ერთი დიდი მითი შუალედურ ვაზნაზე

პირველად გამოქვეყნდა: November 13, 2014

რუსები რატომღაც დარწმუნებულები არიან, რომ შუალედური ვაზნა და ავტომატი — ანუ ის, რასაც დასავლეთში „საიერიშო შაშხანას“ უწოდებენ — მათი თანამემამულის, ევგენი ვლადიმირის ძე ფიოდოროვის გამოგონებაა. მოგეხსენებათ, ე.წ. შუალედური ვაზნა სიმძლავრით დაახლოებით შუაშია პისტოლეტის ვაზნასა და შაშხანის ვაზნას შორის (რაც, ცხადია, თავად სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს). შესაბამისად, ავტომატი, ანუ საიერიშო შაშხანა, არის იარაღი, რომელიც გათვლილია ასეთი ტიპის ვაზნის გამოყენებაზე, ხოლო გადატენვის ციკლი ხორციელდება მსროლელის უშუალო მონაწილეობის გარეშე — როგორც წესი, დენთის აირების ენერგიის გამოყენებით. ასეთი იარაღი იყო კომპრომისი, ავტომატურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს შორის რომელიც ისროდა შედარებით სუსტ პისტოლეტის ვაზნებს და საბრძოლო შაშხანას შორის რომელიც ისროდა მძლავრ ვაზნებს, რომლის ეფექტური სროლა ავტომატურ რეჟიმში იყო შეუძლებელი მაღალი უკუცემის გამო.

აი რას წერენ ამ თემაზე რუსული წყაროები.

რუსული ვიკიპედია:
«В 1911—1913 годах сконструировал автоматические винтовки под штатный патрон калибра 7,62 мм и под 6,5 мм патрон собственной конструкции (1913), предвосхитив тем самым идею использования промежуточного патрона для автоматического оружия».

http://www.armoury-online.ru/:
«В конце 1920-х – начале 1930-х гг. Федоров и другие советские конструкторы — Дегтярев, Шпитальный — разработали на основе автомата целое семейство унифицированных образцов стрелкового оружия, в том числе ручной и танковый пулемёты, спаренные и строенные авиационные пулемётные установки. Этим они в некоторой степени предвосхитили послевоенные концепции унификации стрелкового оружия в СССР, США и других странах на 30–40 лет».

სტატიას „Русский Порталъ“-ზე პირდაპირ ასე ჰქვია: „Первый в мире автомат“.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რიგით რუსს, რომელიც იარაღით ინტერესდება, ეჭვიც არ ეპარება, რომ ყველა საიერიშო შაშხანის „ბაბუა“ მათი თანამემამულეა, ხოლო შუალედური ვაზნა, რომელმაც ფეხოსნის შეიარაღების იერსახე შეცვალა, ჯერ კიდევ 1916 წელს მათი გამოგონილია. სწორედ ამ წელს იქნა ფიოდოროვის იარაღი შეზღუდულად მიღებული შეიარაღებაში.

თუმცა აქ ორი მნიშვნელოვანი ნიუანსია. ფიოდოროვის კარაბინი, რომელიც შეიარაღებაში მიიღეს, გათვლილი იყო იაპონურ 6.5 მმ „არისაკას“ ვაზნაზე, ხოლო ფიოდოროვის ექსპერიმენტული 6.5 მმ-იანი ვაზნა საერთოდაც არ იყო შუალედური. რატომ გამოიყენებოდა რუსული იარაღი იაპონურ ვაზნაზე? მიზეზი მარტივია: იმ პერიოდში რუსეთს იმდენად ჩამორჩენილი და არასრულყოფილი წარმოება ჰქონდა, რომ ომის პირობებში ახალი ვაზნის მასობრივი გამოშვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ, საწყობებში საკმარისი მარაგი არსებობდა იაპონური ამუნიციის. გარდა ამისა, იაპონურ და რუსულ ვაზნებს შორის განსხვავება მინიმალური იყო.

იმისთვის, რომ დარწმუნდეთ:
ა) ფიოდოროვის ვაზნა არ იყო შუალედური;
ბ) „არისაკას“ და ფიოდოროვის ვაზნები პრაქტიკულად იდენტურია მე მოვამზადე გრაფიკი, სადაც შედარებისთვის მოცემულია შემდეგი ვაზნების მონაცემები/ზომები: იაპონური 6.5 მმ „არისაკა“, ფიოდოროვის 6.55 მმ-იანი ვაზნა, პირველი შუალედური ვაზნა, რომელიც მასობრივად მიიღეს შეიარაღებაში — 7.92×33 Kurz, ერთ-ერთი პირველი გერმანული შუალედური ვაზნა, დამზადებული GECO-ს მიერ, და რუსული შუალედური ვაზნა 7.62×39.

ამათგან სამი ნამდვილად კლასიფიცირდება, როგორც შუალედური — საწყისი სიჩქარისა და ტყვიის მასის გათვალისწინებით — ხოლო პირველი ორი ვერანაირად ვერ ჯდება ამ კატეგორიაში. ფიოდოროვი მხარს უჭერდა კალიბრის შემცირებას, რაც სწორი მიმართულება იყო (უბრალოდ რუს გენერლებს ეს არ ესმოდათ), მაგრამ მისი ვაზნის ენერგია შთამბეჭდავი 3100 ჯოული იყო, რაც შუალედური ვაზნისთვის ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, რუსულ 7.62×54R-ს ენერგია დაახლოებით 3500 ჯოული ჰქონდა, ამერიკულ .30-06-ს — 3800 ჯოული (იმდროინდელი დოქტრინა ითვალისწინებდა შორ მანძილებზე სროლას და „სუსტი“ ვაზნები მოდაში არ იყო). ფიოდოროვის ვაზნის სიგრძეც შთამბეჭდავი იყო — 81 მმ.

თუ ცხრილს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ თითქმის 15 წლით ადრე შექმნილი „არისაკას“ იგივე კალიბრის ვაზნა უფრო „შუალედური“ იყო, ვიდრე ფიოდოროვის ვაზნა. პარადოქსულად ჟღერს, არა? თანაც იაპონური შაშხანის ვაზნები თავის მხრივ დაფუძნებული იყო ავსტრიული მანლიხერის სისტემის ვაზნებზე, რომლებიც აშკარად არ მიეკუთვნებოდა შუალედურ კატეგორიას.

უფრო მეტიც, ცხრილი აჩვენებს, რომ ფიოდოროვის ვაზნა პრაქტიკულად იაპონურის ასლია — განსხვავება მხოლოდ დენთის გაზრდილ მუხტშია. ფიოდოროვმა, ფაქტობრივად, გააკეთა ის, რასაც რუსული ინდუსტრია ხშირად აკეთებდა: მასრაში მეტი დენთი ჩაყარა და მიიღო გაძლიერებული, „ახალი“ ვაზნა, რომელიც, რა თქმა უნდა, უნიკალურად და უპირობოდ საუკეთესოდ გამოცხადდა. ანალოგიური მაგალითია 5.45×18 ПСМ, რომელიც პრაქტიკულად ფრანგული 5 მმ „კლემანის“ კოპიაა, ან 9 მმ „პარაბელუმის“ რუსული ვერსია — 7Н29, სადაც დენთის რაოდენობა გაიზარდა და ტყვიის გულა განსაკუთრებულად მყარი მეტალისგან დამზადდა. ბუნებრივია, ეს „ახალი“ ვაზნა პიარდებოდა, როგორც საუკუნოვანი 9 მმ „პარაბელუმზე“ აღმატებული.

პირველ ცხრილში რეალურად გამოირჩევა გერმანული 7.92×33, ხოლო დარჩენილი ორი რუსული ვაზნა პრაქტიკულად იდენტურია თავიანთ გერმანელ და იაპონელ „თანაკლასელებთან“. განსხვავება ისაა, რომ გერმანული და იაპონური ნიმუშები ქრონოლოგიურად უფრო ადრე გაჩნდა.

თუ ფაქტებს დავუბრუნდებით: პირველი შუალედური ვაზნა და მასზე გათვლილი იარაღი, რომელიც მასობრივად იქნა მიღებული შეიარაღებაში, იყო გერმანული 7.92×33 Kurz და საიერიშო შაშხანა StG 44. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს საბჭოთა კავშირში გააცნობიერეს შუალედური ვაზნის უპირატესობა და გამოუშვეს საკუთარი ვერსია — ლეგენდარული 7.62×39, რომელიც პირველად ტყვიამფრქვევ РПД-ში გამოიყენეს. მიიჩნევა, რომ ეს ვაზნა ინსპირირებულია გერმანული 7.92×33-ით, რაც სრულიად ბუნებრივია. თუმცა რეალურად 7.62×39 პრაქტიკულად ზუსტი ასლია სხვა გერმანული ვაზნისა — 7.7×39.5 M-35-ის, რომელიც თითქმის ათი წლით ადრე გერმანულმა კომპანია GECO-მ შექმნა ჰაინრიხ ფოლმერის ექსპერიმენტული იარაღებისთვის. რუსულ და გერმანულ ვაზნებს შორის აშკარა მსგავსება კარგად ჩანს წარმოდგენილ გრაფიკებზე.

კარგი, დავუშვათ ვაზნების საკითხი ასეა. მაგრამ რა ვუყოთ მითს, რომ პირველი ავტომატი რუსებს ეკუთვნით?

გაიცანით 1906 წლის გერმანული მაუზერის ავტომატური შაშხანა. მას ჰქონდა მოსახსნელი 25-ვაზნიანი მჭიდი და ისროდა ჯერებით. უკვე 1915 წელს გერმანელები მას იყენებდნენ საჰაერო ბრძოლებში, სადაც პილოტები მოწინააღმდეგე კოლეგების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ ამ შაშხანის ტესტირებისას პოლ მაუზერმა თვალი დაკარგა — პროტოტიპმა სროლისას ვაზნის დეტონაცია განიცადა.

ფიოდოროვი ინტუიციურად გრძნობდა, საითკენ ვითარდებოდა სამხედრო ტექნიკა, მაგრამ ომმა, ბიუროკრატიამ და რუსი ოფიცრების ტრადიციულმა კონსერვატიზმმა (სწორედ იმ გენერალიტეტმა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ამტკიცებდა, რომ მჭიდიანი შაშხანა ჯარისკაცებში ვაზნების ზედმეტ ხარჯვას გამოიწვევდა) ხელი შეუშალა მას საკუთარი იდეების სრულყოფაში. მოგვიანებით, უკვე საბჭოთა სახელმწიფოს სწრაფად სჭირდებოდა ახალი იარაღი. საკუთარი კონსტრუქტორული სკოლა და წარმოება სუსტი იყო, ამიტომ ბევრისთვის გაცილებით მარტივი აღმოჩნდა სხვისი იდეების ადაპტირება — მათი მორგება არსებულ, არასრულყოფილ საწარმოო შესაძლებლობებზე და სწრაფად სერიულ წარმოებაში გაშვება. სწორედ ამიტომ რუსეთი, მიუხედავად მასშტაბებისა, პიონერული გამოგონებების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის — და ეს მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღს არ ეხება.

მე ვერ მოვიძიე 7.7×39.5 M-35-ის მაღალი ხარისხის ფოტო, თუმცა ვიპოვე მისი მასრის გამოსახულება, რომელიც საოცრად ჰგავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ „აკაემის“ მასრას.

ცხადია, მე არ ვარ პირველი, ვინც აღნიშნავს, რომ რუსული პოპულისტურ-პატრიოტული გამოცემები ამ საკითხში ხშირად ცდებიან. მითითებები, რომ ფიოდოროვის წვლილი შუალედური ვაზნისა და პირველი „ავტომატის“ შექმნაში მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია (რბილად რომ ვთქვათ), გვხვდება ისეთ ცნობილ რუს ავტორებთანაც, როგორებიც არიან მაქსიმ პოპენკერი და იური ლედიაგინი.

Scroll to Top