სტოუნერის უჩვეულო შენიღბული იარაღი

იმედია, ახსნა არ სჭირდება, ვინ იყო იუჯინ სტოუნერი. თუმცა, მათთვის, ვინც არ იცის, შეგახსენებთ: ის იყო ამერიკელი კონსტრუქტორი და ისეთი ცნობილი სისტემების „მამა“, როგორებიცაა AR-10 და AR-15. უკანასკნელი უფრო ცნობილია, როგორც M16, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, თავისი მრავალრიცხოვანი მოდიფიკაციებით, მსოფლიოს უძლიერესი საბრძოლო მანქანის — აშშ-ის შეიარაღებული ძალების — სტანდარტულ გრძელლულიან პირად ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენს.

გაცილებით ნაკლებად ცნობილია მისი ერთ-ერთი პირველი იარაღი — 7.62 კალიბრის ავტომატური შაშხანა, რომელიც თავის დროზე ნამდვილად რევოლუციურ სისტემას წარმოადგენდა. მისი კომერციული და სამხედრო მოდიფიკაციები დღემდე იწარმოება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

თუმცა ბევრისთვის უცნობია, რომ სტოუნერს ეკუთვნის კიდევ ერთი უნიკალური და, ალბათ, საკმაოდ უცნაური იარაღი — შენიღბული დასაკეცი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი.

ასეთი იარაღის შექმნის იდეა სტოუნერს 1980-იანი წლების დასაწყისში გაუჩნდა, როდესაც ის კომპანია Ares Inc.-ში მოღვაწეობდა, რომლის მფლობელიც თავად იყო. აღსანიშნავია, რომ 80-იანი წლები გამოირჩეოდა ტერორისტული დაჯგუფებების, მათ შორის ულტრამემარცხენე რადიკალური ჯგუფების, გააქტიურებით. მათი სამიზნე ხშირად იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები და კაპიტალისტური სამყაროს სხვა გავლენიანი ფიგურები. სწორედ ასეთი თავდასხმებისგან დაცვის მიზნით მოიფიქრა სტოუნერმა შენიღბული, კომპაქტური იარაღის კონცეფცია — იარაღი, რომელიც სწრაფად მოდიოდა საბრძოლო მდგომარეობაში, იქნებოდა შეუმჩნეველი და ამავე დროს ახლო მანძილებზე სერიოზულ საცეცხლე ძალას უზრუნველყოფდა.

რა თქმა უნდა, სტოუნერი შენიღბული იარაღების იდეის ავტორი არ ყოფილა, თუმცა მან საკმაოდ საინტერესო კონცეფცია ჩამოაყალიბა, რომლის გარშემოც შემდგომში რამდენიმე სხვა იარაღის მოდელიც შეიქმნა. ეს ისტორია ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მასზე ქართულადაც ითქვას ორიოდე სიტყვა.

იარაღის შექმნაზე, რომლის ავტორი იყო იუჯინ სტოუნერი, უშუალოდ მუშაობდა ასევე Ares Inc.-ის ინჟინერი ფრენსის ვარენი.

ტექნიკურად, ამ იდეის მიხედვით შექმნილი იარაღი წარმოადგენს კლასიკურ 9 მმ-იან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს, საკმაოდ მარტივი — შეიძლება ითქვას, ბანალური — კონსტრუქციით. ის ისვრის ღია საკეტიდან, ხოლო საკეტის ჩაკეტვა ლულის ირგვლივ იგივე პრინციპით ხდება, როგორც, მაგალითად, Uzi-ში. იარაღის ძირითადი ნაწილი — რესივერი — შედგება ორი დასაკეცი ნაწილისგან და მზადდება შტამპვის მეთოდით. დასაკეცია ასევე პისტოლეტის ტიპის ტარი, რომელშიც თავსდება სექტორული ტიპი მჭიდი.

საკეტის სახელური განლაგებულია რესივერის წინა ნაწილში, ქვემოდან, და ამავე დროს იცავს მსროლელის ხელს. სროლის დროს ის არ მოძრაობს. იარაღი იკეცება სპეციალური ღილაკის დაჭერით, რომელიც რესივერის უკანა ნაწილის ქვემოთაა განთავსებული, ხოლო იხსნება რესივერის წინა ნაწილზე, გვერდებიდან განლაგებულ ორ ღილაკზე დაჭერით.

იარაღის კალიბრი იყო 9×19 Luger. სროლის ტემპი შეადგენდა დაახლოებით 650 გასროლას წუთში. მჭიდის ტევადობა — 20 და 32 ვაზნა. დაკეცილ მდგომარეობაში იარაღის სიგრძე სულ რაღაც 262 მმ იყო. სისტემა დაკეცილიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაჰყავდა 3–5 წამში. იარაღს ეწოდა Ares FMG (Folding Machine Gun — დასაკეცი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი).

Ares FMG-ის ერთ-ერთი პროტოტიპი

თავისი სხვა ანალოგისგან — M21-ისგან, რომელიც თითქმის პარალელურად გამოჩნდა აშშ-ში — განსხვავებით, სტოუნერის იარაღს სამიზნე მოწყობილობები არ ჰქონდა. M21-ის კონსტრუქტორი იყო დეივ ბოუტმენი, რომელიც თითქმის იმავე პერიოდში მუშაობდა მსგავს კონცეფციაზე. ორივე მათგანმა ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ან პირიქით, შექმნეს თითქმის იდენტური იარაღები. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ თავდაპირველი იდეის ავტორობა მაინც სტოუნერს ეკუთვნის. შესაბამისი პატენტიც, რომელიც 1986 წელს იქნა აღებული, სწორედ მის სახელზეა რეგისტრირებული, ამიტომ მეც ვეთანხმები აზრს, რომ სტოუნერი იყო პირველი.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე ხუთი პროტოტიპი შეიქმნა და გამოცდაც გაიარა, იარაღი სერიაში არ წავიდა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა. პირველ რიგში, სამოქალაქო ბაზარი მისთვის პრაქტიკულად დახურული იყო იურიდიული შეზღუდვების გამო — ფედერალური კანონმდებლობის ცვლილებებმა აკრძალა ავტომატური ცეცხლის მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების სამოქალაქო ბრუნვა. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, სამხედროებმა და სპეცსამსახურებმაც იარაღს გულგრილად შეხედეს, რის გამოც FMG პროტოტიპის დონეზე დარჩა.

დეივ ბოუტმანის M21-მა ასევე ვერ გასცდა პროტოტიპის სტადიას, თუმცა ამ შემთხვევაში იარაღი უფრო დახვეწილი იყო. მისი შენიღბვის ხარისხი გაცილებით მაღალია — გარედან ის რადიოგადამცემს ჰგავს, აქვს სამიზნე მოწყობილობები, ინტეგრირებული გადასატან სახელურში, ასევე ქამრის სამაგრები. ყალბი ანტენის მქონე პლატა უნდა მოხსნილიყო, სანამ იარაღი გაიშლებოდა. მიუხედავად ამისა, იგივე მიზეზების გამო M21-იც არ წავიდა სერიაში.

დეივ ბოუტმანის უფრო დახვეწილი და თავისებურად მომხიბვლელი M21
(სურათები: ოლეგ ვოლკი)

ისტორია აქ, ალბათ, დასრულდებოდა, რომ არა უჩვეულო გაგრძელება. სტოუნერის იდეა, ტრადიციულად და სრულიად უაპელაციოდ, რუსებმა მოიპარეს და მიითვისეს, რასაც თითქმის კურიოზული გაგრძელება მოჰყვა. რუსმა კონსტრუქტორებმა შექმნეს რამდენიმე პროტოტიპი და შეეცადნენ ეს იარაღი გაეხადათ რუსეთის მილიციის ძირითადი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (!).

90-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა მილიციის გადაიარაღების იდეა. განიხილებოდა კონსერვაციიდან გერმანული MP40-ების ამოღებაც კი. შეკვეთები ახალ იარაღზე ყველა მწარმოებელს გაეგზავნა, თუმცა თითქმის 20 წელი გავიდა და მილიციონერები კვლავ АКC-74У-ებით დადიოდნენ — და დღემდე დადიან — რაც უდანაშაულო მოქალაქეებისთვის ხშირად უფრო საფრთხეს წარმოადგენს.

ტულაში შექმნილი FMG-ის კლონი, სახელად ПП-90, იყო უხეში კონსტრუქციის იარაღი, გათვლილი 9×18 ПМ ვაზნაზე. რთულია წარმოდგენა, რა ლოგიკით აპირებდნენ მილიციის შეიარაღებას შენიღბული იარაღით — ეს სრულად ეწინააღმდეგებოდა თავად შენიღბული იარაღის კონცეფციას. რა აზრი ჰქონდა ფორმაში გამოწყობილი მილიციონერისთვის „შენიღბული“ რკინის კოლოფის მიცემას, რომლის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას ორჯერ–სამჯერ მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე ტრადიციული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მომარჯვებას?

რუსულ პრესასა და ლიტერატურაში არაერთხელ დაიწერა, რა სირთულეებს გადააწყდნენ „ნიჭიერი“ რუსი კონსტრუქტორები სტოუნერის იარაღის „გამოგონებისას“ და რამდენად რთული იყო მილიციის ხელმძღვანელობის დარწმუნება, რომ სწორედ ეს რკინის კოლოფი სჭირდებოდათ. როგორც ჩანს, ბოლოს მილიციასა და მწარმოებლებს შორის შეთანხმება მაინც შედგა „ატკატის“ ოდენობაზე, და საოცარია, მაგრამ ПП-90 ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში. მცირე რაოდენობით ის მოხვდა როგორც მილიციაში, ისე რამდენიმე სპეციალურ სტრუქტურაში.

დაბალი ხარისხის, ცუდი ერგონომიკისა და კონსტრუქციული ნაკლოვანებების გამო ПП-90 მალევე გაქრა სცენიდან. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იარაღი ექსპლუატაციაშიც არ იყო უსაფრთხო. შემდგომ შეიქმნა მოდიფიკაციები — ПП-90M1 სროლის რეჟიმის გადამრთველით და ПП-93 (დაკეცვის ფუნქციის გარეშე), თუმცა ეს ვეღარაფერი შეცვალა.

FMG-ის მარტივი და ეფექტური საკეტის სახელურის კონსტრუქცია რუსულ ვერსიაში შეიცვალა უცნაური ფორმის კაუჭით, რომელიც გაშლილ მდგომარეობაში იარაღის ქვეშ ექცევა და ძნელად მისაწვდომი ხდება, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში გარეთ არის გამოშვერილი — ალბათ სამორიგეოში ლურსმანზე ჩამოსაკიდებლად 🙂

რუსული FMG — ПП-90

FMG-ის კონცეფციით შთაგონებული იარაღი უკრაინაშიც შეიქმნა. კონსტრუქტორულმა ბიურომ „Спецтехника“ („КБ-С“) „მოიგონა“ მორიგი FMG და მას გობლინი უწოდა. მათი მტკიცებით, გობლინის რესურსი 10 000 გასროლას აღემატებოდა და 500 მეტრიდან 4.5 მმ-იან ჯავშანს ხვრეტდა (???). იარაღი კიდევ უფრო გაბარიტულია — დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძე 350 მმ-ს (ზოგი წყაროს მიხედვით — 290 მმ-ს) აღწევს.

ქსელში არსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული კომპანია ფიქტიური საწარმო იყო, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფო დაფინანსების მიღება გახლდათ. აგრესიული სარეკლამო კამპანია და მითიური მახასიათებლები უბრალოდ თვალის ახვევას ემსახურებოდა. გობლინის ბედი დღემდე უცნობია, ისევე როგორც ამ ბიუროს მიერ „გამოგონილი“ სხვა „უნიკალური“ იარაღების უმეტესობა.

ინტერნეტში არსებული გობლინის ერთადერთი გამოსახულება

პოსტსაბჭოთა სივრცეში სტოუნერის იდეებით სხვა არავინ დაინტერესებულა. საქართველოზეც, სამწუხაროდ, ბევრი ვერ ითქმის — ჩვენთან უფრო დაკავებულები არიან მუქთა ფულით სათამაშოების შეძენით და მათი შემდგომი დამტვრევით. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ჩვენთანაც „გამოიგონონ“ სტოუნერის FMG.

სტოუნერის იდეის მორიგი რეინკარნაცია ისევ აშშ-ში მოხდა. 2008 წელს კომპანია Magpul Industries-ის ინჟინრებმა წარმოადგინეს FMG-ის საკუთარი ინტერპრეტაცია — FMG9. ეს უკვე 21-ე საუკუნის იარაღია: მეტალის ნაცვლად ფართოდ გამოიყენება პოლიმერი, ხოლო შესრულება რადიკალურად განსხვავდება ორიგინალისგან.

იარაღი აგებულია Glock 17-ის გარშემო — პისტოლეტის საკეტი ასრულებს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის საკეტის როლს და მოძრაობს რესივერის შიგნით. გამოიყენება Glock 17-ის მჭიდები 17-დან 33 ვაზნამდე. პოლიმერების ფართო გამოყენების გამო იარაღი მხოლოდ დაახლოებით ნახევარ კილოგრამს იწონის. დაკეცილ მდგომარეობაში მისი სიგრძეა 262 მმ, გაშლილში — 503 მმ.

FMG9-ის მოხერხებულობა სურათებიდანაც კარგად ჩანს. ბოუტმანის M21-ის ანტენა შეცვლილია ფარანით, რომელიც მუშაობს როგორც დაკეცილ, ისე გაშლილ მდგომარეობაში. ზემოდან განთავსებულია თანამედროვე იარაღისთვის აუცილებელი უნივერსალური სამაგრი. აღსანიშნავია, რომ FMG9-მ შეინარჩუნა პირველი FMG-ის საკეტის სახელურის კონცეფცია.

კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს წინამორბედების შეცდომები და იარაღი ხელმისაწვდომია როგორც ერთჯერადი სროლის, ისე ავტომატურ ვარიანტში (სავარაუდოდ Glock 18-ის საკეტით). ეს მნიშვნელოვნად ზრდის მის შანსებს სამოქალაქო ბაზარზე.

ჩემი აზრით, Magpul FMG9 სტოუნერის 30 წლის წინანდელი იდეის საუკეთესო განხორციელებაა. კომპანიის წარმომადგენლები დღემდე აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ „ტექნოლოგიების დემონსტრატორია“. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს იარაღიც სერიაში არ წავა.

ხშირად ამ ოჯახს მიაკუთვნებენ ასევე Kel-Tec-ის დასაკეც კარაბინს SUB 2000, თუმცა ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. ამ იარაღს სტოუნერის კონცეფციასთან მხოლოდ ერთი საერთო აქვს — შუაზე იკეცება. თავისი იდეით ის უფრო ახლოს დგას take-down სანადირო კარაბინებთან, სადაც ლულა და დანარჩენი იარაღი სწრაფად და ინსტრუმენტების გარეშე იშლება ტრანსპორტირების გასამარტივებლად.

გეორგ კელგრენის კომპანიის პროდუქცია — Kel-Tec SUB 2000

სულ ეს არის.

რა თქმა უნდა, ისტორიამ იცის უამრავი სხვა შენიღბული იარაღის კონსტრუქცია — დაწყებული კაჟიანი, სამელნის ფორმის პისტოლეტებიდან. თუმცა ეს უკვე სხვა, ბევრად უფრო დიდი სტატიის თემაა, რომელსაც, იმედია, მომავალში შევეხები.

პირველად გამოქვეყნდა: 16 სექტემბერი, 2010

Scroll to Top