ღია საკეტიდან მსროლელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და მათი სამოქალაქო ვარიანტები

თავისუფალი საკეტით მოქმედი ავტომატური იარაღი არის ისეთი სისტემის იარაღი, რომელიც, როგორც წესი, ისვრის ღია საკეტიდან. გასროლის წინ საკეტი წინ მოძრაობს, იღებს ვაზნას მჭიდიდან, ათავსებს მას სავაზნეში და დახურვის ბოლო ეტაპზე, დამრტყმელის მეშვეობით, იწვევს კაფსულის აალებას. თუ მსროლელი აგრძელებს სასხლეტზე დაჭერას, ციკლი განმეორდება მანამ, სანამ არ ამოიწურება ვაზნები ან სასხლეტი არ გათავისუფლდება.

ღია საკეტიდან მსროლელი, თავისუფალი საკეტით მოქმედი იარაღები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთ უძველეს და ამავე დროს ყველაზე მარტივ ოჯახს მიეკუთვნება. მათ არ სჭირდებათ დენთის აირებით მოქმედი ავტომატიკა, მოძრავი საკეტის ჩაკეტვის რთული მექანიზმები ან სხვა კომპლექსური კვანძები. უფრო მეტიც, ასეთი იარაღი კონსტრუქციულად ხშირად უფრო მარტივიც კია, ვიდრე თავისუფალი საკეტით მოქმედი თვითდამტენი პისტოლეტი.

ამის მიზეზია ის, რომ უმეტეს შემთხვევაში საკეტი ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას: წარმოადგენს როგორც დამრტყმელს, ისე ჩახმახის ანალოგს. ხშირ შემთხვევაში დამრტყმელი ინტეგრირებულია უშუალოდ საკეტში, ხოლო ცალკე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მნიშვნელოვნად გამარტივებულია.

თუმცა ამ სიმარტივეს თავისი ფასი აქვს. გასროლის შემდეგ საკეტის გახსნას აკავებს მხოლოდ მისი მასა და დამაბრუნებელი ზამბარის ძალა, რის გამოც ასეთი სისტემები შეზღუდულია შედარებით დაბალი წნევის ვაზნებით. ამიტომ თავისუფალი საკეტით მოქმედი ავტომატური იარაღების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს პისტოლეტის კალიბრებს.

ღია საკეტიდან მსროლელ სისტემებში საკეტის მასა გასროლის მომენტში ჯერ კიდევ წინ მოძრაობს. ამასთან, კაფსულის აალება ხშირად ხდება საკეტის საბოლოო შეჩერებამდე რამდენიმე მილიწამით ადრე (Advanced Primer Ignition). მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური გადაწყვეტა საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნას უფრო ძლიერი ვაზნები საკეტის მასის მნიშვნელოვანი გაზრდის გარეშე, მოძრავი მასების არსებობა უარყოფითად მოქმედებს სიზუსტეზე, განსაკუთრებით პირველი გასროლისა და ერთჯერადი ცეცხლის რეჟიმში.

მიუხედავად აღნიშნული ნაკლოვანებებისა, სწორედ ამ სქემამ მოიკიდა ფეხი ავტომატური იარაღის ახალ კლასში, რომელიც მოგვიანებით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სახელით გახდა ცნობილი.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების პირველი ნიმუშები ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წლებში გამოჩნდა. ახალმა იარაღმა სწრაფად დაიკავა ადგილი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების შეიარაღებაში, პირველ რიგში იმიტომ, რომ იძლეოდა იაფი, ტექნოლოგიური და სწრაფმსროლელი ავტომატური იარაღის მასობრივი წარმოების შესაძლებლობას.

პირველი თაობის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები გარეგნულად დიდად არ განსხვავდებოდა იმდროინდელი შაშხანებისგან. ისინი იყენებდნენ ხის კონდახებს, ფრეზირებულ დეტალებს და შედარებით ძვირადღირებულ საწარმოო პროცესებს. დროთა განმავლობაში მათი კონსტრუქცია სულ უფრო მარტივი და ტექნოლოგიური გახდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეტალის შტამპვის ტექნოლოგიის განვითარება, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასეთი იარაღის უზარმაზარი რაოდენობით წარმოება მინიმალური დანახარჯებით.

ბრიტანელებმა დააგვიანეს საკუთრი წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების შეიარაღებაში მიღება, “ლანჩესტერი” გერმანული Mp28-ის ასლი გამოდიოდა 1941 წლიდან 43 წლამდე და 80 000 ცალი იყო გამოშვებული. Sten MKIII (ქვევით) გამოდიოდა 1941 წლიდან 1945 წლამდე და სულ ამ მოდიფიკაციის 2 მილიონი ცალი იქნა გამოშვებული. სურათებიიდან ნათლად ჩანს განსხვავება დამზადების ტექნოლოგიებში და მასალებში..

პოპულარული მითებისა და კინემატოგრაფიით ჩამოყალიბებული წარმოდგენების მიუხედავად, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი არც ერთ ქვეყანაში არ განიხილებოდა ქვეითის უნივერსალურ ძირითად იარაღად, რომელსაც უნდა შეეცვალა შაშხანა. სხვადასხვა სახელმწიფოში მისი გამოყენების დოქტრინა განსხვავდებოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდისთვის მხოლოდ საბჭოთა კავშირმა ჩამოაყალიბა შენაერთები, რომლებიც თითქმის სრულად იყვნენ აღჭურვილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით.

ამის მიზეზი არ ყოფილა იარაღის განსაკუთრებული ეფექტიანობა. პირიქით, საბჭოთა კავშირი იძულებული იყო სწრაფად შეეიარაღებინა მილიონობით მობილიზებული ჯარისკაცი, მაშინ როდესაც სრულფასოვანი შაშხანების წარმოება ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კი გაცილებით იაფი და სწრაფად დასამზადებელი იყო. ეს ნაწილები მასიურად გამოიყენებოდა ე.წ. შტურმებში, ტაქტიკა, რომლის “ეფექტურობა” აწი უკვე ჩვენი თვალით დავინახეთ უკრაინაში, ჩვენ დროს.

დანარჩენ ქვეყნებში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ძირითადად გამოიყენებოდა საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების, დამხმარე პერსონალის, მეორე ხაზის ნაწილების, სადესანტო ქვედანაყოფების, რეიდული ჯგუფებისა და სპეციალური დანიშნულების ძალების მიერ. მიზეზი მარტივი იყო — პისტოლეტის ვაზნას არ გააჩნდა იმ დისტანციებზე ეფექტური მოქმედების უნარი, რომელსაც ქვეითთა საბრძოლო მოქმედებები მოითხოვდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ინდუსტრიულმა შესაძლებლობებმა და მასობრივი წარმოების პრობლემებმა მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო ქვეითის სტანდარტულ იარაღად ავტომატური საბრძოლო შაშხანა იქცა, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების მნიშვნელობა თანდათან შემცირდა. ისინი გადაიქცა ვიწრო სპეციალიზაციის იარაღად, რომელიც გამოიყენებოდა სპეციალური ოპერაციების ძალებში, სამხედრო პოლიციაში, დაცვის დანაყოფებსა და სხვადასხვა სპეციფიკურ როლში.

სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერთჯერადი გასროლის მაღალი სიზუსტე, რის გამოც 1960-იანი წლებიდან ახალი თაობის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების უმრავლესობამ დახურული საკეტიდან სროლაზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი მრავალი ღია საკეტიდან მსროლელი მოდელი 1980-90-იან წლებამდეც კი რჩებოდა სამხედრო და პოლიციურ შეიარაღებაში.

ამავე დროს, თავისუფალი საკეტით მოქმედი და ღია საკეტიდან მსროლელი კონსტრუქციები კვლავაც ჩნდებოდა იმ ქვეყნებში, სადაც საჭირო იყო იაფი, სწრაფად წარმოებადი ავტომატური იარაღი და არ არსებობდა განვითარებული სამხედრო-სამრეწველო ბაზა.

ესპანური Star Z-84, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე გვიანი და თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევია, რომელიც ღია საკეტიდან სროლის სქემას იყენებდა. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო ესპანური ინდუსტრიის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა ან უფრო თანამედროვე კონსტრუქციის შექმნის შეუძლებლობა. პირიქით, Z-84 სპეციალურად იყო გათვლილი საზღვაო ქვეითებისა და საბრძოლო მყვინთავების გამოყენებისთვის. ღია საკეტის სქემა ასეთ პირობებში გარკვეულ უპირატესობას იძლეოდა, რადგან წყალს საშუალებას აძლევდა უფრო ადვილად დაეტოვებინა ლულა და საკეტის ჯგუფი, რაც ამცირებდა შეფერხებების ალბათობას და ზრდიდა იარაღის საიმედოობას ამფიბიური ოპერაციების დროს.

თუმცა, Z-84 უფრო გამონაკლისს წარმოადგენს, ვიდრე წესს. უკვე 1980-იანი წლებისთვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების განვითარების ძირითადი მიმართულება დახურული საკეტიდან მსროლელ სისტემებზე იყო გადასული. თავისუფალი საკეტის სქემა არსად გამქრალა, მაგრამ თანამედროვე კონსტრუქციების უმრავლესობა თავისუფალ საკეტს დახურული საკეტიდან სროლასთან აერთიანებს. სწორედ ასეთ სისტემებს მიეკუთვნება თანამედროვე პისტოლეტის კალიბრის კარაბინებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ნაწილი, რომლებიც დღემდე იწარმოება.

რაც შეეხება სამოქალაქო ბაზარს, უკვე მრავალი ათწლეულია, პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს იარაღის ფლობის უფლება აქვთ, ავტომატური იარაღი მკაცრად არის შეზღუდული ან აკრძალული. ამავე დროს, სხვადასხვა პერიოდში ბაზარზე მაინც მოხვდა სამხედრო წარმოშობის იარაღი, რომელიც სამოქალაქო მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი — გაუქმდა ავტომატური ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა და დარჩა მხოლოდ ერთჯერადი გასროლის რეჟიმი.

ჩემი აზრით ასეთი იარაღის შეძენის მთავარი მიზეზი მისი პრაქტიკული უპირატესობები კი არა, არამედ ისტორიული მნიშვნელობა და ის კულტურული იმიჯი იყო, რომელიც ამ სისტემებს კინოსა და პოპულარულ კულტურაში ჩამოუყალიბდათ. თუმცა, ამ სეგმენტსაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა. 1980-იან წლებში მსოფლიოს უდიდეს სამოქალაქო იარაღის ბაზარზე — ამერიკის შეერთებულ შტატებში — ღია საკეტიდან მსროლელი ნახევრადავტომატური იარაღების მიმართ რეგულაციები გამკაცრდა, ხოლო 1986 წელს ახალი სამოქალაქო ავტომატური იარაღის წარმოება აიკრძალა, ხოლო უკვე ბრუნვაში არსებული იარაღების ფლობა კვლავ დარჩა შესაძლებელი. შესაბამისადიარაღის მოყვარულებს ისღა დარჩათ მხოლოდ უკვე გაყიდვაში არსებული ავტომატური იარაღები იყიდონ, რომელთა ფასი გაათმაგდა ან კონვერსიული/გადაკეთებული მოდელების შეძენა სადაც ღია საკეტიდან სროლის შესაძლებლობა უკვე გაუქმებულია.

ამ ცვლილებებმა ეფექტურად შეამცირა ღია საკეტიდან მსროლელი სისტემების კომერციული მნიშვნელობა მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე. შედეგად, ასეთი იარაღი თანდათან გადაიქცა სამოქალაქო ბაზრის მცირე და სპეციფიკურ ნიშურ სეგმენტად დანარჩენ მსოფლიოშიც, რომელიც დღეს ძირითადად ისტორიული იარაღის კოლექციონერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ენთუზიასტებისთვისაა საინტერესო.

გარკვეული რაოდენობით ასეთი იარაღები საქართველოშიც მოხვდა, მათთან გამოცდილებამ საბოლოოდ ამ სტატიის დაწერამდე მიმიყვანა. ამ იარაღების აბსოლუტური უმრავლესობის წყარო აღმოსავლეთ ევროპაა. ისინი საქართველოში ხვდება როგორც იარაღის მაღაზიების მეშვეობით, რომლებიც მცირე პარტიებით ახორციელებენ იმპორტს, ასევე ფიზიკური პირების მიერ, პრაქტიკულად ცალობით. აქვე ისევ გავიმეორებ: აქ საუბარია კონკრეტულად იმ მოდელებზე, რომლებიც ღია საკეტიდან ისვრიან, რომელიც შედარებით ჩვენთვის ახალი და იშვიათი ხილია, ხოლო ზოგადად ე.წ. სურპლუსი, კონვერტირებული სამხედრო იარაღი, ან როგორც საქართველოში ხშირად უწოდებენ — „ენ-ზეს“ იარაღი, ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად იმ დროიდან იყიდება, რაც მოქალაქეებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დაშვებული გახდა.

რატომ არის პოპულარული ამ ტიპის იარაღი ჩვენთან და სხვაგან? ასეთი იარაღი, როგორც წესი, ყოველთვის შედარებით იაფი ღირდა. მაგრამ იგივეს უკვე ვეღარ ვიტყვით ამ კატეგორიის უფრო იშვიათ და ეგზოტიკურ, ღია საკეტიდან მსროლელ მოდელებზე, რომლებიც ამა თუ იმ სამხედრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამოქალაქო, კონვერტირებულ ვარიანტს წარმოადგენს.

საინტერესოა, რომ ასეთი ტიპის იარაღზე მაღალი ფასი, გარკვეულწილად, სუფთა ქართული ფენომენია. მაგალითად, პოლონური წარმოების PPS-43-ის სამოქალაქო ვარიანტი, თავად პოლონეთში, როგორც წესი, 250–350 დოლარის ფარგლებში იყიდება, მაშინ როდესაც საქართველოში მისი ფასი დაახლოებით 5500 ლარს აღწევს. ასეთი სხვაობის მიზეზები ცალკე განხილვის თემაა და ამ სტატიაში მათზე დეტალურად არ შევჩერდები.

ამ სტატიას მიზნად ასევე არ აქვს თითოეული ასეთი იარაღის ცალკეული მიმოხილვა. მისი მიზანია მკითხველს შეუქმნას სრული წარმოდგენა ღია საკეტიდან მსროლელ სამოქალაქო იარაღზე, ვინაიდან ჩემი აზრით/გამოცდილებით, არსებობს მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელთა გაუთვალისწინებლობაც, საუკეთესო შემთხვევაში, დასრულდება უაზროდ დახარჯული ფულით, ხოლო უარეს შემთხვევაში — ტრავმით ან უბედური შემთხვევით.

სანამ უშუალოდ ასეთი იარაღის შეძენისას გასათვალისწინებელ საკითხებზე გადავიდოდეთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონვერსიული იარაღი ერთგვაროვანი კატეგორია არ არის. მაგალითად, თუ სამხედრო იარაღი სამოქალაქო ბაზრის მოთხოვნებს ისედაც აკმაყოფილებს, მასში ჩარევა, როგორც წესი, მინიმალურია და ხშირად მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათისაა — მაგალითად, ხიშტის მოხსნა, მისი სამაგრის გადაკეთება ან შესაბამისი დამღების დატანა. იდეალურ შემთხვევაში, იარაღი შესაძლოა პრაქტიკულად ხელუხლებელიც კი დარჩეს, რაც მის საკოლექციო ღირებულებას ინარჩუნებს ან ზრდის და ასევე ამცირებს ტექნიკური პრობლემების რისკს, იმიტომ რომ ტექნიკურად, როგორც მინიმუმ, იარაღი ხელუხლებელ, ქარხნულ მდგომარეობაშია.

სხვა შემთხვევაში, კონვერსია შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული იყოს. ხშირად კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე იცვლება ლულა, ყენდება უფრო გრძელი, ახლად დამზადებული ლულა, გადაკეთებას განიცდის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რათა გამოირიცხოს ავტომატური ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა, ან იარაღი საერთოდ გადამყიდველის მიერ აწყობილი იყოს სხვადასხვა დეტალების ნაკრებისგან. ყოველივე ეს, ჩემი აზრით, კონვერსიულ იარაღს წარმოშობისა და ხარისხის თვალსაზრისით დამატებით კითხვებს უჩენს. ღია საკეტიდან მსროლელი იარაღების შემთხვევაში, კონვერსიისას შეიძლება ეს თვისება შენარჩუნებულ იყოს, ასევე შესაძლებელია იარაღის “გადაყვანა” დახურულ საკეტიან სქემაზე, რაც ცხადია გულისხმობს უფრო სერიოზულ კონსტრუქციის გადაკეთებას და ასეევ იარაღის საკოლექციო და ისტორიული ღირებულების შემცირებას, თუმცა გახდის მას უფრო უსაფრთხოს და პრაქტიკულს.

გაითვალისწინეთ, იარაღის კონვერსიას ასრულებენ არა სახელგანთქმული იარაღის მწარმოებელი კომპანიები, მათ ეს არაფერში არ ჭირდებათ, არამედ ნაკლებად ცნობილი, ძირითადად ექსპორტ-იმპორტზე ორიენტირებული კომპანიები, რომელთა პერსონალის კომპეტენცია, კვალიფიკაცია და ასევე ტექნიკური აღჭურვილობა უცონობია.

გარდა ამისა, რაც ზევით დავწერე, ასეთი იარაღი შესაძლოა უბრალოდ კონსტრუქციულად მოძველებული იყოს. თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღისგან განსხვავებით, რომელიც, როგორც წესი, აღჭურვილია, ავტომატური მცველებითა და სხვა უსაფრთხოების სისტემებით, ძველი სამხედრო ნიმუშები ხშირად ამგვარ დაცვით მექანიზმებს საერთოდ არ ფლობენ. შესაბამისად, მათი ექსპლუატაცია მომხმარებლისგან მეტ სიფრთხილესა და ცოდნას მოითხოვს.

ასეთი იარაღის შეძენისას, ჩემი აზრით, აუცილებელია მისი ზედმიწევნითი დათვალიერება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველა მნიშვნელოვან დეტალს. ანომალიური ცვეთის, დეფექტების, ბზარების, კოროზიისა და არაკვალიფიციური შეკეთების ნიშნების გამოსავლენად.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს ზამბარები და სხვადასხვა არა მეტალის/სინთეტიკური მასალებისგან დამზადებული დეტალი, რომლებიც შესაძლოა კონსტრუქციაში იყოს გამოყენებული. მაგალითად, პლასტმასის სალოყეები, ბუფერები, სახელურები და სხვა მსგავსი ელემენტები. ასაკის გავლენით ასეთი მასალები დროთა განმავლობაში დეგრადირდება, მყიფე ხდება და შეიძლება დაზიანდეს მაშინაც კი, თუ იარაღი პრაქტიკულად არასდროს ყოფილა ექსპლუატაციაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძველი გამოშვების იარაღი, როგორც წესი, უფრო მგრძნობიარეა მოვლის ხარისხის მიმართ, ვიდრე თანამედროვე კონსტრუქციები. ამიტომ სასურველია, რომ იარაღი იყოს სუფთა, კარგად შეზეთილი და დაცული ტენისა და კოროზიისგან. კონსერვაციის თვალსაზრისით, ზეთის შედარებით უხვად გამოყენება ასეთ იარაღებში, როგორც წესი, უფრო დადებითი მოვლენაა, ვიდრე ნაკლებობა, რადგან ნეიტრალური იარაღის ზეთი დამატებით დამცავ ფენას ქმნის ლითონის ზედაპირებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული და საფუძვლიანი წმენდა იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება კოროზიული კაფსულის მქონე ვაზნები. ასეთ პირობებში წმენდის გადადებამ შეიძლება ძალიან მოკლე დროში გამოიწვიოს ლულის, სავაზნისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების კოროზია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო, კონვერტირებული სამხედრო იარაღის მთავარი ღირებულება დღეს, როგორც წესი, მის ისტორიულ მნიშვნელობაში, ავთენტურობასა და საკოლექციო პოტენციალში მდგომარეობს და არა მის პრაქტიკულ ან საბრძოლო მახასიათებლებში. თანამედროვე ბაზარზე, განსაკუთრებით პისტოლეტის კალიბრის კარაბინების სეგმენტში, არსებობს არაერთი კონსტრუქცია, რომელიც უსაფრთხოების, ერგონომიკის, სიზუსტისა და მოხმარების კომფორტის თვალსაზრისით უმეტეს შეთხვევაში აშკარა უპირატესობას ფლობს.

სწორედ ამიტომ, უმეტეს ქვეყნებში სურპლუს და კონვერტირებული იარაღი პირველ რიგში ისტორიული და საკოლექციო ინტერესის ობიექტად განიხილება. ასევე იაფი და ხელმისაწვდომი იარაღის წყაროდ, გააჩნია რა თქმა უნდა იარაღს. ამავე მიზეზით, საერთაშორისო ბაზარზე მათი დიდი ნაწილი შედარებით ხელმისაწვდომ ფასად იყიდება, თუმცა საქართველოში ხშირად სრულიად განსხვავებულ სურათს ვხვდებით.

ღია საკეტთან დაკავშირებული თავისებურებები

ვინაიდან ღია საკეტიდან მსროლელ სისტემებში საკეტი ერთდროულად ჩახმახის ფუნქციასაც ასრულებს, პირველი გასროლის წარმოებისთვის აუცილებელია მისი შეყენება. ეს ხდება საკეტის უკანა მდგომარეობაში გადაწევით, რის შემდეგაც იგი შეყენებულ მდგომარეობაში ფიქსირდება.

თანამედროვე მსროლელისთვის ეს გარკვეულწილად არაინტუიციურია. თანამედროვე იარაღზე უკან გაჩერებული საკეტი, როგორც წესი, ნიშნავს, რომ მჭიდი დაცარიელდა და საკეტი შემაკავებელზე დადგა. ღია საკეტიან სისტემაში კი საკეტის უკანა მდგომარეობა, პირიქით, ნიშნავს, რომ იარაღი გასროლისთვის მზადაა. თუ მჭიდში ვაზნებია, საკეტის ხელით წინ გაშვება გამოიწვევს ვაზნის მიწოდებას და დაუყოვნებლივ გასროლას.

ამავე მიზეზით, საკეტის შეყენებისას მისი შემთხვევით გაშვება უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თუ ხელი დაგიცდათ და საკეტი წინ წავიდა, მოხდება გასროლა. ამიტომ ღია საკეტიანი სისტემის სწორი ოპერირება და შესაბამისი ჩვევების გამომუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კონსტრუქციაში ეს პრობლემა განსხვავებულად არის გადაწყვეტილი. მაგალითად, Uzi, რომელიც პირობითად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების უფრო გვიან თაობას მიეკუთვნება, აღჭურვილია მექანიზმით, რომელიც საკეტს არ აძლევს წინ წასვლის საშუალებას, თუ მსროლელმა ის სრულად არ მიიყვანა უკანა მდგომარეობამდე და არ შეაყენა. PPS-43-ს, რომელიც 1942 წელს ბლოკადაშემორტყმულ ლენინგრადში დაპროექტდა, მსგავსი მექანიზმი არ გააჩნია.

ცალკე პრობლემას წარმოადგენს სუსტი ან არასტანდარტული ამუნიციის გამოყენება. თუ ვაზნის ენერგია საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ საკეტი სრულად უკანა მდგომარეობამდე მივიდეს და შეყენდეს, შესაძლებელია მან მხოლოდ ნაწილობრივ იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ იარაღმა მოულოდნელად რამდენიმე გასროლა განახორციელოს. მართალია ეს იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მოულოდნელობის ფაქტორთან ერთად ის ზრდის უბედური შემთხვევის ალბათობას.

თანამედროვე მსროლელისთვის „საბრძოლო მდგომარეობა“ ჩვეულებრივ ნიშნავს, რომ სავსე მჭიდი იარაღშია, ვაზნა სავაზნეშია და იარაღი მცველზეა აყვანილი. ღია საკეტიან პისტოლეტის კალიბრის კარაბინში (PCC, ამ ტიპის იარაღის სამოქალაქო კლასიფიკაცია) მდგომარეობა განსხვავებულია. აქ საბრძოლო მდგომარეობა ნიშნავს, რომ საკეტი შეყენებულია და მცველი ჩართულია. ეს მცველი შეიძლება იყოს ამოჭრილი ღარი რესივერში რაშიც მაგრდება საკეტის სახელური ან რამე სხვა მექანიზმი.

პრობლემა ის არის, რომ ამ ტიპის მრავალი კონსტრუქცია თავდაპირველად არ იყო შექმნილი თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით. მათ შორის, ხშირად არ გააჩნიათ დავარდნისგან დაცვის მექანიზმები, რომლებიც დღეს თითქმის ყველა თანამედროვე იარაღისთვის ნორმად ითვლება. ამიტომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ასეთი იარაღის უსაფრთხო ტარების მდგომარეობად შეიძლება ჩაითვალოს: მჭიდი იარაღში, საკეტი დახურული და სავაზნე ცარიელი. ამ შემთხვევაშიც, არის საფრთხე, როდესაც იარაღი ვარდება კონდახზე, იარაღი ჩერდება დავარდნიას, მაგრამ საკეტი აგრძელებს ინერციით “ვარდნას” კუმშავს ზამბარას მაგრამ არ გადის საკმარის მანძილს რომ დარჩეს შეყენებულ მდგომარეობაში, იწყებს წინ დაბრუნებას აწვდის ვაზნას და ისვრის. PPS-43-ში მცველი ამისთვის მაგალითად მუშაობს როგორც შეყენებული ასევე დახურული საკეტით, რა დროსაც არ აძლევს მას საშუალებას დაიძრას უკან. ბრიტანულ STEN-ს ასეთი უსაფრთხოების ფუნქცია არ აქვს, ყველა აქიდან გამომდინარე შედეგით, ამიტომ ასეთი/ამ ეპოქის იარაღის შეძენისას უნდა გაერკვეთ ამ ნიუანსებში. ამ იარაღების, როგორც თანამედროვე იარაღების ექსპლუატაცია, შეიძლება დასრულდეს ძალიან ცუდად.

გასროლის დაწყებამდე მსროლელმა უნდა შეაყენოს საკეტი და მხოლოდ ასე მოიყვანოს იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში. ეს პროცედურა დამატებით ყურადღებას მოითხოვს, რადგან სტრესულ სიტუაციაში საკეტის შემთხვევით გაშვებამ, განსაკუთრებით ისეთ სისტემებში, როგორიც PPS-43-ია, შეიძლება დაუყოვნებლივი გასროლა გამოიწვიოს.

ეერთჯერადი გასროლისას ღია საკეტიანი სისტემის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის მასიური საკეტის მოძრაობა. გასროლის წინ, ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით, საკეტი დიდი სიჩქარით მოძრაობს წინ, იღებს ვაზნას მჭიდიდან, ათავსებს სავაზნეში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გასროლა. ეს პროცესი იწვევს იარაღის დამატებით მოძრაობას, რადგან მსროლელს პრაქტიკულად არ შეუძლია სრულად დააკომპენსიროს მასიური საკეტის ინერცია, როგორი მყარიც არ უნდა იყოს მოჭერა.

ჩემი დაკვირვებით, წინასწარი აალების (Advanced Primer Ignition) სქემის მქონე სისტემები რეალური სროლისას უფრო სტაბილურად იქცევიან, ვიდრე შეიძლება მოსალოდნელი იყოს მათი კონსტრუქციიდან გამომდინარე. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ წინასწარი აალება ნაწილობრივ ანეიტრალებს საკეტის მოძრაობის გავლენას, ან უბრალოდ გასროლის იმპულსის ფონზე საკეტის სავაზნესთან შეჯახება ნაკლებად შესამჩნევი ხდება. მიუხედავად ამისა, სასხლეტზე დაჭერიდან გასროლამდე გასული დრო და ამ პერიოდში მოძრავი მასების არსებობა ობიექტურად არ უწყობს ხელს სისტემის თანდაყოლილ სიზუსტეს.

ამას ემატება სასხლეტის მახასიათებლებიც. ღია საკეტიანი იარაღების უმრავლესობას შედარებით მძიმე სასხლეტი და გრძელი სვლა აქვს, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის კონსტრუქციებს, სადაც პრიორიტეტი წარმოების სიმარტივე და საიმედოობა იყო და არა სპორტული სიზუსტე.

შედარებით ახლო, პრაქტიკულ ან თავდაცვით მანძილებზე სწრაფი და ეფექტური სროლა გარკვეული პრაქტიკის მერე ამ ორი ოიარაღიდან შესაძლებელია. 50 მეტრი და ზევით უკვე სხვა ისტორიაა

როგორც უკვე აღვნიშნე, ღია საკეტიდან მსროლელ სისტემაში საკეტი ერთდროულად დამრტყმელის ფუნქციასაც ასრულებს. დამრტყმელი შეიძლება საკეტის განუყოფელი ნაწილი იყოს, როგორც Uzi-ში, ან ცალკე დეტალის სახით იყოს შესრულებული, როგორც PPSh-41-ში. ეს განსხვავება პრაქტიკულ მნიშვნელობასაც ატარებს. თუ დამრტყმელი საკეტის ნაწილია და დაზიანდა ან მოიტეხა, შესაძლოა მთლიანად საკეტის შეცვლა გახდეს საჭირო, მაშინ როდესაც ცალკე შესრულებული დამრტყმელის შემთხვევაში ხშირად მხოლოდ კონკრეტული დეტალის გამოცვლაა საკმარისი. ეს არ არის უმნიშვნელო ფაქტორი, საქართველოში ადგილზე გაგიჭირდებათ ნახოთ თუნდაც გვარცელებული იარაღის მოდელების ნაწილები.

ცალკე ყურადღებას იმსახურებს მჭიდები. ჩემი აზრით, კონვერტირებული სამხედრო იარაღის შეძენა მხოლოდ ერთი მჭიდით არასასურველია. თანამედროვე კომერციული პლატფორმებისთვის დამატებითი მჭიდების შეძენა, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ისტორიული ან იშვიათი მოდელების შემთხვევაში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. ზოგიერთი მოდელისთვის მჭიდები ძვირია, ზოგიერთი მათგანისთვის კი უბრალოდ რთულად საშოვნელია.

ამიტომ, ასეთი იარაღის შეძენისას მნიშვნელოვანია შეფასდეს არა მხოლოდ თავად იარაღის მდგომარეობა, არამედ ხელმისაწვდომი აქსესუარებიც. ერთი მჭიდი პრაქტიკულად ნიშნავს, რომ მისი დაზიანების შემთხვევაში იარაღის სრულფასოვანი გამოყენება პრობლემური გახდება. ორი მჭიდი უკვე გარკვეულ რეზერვს ქმნის, თუმცა ოთხი ან მეტი მჭიდის არსებობა გაცილებით კომფორტულ და პრაქტიკულ მდგომარეობად შეიძლება ჩაითვალოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ადრინდელი კონსტრუქციის მჭიდი ერთნაირად საიმედო არ არის. განსაკუთრებით ცნობილი მაგალითებია ბრიტანული Sten-ისა და გერმანული MP 40-ის მჭიდები ერთრიგიანი გამოსვლით, რომელთა პრობლემურ საიმედოობაზე ბევრი დაიწერა და ითქვა. შესაბამისად, ღია საკეტიანი სისტემის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ თავად იარაღს, არამედ იმ მჭიდების კონსტრუქციასა და მდგომარეობასაც, რომლებზეც მისი საიმედო მუშაობაა დამოკიდებული.


ცალკე საკითხია კასტომიზაცია და მოდიფიკაცია. პრაქტიკაში, ისტორიული ღია საკეტიანი იარაღების უმრავლესობა საერთოდ არ არის გათვლილი თანამედროვე აქსესუარების დასაყენებლად. მართალია, მინახავს Uzi, რომლის რესივერის ხუფზე დამაგრებული იყო 20-დოლარიანი ჩინური კოლიმატორი, რამაც, რბილად რომ ვთქვათ, გულისტკივილი გამოიწვია, მაგრამ ასეთი შემთხვევები მაინც გამონაკლისია.

მაღალი ფასების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ 5500-ლარიან იუგოსლავიურ M49-ს პიკატინის სამაგრი მიადუღოს, თუმცა ამ ქვეყანაში არაფერია აბსოლუტურად გამორიცხული.

შედარებით იაფი SKS-ისგან განსხვავებით, PPSh-ისთვის, PPS-43-ისთვის ან სხვა მსგავსი სისტემებისთვის აქსესუარებისა და მოდიფიკაციების ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად, ასეთი იარაღის შეძენისას თავიდანვე უნდა გაიაზროთ, რომ მისი მოდერნიზაცია, როგორც წესი, ან შეუძლებელი იქნება, ან ფინანსურად სრულიად გაუმართლებელი.

ჩემი აზრით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ ღირს ამ გზით წასვლა. ისტორიული იარაღის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მის ავთენტურობაშია. ყოველი დამატებითი ხვრელი, შედუღება ან შეუქცევადი გადაკეთება ამ ღირებულებას ამცირებს და ისტორიულ იერსახეს აზიანებს.

თუ თქვენი მიზანია ოპტიკური სამიზნეები, პიკატინის სამაგრები, ლაზერები, სახელური რომელიც მაჯას არ გატკენთ, თანამედროვე ერგონომიკა და მრავალფეროვანი აქსესუარები, გაცილებით გონივრული არჩევანი იქნება თანამედროვე პისტოლეტის კალიბრის კარაბინი. ისტორიული ღია საკეტიანი იარაღი სხვა რამისთვის არსებობს და მისი ძლიერი მხარეებიც სხვაგან უნდა ვეძებოთ.

უნდა აღინიშნოს ასევე ლეგალური რისკები, ყოველთვის შეიძლება სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რომ ღია საკეტიდან მსროლელი იარაღი აღარ კლასიფიცირდება, როგორც სამოქალაქო, ყველა აქიდან გამომდინარე შედეგებით.

კალიბრები და ამუნიცია

რაც შეეხება კალიბრებს, საქართველოში გავრცელებული ღია საკეტიანი იარაღების უმრავლესობა, როგორც წესი, 9×19, 9×18 მაკაროვის ან 7.62×25 ტოკარევის ვაზნებს იყენებს.

ჩემი დაკვირვებით, ასეთი სისტემები უკეთ მუშაობენ შედარებით ენერგიულ მუხტებთან და მთლიანად გარსით დაფარული (FMJ) ტყვიებით. მიზეზი მარტივია: ღია საკეტიანი ავტომატიკის საიმედო მუშაობისთვის აუცილებელია, რომ გასროლის ენერგია საკმარისი იყოს საკეტის სრულად უკანა მდგომარეობამდე მისაყვანად, სადაც ის დაფიქსირდება შეყენებულ მდგომარეობაში და მოემზადება შემდეგი გასროლისთვის.

პრაქტიკული თვალსაზრისით, 9×19, ჩემი აზრით, ყველაზე გონივრული არჩევანია. ეს კალიბრი ფართოდ არის გავრცელებული, საქართველოში მუდმივად ხელმისაწვდომია და არსებობს მისი მრავალფეროვანი მუხტები სხვადასხვა დანიშნულებისთვის. 9×18-ისა და 7.62×25-ის შემთხვევაში არჩევანი, როგორც წესი, გაცილებით შეზღუდულია, ხოლო ხარისხიანი და ერთგვაროვანი ამუნიციის პოვნა ხშირად უფრო რთულია.

ახალი ან ახლად შეძენილი ღია საკეტიანი იარაღის გამოცდისას პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ მის უსაფრთხო მუშაობაში. სასურველია, პირველი გასროლები შესრულდეს მხოლოდ ორი ვაზნით დატენილი მჭიდით. თუ იარაღი სასხლეტის ერთ დაჭერაზე ერთ გასროლას ახორციელებს და ავტომატიკა სწორად მუშაობს, შემდეგ შეიძლება ეტაპობრივად გადავიდეთ უფრო სრულ დატენვაზე — ხუთ, ათ, თხუთმეტ და შემდეგ უკვე სრულ მჭიდზე.

ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან მჭიდში ვაზნების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება ზეწოლა მჭიდის ზამბარაზე და, შესაბამისად, ის ძალაც, რომლის გადალახვაც საკეტს უწევს ვაზნის მიწოდებისას. ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ იარაღი საიმედოდ და უსაფრთხოდ მუშაობს არა მხოლოდ ნახევრად დატენილი, არამედ სრულად დატენილი მჭიდითაც.

სწორედ ამ პროცესში უნდა გამოირიცხოს ყველაზე არასასურველი სცენარი — როდესაც სასხლეტზე ერთ დაჭერას ერთი გასროლის ნაცვლად რამდენიმე გასროლა ან დაუგეგმავი ჯერი მოჰყვება. ასეთი მოვლენა ყოველთვის სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს და პოტენციურად სახიფათო სიტუაციას ქმნის.

საბოლოოდ, ამ კლასის იარაღის შეფასებისას და მუხტების შერჩევისას პრიორიტეტები მარტივია: პირველ ადგილზე უსაფრთხოება დგას, მეორე ადგილზე — საიმედოობა, ხოლო სიზუსტე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განიხილებოდეს.

მაშ, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?

ღია საკეტიდან მსროლელი სურპლუს და კონვერტირებული იარაღის შეფასებისას გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც ზოგადად ყველა ისტორიულ, ძველი გამოშვების ან კონვერტირებულ იარაღს ახასიათებს, არამედ მთელი რიგი დამატებითი თავისებურებებიც, რომლებიც უშუალოდ ამ კონსტრუქციიდან გამომდინარეობს. ეს ეხება უსაფრთხოებას, ექსპლუატაციის სპეციფიკას, სროლის მახასიათებლებს, მჭიდების ხარისხს, სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობასა და ზოგადად იარაღის პრაქტიკულ ღირებულებას.

ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი იარაღი ცუდია. პირიქით, ბევრი მათგანი სამხედრო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხშირად გაცილებით მეტს წარმოადგენს, ვიდრე უბრალოდ სასროლ მოწყობილობას. კოლექციონერისთვის, სამხედრო ისტორიის მოყვარულისთვის ან უბრალოდ ადამიანისათვის, რომელსაც სურს ფლობდეს საინტერესო და არასტანდარტულ სისტემას, ღია საკეტიანი იარაღი შეიძლება შესანიშნავი არჩევანი იყოს.

თუმცა, თუ ისტორიულ და საკოლექციო ღირებულებას გვერდზე გადავდებთ და საკითხს მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით შევხედავთ, ღია საკეტიანი კონსტრუქციების უმეტესობა დღეს უკვე მოძველებულად უნდა ჩაითვალოს. თანამედროვე ბაზარზე არსებობს არაერთი ალტერნატივა, რომელიც უფრო უსაფრთხოა, უფრო მოსახერხებელია, უფრო ზუსტია და ხშირად უფრო ხელმისა

ჩემი აზრით, ღია საკეტიანი იარაღი დღეს ყველაზე მეტად საინტერესოა როგორც ისტორიული და საკოლექციო ობიექტი, ხოლო მთავარი უპირატესობა არის ისტორია, ხასიათი და უნიკალური სასროლო გამოცდილებაა, რომელიც არაფერ თანამედროვეს არ გავს. იარაღის ეს მექნიკური შეგრძნება და თავისთავად შესწავლის საინტერესო საგანი.

Scroll to Top