სტატია პირველად გამოქვეყნდა: ივლისი – 2012
არც ისე დიდი ხნის წინ გადავაწყდი ერთ ფორუმზე თემას, სადაც განიხილავდნენ ერთ-ერთ მაღაზიაში შემოტანილ რემინგტონის წარმოებულ თოფებს. ყველაზე იაფი “პომპის”, Remington Express Magnum-ის, ფასი იყო 1085 ლარი. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ამერიკული თოფისთვის ეს ფასი ნამდვილად დაბალია. ამის გამო თემაში გამოითქვა ეჭვები ამ თოფების წარმოშობის შესახებ. დაბალი ფასი აიხსნებოდა მათი ჩინურ-თურქული წარმოშობით (რაც, პრინციპში, ნონსენსია) და სხვა მიზეზებით. თემის განხილვას მოჰყვა, როგორც ჩანს, შემომტანი მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომლის გამოჩენა და საკმაოდ ვრცელი, მაგრამ არაფრისმთქმელი პოსტის გამოქვეყნება. ძალიან მოკლედ რომ გადმოგცეთ შინაარსი, ავტორი ცდილობდა აეხსნა, რომ რემინგტონის თოფები საუკეთესოა თავის კლასში, ბევრი პრიზი და მედალი აქვთ აღებული და ვინც მაგათზე ცუდს წერს, ან შურთ, ან კონკურენტები არიან. ამ პოსტით დაიწყო და დამთავრდა კიდეც მაღაზიის “ექსპერტების” მონაწილეობა საკითხის განხილვაში.
ნამდვილად არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ შედარდეს ორი, ალბათ, ყველაზე პოპულარული ”პომპა”, მაგრამ შედარება უნდა იყოს სამართლიანი და, როგორც მინიმუმ, შემდარებელს უნდა ესმოდეს საკითხი და ჰქონდეს გამოცდილება ორივე სისტემასთან.
ამ სტატიის მიზანია რემინგტონ 870-ის და მოსბერგ 500/590-ის მაქსიმალურად ობიექტური შედარება. რატომ მოსბერგი? იმიტომ, რომ: მე იგივე თემაში გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ პირადად მე მოსბერგი მირჩევნია რემინგტონს; ეს ორი თოფი ერთმანეთის კონკურენტია ყველაზე დიდ, ჩრდილოამერიკულ ბაზარზე; ორივე არის ყველაზე კლასიკური ამერიკული პომპა და ორივე დღეს იყიდება თბილისის მაღაზიებში, მათი ბევრი მოდელია ხელმისაწვდომი.
ორივე მწარმოებელს აქვს ამ სისტემის თოფები სხვადასხვა მოდიფიკაციებში და ისინი პრაქტიკულად იდენტური ზომისა და წონის არიან. ორივეს აქვს ჩვეულებრივი (უქრომო) ლულები და სავაზნეები და ორივე პრაქტიკულად ერთნაირ მოვლასა და მომსახურებას ითხოვს. მთლიანობაში, მოსბერგები ცოტათი უფრო იაფი ღირს, ვიდრე რემინგტონები.
დაშლისას ორივე არ ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტებს, თუმცა მოსბერგები ცოტათი უფრო მეტ შრომას ითხოვენ დაშლისას. სამაგიეროდ, ვაზნის ინტერცეპტორიც და შემაკავებელიც იხსნება, რაც უზრუნველყოფს წმენდის უფრო მაღალ ხარისხს.

ორი ანალოგი, Remington 870 Police (ზევით) და Mossberg 590. ეს ორი თოფი ძირითადი კონკურენტებია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, მაგრამ სხვა ქვეყნებში კონკურენტები უფრო მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ მე ხსენებულ თემაში უპირატესობა მოსბერგის თოფებს მივანიჭე და ახლაც ვთვლი, რომ მოსბერგის 590 სერიის თოფები უკეთესი იარაღია, ამით ნამდვილად არ მინდოდა მეთქვა, რომ რემინგტონ 870 არის ცუდი იარაღი.
რამდენადაც მე ვკითხულობ უცხოურ პრესას, წიგნებს, ფორუმებს და სტატიებს ინტერნეტში, არც მოსბერგი და არც რემინგტონი არ სარგებლობს აშკარად უფრო მეტი პოპულარობით. მე მაინც მგონია, რომ რემ 870 არის კარგი საბაზისო პლატფორმა, რომელზეც შეიძლება აიგოს ძალიან კარგი ტაქტიკური/თავდაცვითი თოფი და, მაგალითად, Wilson Combat-ი სწორედ მას იყენებს თავიანთი თოფების ასაწყობად. იგივე ეხება Serbu-ს და ბევრ სხვა პატარა კომპანიას, რომელიც თავს ირჩენს მოდიფიცირებული ტაქტიკური თოფების პატარა სერიების გამოშვებით.
რემინგტონს კატალოგშიც აქვს ტაქტიკური მოდელები, მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე მოდულური დიზაინიდან, ჯობს, თუ ამის სურვილი არის, მფლობელმა იყიდოს ყველაზე ბიუჯეტური მოდელი და შემდგომ აღჭურვოს ის ყველა აუცილებელი დამატებითი ელემენტით, რაც მხოლოდ მას ჭირდება.
მოდიფიცირების მხრივ რემიც და მოსიც ერთნაირად მოსახერხებელი არიან. ძალიან ბევრი ნაწილი და აქსესუარი არის ხელმისაწვდომი. სხვაობა ფასში ტაქტიკურ რემსა და საბაზისო ექსპრეს მაგნუმს შორის იყო 600 ლარი და სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ თავდაცვის თოფს სჭირდებოდა ის, რაც ტაქტიკურ მოდელს გააჩნდა.
ალის ჩამქრობს, ზევიდან რესივერზე მოთავსებულ პიკატინის სამაგრს და კამუფლირებულ დაფარვას აჯობებდა კარგი ფანრის და სამაგრის შეძენა + გვერდითა პატრონტაში. ეს ყველაფერი ჯამში არ დაჯდებოდა 200 დოლარზე მეტი.
ექსპრეს მაგნუმების გრძელი სანადირო ლულაც არ არის პრობლემა, ის ყოველთვის შეიძლება დამოკლდეს სასურველ სიგრძემდე, მანამ სანამ კანონში არ არის მითითებული ლულის დასაშვები სიგრძეები. თუ ამის გაკეთებას დააპირებთ, მაინც გაიარეთ კონსულტაცია მომსახურების სააგენტოში, რომ რამე შარში არ გაყოთ თავი.

Remington 870 Tactical. საშუალო ფასი აშშ-ში შეადგენს 550–650 დოლარს. ჩვენთან ის 1700 ლარად იყიდება და, ჩემი აზრით, ის, რაც მასზე აყენია, არ ამართლებს ფასში სხვაობას.
რაც შეეხება 590A1-ს, მას ქარხნულ კომპლექტაციაში აქვს ძალიან კონკრეტული ძლიერი მხარეები სხვა მოსბერგებთან შედარებით და 870-თან შედარებითაც. ყველაზე შესამჩნევი? ლულა სქელი კედლებით. მისი დაზიანება ძალიან ძნელია. ასევე A1-ს აქვს ლითონის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი და მჭიდის მიმწოდებელი. ასევე იძახიან, რომ რესივერის კონსტრუქციაც უფრო გაძლიერებულია. ლულის სიგრძით და მჭიდის ტევადობით (6 ვაზნა) 590A1 არის იდეალური თავდაცვითი თოფი.
უბრალო მოდელი 590, 9 ვაზნიანი მჭიდით, სიმართლე გითხრათ, ცოტა მძიმე და გრძელი მომეჩვენა. გრძელი მჭიდის გამო ლულის დამოკლება ან გამოცვლა უფრო მოკლეთი შეუძლებელია.
870-ისგან განსხვავებით, ყველა 500/590-ს აქვს მცველი განლაგებული ზევიდან რესივერზე (ადვილია გამოყენებაში, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მხარიდან სროლისას) და ღია დასატენი ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ადვილ მჭიდის ვაზნებით შევსებას. 870-ს ასეთი არაფერი არ გააჩნია.
მხოლოდ უნდა აღვნიშნო, რომ ზოგადად 870 არის უფრო ხარისხიანად დამზადებული და ესთეტიკური თვალსაზრისით უფრო ლამაზი თოფია, ვიდრე 500/590, რომლებიც ესთეტიურობით არ გამოირჩევიან. ასევე, მოსბერგები უფრო ხმაურიანები არიან, ვიდრე რემები, წინა სახელურის კონსტრუქციის გამო, რომელიც საკმაოდ ხმამაღლა “ჩხარუნობს” გადაადგილებისას.

სხვაობა ლულის სისქეში 590-ს (მარცხნივ) და 590A1-ს შორის კარგად ჩანს. ლულა სქელი კედლებით უკეთესად არის დაცული დაზიანებებისგან.
გარდა ამისა, არის სხვა, ნაკლებად შესამჩნევი განსხვავებებიც. მაგალითად, ის, რომ მოსბერგს აქვს ორი ექსტრაქტორი, რემს მხოლოდ ერთი. შეიძლება ეს განსხვავება თეორიულია, მაგრამ ის არის.
გარდა ამისა, მე მომწონს, რომ მოსბერგი იშლება ბოლომდე, ანუ შესაძლებელია მჭიდის მოხსნა, ინტერცეპტორის მოხსნა, ელევატორის მოხსნა და, გარდა ამისა, ადვილად იხსნება ეჟექტორი. ეს ნაწილი დიდ დატვირთვას იღებს და თუ გატყდა, მოსბერგში შესაძლებელია მისი მოხსნა და ახლის დაყენება იარაღის დაშლის გარეშეც, მხოლოდ ერთი ბრტყელი სახრახნისის გამოყენებით.
რემში ამ დეტალის გამოცვლა შეიძლება პრობლემატური გახდეს სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე (ორივეს ფასი აშშ-ში შეადგენს ჯამში 60 დოლარს, ხელოსნის მიერ ეჟექტორის გამოცვლის ფასი მერყეობს 60 დოლარიდან 120 დოლარამდე) და ასევე საჭირო იქნება დრელი.
თუ მოსბერგში ეჟექტორის დაზიანება შეუძლებელია, რემში, არასწორი აწყობის შედეგად, შესაძლებელია ეჟექტორის გატეხვა. თუ საკეტის მოთავსებისას თითით არ დააწექით ეჟექტორს, ის შეიძლება გაიჭედოს საკეტის უკან და ჩახმახის დაშვებისას ის დაარტყამს ეჟექტორს და ან გატეხავს მას, ან დააზიანებს.
რემინგტონის ინსტრუქცია გირჩევთ, ეჟექტორის გამოსაცვლელად გაუგზავნოთ იარაღი რემინგტონს. თავისთავად ცხადია, მოსბერგის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივად გვარდება.

მოსბერგის ეჟექტორი ფიქსირებულია და არ მოძრაობს. ის დაფიქსირებულია ერთი ხრახნით. რემინგტონის ეჟექტორი წარმოადგენს ზამბარას, რომელიც დამაგრებულია პერმანენტულად. მისი დაზიანების გაცილებით მეტი ალბათობაა, ხოლო გამოცვლა მოითხოვს ორ სპეციალურ ინსტრუმენტს და დრელს ან პროფესიონალი ხელოსნის ჩარევას.
პომპების ერთ-ერთი პოპულარული მოდიფიკაციაა მჭიდის დამაგრძელებლის დაყენება. მოსბერგ 500-ზე ასეთი რამის განხორციელება შეუძლებელია, ვინაიდან მჭიდისა და ლულის გადაბმის მეთოდი ითვალისწინებს ხრახნს, რომელიც ეჭირება მჭიდის ბოლოდან (გარდა მოდელისა 500 Tactical Cruiser/Breacher, რომელიც 590-ის მჭიდს იყენებს).
მოსბერგ 590-ში უფრო მოსახერხებელი ხრახნიანი ხუფი გამოიყენება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს დამაგრძელებლით. რემ 870-ში იგივე მეთოდია გამოყენებული, მაგრამ არის ერთი სხვაობა. რემინგტონში ჩათვალეს, რომ მჭიდის დაგრძელება არ არის კარგი იდეა და, შესაბამისად, ისე შეცვალეს მჭიდის კონსტრუქცია, რომ ბოლოში მას აქვს ორი ამობურცული ადგილი, რომელიც ხელს შეუშლის დამაგრძელებელში ვაზნის გასვლას.
აზრი ასეთი მიდგომის მე არ მესმის და არც იარაღის მოყვარულებმა არ შეაფასეს ასეთი ფოკუსი. ამ ადგილების მოცილება/გასწორება ასევე შესაძლებელია ელექტროდრელით.

ისრით ნაჩვენებია ადგილი, რომელიც აბრკოლებს ვაზნის გასვლას რემინგტონ 870-ის მჭიდში.
ყველა რემის უპირატესობა არის ის, რომ მათი რესივერი არის ფოლადის (მოსბერგის რესივერები მსუბუქი შენადნობისგან არის დამზადებული). მე ვერ დავდებ თავს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს. აბსოლუტური უმეტესობა თოფების დღეს გამოდის რესივერებით მსუბუქი შენადნობისგან. ვიცი მხოლოდ ერთი სიტუაცია, რა დროსაც ფოლადის რესივერი ჯობნის ალუმინის რესივერს. ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება ის, რასაც ქვია ვაზნის დეტონაცია მიწოდებისას. ანუ, ვაზნა ფეთქდება, როდესაც იმყოფება ელევატორზე. ასეთი აფეთქების შედეგად რესივერი მსუბუქი შენადნობისგან, როგორც წესი, მთლიანად გამოდის მწყობრიდან, ბზარების გამო. რემინგტონის ფოლადის რესივერი ასევე განიცდის დეფორმაციას, მაგრამ, როგორც წესი, მისი მწყობრში დაბრუნება შესაძლებელია. ალბათ, ძალიან ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ფოლადის რესივერი უპირატესია. ამავე დროს, მსუბუქ შენადნობიან რესივერს უფრო მეტი ანტიკოროზიული თვისებები გააჩნია, ვიდრე ფოლადის რესივერს. რემინგტონი იყენებს 4140 მარკის ფოლადს.

“აფეთქებული” რემ 870. რესივერი პრაქტიკულად მთლიანია (არ ექვემდებარება აღდგენას), რამაც უზრუნველყო მსროლელის უსაფრთხოება, რომელმაც მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში იყო სტატია, სადაც აღწერილი იყო პრობლემები რემ 870-თან, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ-ერთი კომპანიის მაღაზიის ქსელებში იყიდებოდა. გარდა პერიოდული პრობლემებისა ეჟექტორებთან (უმნიშვნელო რაოდენობა გაყიდულ თოფებთან შედარებით), 870-ებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ სხვა არანაირი პრობლემები.
შეიძლება იფიქროთ, რას ბურღავს ეს კაცი ტვინს ამ ეჟექტორით, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უმნიშვნელო პრობლემაც შეიძლება გახდეს გადაულახავი. გარდა ამისა, თუ ვადარებთ ორ თოფს, მაშინ მოდით, წავიდეთ ცოტა სიღრმეში და მათ შორის, როგორც დავით აქუბარდია იძახის: ვილაპარაკოთ ციფრებით. ნუ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზოგადი, არაფრის მთქმელი ფრაზებით.
ეჟექტორების თემას დავხურავ იმით, რომ შესაძლებელია მოსბერგის ეჟექტორის ქლიბით “გამოთლა”.
ასევე, ინტერნეტში ხშირად გვხვდება შეხსენებები, რომ მოსბერგმა გაიარა მკაცრი სამხედრო ტესტირებები და შეიარაღებაშიც არის მიღებული აშშ-ში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან რემ 870-ს აჯობა და ამიტომაც მასზე უკეთესია. რემინგტონს უბრალოდ არასდროს არ წარუდგენია თოფი ასეთი ტიპის ტესტირებაზე.
აშშ-ის სახმელეთო ჯარებში მოსბერგი შეცვალა ბენელის თოფებმა. მოსბერგები დღეს რჩება მხოლოდ დამხმარე შენაერთებში და საზღვაო ფეხოსანთა კორპუსში. იქ არა მარტო 590A1 არის წარმოდგენილი, არამედ ასევე საკმაოდ ბევრი 500 სერიის „უბრალო“ თოფებიც.
მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი რემინგტონებიც, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სამხედროები აიძულებდნენ რემინგტონს, შეეცვალათ ეჟექტორის კონსტრუქცია, თუ ოდესმე საქმე მივიდოდა მასშტაბურ შესყიდვებამდე. საქმე იმაშია, რომ თუ რამე შეიძლება აწყობილ იქნას არასწორად, ჯარში ეს მუდამ ასე აიწყობა და ამას მოჰყვებოდა მუდმივი პრობლემები რემ 870-ის ეჟექტორის კონსტრუქციასთან.

590 (ქვევით) და 590A1. ორივე შესანიშნავი თოფია. პირველი უფრო გრძელი ლულით და 9 ვაზნიანი ტევადობით არის „მძიმეწონოსანი“, მეორე უფრო მოკლე ლულით და 6 ვაზნიანი მჭიდით უფრო კომპაქტური და „მანევრირებადია“.
მე არ შემიძლია არ ვახსენო, რომ ბოლო დროს ინტერნეტში ძალიან ხშირად მხვდება ძალიან ცუდი გამოხმაურებები ახალი რემების ხარისხის შესახებ. ერთ-ერთმა ამერიკელმა მეგობარმაც შეიძინა ახალი 870, რომელსაც ჰქონდა ჩოკების ხრახნები გაჭრილი არასწორად. სურათი რომ ვნახე, გამიკვირდა, როგორ შეეძლო ლულას ასეთი შესამჩნევი დეფექტით გაეარა ხარისხის კონტროლი.
ეს, თუ გნებავთ, ჭორები იმდენად ხშირად მეორდება, რომ სავსებით დასაშვებია, რომ რაღაც პრობლემებს აშკარად აქვს ადგილი. რა მასშტაბისაა პრობლემა, ბოლომდე გაურკვეველია. ამერიკელები არ დაიწყებენ თავიანთი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწარმოებლის ლანძღვას, თუ ამის რეალური საბაბი არ არსებობს.
არაერთხელ მსმენია რჩევა 870-თან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ჯობდა ძველი გამოშვების თოფის პოვნა ან Police Magnum-ის მოდიფიკაციის შეძენა, ვინაიდან ამ მოდელების გამის თოფები უფრო მკაცრ ხარისხის კონტროლს გადიან და პრაქტიკულად ცალკე იწყობა.
გარდა ამისა, ამ სერიის თოფებს აქვთ უფრო გამძლე და ძლიერი ზამბარები, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი ლითონისგან არის დამზადებული, როგორც 590A1-ში. დაფარვისთვის გამოიყენება პარკერიზაციის პროცესი, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, 60%-ით უფრო გამძლეა, ვიდრე დაფარვა გამოყენებული “სამოქალაქო” მოდელებში.
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, რემინგტონი იუწყება, რომ პოლიციურ და საბრძოლო მოდელებზე გამოიყენება “machined” მეთოდი, ანუ, სავარაუდოდ, ეს დეტალები მზადდება მთლიანი ლითონის ნაჭრისგან ფრეზის და პრესის გამოყენებით, ხოლო ექსპრეს მოდელებში ეს დეტალები, ყურადღება: მზადდება მეტალის ფხვნილის შედნობით (powdered metal cast).
რამდენად ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ასეთი კრიტიკული დეტალების დამზადებისას, მე არ ვიცი, მაგრამ მე ცალსახად განვიხილავ ამას, როგორც მინუსს, იმიტომ, რომ ასეთი მეთოდით დამზადებული იარაღის კომპონენტები პრაქტიკულად არასდროს არ ყენდება მაღალი კლასის იარაღში.
პოლიციური მოდელი, განსხვავებით 590A1-ისგან, არ იყიდება თბილისში.
რა თქმა უნდა, გარდა რემების და მოსბერგებისა არის კიდე უამრავი სხვა კარგი „პომპები“, რომლებიც ჩვენთან შედარებით ნაკლებად არის ცნობილი. მაგალითად, იტალიური პომპები არიან ძალიან მაღალი ხარისხის იარაღები. ვერც ერთი ამერიკული „პომპა“ გვერდზე ვერ დაუდგება ნებისმიერ იტალიურ თოფს, როდესაც საქმე ეხება დამზადების და აწყობის ხარისხს.
გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა იტალიური თოფი, რომელიც მე მინახია, იყო ქრომირებული ლულით და სავაზნით. შეიძლება ვიდაოთ ლულის რესურსზე, მაგრამ ვერ ვიდავებთ იმაზე, რომ, როგორც მინიმუმ, ამის წყალობით იტალიური თოფი ბევრად ადვილად იწმინდება და ლულაში მისი იდეალური ზედაპირის გამო ძალიან ცოტა ნადები რჩება.
აშშ-ში, გარდა მოსბერგისა და რემინგტონისა, ასევე საინტერესო “პომპებს” უშვებს კომპანია Ithaca Gun Company. თუმცა მათი წილი ბაზარზე არის ძალიან მცირე. მათ თოფს, მოდელ 37-ს, აქვს ასევე ფოლადის რესივერი, ხოლო ვაზნების ექსტრაქცია და დატენვა ხდებოდა ერთი ფანჯრიდან, რომელიც ქვევიდან არის განლაგებული. ის ერთნაირად მოსახერხებელია მარჯვენა და მარცხენა მხრიდან სროლისთვის.
თუ მე არჩევანი მექნება 590-სა და 870-ს შორის, ჩემი არჩევანი იქნება 590-ის სასარგებლოდ. რამდენადაც მე არ უნდა ვცემდე პატივს ამერიკულ იარაღს, არჩევანი უფრო დიდი რომ იყოს, ჩემი არჩევანი იქნებოდა არა მოსბერგი ან ვინჩესტერი, არამედ უფრო იტალიური ბენელის თოფები, მაგალითად, მოდელი M3 ან SuperNova.
საქართველოს რეალიებიდან გამომდინარე, გადავიხდი მე ორჯერ-სამჯერ მეტს ბენელიში? ალბათ არა. მე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხმა ჩემი საფულით მივეცი (ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა) და ავირჩიე 590A1.
ჩემი აზრით, „პომპა“ არის უტილიტარული ინსტრუმენტი და, თუ ის მუშაობს, დეტალების დამუშავების ხარისხს არ უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. ორივე, რემიც და მოსბერგიც, არის მუშა თოფები და აქვთ საუკეთესო რეპუტაცია.
ზომიერი ფასის გამო, რომელიც მერყეობს 1000 ლარიდან (საბაზისო მოდელები) 1700 ლარამდე (რემინგტონის ტაქტიკური და სპეციალიზირებული მოდელები), ორივე ეს თოფი იქნება კარგი არჩევანი.
მე 590A1-ში 1200 ლარი გადავიხადე. თუ ჩვენ გვინდა დავკმაყოფილდეთ საბაზისო მოდელებით, აქ მოსბერგი უგებს რემინგტონს. ყველაზე იაფი მოსბერგის ყიდვა შესაძლებელია 800 ლარად, რაც 285 ლარით ნაკლებია, ვიდრე ყველაზე იაფი რემინგტონი. ამასთანავე, მოსბერგს ექნება პლასტმასის ფურნიტურა, რაც რემინგტონის შემთხვევაში ნიშნავს დამატებით 100 ლარის ხარჯს.
მოსბერგში ასევე ჩავა 2-3 ვაზნით მეტი. არჩევანი თქვენზეა. რემ 870 არის ძალიან კარგი თოფი და მესმის, რომ მარტო ფასს და ვაზნების რაოდენობას არ შეიძლება ჰქონდეს ისეთი მნიშვნელობა, როგორც სურვილს, იქონიოთ ისეთი ლეგენდარული თოფი, როგორც რემინგტონ 870.
ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე თოფის შეძენისას თქვენ არ შეცდებით.


