რატომ არ ერგება ყველა კოლიმატორი ყველა პისტოლეტს და რა უნდა ვიცოდეთ ოპტიკისა და სამაგრი ფირფიტის შერჩევისას?
ბოლო წლებში პისტოლეტებზე კოლიმატორული სამიზნეების გამოყენება იმდენად გავრცელდა, რომ თანამედროვე პისტოლეტის წარმოდგენა ოპტიკის გარეშე უკვე საკმაოდ რთულია. თუ ადრე კოლიმატორი ძირითადად სპორტული ან სპეციალიზებული დანიშნულების იარაღის ატრიბუტი იყო, დღეს კომპაქტური თავდაცვითი პისტოლეტები და რევოლვერებიც კი ქარხნულად მზადდება ოპტიკის დასაყენებლად.

დაფიქრდით ამაზე, 1911 შეიქმნა როდესაც ჯერ კაცობრიობა არ იყო გადამჯდარი ცხენიდან მანქანებზე და ეხლა შესაძლებეია იყიდო 1911 წინასწარ დაყენებული კოლიმატორით. სურათზეა Springfield Armory Ronin .45
თუმცა ამ განვითარებას ერთი საკმაოდ უსიამოვნო გვერდითი მოვლენაც მოჰყვა: კოლიმატორების სამაგრების სტანდარტების ნამდვილი ქაოსი, რომელსაც გამოსწორება სტანდარტიზაციის სახით არ უჩანს.
ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია. გვაქვს პისტოლეტი, გვაქვს კოლიმატორი და გვინდა, რომ ერთი მეორეზე დავაყენოთ. სინამდვილეში კი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კოლიმატორი არ ერგება საკეტს, საჭიროა დამატებითი ფირფიტა, სამაგრი ხრახნები არასწორი სიგრძისაა, ან თითქოს ერთი და იმავე სტანდარტის ორი სამიზნე ერთმანეთისგან განსხვავდება.
სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მწარმოებლების მარკეტინგული ტერმინოლოგია. წარწერები Optics Ready, MOS, AOS, RMR Compatible და სხვა მსგავსი აღნიშვნები ყოველთვის არ გვეუბნება, კონკრეტულად რომელი კოლიმატორის დაყენებას შეძლებ სინამდვილეში.
ამ სტატიაში შევეცდებით გავერკვეთ ამ სისტემებში, ავხსნათ ძირითადი სტანდარტები და დავადგინოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პისტოლეტისთვის კოლიმატორის შეძენისას.
რას ნიშნავს კოლიმატორის სამაგრის სტანდარტი?
პირველ რიგში უნდა გავიგოთ ტერმინი Footprint, რომელსაც ქართულად პირობითად „სამაგრ კვალს“ ან „სამონტაჟო ინტერფეისს“ ვუწოდებთ.
ეს არის უშუალოდ კოლიმატორის ქვედა ნაწილის გეომეტრიული კონფიგურაცია, რომელიც განსაზღვრავს, როგორ მაგრდება სამიზნე პისტოლეტის საკეტზე ან სპეციალურ სამაგრ ფირფიტაზე.

დახედეთ კოლიმატორს ქვევიდან და დაინახავთ იმას რასაც ქვია “ფუტპრინტი” ან სამონტაჟო ინტერფეისი. სურათში კარგად ჩანს უკუცემის ბჯენები კოლიმატორზე ისევე როგორც ხრახნენის განლაგება რომლითაც სამონტაჟო ფირფიტა ჯერ მაგრდება პისტოლეტზე და შემდეგ ხრახნების ადგილები რომლითაც კოლიმატორი მაგრდება სამონტაჟო ფირფიტაზე.
კოლიმატორის სამაგრი სტანდარტი (Footprint) რეალურად სამი დამოუკიდებელი ტექნიკური პარამეტრის ერთობლიობაა, რომლებიც ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს:
1. პოზიციონირების ელემენტები (Location Features). სპეციალური შვერილები ან უკუცემის საყრდენები, რომლებიც უკუცემის შედეგად კოლიმატორის გადაადგილებას უშლის ხელს. სწორედ ეს ელემენტები იღებენ უკუცემით წარმოქმნილ დატვირთვას და არა სამაგრი ხრახნები. უკუცემის საყრდენი ზუსტად იგივე როლს ასრულებს რაც შაშხანის უკუცემის საყრდენი რითიც ის “ფიქსირდება” კონდახ-სარეცელში.
2. სამაგრი ხრახნების განლაგება და ხრახნული შეერთების სტანდარტი (Screw Pattern and Thread). პისტოლეტის კოლიმატორების უმეტესობა ორი ხრახნით მაგრდება. გამოიყენება როგორც მეტრული (M3, M4), ისე დიუმური სტანდარტის ხრახნები (6-32 UNC, 8-32 UNC). მნიშვნელოვანია როგორც ხრახნების განლაგება და მათ შორის მანძილი, ისე ხრახნის დიამეტრი და ხრახნული ჭრის ბიჯი.
3. სამონტაჟო ბუდის ზომები (Pocket Size). საკეტში ან სამონტაჟო ფირფიტაში შესრულებული ჩაღრმავების სიგრძე და სიგანე. შედარებით მცირე ზომის კოლიმატორის მოთავსება შესაძლებელია უფრო დიდ სამონტაჟო ბუდეში, შესაბამისი გარდამავალი ფირფიტის გამოყენებით, მაგრამ დიდი ზომის კოლიმატორი ფიზიკურად ვერ მოთავსდება მასზე მცირე ზომის ბუდეში.
ეს საყრდენები და ხრახნების ფორმა და ზომები/სტანდარტები კოლიმატორის პოზიციონირებასა და უკუცემის დატვირთვის გადაცემაში მონაწილეობს. საყრდენების და შესაბამის დატვირთვაზე გათვლილი ხრახნების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პისტოლეტებზე, სადაც კოლიმატორი საკეტთან ერთად მოძრაობს და სროლისას მნიშვნელოვან აჩქარებებსა და დინამიკურ დატვირთვებს განიცდის.
სწორედ ამიტომ კოლიმატორის სამაგრი არ არის უბრალოდ ორი ხვრელი და ორი ხრახნი.
სამი ძირითადი კოლიმატორის მონტაჟის ტიპი
სანამ კონკრეტულ სტანდარტებზე გადავალთ, უნდა განვასხვაოთ პისტოლეტზე კოლიმატორის დაყენების სამი ძირითადი მეთოდი.
პირდაპირი მონტაჟი — Direct Mount

ამ შემთხვევაში პისტოლეტის საკეტი დამუშავებულია კონკრეტული სტანდარტის კოლიმატორის მისაღებად.
მაგალითად, თუ საკეტს აქვს Trijicon RMR-ის შესაბამისი სამაგრი ინტერფეისი, მასზე შესაძლებელია ამ სტანდარტთან თავსებადი კოლიმატორის უშუალოდ დაყენება, დამატებითი გარდამავალი ფირფიტის გარეშე.
ასეთი სისტემის უპირატესობებია კოლიმატორის შედარებით დაბალი განლაგება, ნაკლები კომპონენტი და ნაკლები მექანიკური შეერთება.
ნაკლიც აშკარაა: კონკრეტული სამაგრი ინტერფეისი ზღუდავს თავსებადი კოლიმატორების არჩევანს.
გარდამავალი ფირფიტა — Adapter Plate

ეს არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიდგომა.
პისტოლეტის საკეტზე შესრულებულია სპეციალური სამონტაჟო ადგილი, რომელზეც მაგრდება ცვლადი ფირფიტა. თავად კოლიმატორი კი ამ ფირფიტაზე თავსდება.
ამგვარად ერთი და იმავე პისტოლეტზე შესაძლებელია სხვადასხვა სტანდარტის კოლიმატორების დაყენება, შესაბამისი ფირფიტის გამოყენებით.
ასეთი სისტემების მაგალითებია Glock MOS და Springfield Armory AOS.
მათი მთავარი უპირატესობა უნივერსალურობაა. მომხმარებელი ნაკლებად არის შეზღუდული ერთი კონკრეტული კოლიმატორით.
თუმცა დამატებითი ფირფიტა ნიშნავს დამატებით შეერთებას, სამაგრ ხრახნებსა და შესაძლო მექანიკურ პრობლემებს. კოლიმატორიც ხშირად ოდნავ მაღლა მდებარეობს, ვიდრე პირდაპირი მონტაჟის შემთხვევაში.
უკანა სამიზნის ადგილას დასაყენებელი სამაგრი — Dovetail Mount

ეს მეთოდი განსაკუთრებით საინტერესოა ძველი პისტოლეტების მფლობელებისთვის.
სამაგრი თავსდება მექანიკური უკანა სამიზნის ადგილას და საშუალებას იძლევა კოლიმატორი დავაყენოთ საკეტის ფრეზირების გარეშე, იარაღზე რომელიც თავდაპირველად საერთოდ არც იყო “optics ready”.
ამ მეთოდის უპირატესობა ისიც არის, რომ ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია პისტოლეტის პირვანდელი კონფიგურაციის აღდგენა.
ნაკლოვანებებია კოლიმატორის მაღალი განლაგება, სამაგრის მდგრადობისადმი გაზრდილი მოთხოვნები და უკანა მექანიკური სამიზნის დაკარგვა.
ამასთან, ასეთი სამაგრი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული პისტოლეტის სამიზნის ღარის ზომებსა და კონფიგურაციას.

ადრე ვიდრე ტექნოლოგია მოგვცემდა შესაძლებლობას შეგვექმნა ულტრა კომპაქტური, მსუბუქი და გამძლე კოლიმატორები, მხოლოდ სპეციალური, პისტოლეტის ჩარჩოზე დამაგრებული სამაგრი გვაძლევდა საშუალებას კოლიმატორის გამოყენების. ცხადია ასეთ კონფიგურაციაში პისტოლეტი მარტო მატჩებისთვის თუ გამოდგებოდა.
ძირითადი სტანდარტები ანუ ვინ ვინ არის
დღეს ბაზარზე არაერთი სამონტაჟო სტანდარტი/ფუტპრინტი არსებობს, თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით გავრცელებულია.
Trijicon RMR — ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
Trijicon RMR თავდაპირველად კონკრეტული კოლიმატორის სახელწოდება იყო, მაგრამ მისი პოპულარობის შედეგად RMR footprint ფაქტობრივ ინდუსტრიულ სტანდარტად იქცა.
ამ ინტერფეისს იყენებს არაერთი პოპულარული კოლიმატორი, მათ შორის:
- Trijicon RMR, SRO და RCR;
- Holosun 407C, 507C და 508T;
- Holosun 507 Comp.
RMR-ის მთავარი უპირატესობა მისი ფართო გავრცელებაა. ამ სტანდარტისთვის არსებობს უამრავი სამაგრი, გარდამავალი ფირფიტა და შესაბამისი პისტოლეტის საკეტი.
თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო: ერთნაირი footprint ავტომატურად არ ნიშნავს ერთნაირ სამაგრ ხრახნებს ან ყველა პისტოლეტზე უპრობლემო დაყენებას.
Shield RMSc — კომპაქტური პისტოლეტების სამყარო
თუ RMR ძირითადად სრული ზომისა და საშუალო ზომის კოლიმატორებთან ასოცირდება, Shield RMSc უფრო კომპაქტური ოპტიკის სამყაროში დამკვიდრდა.
RMSc-ის ტიპის სამაგრები განსაკუთრებით გავრცელებულია ვიწრო, კომპაქტურ და სუბკომპაქტურ პისტოლეტებზე.
ამ სტანდარტის არსებობა გასაგებია: პატარა პისტოლეტზე დიდი კოლიმატორის დაყენება ყოველთვის პრაქტიკული არ არის, ამიტომ საჭირო გახდა შედარებით ვიწრო სამონტაჟო ინტერფეისი.
თუმცა RMSc-თან თავსებადობის აღნიშვნაც ყოველთვის საკმარისი არ არის. სხვადასხვა მწარმოებლის სამიზნეებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოთხოვნები საყრდენების კონფიგურაციის მიმართ.
Holosun K — თითქმის RMSc, მაგრამ არა მთლად
აქ იწყება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გაუგებრობა.
Holosun-ის პოპულარული 407K და 507K ვიზუალურად ჰგავს RMSc-ის კლასის კომპაქტურ კოლიმატორებს, მაგრამ მათი სამაგრი ინტერფეისი სტანდარტული RMSc-ის ზუსტი ასლი არ არის.
Holosun K-ის ინტერფეისში განსხვავებულია უკუცემის საყრდენების კონფიგურაცია.
შედეგად, პისტოლეტზე, რომელსაც აქვს სტანდარტული RMSc-ისთვის გათვალისწინებული სამაგრი ადგილი, Holosun K-ის კოლიმატორი შეიძლება პირდაპირ არ დაყენდეს.
იგივე ინტერფეისის ოჯახს მიეკუთვნება Holosun EPS და EPS Carry.
აქვე უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: Holosun 507C და 507K სხვადასხვა სამაგრ სტანდარტს იყენებენ.
507C განკუთვნილია RMR-ის ინტერფეისისთვის, ხოლო 507K — Holosun K-ისთვის.
ერთი ასოს განსხვავება მოდელის სახელში, მაგრამ სრულიად განსხვავებული თავსებადობა.
Leupold DeltaPoint Pro — დამოუკიდებელი სტანდარტი
Leupold DeltaPoint Pro კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული სამონტაჟო ინტერფეისია.
DPP-ის სამაგრი განსხვავდება RMR-ისგან როგორც ხრახნების განლაგებით, ისე საყრდენი ელემენტების გეომეტრიით.
ამ სტანდარტს იყენებს თავად Leupold DeltaPoint Pro და სხვა მწარმოებლების ზოგიერთი მოდელი, მაგალითად EOTech EFLX.
განსაკუთრებით საინტერესოა SIG Sauer-ის ოპტიკები, სადაც ზოგიერთი მოდელი DPP-ის ინტერფეისთან თავსებადია, ხოლო სხვები განსხვავებულ კონფიგურაციას იყენებენ. და კი, კოლიმატორიც განეკუთვნება ოპტიკურ ხელსაწყოებს.
ამიტომ SIG-ის კოლიმატორის შერჩევისას მხოლოდ ROMEO-ს სახელწოდებაზე დაყრდნობა არ შეიძლება — აუცილებელია კონკრეტული მოდელის სამაგრი სტანდარტის შემოწმება.
Docter / Noblex — ძველი, მაგრამ ჯერ კიდევ აქტუალური
Docter-ის სტანდარტი ერთ-ერთი ადრეული და საკმაოდ გავრცელებული ინტერფეისია.
მას იყენებდნენ ისეთი ცნობილი კოლიმატორები, როგორიცაა Burris FastFire და Vortex Venom.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბაზარზე RMR და კომპაქტური სტანდარტები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, Docter/Noblex-ის ინტერფეისი ჯერ კიდევ გვხვდება სხვადასხვა სამიზნესა და სამაგრ სისტემაში.
აქ მნიშვნელოვანია მოდელების თაობების გარჩევაც: ერთი და იმავე კომერციული სახელწოდების ახალი და ძველი კოლიმატორები ყოველთვის არ იყენებენ ერთსა და იმავე footprint-ს.
Aimpoint ACRO — განსხვავებული მიდგომა
Aimpoint ACRO განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ მისი სამაგრი კონსტრუქციულად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი კლასიკური ინტერფეისებისგან.
ACRO იყენებს სპეციალურ სამაგრ ინტერფეისს, რომელიც განკუთვნილია დახურული ტიპის კოლიმატორის დასამაგრებლად.
ამ სტანდარტმა პოპულარობა მოიპოვა დახურული კოლიმატორების გავრცელებასთან ერთად.
ACRO-ის ტიპის სამაგრებს იყენებენ სხვა მწარმოებლების ზოგიერთი კოლიმატორიც, თუმცა კონკრეტული მოდელების თავსებადობა მაინც შესამოწმებელია.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ დახურული კოლიმატორი ავტომატურად ACRO-ს სტანდარტს არ ნიშნავს. მაგალითად, Holosun 509T იყენებს საკუთარ სამაგრ ინტერფეისს.
ძირითადი სტანდარტების მოკლე შედარება
| სტანდარტი | ტიპური გამოყენება | ტიპიური კოლიმატორები |
|---|---|---|
| Trijicon RMR | სრული და საშუალო ზომის პისტოლეტები | RMR, SRO, 507C |
| Shield RMSc | კომპაქტური და ვიწრო საკეტიანი პისტოლეტები | RMSc, SMSc |
| Holosun K | კომპაქტური პისტოლეტები | 407K, 507K, EPS Carry |
| Leupold DPP | სრული და საშუალო ზომის პისტოლეტები | DeltaPoint Pro, EFLX |
| Docter/Noblex | კლასიკური ღია კოლიმატორები | FastFire, ძველი Venom |
| Aimpoint ACRO | დახურული კოლიმატორები | ACRO P-1/P-2 |
| Holosun 509T | დახურული კოლიმატორები | 509T |
შენიშვნა: ცხრილი ასახავს ყველაზე გავრცელებულ გამოყენებას და არა ყველა შესაძლო გამონაკლისს
Optics Ready არ ნიშნავს უნივერსალურ თავსებადობას
თანამედროვე პისტოლეტების მწარმოებლები ხშირად იყენებენ აღნიშვნას Optics Ready, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ იარაღი მზად არის ოპტიკის დასაყენებლად.
მაგრამ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
მაგალითად, Glock-ის MOS სისტემა და Springfield Armory-ის AOS ერთი და იმავე პრინციპს ემყარება: პისტოლეტს აქვს სპეციალური სამონტაჟო ადგილი, ხოლო კონკრეტული კოლიმატორის დასაყენებლად გამოიყენება შესაბამისი ფირფიტა.
თუმცა ეს სისტემები ერთმანეთთან უნივერსალურად თავსებადი არ არის.
Glock MOS-ის ფირფიტა ვერ ჩაითვლება Springfield AOS-ის ფირფიტის შემცვლელად მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე RMR-ის კოლიმატორისთვისაა განკუთვნილი.
სინამდვილეში თითოეულ ფირფიტას ორი ინტერფეისი აქვს: ქვედა, რომელიც პისტოლეტის საკეტს ერგება, და ზედა, რომელიც კონკრეტული კოლიმატორის footprint-ს შეესაბამება.
შესაბამისად, თავსებადობის დადგენისას აუცილებელია სამივე კომპონენტის გათვალისწინება: პისტოლეტი, სამაგრი ფირფიტა და კოლიმატორი.
რატომ აქვს მნიშვნელობა ხრახნებსა და უკუცემის საყრდენებს?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა იმის დაშვება, რომ თუ კოლიმატორი სამაგრზე ჯდება და ხრახნებიც ეჭირება, ყველაფერი წესრიგშია.
სინამდვილეში ეს ასე არ არის.
პისტოლეტის საკეტზე დამაგრებული კოლიმატორი მუშაობისას საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფება. ყოველი გასროლის დროს საკეტი უკან და წინ მოძრაობს, მკვეთრად იცვლის სიჩქარეს და გადასცემს დატვირთვას მასზე დამაგრებულ მოწყობილობებს.
ამ დატვირთვის გათვალისწინებით, სამაგრი სისტემის ყველა ელემენტს თავისი დანიშნულება აქვს.
უკუცემის საყრდენები ხელს უწყობს დატვირთვის გადაცემას და კოლიმატორის პოზიციის შენარჩუნებას. ხრახნები კი უზრუნველყოფს სამაგრი ზედაპირების ერთმანეთთან მჭიდრო შეერთებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა ხრახნების სიგრძე.
ზედმეტად გრძელი ხრახნი შეიძლება არასწორად დაჯდეს ან ხელი შეუშალოს პისტოლეტის მექანიზმის მუშაობას. ზედმეტად მოკლე ხრახნმა კი შეიძლება ვერ უზრუნველყოს საკმარისი მოჭიდება.
ამიტომ მხოლოდ ხრახნის დიამეტრის ან ხრახნის ტიპის დამთხვევა საკმარისი არ არის.
ასევე მნიშვნელოვანია მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გადაჭერის მომენტი (ტორქი), შესაბამისი სამაგრი კომპონენტების გამოყენება და ინსტალაციის შემდეგ სისტემის შემოწმება.
დაბალი მონტაჟი და მექანიკური სამიზნეების გამოყენება
კოლიმატორის სამაგრის შერჩევისას კიდევ ერთი საკითხია მისი განლაგების სიმაღლე.
ზოგადად, რაც უფრო დაბლა მდებარეობს კოლიმატორი საკეტთან მიმართებით, მით უფრო მარტივია მისი ინტეგრირება პისტოლეტის არსებულ კონფიგურაციაში.
დაბალი მონტაჟი ასევე ზრდის იმის ალბათობას, რომ შესაძლებელი იქნება მექანიკური სამიზნეების გამოყენება კოლიმატორის ფანჯრიდან.
ამ შესაძლებლობას co-witness ეწოდება.

“რკინების” და კოლიმატორის შეთავსების ვარიანტები
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ სამაგრის სტანდარტი არ განსაზღვრავს მექანიკური სამიზნეების თავსებადობას. მნიშვნელობა აქვს თავად კოლიმატორის კორპუსის სიმაღლეს, ფირფიტის სისქესა და პისტოლეტის სამიზნეების ზომებს.
ამიტომ ერთი და იმავე RMR-ის სტანდარტის ორი კოლიმატორი შეიძლება განსხვავებულ შედეგს იძლეოდეს მექანიკურ სამიზნეებთან თავსებადობის თვალსაზრისით.
რა უნდა შევამოწმოთ კოლიმატორის შეძენამდე?
კოლიმატორის შეძენამდე სასურველია რამდენიმე საკითხის გარკვევა.
პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ პისტოლეტის ზუსტი მოდელი და მისი სამონტაჟო სისტემის ტიპი. შემდეგ უნდა გავარკვიოთ, რომელი footprint აქვს ჩვენთვის საინტერესო კოლიმატორს.
ამის შემდეგ აუცილებელია შესაბამისი ფირფიტის არსებობისა და თავსებადობის დადასტურება.
ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ სამაგრი ხრახნების სპეციფიკაციას, კოლიმატორის ზომებს, მექანიკურ სამიზნეებთან თავსებადობასა და მწარმოებლის ინსტრუქციებს.
ინფორმაცია კოლიმატორების და სამონტაჟო პლასტების შესახებ, მათ შორის ხრახნების სპეციფიკაციები, მოიპოვება პრაქტიკულად ნებისმიერი ამ პროდუქციის მწარმოებლების ვებ გვერდებზე.
განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევაში, როდესაც პისტოლეტის საკეტი ქარხნულად არ არის მომზადებული კოლიმატორისთვის და შემდგომ არის გადაკეთებული. ასეთ დროს თავსებადობა შეიძლება დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ იარაღის მოდელზე, არამედ კონკრეტულად შესრულებული სამუშაოს სპეციფიკაციაზეც.
დასკვნა
პისტოლეტის კოლიმატორების სამაგრი სტანდარტების სიმრავლე თავდაპირველად შეიძლება ზედმეტად რთული და დამაბნეველი ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათი უმეტესობა რამდენიმე ძირითადი ინტერფეისის გარშემო იყრის თავს.
Trijicon RMR ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტანდარტია სრული ზომის პისტოლეტებისთვის. Shield RMSc და Holosun K მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კომპაქტური ოპტიკის ბაზარზე. Leupold DPP და Docter/Noblex ალბათ მოძველებული მაგრამ ჯერ კვლავ აქტუალურია, ხოლო Aimpoint ACRO და სხვა სპეციალიზებული ინტერფეისები დახურული კოლიმატორების სეგმენტში გვხვდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ერთმანეთისგან განვასხვაოთ კოლიმატორის footprint, პისტოლეტის სამონტაჟო სისტემა და მათ შორის მოთავსებული გარდამავალი ფირფიტა და ყურადრება მივაქციოთ ხრახნების ზომებს/სტანდარტს.
ერთი სტანდარტის კოლიმატორი ყოველთვის არ ნიშნავს ერთი და იმავე ფირფიტის, ხრახნების ან სამონტაჟო კონფიგურაციის გამოყენების შესაძლებლობას.
შესაბამისად, კოლიმატორის არჩევისას მხოლოდ ბრენდის, ფასის ან ტექნიკური მახასიათებლების შეფასება საკმარისი არ არის. აუცილებელია მისი მექანიკური თავსებადობის ზუსტად დადგენაც.



