უცნობი Sig-Sauer

პირველად გამოქვეყნდა: March 10, 2015

წლების განმავლობაში SIG Sauer-ის ეს პისტოლეტი კომპანიის უფრო ძვირადღირებული მოდელების ჩრდილში რჩებოდა. როგორც მწარმოებლის პირველი პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტი, ის განსხვავებული დიზაინით გამოირჩეოდა და, სხვა მოდელებთან შედარებით, უნდა ყოფილიყო უფრო ხელმისაწვდომი იარაღი, პირველ რიგში რა თქმა უნდა ფასით. დასახელებული როგორც Sig Pro, ეს მოდელი ბაზარზე 1998 წელს გამოვიდა.

მიუხედავად შედარებით დაბალი ფასისა, პისტოლეტი ხარისხითა და შესრულებით არაფრით ჩამოუვარდებოდა კომპანიის უფრო ძვირიან მოდელებს, ხოლო გარკვეულ ასპექტებში მათზე მეტ ოფციასაც კი სთავაზობდა მომხმარებელს. უკვე 1998 წელს შესაძლებელი იყო მასზე ტაქტიკური ფარნის დაყენება, ასევე გააჩნდა ცვლადი ტარის საზურგეები (backstrap), რაც სხვადასხვა ზომის ხელზე მორგებას უზრუნველყოფდა. მართალია, ეს გადაწყვეტილებები უნიკალური არ ყოფილა, თუმცა იმ პერიოდისთვის უდავოდ ინოვაციურად ითვლებოდა.

თავდაპირველად SIG Pro გათვლილი იყო მხოლოდ .40 S&W და .357 SIG კალიბრებზე; მოგვიანებით დაემატა 9×19 mm Luger-ის ვერსიაც. პირადად მე მომწონს, როდესაც პისტოლეტი თავდაპირველად უფრო მძლავრ კალიბრზეა დაპროექტებული — თეორიულად, შედარებით სუსტ კალიბრში მას მეტი რესურსი და გამძლეობა უნდა ჰქონდეს. 1990-იანი წლების ბოლოს მიიჩნეოდა, რომ .40 S&W და .357 SIG გახდებოდა ძირითადი კალიბრები სამხედრო და სამართალდამცავ სტრუქტურებში, თუმცა დროის განმავლობაში 9×19 mm „ლუგერმა“ პოზიციები არ დათმო და დღესაც მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.

მრავალი წლის განმავლობაში ეს პისტოლეტი სხვა „ზიგების“ ჩრდილში იყო. საქართველოში იგი იშვიათად გვხვდებოდა: მაღაზიებს დიდი ხნის განმავლობაში არ შემოჰქონდათ, ხოლო მეორად ბაზარზეც იშვიათად ჩნდებოდა. პირადად მე მისი დიზაინი დიდად არ მომწონდა, რის გამოც განსაკუთრებულ ინტერესს არ ვიჩენდი. თუმცა შეხვედრა მაინც შედგა, და სწორედ ამ გამოცდილების შედეგია ეს მოკლე მიმოხილვა.


მოდიფიკაციები და ისტორია

ჩვენი ტესტირების ობიექტია Sig SP2022. არსებობს მისი კომპაქტური ვარიანტიც — CSP2022, ხოლო ორივე ხელმისაწვდომია ასევე უჟანგავი ფოლადის საკეტით.

პისტოლეტის სახელწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა არსებობს. თავდაპირველად მოდელი „SIG Pro“-ს სახელით გამოდიოდა, მოგვიანებით მიიღო ინდექსი 2009, ხოლო საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნების გათვალისწინებით შეიქმნა ოდნავ მოდიფიცირებული ვერსია ინდექსით SP2022. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე სახელში „Sauer“ არ ფიგურირებდა, 2000 წლის შემდეგ ამ მოდელის წარმოება შვეიცარიიდან გერმანიაში, Sauer-ის საწარმოო ხაზზე გადავიდა. პირველი დაახლოებით 50 000 ერთეული შვეიცარიული მარკირებით გამოვიდა.

ვარაუდობენ, რომ ინდექსში „20“ აღნიშნავდა ფრანგული ტენდერის მოთხოვნას — პისტოლეტის 20-წლიან ექსპლუატაციის ციკლს. ზუსტად რას გულისხმობს ეს ციკლი (ვაზნების რაოდენობას თუ დროის პერიოდს), ოფიციალურად არ დაკონკრეტებულა, თუმცა ცნობილია, რომ ტესტირების პროცესში ფრანგულმა მხარემ დაახლოებით 460 000 გასროლა განახორციელა. 2003 წელს საფრანგეთმა შეიძინა 250 000 ერთეული SP2022 — ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იარაღის ერთჯერადი შესყიდვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ტენდერში კონკურენციას უწევდა Heckler & Koch P2000, თუმცა გაიმარჯვა SIG-ის მოდელმა. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა P2000-ის LEM (Law Enforcement Modification) სასხლეტის უარესი ერგონომიკა კლასიკურ ორმაგი მოქმედების (DA/SA) მექანიზმთან შედარებით, ასევე SIG-ის მიერ შეთავაზებული უფრო კონკურენტული/დაბალი ფასი.

SIG Pro და SP2022. ადრინდელი მოდელები აღჭურვილი იყო ჩარჩოზე განთავსებული არასტანდარტული აქსესუარების სამაგრით, ხოლო დაახლოებით 2002 წლიდან SP2022-ის ყველა ვერსია უკვე სტანდარტული Picatinny-ის ტიპის უნივერსალური სამაგრით გამოდის, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე აქსესუარებთან სრულ თავსებადობას.


კონსტრუქცია და ერგონომიკა

SIG Pro-ის ადრინდელი მოდელები აღჭურვილი იყო არასტანდარტული აქსესუარების სამაგრით ჩარჩოზე, ხოლო დაახლოებით 2002 წლიდან ყველა SP2022 უკვე სტანდარტული Picatinny-ის ტიპის უნივერსალური სამაგრით გამოდის.

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტს ხშირად უწოდებდნენ „P226-ს ღარიბებისთვის“ (ის თითქმის ორჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე P226), SP2022-ს გააჩნია ისეთი მახასიათებლები, რაც ზოგიერთ უფრო ძვირიან „ზიგის“ მოდელსაც კი არ აქვს. კონსტრუქციულად SP2022 დიდწილად იმეორებს კლასიკური „ზიგების“ სქემას: მართვის ელემენტები იგივე ადგილას არის განლაგებული, ჩაკეტვის სისტემა იდენტურია, გამოყენებულია „ზიგის“ ოთხკომპონენტიანი უსაფრთხოების სქემა და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმიც იგივე კონფიგურაციისაა (DA/SA). ამასთან ერთად, მას დამატებით გააჩნია Picatinny-ის უნივერსალური სამაგრი, სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი და ცვლადი ტარის საზურგეები. როგორც სხვა „ზიგის“ პისტოლეტებზე, SP2022-ის საკეტიც დაფარულია კომპანიის სტანდარტული დამცავი საფარით, რომელსაც „Nitron“-ს უწოდებენ. ეკონომიური მოდელისთვის ეს საკმაოდ სოლიდური ჩამონათვალია.

ტარის შიგნით მდებარე ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია ტარის საზურგის მოხსნა — ის ქვევით ჩამოცურებით იხსნება. ხელმისაწვდომია სამი ზომის ცვლადი საზურგე.

ყველაზე დიდი სხვაობა „ზიგის“ სხვა მოდელებთან შედარებით, პოლიმერის ჩარჩოს გარდა, არის საკეტის შემაკავებელი ბერკეტი, რომელიც კონსტრუქციულად იდენტურია Colt M1911-ის შესაბამისი დეტალის. მან ჩაანაცვლა 220 სერიის პისტოლეტებში გამოყენებული ორი ცალკეული დეტალი — საკეტის შემაკავებელი და დაშლის ბერკეტი. შესაბამისად, SP2022 გარკვეულწილად უფრო მარტივი კონსტრუქციისაც არის. ასეთი ფორმის დეტალის გამოყენება ნიშნავს, რომ საკეტის შემაკავებელი სხვა მწარმოებლების პისტოლეტებთან შედარებით უფრო უკან არის განლაგებული. სროლისას საჭიროა იარაღი ისე გეჭიროთ, რომ უნებლიეთ არ დაბლოკოთ საკეტი ღია მდგომარეობაში ან, პირიქით, არ შეუშალოთ ხელი მას დარჩეს ღია მდგომარეობაში ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. ვარჯიშისას ამ დეტალს ყურადღება უნდა მიექცეს.

პირველი შთაბეჭდილებები პისტოლეტის ხელში აღების შემდეგ საკმაოდ დადებითია. SP2022 ტოვებს ხარისხიანად დამზადებული იარაღის შთაბეჭდილებას. ტარის ტექსტურა კომფორტულია და უზრუნველყოფს საიმედო ჭერას. თითები ადვილად წვდება მართვის ყველა ელემენტს. სასხლეტი წააგავს „ზიგ-ზაუერის“ სხვა პისტოლეტების სასხლეტს — ორმაგი მოქმედების რეჟიმში სვლა რბილია, ზომიერად მძიმე და ერთგვაროვანი, ხოლო რესეტი შედარებით გრძელია, რაც „ზიგის“ პისტოლეტებისთვის დამახასიათებელია. სასხლეტი არ ხრაშუნობს და სვლა თანაბარია. ის არ არის საუკეთესო, რაც მე მინახავს, თუმცა ნამდვილად არ არის ცუდი. სასხლეტის ძალა ორმაგ რეჟიმში შეადგენს დაახლოებით 4.5–5 კგ-ს, ხოლო ერთმაგ რეჟიმში — დაახლოებით 2 კგ-ს.

ყურადღებას იქცევს საკეტის სიმაღლე და მასა — ხელში იგრძნობა მისი ზომა და სიმძიმე. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, თუმცა საშუალო მომხმარებელი ამას შესაძლოა დიდ ყურადღებას არც მიაქციოს. გაბარიტებითა და მჭიდის ტევადობით SP2022 მიეკუთვნება Glock 19-ის „წონით კატეგორიას“: შედარებით მოკლე საკეტი და ლულა შერწყმულია სრული ზომის ტართან, რომელიც იტევს ორრიგიან 15-ვაზნიან მჭიდს.

როგორც ყველა „ზიგ-ზაუერის“ პისტოლეტი, SP2022 დამზადებულია მაღალი ხარისხით, რაც გამოიხატება მის საიმედოობაში და მაღალ სიზუსტეში. პისტოლეტი იწონის დაახლოებით 715 გრამს, რაც ამ კლასის პისტოლეტისთვის არც ისე ცოტაა (შედარებისთვის, Glock 19 იწონის დაახლოებით 590 გრამს), თუმცა ეს მასა დადებითად მოქმედებს უკუცემის შთანთქმაზე. სროლა კომფორტულია და პისტოლეტი ზუსტია. სროლისუნარიანობის მხრივ SP2022 მაღალ შეფასებას იმსახურებს. მაღალი ლულის ღერძი პრაქტიკულ პრობლემებს არ ქმნის. ეს არის საბრძოლო/თავდაცვითი იარაღი და არა სპორტული ინსტრუმენტი.

სიზუსტე ხელიდან სროლისას 12 მეტრზე (ორი ჯგუფი) ადასტურებს მის შესაძლებლობებს. ინტერნეტში გამოქვეყნებული გამოხმაურებებიც აღნიშნავს ამ პისტოლეტის მაღალ სიზუსტეს.

„ზიგ-ზაუერი“ ყოველთვის იყენებდა მაღალი ხარისხის სტანდარტულ სამიზნე მოწყობილობებს თავის პისტოლეტებზე და ამ მხრივ SP2022 არ არის გამონაკლისი. სტანდარტული სამიზნეების გარდა, შესაძლებელია ღამის სამიზნე მოწყობილობების — SIGLITE-ის — დაყენებაც. ნებისმიერი სამიზნე მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია P22X სერიის პისტოლეტებისთვის, თავსებადია SP2022-თან. შესაძლებელია როგორც უკანა, ისე წინა სამიზნე მოწყობილობის შეცვლა.

პისტოლეტს თავდაპირველად მხოლოდ ერთი მჭიდი მოჰყვებოდა, რაც ფასის შემცირების მცდელობას წარმოადგენდა. მჭიდებს (ტევადობა 15 ვაზნა) „ზიგ-ზაუერისთვის“ ამზადებს იტალიური კომპანია Mec-Gar, რომელიც ამ სფეროში ავტორიტეტულად ითვლება, ამიტომ ამ კომპონენტთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. SP2022 იყენებს მხოლოდ ამ მოდელისთვის განკუთვნილ მჭიდებს და არ არის თავსებადი სხვა „ზიგის“ მჭიდებთან, რაც გარკვეულ მინუსად შეიძლება ჩაითვალოს.

პისტოლეტი ადვილად იშლება. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოდულური კონსტრუქციისაა და ორი პინის ამოგდების შემდეგ შესაძლებელია მისი მთლიანად მოხსნა ჩარჩოდან. ეს ამარტივებს როგორც დეტალურ წმენდას, ასევე საჭირო ნაწილების გამოცვლას. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი კონსტრუქციულად წააგავს P220 მოდელის ანალოგიურ მექანიზმს. ყურადღებას იქცევს დამაბრუნებელი ზამბარა, რომელიც არ არის ფიქსირებულად დაკავშირებული ზამბარის ღერძთან, რაც აწყობის პროცესს ოდნავ ართულებს, თუმცა ეს უმნიშვნელო დეტალია.

ლულის სიგრძეა 98 მმ და მას აქვს კლასიკური ხრახნები. როგორც „ზიგის“ სხვა პისტოლეტებში, სავაზნის ზედა ნაწილი გაპრიალებულია — ეს ნორმალური ტექნოლოგიური გადაწყვეტაა და არა დეფექტი. არ ვიცი, ამზადებს თუ არა SP2022-ის ლულებს „Hammerli“, თუმცა არ გამიკვირდება, თუ ასეა. SP2022-ს პრაქტიკულად სპორტული პისტოლეტის სიზუსტე აქვს.

მჭიდის სამკუთხა ფორმის ღილაკის გადატანა შესაძლებელია მარჯვენა მხარეს, რაც პისტოლეტს ცაცია მსროლელებისთვისაც გამოსადეგს ხდის.

ადრინდელი მოდელის კომპლექტი მოიცავდა „ზიგის“ საფირმო მუყაოს ყუთს, პისტოლეტს, ერთ ან ორ მჭიდს და სატესტო სამიზნეს. მოგვიანებით კომპლექტაცია შეიცვალა და პისტოლეტი მიეწოდებოდა პლასტმასის კეისში, რომელშიც მოთავსებული იყო: პისტოლეტი, ორი მჭიდი, სატესტო სამიზნე, მცირე ზომის ბოთლი ზეთით, სავაზნის ალამი (პლასტმასის დეტალი, რომელიც თავსდება სავაზნეში და მიუთითებს, რომ ის ცარიელია), სტაფილოსფერი პლასტმასის სასწავლო ლულა (ვარჯიშისთვის) და მოწყობილობა, რომელიც ამარტივებს მჭიდის ვაზნებით შევსებას. ცუდი კომპლექტაცია ნამდვილად არ არის იმ იარაღისთვის, რომელიც 20–30%-ით იაფია თავის ახლო კონკურენტებთან შედარებით.

სიმართლე გითხრათ, ამ პისტოლეტს ეკონომიის კვალი პრაქტიკულად არ ეტყობა. მე ვერ ვუწოდებ მას „ღარიბი ადამიანის P226-ს“, რადგან SP2022 საკუთარ კლასს ქმნის და არ საჭიროებს მუდმივ შედარებას P226-თან ან სხვა „ზიგებთან“. თუ ვინმეს სურს ტრადიციული ორმაგი მოქმედების პისტოლეტი გარეთ განლაგებული ჩახმახით, SP2022 ფასი-ხარისხის თანაფარდობით, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია — რა თქმა უნდა, თუ ის კონკურენტულ ფასად გამოჩნდა საქართველოში.

გასაწმენდად დაშლილი SP2022 კიდევ ერთხელ ადასტურებს დამზადების მაღალ ხარისხს. კარგად ჩანს პოლიმერის ჩარჩოში ჩასმული ფოლადის შასი, რომელზეც მოძრაობს საკეტი.

ამ პისტოლეტის მინუსებად შეიძლება ჩაითვალოს აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების შედარებით შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ისევე როგორც ბუდის შერჩევის გარკვეული სირთულე. პირადად მე არ მომეწონა შედარებით მძიმე საკეტი, თუმცა ეს სუბიექტური შეფასებაა.

საერთო ჯამში, პისტოლეტი იმსახურებს მაღალ შეფასებას. ბოლო პერიოდში მის მიმართ ინტერესი გაიზარდა და, მიუხედავად იმისა, რომ ადრე იგი ერთგვარ „დამალულ“ მოდელად ითვლებოდა, რამდენიმე სერიოზულმა ინტერნეტ-მიმომხილველმა მას საკმაოდ დადებითი შეფასება მისცა. განსაკუთრებით გაიზარდა ყურადღება SP2022-ის მიმართ მას შემდეგ, რაც „ზიგ-ზაუერის“ ახალი თაობის პოლიმერის ჩარჩოიანი მოდელი P250 არ აღმოჩნდა წარმატებული, და ბევრს გაახსენდა, რომ კომპანიას უკვე ათ წელზე მეტია აქვს მსგავსი პლატფორმა, რომელსაც ადრე ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ.

დღეს აშშ-ში SP2022-ის საცალო ფასი დაახლოებით 350–400 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ამ კლასის პისტოლეტისთვის ძალიან კონკურენტულია. გასაკვირი არ არის, რომ ის წარმატებით იყიდება. პოპულარული ამერიკული ინტერნეტ-მაღაზიების მონაცემებით, SP2022 ხშირად შედის ყველაზე გაყიდვადი პისტოლეტების სიაში.

საქართველოში SP2022-ის ზუსტი ფასის განსაზღვრა რთულია, რადგან წლების განმავლობაში გაყიდვაში მხოლოდ რამდენიმე ერთეული შემხვედრია. არსებული ფასების გათვალისწინებით, მისი ღირებულება სავარაუდოდ 1300–1600 ლარის ფარგლებში უნდა იყოს.


საკეტი და ჩარჩო “შიგნიდან”. პისტოლეტი დამზადებულია მაღალი ხარისხით. ზედა სურათზე კარგად ჩანსპლასტმასის ჩარჩოში ჩასმული ფოლადის “შასი”, რომელზეც “დადის” საკეტი. 

შეხვედრა SP2022-თან შედგა და შთაბეჭდილებები მთლიანობაში ძალიან დადებითია. ეს არის უნივერსალური პისტოლეტი, რომელიც გამოდგება როგორც თავდაცვითი, ისე სამხედრო ან პოლიციური დანიშნულებისთვის. ერთი შეხედვით უბრალო მოდელი, დეტალური გაცნობის შემდეგ წარმოჩინდება როგორც დახვეწილი და ეფექტური ინსტრუმენტი.

როგორ შევადარებდი მას „ზიგ-ზაუერის“ ახალი თაობის პოლიმერის პისტოლეტებს? პირადად ჩემი არჩევანი იქნება დროითა და სამსახურით გამოცდილი SP2022. ბოლო წლებში „ზიგ-ზაუერმა“ მკვეთრად გაზარდა მოდელების ნომენკლატურა და წარმოების ტემპი, და სანამ არჩევანს სრულიად ახალ მოდელზე გავაკეთებდე, დაველოდებოდი, როგორ მიიღებს მას სასროლო საზოგადოება.

მოკლედ, თუ წააწყდით SP2022-ს და თან მისაღებ ფასად — დიდხანს ნუ დაფიქრდებით. თქვენ ყიდულობთ პისტოლეტს, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაც „ზიგ-ზაუერის“ პრემიუმ მოდელებს ახასიათებს — და ზოგ შემთხვევაში ცოტა მეტიც.

Scroll to Top