თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 თებერვალი, 2010 წელი
ალბათ გსმენიათ ე.წ. +P და +P+ ვაზნების შესახებ. თუ არ გსმენიათ და არ იცით, რას ნიშნავს ეს აღნიშვნები, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი ინდექსებით, როგორც წესი, აღინიშნება საშუალოზე უფრო მაღალი წნევის მქონე ვაზნები, თუმცა ისინი მაინც არ ავითარებენ იმავე წნევას, რასაც საცდელი მუხტები.
საცდელი მუხტები, როგორც ვიცით (ან შესაძლოა არც ვიცით), სპეციალური მაღალწნევიანი ვაზნებია, რომლებსაც იარაღის გამოცდისას იყენებენ. მათი დანიშნულებაა დაადასტურონ, რომ იარაღი შეესაბამება დადგენილ სპეციფიკაციებს, არ გააჩნია შიდა დეფექტები და, მარტივად რომ ვთქვათ, სროლისას არ აფეთქდება.
როგორც წესი, გაისროლება ერთი საცდელი ვაზნა, რის შემდეგაც იარაღი გადის შემოწმებას. თუ ყველაფერი წესრიგშია, მას სპეციალური ნიშნით აღნიშნავენ, რაც ადასტურებს, რომ გამოცდა წარმატებით გაიარა.
ჩვეულებრივ, საცდელი მუხტის მიერ განვითარებული წნევა მაქსიმალურად დასაშვებ წნევას დაახლოებით 15–20%-ით აღემატება.
როგორც უკვე აღვნიშნე, +P ვაზნა მდებარეობს ჩვეულებრივი წნევის ვაზნასა და საცდელ მუხტს შორის. შესაბამისად, +P იშიფრება როგორც Plus Pressure — ანუ „მომატებული წნევა“. როგორც წესი, აღნიშნული კლასიფიკაცია ძირითადად გამოიყენება თავდაცვითი დანიშნულების ვაზნებისთვის, რომლებიც მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღში გამოიყენება. როგორც წესი, ეს დაახლოებით 10%-ით მეტ წნევას ნიშნავს. +P+ უკვე ნიშნავს რომ წნევა უფრო მაღალია, მაგრამ აქ მთავარი ნუანსია, რომ რაიმე ინდუსტიურლი სტანდარტი +p+ ამუნიციასთან მიმართებაში არარსებობს და რამდენად გაზრდილია წნევა იცის მარტო ამ ამნიციის მწარმოებელმა, ამიტომ ასეთი ვაზნების გამოყენებსას დიდი სიფრთხილე არის საჭირო. +P+ ტიპის ამუნიცია გაცილებით ნაკლებად არისს გავრცელებული ვიდრე +P.
აშშ-ის ავტორიტეტული ორგანიზაცია The Sporting Arms and Ammunition Manufacturers’ Institute (SAAMI), რომელიც ამ სფეროში სტანდარტებს ადგენს, ოფიციალურად არ ცნობს ტერმინს +P+. თუმცა თუ მწარმოებელი ამ აღნიშვნას იყენებს, ეს ნიშნავს, რომ მოცემული ვაზნის მიერ განვითარებული წნევა უფრო მაღალია, ვიდრე ამავე კომპანიის +P კლასის ვაზნებში. მიუხედავად ამისა, წნევა მაინც ნაკლები იქნება, ვიდრე საცდელი მუხტის შემთხვევაში.

SAAMI-ის სტანდარტების მაგალითი
ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა — რატომ არ შეიქმნა ასეთი ვაზნები თავიდანვე მაქსიმალური წნევით?
პასუხი მარტივია — პროგრესი.
განვითარდა ტექნოლოგიები, გაჩნდა უფრო სრულყოფილი მასალები, გაუმჯობესდა დენთის ხარისხი და თვისებები. შედეგად შესაძლებელი, უფრო სწორად კი აუცილებელი, გახდა ვაზნების ეფექტურობის გაზრდა.
მეტი წნევა ნიშნავს მეტ საწყის სიჩქარეს, მეტი სიჩქარე კი მეტ ენერგიას.
ამავე დროს, +P ინდექსი დამატებით აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ასეთი ვაზნის გამოყენება ძველ იარაღში სასურველი არ არის. მეტიც, ზოგიერთი თანამედროვე იარაღიც კი არ არის გათვლილი +P ვაზნების რეგულარულ გამოყენებაზე.

ტექნოლოგიების განვითარების კარგი მაგალითია Ruger-ის ახალი ულტრაკომპაქტური რევოლვერი LCR, რომელიც ნახევრად პოლიმერული კონსტრუქციისაა და თავიდანვე გათვლილია .38 Special +P ვაზნების გამოყენებაზე.
შესაბამისი გაფრთხილება, როგორც წესი, იარაღის ინსტრუქციაშიც არის მითითებული.
ფაქტობრივად, ნებისმიერი თანამედროვე იარაღი გარკვეული რაოდენობის +P ვაზნას გაუძლებს, მაგრამ მათი ხშირი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს იარაღის რესურსს. ძველი იარაღის შემთხვევაში კი შესაძლებელია კონსტრუქციის დაზიანებაც კი გამოიწვიოს და მათ შორის მსროლელის დაზიანებით
თუ არ ხართ დარწმუნებული, გათვლილია თუ არა თქვენი იარაღი +P ვაზნებზე, მიმართეთ უშუალოდ მწარმოებელს ან მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში, თუმცა პირადად მე საქართველოში +P ვაზნები პრაქტიკულად არ შემხვედრია.

მწარმოებლები, როგორც წესი, ასეთ ვაზნებს შესაბამისი მარკირებით ყოველთვის აღნიშნავენ. ეს ეხება როგორც ყუთებს (აუცილებლად) ასევე მასრებს (ხანდახან), შესაბამისი დადამღვით.
როგორც უკვე დავწერე, +P ვაზნები ძირითადად სპეციალურ თავდაცვით ვაზნებში გამოიყენება, რომლებიც ექსპანსიური ტყვიებით არის აღჭურვილი.
ცნობილია, რომ დაბალი სიჩქარე ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ექსპანსიური ტყვიის სრულფასოვან გაშლას. გარდა ამისა, ექსპანსიური ტყვია თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, როგორც წესი, უფრო მსუბუქია (მაგრამ არა ყოველთვის).
შესაბამისად, საწყისი სიჩქარის გაზრდით ხელს უწყობთ ტყვიის ენერგიის გაზრდას, რომელიც მათ შორის ხმარდება საიმედო ექსპანსიას (გაშლას).
+P ვაზნები, მათი მაღალი ფასის გამო, ჩვეულებრივ არ გამოიყენება გასართობი ან სავარჯიშო სროლისთვის.
გარდა ამისა, ისინი უფრო ინტენსიურად ცვითავს იარაღს, ამიტომ მათი მუდმივი გამოყენება პრაქტიკული თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.
მათი ძირითადი დანიშნულება თავდაცვითი ტარებაა, როდესაც მსროლელი მზად არის გადაიხადოს მეტი ფასი უფრო მაღალი ბალისტიკური მახასიათებლების სანაცვლოდ.


