ვაგრძელებ ჟურნალ Handguns Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიების ციკლის თარგმნას, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მსროლელებს ეძღვნება. ამჯერად სტატია ეხება ლეგენდარულ მსროლელს — ჯერი მიჩულეკს.
ავტორი: ჯეიმს ტარი

დღეს ჯერი მიჩულეკის სახელი, ალბათ, ყველაზე ცნობილია სასროლოსნო სამყაროში. მას ეკუთვნის რევოლვერიდან სწრაფი სროლის ოთხი მსოფლიო რეკორდი და მოგებული აქვს პრაქტიკულად ყველა შეჯიბრება რევოლვერით სწრაფ სროლაში, რომელიც ოდესმე ჩატარებულა.
როგორ გახდა ჯერი რევოლვერის ფანატი? ამის ახსნა, როგორც თავად ამბობს, უფრო გეოგრაფიულ გარემოსა და ფილოსოფიას უკავშირდება.
„ლუიზიანას იმ ნაწილში, სადაც მე გავიზარდე, ჩემი მეგობარი ბენ აშმოური ისროდა მილერის საბრძოლო ლიგაში, რომელიც ამერიკის პრაქტიკული სროლის ასოციაციის (USPSA) წინამორბედი იყო. მას ჰქონდა Swenson .45, და მე მაშინ მეგონა, რომ ამაზე უკეთესი და ლამაზი იარაღი უბრალოდ არ არსებობდა. მეც შევიძინე Colt Gold Cup-ი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვე ვისროდი — არ მომწონდა იდეა, ნასროლი მასრების შეგროვება რომ მჭირდებოდა. ლუიზიანაში თუ ნავში არ დგახარ, ან წყალში ხარ, ან ტალახში, ამიტომ პისტოლეტით სროლისთვის მშრალი ადგილის პოვნა საკმაოდ რთული იყო. სწორედ ამიტომ დავიწყე სროლა Smith & Wesson-ის მეათე მოდელით.“
ჯერი სწრაფი სროლით განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდა, როდესაც 1976 წელს ჟურნალ American Rifleman-ში ლეგენდარული რევოლვერის მსროლელის, ედ მაკგივერნის შესახებ სტატია წაიკითხა.
„დავიწყე მისი ისტორიის კითხვა, ვიყიდე მისი წიგნი, ვეცნობოდი მის რეკორდებს და ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა,“ — ამბობს ჯერი.
მისი აზრით, რევოლვერი დღემდე შესანიშნავი არჩევანია:
„რევოლვერი უმეტეს მსროლელს აძლევს ყველაფერს, რასაც ისინი იარაღისგან ითხოვენ. დაბრკოლების აღმოფხვრის ვარჯიში უბრალოდ არ არსებობს — თუ გასროლა არ მოხდა, სასხლეტს კიდევ ერთხელ აჭერ. არასრულყოფილი ტექნიკა, მაგალითად სუსტი მაჯა, რევოლვერს არ ადარდებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის რევოლვერი იდეალური იარაღია.“
მიუხედავად იმისა, რომ მიჩულეკი ყველაზე მეტად რევოლვერის მსროლელად არის ცნობილი, ის პრაქტიკულად ყველა იმ იარაღით ისვრის, რომელიც სპორტულ შეჯიბრებებში გამოიყენება. გარდა ამისა, ის ავარჯიშებს უამრავ ადამიანს, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების პერსონალსაც.
მისი აზრით, სპორტულ და შეჯიბრებით სროლაში დაგროვილი გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სახიფათო პროფესიაში მუშაობს.
„თუ მეორე მსოფლიო ომს დავუბრუნდებით და ვნახავთ, როგორ ასწავლიდნენ სროლას მაშინ წვევანდელებს, დავინახავთ, რომ ისინი ისროდნენ დგომიდან, დაჩოქილიდან და დაწოლილ მდგომარეობაში, ქამრის გამოყენებით. ეს ეფექტურად გამოიყურებოდა მანამ, სანამ ბიჭებს სანაპიროებზე არ გადაისროდნენ და არ აღმოაჩენდნენ, რომ რეალური ბრძოლა ქუჩის ჩხუბს ჰგავს, სადაც წესები არ არსებობს. სწორედ ამიტომ სპეცდანიშნულების ძალების პერსონალი ხშირად გადის შეჯიბრებების გზას — ჩვენ ვადგენთ იმას, რაც რეალურად მუშაობს.“
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც მიჩულეკს ეკუთვნის, მხედველობას ეხება. მან შეარჩია სპეციალური სათვალე, სადაც მარჯვენა მინა მორგებულია სამიზნეზე ფოკუსირებისთვის, ხოლო მარცხენა — შორ მანძილზე.
„ყოველთვის უნდა ისროლო ორი ღია თვალით,“ — ამბობს ის. „ადამიანებს დრო სჭირდებათ, რომ ამას შეეჩვიონ.“
ჯერი მიჩულეკი ჯერ არ გეგმავს სპორტიდან წასვლას.
„ვაპირებ რამდენიმე ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას, მათ შორის მინდა ედ მაკგივერნის ისტორიული შედეგის გაუმჯობესება — ხუთი გასროლა 0.45 წამში. მე მოვიპოვე მისი ორიგინალური რევოლვერი და შარშან დავიწყე მისით სროლა. იარაღს 1940 წლიდან არ ესროლა და დრო მჭირდება, რომ სასხლეტს მივეჩვიო. ასევე მაქვს რამდენიმე სხვა იარაღი, რომელიც ძალიან ახლოსაა ამ შედეგთან.“
„ვცდილობ, მოვძებნო მაკგივერნის ორიგინალური ტაიმერებიც და მისი ძველი რეკორდი ძველი აღჭურვილობით გავიმეორო — და ამავდროულად ახალი რეკორდიც დავამყარო.“
პირველად გამოქვეყნდა, ივნისი, 2010
