Delta A.R. Top Gun

ბლოგპოსტი პირველად გამოქვეყნდა: მაისი, 2011

თავდაპირველად მინდოდა, ამ პისტოლეტის აღწერილობა დამემატებინა წინა სტატიაში, რომელიც ჩეხოსლოვაკიურ CZ 52-ს ეხებოდა, მაგრამ შემდეგ ჩავთვალე, რომ უკვე გამოქვეყნებული სტატიის ასე მნიშვნელოვნად შეცვლა არ იქნებოდა გამართლებული. ამიტომაც ცალკე დავწერ ამ იტალიური პისტოლეტის შესახებ.

საქმე ისაა, რომ როდესაც ვწერდი, CZ 52 ალბათ ერთადერთი პისტოლეტია ამ სქემით-მეთქი, ვცდებოდი. ვცდებოდი იმიტომ, რომ არსებობს იტალიური სპორტული პისტოლეტი საკმაოდ საინტერესო სახელით — Delta A.R. Top Gun, რომელიც, ისევე როგორც მისი ჩეხოსლოვაკიური ანალოგი, იყენებს რგოლებიან ჩაკეტვის სისტემას და ლულის მოკლე სვლას.

პისტოლეტი შექმნილია იტალიაში, 90-იანი წლების ბოლოს, კონსტრუქტორების, ანტონიო მიჩეტისა და კარლოს ჩიავაჩის მიერ.

სურათებიდან ნათლად ჩანს, რომ იტალიური პისტოლეტი თითქმის ზუსტად იმეორებს CZ52-ის ჩაკეტვის სისტემას და საკეტის ჩარჩოზე ფიქსაციაც ანალოგიურად ხორციელდება. თუმცა, ამავე დროს, Top Gun-ს გააჩნია მთელი რიგი გაუმჯობესებებისა და ოფციებისა, რომლებიც მხოლოდ ძალიან ძვირადღირებულ, სპეციალიზებულ სპორტულ იარაღს ახასიათებს.

ეს სქემა შეირჩა იმის გამო, რომ მას სიზუსტის უფრო მაღალი პოტენციალი ჰქონდა. მოგეხსენებათ, ამ სქემაში ლულა არ მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და შესაძლებელია მისი განლაგება საკეტში მინიმალური დაშვებებით.

იარაღი ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა კალიბრში, მათ შორის 9×19 Para, .45 ACP, .40 S&W და მათ სპეციალურ მოდიფიკაციებში, რომლებიც მხოლოდ იტალიაში გამოიყენება, სადაც სამხედრო ტიპის კალიბრები აკრძალულია სამოქალაქო იარაღში.

რაც შეეხება დანიშნულებას, იარაღი განკუთვნილია ზუსტი და სხვადასხვა პრაქტიკული სროლის დისციპლინისთვის, სადაც გამოიყენება საბრძოლო კალიბრებზე გათვლილი იარაღი.

ახლა რაც შეეხება გაუმჯობესებებს.

ერთ-ერთი მათგანია ლულის საკეტში პოზიციონირებისთვის განკუთვნილი „ბუშინგი“ (направляющая втулка), რომლის გამოყენებაც ხშირია სპორტულ და მაღალი სიზუსტის პისტოლეტებში. ის უზრუნველყოფს ბუშინგსა და ლულას შორის მხოლოდ 0.03–0.04 მმ-იან დაშორებას.

საინტერესოა, რომ ამავე დეტალზე განლაგებულია წინა სამიზნე მოწყობილობა, რაც ცოტა უცნაურია, თუმცა ბუშინგის იდეა გულისხმობს მის მყარ ფიქსაციას და, წესით, ის არ უნდა მოძრაობდეს სროლისას.

კონსტრუქციულ თავისებურებებს ასევე განეკუთვნება ჩარჩოში მოთავსებული პოლიმერის ბუფერი, რომელიც ამცირებს უკუცემას.

პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი სპორტული ტიპისაა და ცალკე მოდულს წარმოადგენს. ის ხუთი სხვადასხვა მახასიათებლის რეგულირების საშუალებას იძლევა.

ექსტრაქტორის კბილი განლაგებულია არა გვერდიდან, როგორც CZ52-ში, არამედ ზემოდან.

რა თქმა უნდა, იტალიური პისტოლეტი ძალიან რთული კონსტრუქციისაა და მისი დამზადება საკმაოდ შრომატევად პროცესებს გულისხმობს. თუმცა მაღალი კლასის სპეციალიზებული სპორტული პისტოლეტის შემთხვევაში ეს ნაკლი არ არის.

გამოჩენის დროს მისი ფასი 3000 გერმანულ მარკას შეადგენდა. დღეს ფასი 2000-დან 3000 დოლარამდე მერყეობს, რაც ცოტა არ არის.

როგორც სპორტულ იარაღს, Top Gun-ს ასევე აქვს მაღალი კლასის რეგულირებადი მიკრომეტრული უკანა სამიზნე მოწყობილობა და სპეციალური „ძაბრი“ ტარის ქვედა ნაწილში, რომელიც მჭიდის სწრაფ შეცვლას უზრუნველყოფს. ორივე ეს ელემენტი ბუნებრივია სპორტული პისტოლეტისთვის და მას სტანდარტულ კომპლექტაციაში მოჰყვება.

მჭიდის ღილაკმა ტარის ძირიდან მის ზედა ნაწილში გადაინაცვლა და ორმხრივია. დამატებულია საკეტის შემაკავებელი, რომლის მართვაც ხელით არის შესაძლებელი.

ახალი იარაღი მყიდველს მიეწოდებოდა კომბინაციური საკეტით აღჭურვილ ყუთში, რომელიც შიგნიდან ნაჭრით იყო გაწყობილი. მასში მოთავსებული იყო ერთი პისტოლეტი, DVD დისკი ინსტრუქციით, ორი მჭიდი, დამატებითი დამაბრუნებელი ზამბარა და ინსტრუმენტების კომპლექტი.

ჩაკეტვის სისტემის ელემენტები. კარგად ჩანს ჩარჩოში ჩასმული პოლიმერის ბუფერი (სტაფილოსფერი დეტალი). ასევე კარგად ჩანს აშკარა მსგავსება CZ52-თან.

მოკლე ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები შემდეგია: ცარიელი წონა — 950 გრამი, ლულის სიგრძე — შთამბეჭდავი 130 მმ, მჭიდის ტევადობა — 10 ვაზნა (როგორც ჩანს, 10 ვაზნა .45 კალიბრში. იარაღი, სავარაუდოდ, იყენებს Beretta 92-ის მჭიდებს და 9 მმ-იან ვარიანტში მისი ტევადობა 15–17 ვაზნა იქნება).

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედებისაა.

იარაღი დამზადებულია დიდი სიზუსტით. ყველა დეტალი მზადდება ფრეზირებით, უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან. ასეთი მიდგომა ასევე განაპირობებს მის სიძვირეს.

პისტოლეტის დეტალები იმდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან მორგებული, რომ იარაღს სჭირდება მორგების ციკლი (breaking-in), რომლის დროსაც დეტალები საბოლოოდ მოერგება ერთმანეთს და იარაღი საიმედოდ დაიწყებს ფუნქციონირებას.

ეს დაახლოებით 100–300 ვაზნის გასროლას გულისხმობს, რომლის დროსაც იარაღს შეიძლება ჰქონდეს დაბრკოლებები სროლისას, მაგრამ ციკლის დასრულების შემდეგ ის საიმედოდ იმუშავებს.

9 მმ-იან ვარიანტს იმავე მიზეზით 1000-მდე გასროლა დასჭირდება, რაც, ჩემი აზრით, ცოტა არ იყოს, მოუხერხებელია.

სურათზე კარგად ჩანს ლულა რგოლებით და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული გასაღებით, რომელიც მისი რეგულირების საშუალებას იძლევა.

ცნობილია ასევე, რომ 1998 წელს ნიურნბერგის იარაღის გამოფენაზე ეს პისტოლეტი წლის საუკეთესო პისტოლეტად გამოცხადდა. მასზე დაიწერა რიგი სტატიებიც სპეციალიზებულ პრესაში.

ამჯერად ვერ შევძელი ამ კომპანიისა და იარაღის სტატუსის დადგენა, ისევე როგორც გამოშვებული პისტოლეტების რაოდენობის გარკვევა.

ინტერნეტშიც საკმაოდ მწირი ინფორმაციაა ამ იარაღისა და მისი გამოყენების შესახებ.

ცნობილია, რომ აშშ-ში მხოლოდ ერთი ასეთი პისტოლეტია შეტანილი. კანადაში კი, იმპორტიორის საიტის მიხედვით, შეტანილია ამ იარაღის სხვადასხვა მოდიფიკაციის გარკვეული რაოდენობა.

Scroll to Top