პირველად გამოქვეყნდა: დეკემბერი, 2009

ეს არის საკმაოდ ძველი და არასრული სტატია, რომელიც ადრე CZ-75-ზე დაწერილი უფრო დიდი სტატიის ნაწილს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, გარკვეულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მაინც მოიცავს.
Jericho (იერიხო) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული CZ-75-ის კლონია. იგი საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი საქართველოშიც და, რა თქმა უნდა, უკვე ჩამოყალიბებული აქვს გარკვეული რეპუტაცია. Jericho-ს სისტემის პისტოლეტები მიღებული იყო შეიარაღებაში საპატრულო პოლიციაშიც. გასაკვირი არც არის, რომ “მაკაროვის” შემდეგ ძალიან მალე გავრცელდა ხმები იმის შესახებ, თუ რამდენად „უვარგისი“ იარაღი ყოფილა ეს Jericho-ები. (სტატიის დაწერის შემდეგ საკმაო დრო გავიდა — ამჟამად პატრული შეიარაღებულია ხორვატიული HS-9-ებით).
დავიწყოთ იმით, რომ Jericho-ს მწარმოებელ კომპანიას მართლაც ჰქონდა ხარისხის კონტროლის პრობლემები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც პოლიმერის ჩარჩოიანი მოდიფიკაციების წარმოება დაიწყო.
პირადად მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ Jericho საუკეთესო კანდიდატი იყო საპატრულო პოლიციის საშტატო იარაღის როლისთვის. ჩემთვის უცნობია, თუ რა მოთხოვნები იყო წაყენებული და რა ტიპის გამოცდები ჩატარდა. დიდია ალბათობა, რომ არც ტენდერს და არც რეალურ კონკურსს ადგილი არ ჰქონია — რაც იყო, ის შეიძინეს.
როგორც არ უნდა იყოს, Jericho შეიარაღებაში მაინც მიიღეს. ჩემი დაკვირვებით, პატრულმა მიიღო Jericho-ს პოლიმერის ჩარჩოიანი ვარიანტის ორი მოდიფიკაცია — მოდელი FL და მოდელი FBL (კომპაქტური ვერსია). ამ იარაღს გააჩნია CZ-75-ისთვის დამახასიათებელი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და ჩაკეტვის სისტემ. გაზრდილი სისქის და სხვა კონსტრუქციული მიზეზების გამო, პოლიმერის Jericho-ს აქვს უფრო დაბალი ლულის განლაგება, ძალიან კარგი ბალანსი და უფრო მძიმე და ფართო საკეტი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა უკუცემის სუბიექტური შეგრძნება და გაზარდა სროლის კომფორტი.
საქართველოში როგორც პოლიმერის, ისე ფოლადის Jericho-ებს გარკვეული „ბავშვური დაავადებები“ ჰქონდათ. მაგალითად, მჭიდის არასაიმედო ფიქსაცია. ჩემი ინფორმაციით, ამ პრობლემას ჩვენი საპატრულო პოლიციაც შეეჯახა. იგივე პრობლემა მეც შემხვდა, როდესაც შევიძინე Jericho FBL. სროლის დროს მჭიდი თვითნებურად ამოვარდებოდა.
ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ მარტივია. საჭიროა მჭიდის ის ნაწილი (პაზი), სადაც ფიქსაციის კბილანა შედის, ოდნავ ამოიწიოს რაიმე ინსტრუმენტით — ანუ პაზის ის მხარე, რომელიც უშუალოდ ედება კბილს. ეს ოპერაცია ფრთხილად უნდა შესრულდეს: ძალა უნდა გადანაწილდეს მთლიან ზედაპირზე, რათა მოხდეს ზედაპირის თანაბარი ამოწევა. ეს მეთოდი პრაქტიკაში ბრწყინვალედ მუშაობს.
ბოლო თაობის Jericho-ებზე, რომლებიც ამჟამად მაღაზიებში იყიდება, ეს პრობლემა თითქოს აღარ უნდა არსებობდეს. ასე მეგონა მანამ, სანამ ახალი თაობის Jericho-მ იგივე „ფოკუსი“ არ გაიმეორა.
ასევე შესაძლებელია პრობლემები ვაზნების მიწოდებასთან დაკავშირებით. მიწოდების საიმედოობის შესამოწმებლად საჭიროა მჭიდის სრულად შევსება, მისი იარაღში მოთავსება და საკეტის დაკეტვა. დაკეტვა უნდა მოხდეს მხოლოდ დამაბრუნებელი ზამბარის ძალით. თუ საკეტი საიმედოდ იკეტება, პრობლემა არ გაქვთ. თუ არა — ადგილი აქვს შემდეგ პრობლემას ან მათი ერთობლიობას:
- ექსტრაქტორის კბილის დეფექტი (ჩვეულებრივ 200–300 მიწოდების შემდეგ იჩენს თავს);
- არაპოლირებული საკეტის სარკე, რომელიც ხელს უშლის ვაზნის შეცურებას ექსტრაქტორის ქვეშ;
- ქარხნული საფოხით გაჭედილი ექსტრაქტორის ბუდე (აუცილებელია მაქსიმალურად კარგად გაიწმინდოს, ან სულაც დაიშალოს და ისე გაიწმინდოს).
პირველ ორ შემთხვევაში პრობლემაზე მიანიშნებს ვაზნის მასრიდან ჩამოთლილი მცირე ლითონის ნაწილაკები, რომლებითაც ძალიან მალე ივსება საკეტის ფანჯრისა და სარკის მიმდებარე “ტერიტორია”.
უმეტეს შემთხვევაში ეს პრობლემა ქრება სათანადო წმენდისა და ე.წ. „აბკატკის“ შემდეგ. ჩემი მეორე Jericho, მოდელი PSL, თავიდან ათი მიწოდებიდან მხოლოდ ერთ-ორს ახორციელებდა უპრობლემოდ. ორი დღის ინტენსიური მუშაობის შემდეგ პრობლემა მთლიანად გაქრა. თუმცა მაინც ვისურვებდი, რომ მიწოდება უფრო უკეთესი ყოფილიყო.
დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი პრობლემა — დამცველის თვითნებური ჩაკეტვა სროლის დროს. ეს ხდება იმის გამო, რომ შიგნიდან დამცველი კონტაქტში შედის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის იმ ნაწილთან, რომელსაც ის ბლოკავს. დროთა განმავლობაში ამ ადგილზე ჩნდება ცვეთის ნიშნები, რომელიც სროლის დროს აიძულებს დამცველს ჩაიკეტოს. ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა და, როგორც წესი, რამდენიმე ათასი ვაზნის გასროლის შემდეგ იჩენს თავს.
თავის ფასში. მთლიანობაში Jericho ნამდვილად კარგი იარაღია. მას ახასიათებს დიდი რესურსი, სროლის მაღალი კომფორტი და ძალიან კარგი სიზუსტე.
აღსანიშნავია Jericho-ს ერთი მნიშვნელოვანი კონსტრუქციული პლიუსიც: მას აქვს CZ-75-ის „A“ და „B“ სერიებისთვის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებების კომბინაცია — ნემსას დამცველი, როგორც „B“ სერიაში, და დაშლისა და გაწმენდის მარტივი პროცედურა, როგორც „A“ სერიაში.
ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა დამცველის მუშაობის პრინციპი. Jericho-ებში დამცველი ირთვება როგორც შეყენებული, ისე დაშვებული ჩახმახით, მაშინ როდესაც ორიგინალი CZ-75 და მისი მოდიფიკაციები დამცველზე იკეტებიან მხოლოდ შეყენებული ჩახმახით — და ეს, ჩემი აზრით, სწორია. დაშვებული ჩახმახის ჩაკეტვა სრულიად უაზროდ მიმაჩნია და ქმნის რისკს, რომ მსროლელმა სტრესულ სიტუაციაში ვერ გააკონტროლოს დამცველის პოზიცია. ორიგინალურ CZ-ებში ასეთი შეცდომის ალბათობა ორჯერ ნაკლებია.
(Updated)
Jericho-ს მჭიდის თავსახური: საქმე იმაშია, რომ Jericho-ს მჭიდებს აქვთ ძალიან უხეში და მოუხერხებელი ფორმის თავსახურები. ეს განსაკუთრებით პრობლემურია კომპაქტურ მოდელებში. ასეთი ფორმის თავსახური ართულებს მჭიდის კომფორტულად დაჭერას ხელში. აღნიშნული ნაწილი დატვირთვას არ ატარებს, ამიტომ მისი მოშორება ადვილი და სასურველია. თავდაპირველად ბრიტვით, შემდეგ კი „შკურკით“ დამუშავება სრულიად საკმარისია. შედეგი ძალიან კარგია, განსაკუთრებით კომპაქტურ მოდელებში. მე ასე გადავაკეთე ორივე ჩემი Jericho-ს მჭიდი და ძალიან კმაყოფილი ვარ.
(Updated)
აღმოვაჩინე, რომ Jericho-ს PSL მოდელის 16-ვაზნიანი მჭიდი თავსებადია CZ-75 SP-01-თან. სხვა მოდელებზე ჯერჯერობით მსგავსი თავსებადობა არ შემხვედრია.


