩებში მონაწილეობას — ეს არის თავდაცვითი იარაღი და ხისტი უკუცემა აქ მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ გასროლის შემდეგ პისტოლეტი სწრაფად ბრუნდება სამიზნეზე და დამიზნებაც მარტივია.
ასევე, ორრიგიანი მჭიდის ტარში მოთავსება უფრო ადვილია, საკეტიც მსუბუქად მოძრაობს და იარაღი ღრმად ზის ხელში. მასრების ექსტრაქცია პოზიტიურია, თუმცა ერთმა მასრამ საკმაოდ დიდი ძალით მომხვდა თავში — სწორედ ამიტომ სროლისას ყოველთვის ატარეთ დამცავი სათვალე…

სიტყვებს სურათები ჯობია. ასეთი სიზუსტე მივიღეთ ჩვენს განკარგულებაში არსებული CPX-1-დან 124 გრანიანი „მაგტექის“ ვაზნების გამოყენებით. სროლის დროს არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ჰქონია.
ისე ნუ შეგეშინდებათ რამდენიმე დაბრკოლების პირველი 50–100 გასროლის განმავლობაში — ასეთი პატარა პისტოლეტები ხანდახან საჭიროებენ გარკვეული რაოდენობის გასროლას, რომ შემდგომში 100% საიმედოდ ფუნქციონირონ.
მთლიანობაში პისტოლეტმა ძალიან, ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. შეიძლება ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნას, რომ დაბალფასიანი იარაღისგან არაფერს განსაკუთრებულს არ ველოდით. არ ვიცი, მაგრამ CPX-1-ის სროლისუნარიანობა ჩემგან მაღალ შეფასებას იმსახურებს — განსაკუთრებით ორჯერ უფრო ძვირ Beretta Nano-თან შედარებით, რომელიც სულ ახლახანს მიმოვიხილეთ.
CPX-1-ს აკლია ის დეტალური დახვეწილობა, რაც „ბერეტას“ ახასიათებს, მაგრამ სამაგიეროდ, სროლისუნარიანობით, ჩემი აზრით, CPX-ი უკეთესია და ნაკლებ დროს საჭიროებს მისაჩვევად. მიჩვევას, პირველ რიგში, გრძელი რესეტი ითხოვს.
პისტოლეტი ესთეტიურად ლამაზია, არ არის უშნო იარაღი, თუმცა დიზაინი ალბათ ყველას არ მოეწონება. ნაკლი შეიძლება იყოს პისტოლეტის სისქე (25 მმ), რაც კომპენსირდება შედარებით დიდი ტევადობის მჭიდით და დაბალი მასით. თავიდან იარაღს ჰქონდა თავისი წილი პრობლემები, როგორც ყველა ახალ მოდელს, მაგრამ CPX-1/2 მუდმივად იხვეწება და სავსებით შესაძლებელია, რომ იარაღი, რომელსაც თქვენ ხვალ იყიდით, უკეთესი იყოს, ვიდრე ის, რომელიც ჩვენ გვაქვს ტესტირებისთვის.
დიახ, როგორც უკვე მიხვდით, ეს იარაღი თბილისში იყიდება და მისი ფასი 900 ლარს შეადგენს. ასეთ ფასად შესაძლებელია მხოლოდ თურქული პისტოლეტების შეძენა, რომელთა შორის სუბ-კომპაქტური მოდელი ფაქტობრივად არ არის, ან ბრაზილიური „ტაურუსის“ პისტოლეტების არჩევა, რომელთა ფასი 900-დან 1400 ლარამდე მერყეობს. რა გითხრათ — ჩემი პირადი აზრით, „დამზადებულია აშშ-ში“ უკეთესია, ვიდრე „დამზადებულია ბრაზილიაში“.
მიუხედავად ძალზე პოზიტიური შთაბეჭდილებებისა, ბოლოს მაინც ვალდებული ვარ გარკვეული გაფრთხილება გავაკეთო. ჩემი აზრით, ეკონომია იმაზე, რაზეც სიცოცხლეა დამოკიდებული, უაზროა, მაგრამ, როგორც ერთმა კმაყოფილმა მყიდველმა დაწერა ერთ-ერთ საიტზე კომენტარებში: „ხუთი შვილი მყავს შესანახი და მადლობელი ვარ, რომ სულ რაღაც ორას დოლარად ვიყიდე კარგი, მუშა იარაღი“.
ყოველთვის, როდესაც ყიდულობთ იარაღს დაბალი ფასის სეგმენტიდან, თანაც სუბ-კომპაქტს ძლიერ ვაზნაზე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გამოხმაურებები ხშირად რადიკალურად განსხვავებული იქნება — დაწყებული „ვახ, რა მაგარი იარაღია კაპიკებში!“ და დამთავრებული „არ იყიდოთ, იაფი ნაგავია!“. ჩემი გამოცდილება პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ვიცი ისიც, რომ ამ კლასში ცუდი რეპუტაციის მოდელები უფრო მეტია, ვიდრე კარგი.
ასევე, ჩემი აზრით, მიუხედავად ფასისა და მწარმოებლისა, ეს იარაღი არ არის „ყველაფრის მჭამელი“, როგორც სრული ზომის ან კომპაქტური პისტოლეტები. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და დარწმუნდეთ, რომ იარაღი მუშაობს იმ ვაზნებთან, რომლებიც თქვენთვის ხელმისაწვდომია. თუ დარწმუნდით, რომ იარაღი კარგად „ინელებს“ კონკრეტული მწარმოებლის ვაზნას — შეეცადეთ შექმნათ სწორედ იმ ბრენდის მარაგი.
shooterscentral.ge-ს დასკვნა: SCCY CPX-1 არის ბიუჯეტური პისტოლეტი შესანიშნავი დამზადების ხარისხით. ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი თავის კლასში, რომელიც იტევს 10+1 9მმ-იან ვაზნას. მცველიანი მოდელით შესაძლებელია სრულიად უსაფრთხოდ 11 ვაზნის ტარება — რაც შთამბეჭდავი საცეცხლე ძალაა ასეთი მცირე გაბარიტებისთვის.
პოლიმერის ჩარჩო, უჟანგავი ფოლადის საკეტი და ალუმინის ქვე-ჩარჩო მდგრადია კოროზიისა და ცვეთის მიმართ. პისტოლეტი გამოირჩევა კარგი სიზუსტით, სროლისუნარიანობითა და ერგონომიკით. ფასიდან გამომდინარე კი თბილისში მას პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყავს.
მისი ძირითადი კლიენტი? ადამიანი, რომელსაც უწევს იარაღის ყოველდღიური ტარება, მაგრამ არ უნდა 2000 ლარის გადახდა პრემიუმ კლასის სუბ-კომპაქტურ პისტოლეტში — მაგალითად, გამომძიებლები — ან უბრალოდ ნებისმიერი, ვისაც სურს პისტოლეტი ზედმეტად დიდი ხარჯის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე ტესტირება სრულყოფილ სურათს ვერ გვაძლევს და საჭიროა უფრო ხანგრძლივი გამოცდა, ნეტში არსებული გამოხმაურებების მიხედვით ეს პისტოლეტი შეიძლება რეკომენდირებული იყოს მათთვის, ვინც ბიუჯეტშია შეზღუდული. თუმცა, როგორც ყველა დაბალფასიანი იარაღის შემთხვევაში — სანამ მას საკუთარ სიცოცხლეს ანდობთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ მუშაობს. რეკომენდირებულია მინიმუმ 50–100 გასროლა იმ ვაზნით, რომლის გამოყენებასაც აპირებთ — ახალ პისტოლეტს ეს ნამდვილად არ აწყენს.


