ქართული მითოლოგია და იარაღი

პირველად გამოქვეყნდა: January 12, 2015

მე ძალიან არ მინდოდა ასეთ უაზრო — თუ გნებავთ, ბანძ — თემისთვის დრო და ადგილი დამეთმო ჩემს ბლოგზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც მომიწევს, რადგან ამ „პრობლემამ“ უკვე შემაშფოთებელი მასშტაბები მიიღო. საუბარია ე.წ. „ნამდვილ ავსტრიულ“ და „არანამდვილ ამერიკულ“ გლოკების მითზე.

ეს მითი გაჩნდა მას შემდეგ, რაც მაღაზიებმა აშშ-დან შემოიტანეს Glock-ის პისტოლეტების პარტიები საკმაოდ ხელსაყრელ ფასად. თავდაპირველად ფასი 2300–2400 ლარის ფარგლებში იყო, შემდეგ დაეცა 1450–1600 ლარამდე. მე თვითონ ვიყიდე ასეთი ამერიკული წარმოების Glock 26 2300 ლარად — ერთ კვირაში მისი ფასი გახდა 1800 ლარი, ხოლო ერთ წელიწადში მაღაზია უკვე მას 1450 ლარას ყიდდა. მერე რა? რა უნდა გავაკეთო? მოვიგონო მითი, რომ ერთი წლის წინ შემოტანილი ამერიკული Glock-ი „ნაღდია“ და ჯობია იმას, რაც დღეს 1450 ლარად იყიდება? თუ დავიწყო ჭორების გავრცელება, რომ 2300-ად ნაყიდი Glock-ი ორიგინალია, ხოლო 1450-ად გაყიდული — ჩინური პატენტი?

ზუსტად ასე ხდება — და სამწუხაროდ არა მხოლოდ Glock-თან მიმართებაში.

„ძმა, შენი Glock ავსტრიულია? ამერიკული არ ვარგა.“
„ვყიდი ორიგინალ ავსტრიულ Glock-ს 2000 დოლარად (!!!).“
„ჩემი ავსტრიულია, ძმაო, ორიგინალია — ის ამერიკული ნაგავი კი არ არის, იაფად რომ იყიდება მაღაზიაში…“

გაგიმხელთ „საიდუმლოს“: ამერიკული Glock იგივეა, რაც ავსტრიული. Glock არის Glock. მასალები, სტანდარტები და ხარისხის კონტროლი ორივე ქარხანაში — დოიჩ-ვაგრამში და სმირნაში — ერთნაირია. სანამ სმირნის ქარხანა დაიწყებდა ყველა კომპონენტის დამოუკიდებლად წარმოებას, იქ აწყობდნენ პისტოლეტებს ავსტრიიდან მიწოდებული ნაწილებით. ეს ქარხანა უკვე 30 წელზე მეტია აწყობს და უშვებს Glock-ის პისტოლეტებს — ეს პროცესი არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინ-წინ. კომპონენტების წარმოების ლოკალიზაცია წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თანმიმდევრულად და ეტაპობრივად. არ არსებობს არანაირი ობიექტური მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ოდესმე არსებობდა პროდუქტის ხარისხის შემცირების წინაპირობა.

რაც შეეხება სხვაობებს: ერთადერთი განსხვავება, რაც მე შევამჩნიე, არის წინა სამიზნის — „კორას“ — ფიქსირების მეთოდი. ის დამაგრებულია ხრახნით და არა სოლით. მეტი არაფერი. არ გამოვრიცხავ, რომ ახალ ავსტრიულ Glock-ებზეც უკვე იგივე მეთოდია გამოყენებული.

ჭორები ვრცელდება დაფარვაზეც — თითქოს ამერიკულ Glock-ებზე სხვა ტიპის დამცავი საფარია და, რა თქმა უნდა, უარესი, ვიდრე ავსტრიულზე. დავიწყოთ იმით, რომ Glock დაცულია ორი ტიპის დამცავი დამუშავებით, რომელიც ტექნიკურად ერთი პროცესის ორი ეტაპია. პირველი ეტაპი არის ფოლადის ზედაპირის ქიმიური დამუშავება — ferritic nitrocarburizing — რაც ზრდის ზედაპირის სიმკვრივესა და კოროზიის მიმართ მდგრადობას. ამ პროცესს ფერი არ აქვს. ეს პროცესი ცვლის უშუალოდ მეტალის ზედაპირის თვისებებს, გარკვეულ სიღრმეზე.

არსებობს სპეკულაციები, რომ ავსტრიაში გამოიყენება ტექნოლოგია სახელწოდებით „Tenifer“, ხოლო აშშ-ში — რეგულაციების გამო — „Melonite“. მე ვერ ვიპოვე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ეს განსხვავება რეალურად გავლენას ახდენს შედეგზე. ორივე სახელწოდება წარმოადგენს ერთი და იმავე ქიმიური პროცესის სავაჭრო ნიშნებს. შეიძლება „რეცეპტურა“ მცირედით განსხვავდებოდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ერთნაირია. შესაბამისად, საუბარი ამერიკული Glock-ის „უფრო სუსტ“ დაფარვაზე უბრალო ჭორია, სანამ ამის დამამტკიცებელი მტკიცებულება არ წარმოდგება.

თუნდაც „Tenifer“ ჩანაცვლებულიყო „Melonite“-ით — თვალით ამ ორ ოპროცესს შორის სხვაობის დადგენა შეუძლებელია.

მეორე ეტაპზე, ქიმიური დამუშავების შემდეგ, საკეტი იფარება შავი დამცავი საღებავით. და კიდევ ერთ რამეს გეტყვით: მე პირად საკუთრებაში მქონდა ავსტრიული Glock-ები სამი განსხვავებული ტიპის შავი საფარით. ამერიკულ Glock 26-ს, რომელიც მქონდა, და ამერიკულ Glock 17-ს, რომელიც ახლა მაქვს, მათ შორისაც კი არის ვიზუალური განსხვავება საღებავში. რა გასაკვირია, რომ 30 წლის განმავლობაში საღებავი იცვლებოდა და მომავალშიც შეიცვლება?

პირველი თაობის Glock-ები საერთოდ არ იღებებოდა — საკეტი და ლულა „პარკერიზებული“ იყო. ამიტომ ამ ბრიყვულ სპეკულაციებს დაფარვის სახეობაზე აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მოსაუბრე წარმოადგენს მყარ მტკიცებულებას, რომ განსხვავება რეალურად არსებობს და თანაც — ავსტრიული Glock-ის სასარგებლოდ.

შავი საღებავი მთლიანად რომც მოაცილოთ, ქიმიური დამუშავებით მიღებული დამცავი ფენა არსად გაქრება. Glock შეინარჩუნებს თავის ანტიკოროზიულ და ცვეთის საწინააღმდეგო თვისებებს. ამიტომ საღებავის გამო თავის ტკივილი ნამდვილად არ ღირს.

ჩემი პირადი გამოცდილება — დაახლოებით 10 ამერიკულ და ავსტრიულ Glock-თან — ადასტურებს, რომ რაიმე შესამჩნევი სხვაობა არ არსებობს. ორივე ქვეყანაში გამოშვებული პისტოლეტები აბსოლუტურად ერთნაირად მუშაობს და პრაქტიკულად იდენტურია. მე პირადად გადავაწყვე ავსტრიული Glock 21, რომელსაც დაკარგული და დაზიანებული ნაწილები ჰქონდა, ამერიკიდან ჩამოტანილი დეტალებით — მორგება არაფერს დასჭირვებია.

მე არ მსმენია არც ერთ უცხოურ ფორუმზე — იქ, სხვათა შორის, მსროლელები წერენ და არა “ფეტიშისტი პროფესორები”, რომლებსაც ცხოვრებაში სამნახევარი ტყვია აქვთ ნასროლი ორ ნახევარ იარაღიდან — რომ ვინმეს დაეფიქსირებინოს სისტემური განსხვავება ან ეთქვას, რომ ავსტრიული Glock-ები ხარისხით უკეთესია.

თუ მსოფლიოში ყველაზე მსროლელ ქვეყანაში, სადაც ინტერნეტში ყველაზე აქტიური იარაღის მომხმარებლები არიან თავმოყრილები, პრობლემა არ წარმოიშვა ამერიკულ Glock-ებთან, საქართველოში როგორ გაჩნდა ეს „პრობლემა“? იქ, სადაც იარაღს ხშირად ყიდულობენ იმისთვის, რომ ან “ბობოლას” აჩუქონ, ან სტუმრებს აჩვენონ დღესასწაულზე?

გაგეცინებათ, მაგრამ შემხვდა პოსტებიც, სადაც ამტკიცებდნენ, რომ ახალ ამერიკულ Glock-ებზე უფრო გამძლე შავი საფარია, ვიდრე ახალ ავსტრიულზე. აი თურმე როგორ.

ერთი წლის განმავლობაში ჩემს ამერიკულ Glock 26-ით პრაქტიკულად ყოველდღე ვვარჯიშობდი სახლში — პისტოლეტის პლასტმასის ბუდიდან ამოღება და ჩადება. სავარაუდოდ, დაახლოებით ასი ათასჯერ მაინც ამოვიღე და ჩავდე ბუდეში. მანამდე იგივეს ვაკეთებდი ჩემი ავსტრიული Glock 19-ით. ცვეთაში არანაირი განსხვავება არ მინახავს. ორივე იარაღს ერთნაირად დაეტყო ცვეთა საკეტის კუთხეებში და ზედა ნაწილში — იმ ადგილებში, სადაც ეხებოდა პლასტმასის ბუდეს, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიულობით საფარის მიმართ.

არ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ხარისხის საღებავი გამოიყენებოდა — როგორც ავსტრიაში, ისე ამერიკაში. მაგრამ ერთი რამ ცხადია: Glock-ის საკეტის და ლულის ანტიკოროზიული თვისებები და ზედაპირის სიმკვრივე ერთნაირია წლიდან წლამდე. ცალსახად იმის თქმა, რომ ყველა ავსტრიულ Glock-ზე გამოყენებული საღებავი უკეთესია, ვიდრე ყველა ამერიკულზე, უბრალოდ არასწორია. თუ მე ვცდები — დაამტკიცეთ.

პრობლემა Glock-ში არ არის. პრობლემა არის არაკეთილსინდისიერ და გაუნათლებელ ხალხში, რომლებმაც საქართველოში შექმნეს და გაავრცელეს ეს იდიოტური მითი იმისთვის, რომ ძვირად ნაყიდი იარაღი უფრო ძვირად გაყიდონ. დანარჩენი უკვე ფსიქოლოგიაა. „ვაგონში ჩახტომის სინდრომზე“ არაფერი გსმენიათ? რამდენიმე შეხტება და დანარჩენები ინსტინქტურად მიყვებიან.

არ დაუჯეროთ არავის. იყიდეთ Glock-ები და ისროლეთ. დარწმუნებული ვარ, ვერანაირ სხვაობას ვერ ნახავთ. ამერიკულიც და ავსტრიულიც იქნება ერთნაირად ზუსტი, საიმედო და გამძლე.
ხოლო მითის წყარო არიან ადამიანები ვისაც არ ესმით რაზე საუბრობენ და არაკეთილსინდისიერი იმპორტიორები, რომლებიც ასე ცდილობენ გაყიდონ იდენტური პროდუქცია მაღალ ფასად.

Scroll to Top