ბლოგპოსტი პირველად გამოქვეყნდა: ივნისი, 2011
სანამ იარაღის მიმოხილვას დავიწყებდეთ, მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც მე შემემთხვა რამდენიმე წლის წინ. ზუსტად არ მახსოვს, როდის, მაგრამ ეს ნამდვილად 2008 წლის აგვისტოს ომამდე იყო.
თუ სწორად მახსოვს, ახალი გამოსული იყო ჟურნალი „არსენალი“. დაახლოებით იმ დროს იქვე დაიბეჭდა სტატია ავსტრიულ პისტოლეტზე, Steyr-Mannlicher M9-ზე, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მიიპყრო იმით, რომ შემექმნა შთაბეჭდილება, თითქოს სტატია სულ სხვა პისტოლეტს აღწერდა. ილუსტრაციებიც კი არასწორად იყო აღწერილი.
რედაქციაში გავაგზავნე ძალიან ზრდილობიანი და თავაზიანი ელექტრონული წერილი, სადაც დეტალურად აღვწერე სტატიის სუსტი მხარეები და დამატებითი ტექნიკური ინფორმაცია მივაწოდე ამ იარაღთან დაკავშირებით. მადლობა მოვუხადე, რომ ასეთი კარგი პროექტი წამოიწყეს და პარალელურად თანამშრომლობაც შევთავაზე.
პასუხი არ მიმიღია.
ან ჩემი წერილი გზაში დაიკარგა, ან წერილი მიიღეს და უბრალოდ ვერ მიხვდნენ, რაზე ვწერდი. რომელი ვარიანტია უფრო სავარაუდო, თავად განსაზღვრეთ.
ასეა თუ ისე, ბუნებრივია, კრიტიკულად განვეწყვე ამ ჟურნალის მიმართ, უფრო სწორად, იმ განყოფილების მიმართ, რომელიც სხვადასხვა იარაღის „ტესტირებას“ აწარმოებდა. სხვა განყოფილებებს უბრალოდ არ ვკითხულობდი, იმიტომ, რომ ბოლო 8-9 წელია, ტანკების ავზების ტევადობა აღარ შედის ჩემი ინტერესების სფეროში.
მოგვიანებით ტელევიზიასა და პრესაში, და მათ შორის ჟურნალ „არსენალში“, გამოჩნდა რიგი პუბლიკაციებისა, რომლებიც ეხებოდა საქართველოში წარმოებულ პისტოლეტს, სახელად „ზგ“. ამ პუბლიკაციების მოკლე რეზიუმირება რომ მოვახდინოთ, “ზგ” წარმოადგენდა თანამედროვე ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა როგორც შიდა, ისე გარე ბაზარზე.
„არსენალში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას მოჰყვა ვრცელი სიუჟეტი, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, „ტვ საქართველოზე“ გავიდა.
საკმარისია, ერთხელ შეხედოთ იარაღს, რომ მიხვდეთ: როგორც მინიმუმ, თანამედროვეობაზე ლაპარაკი აშკარად ზედმეტი იყო.
“ზგ” არის, ან იყო, “მცირეკალიბრიანი” (.25 Auto/6.35 მმ) ჯიბის პისტოლეტი თავისუფალი საკეტით, კონცეფციით იდენტური ბრაუნინგის 1906 წლის მოდელისა. ზგ განეკუთვნებოდა იარაღის კლასს, რომელიც პრაქტიკულად უკვე მკვდარი იყო.
გასაკვირი იყო, რომ ამ იარაღს ტელეეთერში აქებდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც, წესით, უნდა სცოდნოდათ, რა ხდებოდა პირადი ცეცხლსასროლი იარაღის სამყაროში და წარმატების რა შანსები ჰქონდა ასეთ პისტოლეტს. აღარაფერს ვიტყვი ტელეგადაცემის უკიდურესად დაბალ ხარისხზე, სადაც ყველაფერი არეულ-დარეული იყო.
უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ ძალიან ვაქტიურობდი სხვადასხვა ფორუმზე (მათ შორის ქართულ ფორუმებზეც) და, შესაბამისად, ერთ-ერთ თემატურ განყოფილებაში, სადაც ზგ-ს „იხილავდნენ“, ჩემი მოკლე შეფასება დავწერე. რა თქმა უნდა, უარყოფითი.
სამწუხაროდ, იმ მომენტში არ ვიცოდი, რომ ფორუმზე ამ პისტოლეტის ერთ-ერთი ავტორი ან მისი ახლო ნათესავი იმყოფებოდა (ბოლომდე ვერ გავერკვიე). რომ მცოდნოდა, ცხადია, მეტ დელიკატურობას გამოვიჩენდი.
ჩემს „პოსტს“, რა გასაკვირია, მოჰყვა არც ისე სასიამოვნო „დისკუსია“ (თუმცა საქმე უცენზურო სიტყვების გამოყენებამდე არ მისულა). ამის შედეგად მე გამოვცხადდი ერის მოღალატედ, ლეიბორისტული პარტიის წევრად (არ ვხუმრობ) და ადამიანად, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ქართულ იარაღს ვაკრიტიკებდი. როგორ ვბედავდი ამას?!
რა შეიძლება ითქვას თავად პისტოლეტზე?
უმარტივესი კონსტრუქციის მქონე ჯიბის პისტოლეტი, რომლის ანალოგებიც კუსტარულად იწარმოებოდა ესპანეთში (ეიბარში) და ევროპის სხვა ქვეყნებში, ურიცხვი რაოდენობით, და რომლებიც ასე თუ ისე იმეორებდნენ ბრაუნინგის 1906 წლის მოდელს.
სტატიებს, რომლებიც ამ პისტოლეტს აღწერდა, ახლდა უამრავი უზუსტობა და გაუგებრობა. კონკრეტულად, ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ ლულისა და მჭიდის გამოცვლით იარაღი გახდებოდა 9 მმ-იანი (სავარაუდოდ, 9 მმ მაკაროვის ვაზნაზე გათვლილი).
როგორ უნდა მომხდარიყო ეს ტრანსფორმაცია, ჩემთვის უცნობია და, ჩემი აზრით, ტექნიკურად შეუძლებელიც იმ გაბარიტებში, რომლებიც ამ იარაღს ჰქონდა.
ცხადია, ის ასევე ვერ შევიდოდა „მსოფლიო კატალოგებში“, იმიტომ, რომ უბრალოდ არაფრით გამოირჩეოდა.
ვერც გაიყიდებოდა. ფასი გამოცხადებული იყო 700-750 ლარი, რაც ძალიან ბევრია. თუმცა მარტო ფასიც არაფერ შუაშია. იარაღი განეკუთვნებოდა მკვდარ კლასს — მცირეკალიბრიან ჯიბის პისტოლეტებს.
მაღალი კლასის ასეთი იარაღი არ იწარმოება, ხოლო დაბალი კლასის, 150 დოლარამდე ღირებულების, საკმაოდ ბევრია და განკუთვნილია უკიდურესად ღარიბი მომხმარებლებისთვის.
ფაქტია, რომ ასეთი იარაღები გაცილებით უფრო ტექნოლოგიური და კომპაქტურია, ვიდრე ზგ. სავარაუდოდ, უფრო საიმედოც.
ცხადია, რეპორტაჟებისა და პუბლიკაციების შემდეგ ზგ აღარავის გახსენებია.

ესეც პისტოლეტი ზგ. ილუსტრაციას რატომღაც აწერია „არმაზი“.
ამ ისტორიას, რომელიც მე შემემთხვა, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა.
რა თქმა უნდა, იარაღი სერიულ წარმოებაში არ წავიდა, ხოლო იარაღის ავტორებს ეკონომიკის სამინისტრომ დაზგები და შენობა ჩამოართვა.
ზუსტი იურიდიული დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ პოსტი ამის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა იმავე ფორუმზე, ჩემი ოპონენტის ავტორობით.
თავისთავად ცხადია, ქილიკსა და ყვირილს — „აი, მე ხომ ვამბობდი!“ — არ ვაპირებდი და მწუხარება გამოვთქვი, რომ ყველაფერი ასე ცუდად დამთავრდა.
აი, ასე დასრულდა ქართული პისტოლეტის — ზგ-ს — წარმოების ბედი. ვერ ვიტყვი, რომ გამიკვირდა, მაგრამ ნამდვილად არ გამხარებია.
რაშია ახლა პრობლემა?
პრობლემა მარტო ის არ არის, რომ მუშახელი დაბალკვალიფიციურია, დაზგა-დანადგარები ძველია, არ არიან ექსპერტები და არ არსებობს საჭირო სახსრები.
საქმე ისაა, უბრალოდ, ვის ვედრებით ჩვენ? ვის გვინდა ვაჯობოთ ან გავუტოლდეთ?
ანუ რას ფიქრობდნენ ზგ-ს ავტორები? საქართველოში არავინ არაფერს უშვებს და მოდი, ჩვენ გამოვუშვებთ რამეს? არავინ არაფერი იცის პისტოლეტებზე და მოდი, დავარწმუნებთ, რომ 6.35 მმ კალიბრის ჯიბის პისტოლეტი სუპერიარაღია?
თუ ასე უნდა ეფიქრათ: მოდი, ვნახოთ, ვინ რას უშვებს მსოფლიოში და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?
როდესაც ხორვატები ქმნიდნენ HS9 პისტოლეტს, ისინი უბრალოდ რაღაცას კი არ ქმნიდნენ, არამედ ქმნიდნენ იარაღს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნებოდა არა პაწაწინა ხორვატიაში, არამედ მსოფლიო ბაზარზე.
და მათ წარმატებას მიაღწიეს.
ხორვატიული პისტოლეტის წარმოების (შესწორება: გაყიდვების) უფლებები იყიდა ამერიკულმა გიგანტმა Springfield Armory-მ და დღეს პისტოლეტი XD ერთ-ერთი ყველაზე კომერციულად წარმატებული პისტოლეტია აშშ-ში.
ასევე, მე ვიცნობ იაროსლავ კურაცინას, სლოვაკს, რომელმაც სუფთა ფურცლიდან დაიწყო და შექმნა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტი, რომელსაც საკუთარ საწარმოში უშვებს და რომელიც წარმატებით იყიდება მთელ მსოფლიოში.

“სკრინშოტი” ვიდეოკლიპიდან. ეს არის პისტოლეტი „არმაზი“, რომელიც იმავე ავტორებს ეკუთვნით და 90-იანი წლების დასაწყისშია შექმნილი. ნახაზებზე ჩანს მსხვილი პისტოლეტი თავისუფალი საკეტით. რამდენი სრული ზომის, თავისუფალსაკეტიანი პისტოლეტი მოკლე 9 მმ-იან ვაზნაზე გამოდის დღეს? არც ერთი. გამონაკლისი, ალბათ, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოშვებული, მეტ-ნაკლებად ცნობილი პისტოლეტი „ფორტია“ (უკრაინა).
ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული თავდაცვითი პროდუქციის წარმოების მცდელობებს დიდი ისტორია აქვს.
ქართული ჯავშანჟილეტები, ორიგინალური კონსტრუქციის ასაწყობი ხიდები, ხმაჩახშობილი ნაღმტყორცნები, ჯავშანმანქანები და ასე შემდეგ.
ყველა ამ პროექტს ახასიათებს ბევრი ხმაური და რეალური შედეგის არარსებობა.
ყოველთვის ეს იარაღები, ასაწყობი ხიდები, მანქანები და ასე შემდეგ იყვნენ ყველაზე მაგრები, კარგები და ყველაზე უკეთესები.
როგორც ჩანს, 20 წლის განმავლობაში არ გამოჩნდა ხალხი, რომელიც რეალურად შეაფასებდა იმას, რაც საქართველოში სამხედრო წარმოების ირგვლივ ხდება, ისევე, როგორც ვერ აფასებენ ადეკვატურად კონკრეტულ ერთეულებს.
როგორ შეიძლებოდა სერიოზულად აღქმულიყო საბრძოლო მანქანა, რომელიც აწყობილია სამოქალაქო მანქანის ძარაზე, რომელსაც „რამაც“ კი არ გააჩნია (იყო ასეთი მცდელობა მრავალი წლის წინ)?
ან როგორ უნდა უწოდო ქართული ნაწარმი ობიექტს, რომელშიც არც ერთი კომპონენტი ქართული წარმოების არ არის?
ან როგორ უნდა აღიქვა 6.35 მმ-იანი ჯიბის პისტოლეტი, რომელიც 2007 წელს „შეიქმნა“ და კონსტრუქციულად ჩამორჩება 1906 წელს გამოშვებულ პისტოლეტს?
შედეგი კი ასეთი პროექტებისა რა უნდა იყოს, იკითხავთ თქვენ?
არა, ბატონებო, შედეგი არ არის ტელერეპორტაჟები, შეცდომებითა და უზუსტობებით სავსე ბუკლეტები და სტატიები, ან თუნდაც პატრიოტული გრძნობების მოზღვავება.
აგიხსნით მარტივად.
მოგეხსენებათ, იარაღის წარმოებასა და გაზქურების წარმოებას აერთიანებს ერთი რამ — ეს არის ბიზნესი და მას მოგება უნდა მოჰქონდეს.
იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ნებისმიერი მწარმოებელი ეძებს კონტრაქტებს და კომპანიის წარმატებისა და რეკლამის საუკეთესო გზა არის მხოლოდ ერთი რამ, რაც მართლაც ფასობს — კონტრაქტი კონკრეტული პროდუქციის მიწოდებაზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული ციფრი, სასურველია აშშ-ის დოლარებში.
აი, ამ ციფრით იზომება პროექტის წარმატება. ყველაფერ დანარჩენს არავითარი აზრი და წონა არ აქვს.
მე ვთვლი, რომ, მაგალითად, ზგ-ს ავტორებისთვის გაცილებით უფრო წარმატებული იქნებოდა ძველი საბჭოთა პისტოლეტების კალიბრების კონვერტაციის დაწყება.
მაგალითად, რევოლვერი „ნაგანი“ მაღაზიაში 480 ლარი ღირს. მისი ვაზნა კი 5 ლარი ღირს, ერთი ცალი. მე, მაგალითად, სიამოვნებით ვიქონიებდი „ნაგანს“ .22 LR კალიბრზე.
ან, მაგალითად, კურიოზული პისტოლეტი ПСМ.
ჩვენთან თურმე კილო ხორცი იგივე ფასი ღირს, რაც ლონდონის ცენტრში, მაგრამ ბ-ნი გიორგაძისთვის უცნობია, რომ საქართველოს მსოფლიო რეკორდი უჭირავს წარმოებაში არსებული ვაზნის ფასით.
ПСМ-ის 5.45 კალიბრის ვაზნა ერთ დროს ღირდა, არც მეტი, არც ნაკლები, 50 ლარი, ერთი ცალი!
ანუ, მაგალითად, ევროპაში შეკვეთით დამზადებული, ექსტრაკლასის ხელოსნის მიერ დატენილი იშვიათი კალიბრის მსხვილკალიბრიანი ვაზნაც კი არ ღირს ამდენი!
ახლა თურმე ფასი 15 ლარამდე ჩამოვიდა, გამოჩნდა გაყიდვაში, მაგრამ საინტერესოა, გამყიდველმა რა მოგებაზე „დასვა“? ის ხომ უეჭველად საბაზრო ფასად შეიძინა?
და მაინც, 15 ლარი ცალში?!
ამას იმიტომ ვყვები, რომ 6.35 მმ-იან ან, ისევ და ისევ, .22 LR-ზე გათვლილ ПСМ-ს, სავარაუდოდ, მიმზიდველი პროდუქტის სახე ექნებოდა.
ან, მაგალითად, საკონვერტაციო ნაკრებები, რომ პოპულარული TT-ებიდან და ПМ-ებიდან შესაძლებელი გახდეს იაფი .22 LR ვაზნების გასროლა.
შეიძლება ეს აქამდე არავინ გააკეთა იმიტომ, რომ ჩვენი ბანკები უფრო ადვილად ნარკომანს მისცემენ სესხს ათი მობილური ტელეფონის შესაძენად, ვიდრე მოტივირებულ ადამიანს — ახალი ბიზნესის დასაწყებად.
დღეს რაიმე ორიგინალურის შექმნა ნამდვილად ძნელია.
ზოგადად მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მოთხოვნა პირად იარაღზე მაღალია, როგორც არასდროს.
მწარმოებლები ამას პასუხობენ გამოშვებული მოდელებისა და მათი ვარიანტების ნომენკლატურის გაზრდით და დიდ მოგებას ნახულობენ.
და მათ არ სჭირდებათ რაიმე რევოლუციური იდეები.
გადახედეთ 2011 წლის ახალ მოდელებს. არც ერთი მათგანი არა თუ რევოლუციური, ინოვაციურიც კი არ არის.
დავუბრუნდეთ უკვე ნახსენებ ხორვატიულ და სლოვაკურ პისტოლეტებს.
არც ერთი მათგანი ინოვაციურობის დონით რაიმე განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს.
პოლიმერის ჩარჩოები უკვე 30 წელია ჩვენთან არიან. ერთი იყენებს ბრაუნინგის ავტომატიკის სქემას, მეორე — ლულის ბრუნვით ჩაკეტვის სქემას.
ერთს აქვს შიდა დამრტყმელი, მეორეს — გარეთა ჩახმახი, შიგნით დამალული საბრძოლო ზამბარით, როგორც საბჭოთა ТТ პისტოლეტში (მაგრამ, საბჭოთა პისტოლეტისგან განსხვავებით, მას ზამბარა არ უტყდება).
ორივე მთლიანობაში წარმოადგენს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ტექნიკური გადაწყვეტილებების კომპილაციას.
ორივე კარგი პისტოლეტია და საკმაოდ წარმატებული კომერციული თვალსაზრისით.
პრაქტიკულად ყველაფერი უკვე მოგონილია. უბრალოდ, ამ მოზაიკიდან, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციული გადაწყვეტილებისგან შედგება, უნდა აიგოს კარგი პისტოლეტი.
კონსტრუქტორებო, გსურთ, რომ მუზა გესტუმროთ?
გადაათვალიერეთ უცხოური ფორუმები. მაგალითად, გლოკის მოყვარულების ერთ-ერთ ფორუმზე კარგა ხანია გლოკისგან ითხოვენ ერთრიგიან, 9 მმ-იან სუბკომპაქტურ პისტოლეტს პოლიმერის ჩარჩოთი.
ბაზარზე მართლაც არც ისე ბევრია ასეთი იარაღი და შესაძლებელია მისი დამზადება და გაყიდვა.
მაგალითად, პოლიმერის ჩარჩოს დამზადება შეუძლია ნებისმიერ ფაბრიკას, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მოწყობილობები პლასტმასის ფორმების გამოსაშვებად.
დანარჩენი კომპონენტების დამზადება შესაძლებელია საქართველოშიც, უკვე არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან მათი მცირე მოდერნიზაციის შემდეგ.
Glock 17 შედგება სულ რაღაც 32 ადვილად დასამზადებელი ნაწილისგან და უმარტივეს კონსტრუქციას წარმოადგენს.
სულაც არ არის საჭირო ველოსიპედის ხელახლა გამოგონება და ხალხის დაბოლება ზღაპრებით.
არ არის საჭირო ამბიციური მიზნების დასახვა, რომლებიც თავიდანვე მიუღწეველია.
დავისახოთ რამე უფრო რეალური და მისაღწევი — აპრობირებული გადაწყვეტილებების გამოყენებით მარტივი პისტოლეტის გამოშვება.

ხორვატიული HS9. უკვე ცნობილი გადაწყვეტილებების კარგმა კომპილაციამ წარმოშვა წარმატებული პისტოლეტი. უსაფრთხო დაშლა (საკეტის წინასწარი გახსნით), ავტომატური დამცველი, დღეს პოპულარული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია და პოლიმერის ჩარჩო. ამის წყალობით და Springfield Armory-ს მარკეტინგის სპეციალისტების ხელშეწყობით, დღეს ეს პისტოლეტი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია აშშ-ში.
მე შეგნებულად არ ვსაუბრობ უკვე არსებული მოდელების ლიცენზირებულ წარმოებაზე ან აწყობაზე.
არც ეს იქნებოდა ურიგო, მაგრამ ეს ყველაზე მარტივი გზაა და აქ უბრალოდ წმინდა ტექნიკური საკითხია — მოიპოვოთ წარმოების უფლება, საჭირო ნაწილები, ნახაზები და დაზგა-დანადგარები.
ტანფოლიოს მოდელების გარკვეული რაოდენობა საქართველოში აიწყო, ისევე, როგორც ზიგ ზაუერების ერთი თუ ორი მოდელი.
ეს ხდებოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში.
გაგრძელება ამას არ მოჰყოლია.
თუმცა ამითაც რომ დაიწყოს, არ იქნებოდა ურიგო.
მაგალითად, ისრაელის IMI თავდაპირველად „იერიხოს“ პისტოლეტებს ტანფოლიოსგან მიწოდებული ნაწილებით აწყობდა და ნელ-ნელა უფრო მეტი დეტალის წარმოებას ითვისებდა.
გავიხსენოთ ისტორიული მაგალითებიც, როგორ იქმნებოდა იარაღის წარმოება, მაგალითად, რუსეთში.
პეტრე პირველი დიდი და ნამდვილი რეფორმატორი იყო.
როდესაც ის მიხვდა, რომ მის თანამოქალაქეებს არ ჰქონდათ ცოდნა და აუცილებელი ტექნიკური საშუალებები, დაიწყო უცხოეთიდან საუკეთესო სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ ცოდნისთვის ოქროთი უხდიდა, ყველანაირად ხელს უწყობდა.
პირობა ერთი იყო — მათ ყველაფერი უნდა ესწავლებინათ რუსი მოწაფეებისთვის.
უდმურტიაში სწორედ გერმანელებმა და ჰოლანდიელებმა დააარსეს იარაღის წარმოება იმ ადგილას, სადაც ახლა იჟევსკია.
ქალაქი, რომლის სახელიც კარგად არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში იარაღის ყველა მოყვარულისთვის.
პირადად მე წინააღმდეგი ვარ სახელმწიფოს ჩარევისა კერძო სექტორში, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელშეწყობისა და სუბსიდირების გარეშე არაფერი გამოვა.
რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვინდა რაიმეს მიღწევა. თუ გვინდა, მაშინ, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარი ძალებით აქ ვერაფერს მივაღწევთ.
მთავარია, შედეგი იყოს რეალური, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და არა მხოლოდ მოკლევადიანი პიარი, თუნდაც ძალიან ლამაზი და ეფექტური.
მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია.

სლოვაკური K100. სურათი სპეციალურად ავიღე კანადური იმპორტიორის საიტიდან, რომელიც ამ ოჯახის პისტოლეტებს წარმატებით ყიდის აღნიშნულ ქვეყანაში.


