ამერიკული დანების მწარმოებელი კომპანიის Bark River Knives-ის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომელიც უკვე გავაჟღერე ჩემს YouTube ვიდეოების სერიაში, სადაც დანებზე ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს ყველა „მეტალურგიის ექსპერტია“ და საათობით შეიძლება იდავონ, რომელი ფოლადი სჯობს, ჩემი პოზიცია უცვლელია — საშუალო მომხმარებლისთვის დანის ფოლადს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირად არ აქვს.
აგერ მაგალითი: Bark River Knives, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ ტოპ მწარმოებლად ითვლებოდა, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში ყიდდა დანებს, რომლებიც დამზადებული იყო შედარებით დაბალი კლასის ჩინური ფოლადისგან, მაგრამ წარმოდგენილი იყო როგორც პრემიუმ კლასის ფოლადი — და, რა თქმა უნდა, პრემიუმ ფასად. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ პრაქტიკულად ვერავინ ამჩნევდა განსხვავებას, მანამ სანამ კომპანიის მფლობელმა თავად არ გაასაჯაროვა ეს ფაქტი, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ეჭვები ახალი არ არის — ჭორები იმის შესახებ, რომ კომპანია სხვა ფოლადებს იყენებდა და შემდეგ არასწორად მარკირებდა, ჯერ კიდევ 2006 წლიდან ვრცელდებოდა. თუმცა ეს პრაქტიკა რეალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა.
საქმე იმაშია, რომ პროდუქტი, რომელიც გამოცხადებული იყო როგორც CPM 154 ფოლადით დამზადებული, რეალურად მზადდებოდა ჩინური 9Cr18MoV ან 8Cr13MoV ფოლადებისგან. ვისაც ეს თემები ესმის, კარგად იცის, რომ ამ ფოლადებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა — როგორც ფასში, ისე თვისებებში. მიუხედავად ამისა, ასეთი დანები იყიდებოდა 200–500 დოლარის ფარგლებში.
აქ მთავარი მომენტი ის არის, რომ ჩინური ფოლადი თავისთავად არც ცუდია და არც უვარგისი — ბევრი მათგანი სრულიად ფუნქციურია. მაგრამ ფაქტია, რომ განსხვავება არსებობს… და მაინც, მომხმარებელთა უმეტესობამ ეს განსხვავება ვერ შეამჩნია.
ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რასაც რეალურად გრძნობთ და იყენებთ. დანის პირის გეომეტრია, ტარის დიზაინი, ერგონომიკა და რამდენად შეესაბამება დანა თქვენს მიზნებს — ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფოლადის სახელწოდება.
ასევე მნიშვნელოვანია მწარმოებლის გამოცდილება და სპეციალიზაცია. ბევრი კომპანია სხვადასხვა დანიშნულების დანებს აწარმოებს, მაგრამ ხშირად კონკრეტულ მიმართულებაში უფრო ძლიერია. მაგალითად, Buck Knives ცნობილია სანადირო დანებით, ხოლო TOPS Knives — ტაქტიკური დანებით.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ახლა, როცა უკვე ცნობილია კონკრეტული მოდელები და წლები, რომლებიც ჩინური ფოლადისგან იყო დამზადებული, მათი მფლობელები ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ამ დანებს ტესტავენ — და ისინი ჩვეულებრივად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას.
საბოლოოდ, ჩემი რჩევა ასეთია: მოერიდეთ უცნობ და ურეპუტაციო მწარმოებლებს, ყურადღებით შეარჩიეთ დანა თქვენი მიზნების მიხედვით (დაივინგის დანით ტყეში სიარული ნამდვილად არ არის საუკეთესო იდეა) — და დანარჩენი უკვე ნაკლებად კრიტიკულია.
“ბარკ რივერმა” 20 მარტიდან შეწყვიტა დანების წარმოება და დაიხურა.

