პირველად გამოქვეყნდა: დეკემბერი 10, 2009

მეილი მივიღე შეკითხვით ამ იარაღის შესახებ და მგონი დრო მოვიდა, ერთი-ორი სიტყვა მასზეც დავწერო, რადგან საკმაოდ კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის საინტერესო იქნება ეს სტატია.
აღსანიშნავია, რომ ყველაფერი, რაც ქვემოთ არის აღწერილი, ეხება კონკრეტულად იმ იარაღს, რომელიც პირადად მე მქონდა და 2001 წელს იყო გამოშვებული. გამომდინარე იქიდან, რომ ვიკინგი გამოჩენისთანავე გარკვეულწილად „ნედლი“ პროდუქტი იყო, წარმოების პროცესში მასში არაერთი ცვლილება შევიდა.
ყოველ შემთხვევაში, თუ ამ იარაღს ყიდულობთ ან უკვე ფლობთ, გეცოდინებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში. დაახლოებით ერთი წლის წინ კიდევ ერთხელ მომეცა ამ პისტოლეტთან პირადი შეხების შესაძლებლობა და უნდა ითქვას, რომ მან ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დამიტოვა, ვიდრე ადრინდელმა მოდელებმა.
MP-446 „ვიკინგი“ შეიქმნა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, იჟევსკის მექანიკური ქარხანაში, კონსტრუქტორ ვ. ა. იარიგინი-ს ხელმძღვანელობით და წარმოადგენდა რუსეთის არმიისთვის შექმნილი 6П35 „გრაჩის“ სამოქალაქო/სპორტულ მოდიფიკაციას.
ძირითადი სხვაობა იმაში მდგომარეობდა, რომ ვიკინგის მეტალის ჩარჩო პოლიმერისგან მზადდებოდა. სწორედ ამ კონფიგურაციაში შეიქმნა იგი, როგორც სამოქალაქო და სპორტული ბაზრისთვის განკუთვნილი პისტოლეტი. რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პოლიმერული ჩაარჩოს გამოყენებაზე, ზუსტად არ ვიცი. შესაძლებელია, რუსებმა — როგორც ხშირად სჩვევიათ — ამით, მათი აზრით, იარაღის საბრძოლო თვისებები შეგნებულად შეამცირეს. მათ მსგავსი „უცნაურობები“ უყვართ, როდესაც წარსულში საბრძოლო იარაღს ხელოვნურად ‘აფუჭებენ”, რომ შემცირდეს მისი რესურსი ან სხვა თვისებები
არის თუ არა ვიკინგის კონსტრუქცია განგებ დასუსტებული — დაზუსტებით ვერ ვიტყვი, თუმცა რომც ასე იყოს, ეს დიდ გაკვირვებას ჩემში არ გამოიწვევდა.
ტექნიკური თვალსაზრისით, იარაღი წარმოადგენს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ სისტემას. ამ შემთხვევაში რუსებმა „ველოსიპედის თავიდან გამოგონება“ არ დაიწყეს, როგორც იგივე GSh-18-ში, და მიმართეს ნაცად და გამოცდილი კონსტრუქციას. ჩაკეტვა ხორციელდება SIG Sauer-ის პისტოლეტების მსგავსად — მასრის ამოსაგდები ფანჯრის კუთხეზე. ლულის დაწევა/გახსნა ხორციელდება ლულაზე შესრულებული ფიგურული ნასვრეტით, რომელც ზემოქმედებს საკეტის შემაკავებლის ღერძთან, ისევე როგორც მაგალითად CZ-75-ის ტიპის პისტოლეტის შემთხვევაში.
დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ჩახმახიანია, ორმაგი მოქმედების. დამცველი არაავტომატურია და კეტავს ჩახმახს, სასხლეტს და საკეტს.
კალიბრი — „არა პატრიოტული“ 9×19 მმ ლუგერი, უფრო სწორად, მისი არალიცენზირებული რუსული კოპია, რომელსაც 7N21 უწოდეს. თითქოს რაღაც სრულიად ახალი მოიგონეს…
ერთი სიტყვით, კონცეფციურად ყველაფერი ნაცნობი, გამოცდილი და აპრობირებული გადაწყვეტილებებია — მაგრამ მათი შესრულება…აი მაგაზე რა გითხრათ.
კონსტრუქციის თავისებურებები
პირველი, რასაც შეამჩნევთ არის საკეტის უკან განლაგებული “ფრთები”, რომლებიც იცავენ ჩახმახს და წარმოადგენენ საკეტის ფორმის გაგრძელებას. საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება, ის კონსტრუქტორის აზრით, ემსახურება ჩახმახის დაცვას გარეგანი ზემოქმედებისგან, რომ მიწაზე დავარდნისას ის ან არ გატყდეს ან არ გამოიწვიოს შემთხევითი გასროლა, რაც საკმაო აქტუალურია თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიკინგს არ გააჩნია დამრტყმელის ავტომატური დამცველი, როგორც თანამედროვე პისტოლეტების უმეტესობაში.
შემდეგ დავინახავთ, რომ ექსტრაქტორი განთავსებულია არა გვერდიდან არამედ საკეტის ზედა ნაწილში, როგორც მაგალითიად კოროვინის კონსტრუქციის პისტოლეტში. ექსტრაქტორი ასევე ასრულებს სავაზნეში ვაზნის ყოფნის ინდიკატროს.
მჭიდს, რომ შევხედოთ, ვნახავთ რომ მას ორ რიგიანი გამოსასვლელი აქვს, ანუ ვაზნების ერთ რიგად გადაწყობა არ ხდება. გასაგები ხდება, რატომ არის განლაგებული ექსტრაქტორი ზევიდან. ხოლო მისი ზევიდან განლაგება განაპირობებს კიდევ ერთ თავისებურებას: ვაზნბების ექსტრაქცია ხდება შემაწუხებელი მსროლელისთვის. მასრები მოფრინავენ პირდაპირ სახეში ან თავში. მაგალითად ტულას ნახევრად გარსით დაფარული ექსპანსიური ტყვიით აღჭურვილი ვაზნებით სროლისას, მასრები გროვდებოდა ჩემი პერანგის გულის ჯიბეში, ამერიკული “ფედერალის” წარმოებული ვაზნის მასრები კი პირდაპირ შუბლში მხვდებოდა, ერთი გასროლის შემდეგ, ცხელი მასრა თვალსა და სათვალეს შორის მოექცა, რაც საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილება იყო. ამიტომაც ვიკინგს მე ვისროდი მხოლოდ კეპით თავზე, რომელიც მასრებისგან მიცავდა.

ამ სურათზე კარგად ჩანs „ფრთები“, რომლებიც ჩახმახს იცავენ, ასევე ექსტრაქტორი და რეგულირებადი, სპორტული ტიპის თარაზო.
ორრიგიანი მჭიდი ადვილად იტენება, რაც აშკარა პლიუსია. დატენვის პრინციპი ძალიან ჰგავს კალაშნიკოვის ავტომატის მჭიდს: ვაზნას ზემოდან ადებ და ოდნავ აჭერ — ის მარტივად ჩადის შიგნით.
მჭიდის კონსტრუქცია დამამახსოვრდა საკმაოდ „ბინძური“ გარეგნობით, უხარისხო დაფარვით და, საერთო ჯამში, უხარისხო შესრულებით. თავდაპირველად მასში თავსდებოდა 17 ცალი 9 მმ-იანი ვაზნა, ხოლო 2004 წლიდან მჭიდის ტევადობა 18 ვაზნამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მჭიდის ზედა ნაწილის დიდი გაბარიტების გამო, რაც განპირობებულია ვაზნების ორმაგი გამოსვლით, ანუ მისი სისქე არ მცირდება მის ზედა ნაწილში, მისი სწრაფი და ინსტინქტური მოთავსება იარაღში საკმაოდ მოუხერხებელია ამის გამო.

სურათზე კარგად ჩანს მჭიდის კონსტრუქციის თავისებურება
ცნობილია, რომ პისტოლეტის დაპროექტებისას (გადაუმოწმებელი ინფორმაცია) ვლადიმირ იარიგინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა ლულის კონსტრუქციაში: საკეტი მოძრაობის დაწყებისთანავე იწყებდა ქვემოთ სვლასა და გახსნას. ანუ სისტემას არ ჰქონდა საკეტის პირდაპირი, საწყისი უკუსვლა, რაც, ცხადია, იარაღის სიზუსტეზე უარყოფითად აისახა. ეს აბსოლუტურად ბავშვური შეცდომაა და მიანიშნებს იმაზე, რომ ან კონსტრუქტორი დაუდევრად მუშაობდა, ან უბრალოდ არ იყო საკმარისად კვალიფიციური. როგორც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნული დეფექტი მოგვიანებით გამოსწორდა.
იარაღს ჰქონდა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა: მჭიდის სწრაფი „შეტენვისას“ ის ურტყამდა დეტალს, რომელიც ჩახმახს აკავებდა, და თუ სავაზნეში ვაზნა უკვე იდო (მაგალითად, ტაქტიკური გადატენვის დროს), ხდებოდა დაუგეგმავი გასროლა. საბედნიეროდ, ეს დეფექტიც მოგვიანებით აღმოიფხვრა.
სამიზნე მოწყობილობები უმეტეს მოდელებში არარეგულირებადია. ზომები და პროპორციები, ზოგადად, კარგი აქვს, თუმცა აქაც დაშვებულია შეცდომა: თეთრი წერტილებით დამიზნებისას კორა და თარაზო ერთმანეთს სწორად არ ემთხვევა. ხოლო კლასიკური დამიზნებისას (კორა თარაზოს გასწორებით) თეთრი წერტილების განლაგება არ შეესაბამება ერთმანეთს. არაფერი ასეთი მე არასდროს სხვა იარაღში არ მინახავს.
დამზადების ხარისხი ვიკინგის ყველაზე სუსტი წერტილია. ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, ცუდია. საკეტი უხეშად არის ამოჭრილი, კუთხეები არასიმეტრიულადაა გამოყვანილი. ლულას საერთოდ არ აქვს გარე პოლირება, რის გამოც ის უფრო ჰგავს სკოლის სასწავლო სახელოსნოში დამზადებულ ნახევრად კუსტარულ პროდუქტს. იგივე შეიძლება ითქვას პოლიმერული რამკის მასალასა და რკინის დეტალების დაფარვის ხარისხზეც.
იარაღის ტანზე ტარებისას, ერთ დღეში ზედაპირზე ჟანგის თხელი ფენა ჩნდება. ასევე შეინიშნება პოლიმერული ჩარჩოს ცვეთა, რის შედეგადაც სინთეტიკური ბუდე ივსება ნაცრისფერი მტვერით. ხშირად აკრიტიკებენ მჭიდებსაც — მათ საკმაოდ ბასრი კუთხეები აქვთ, რაც დატენვას არაკომფორტულს ხდის, თუმცა პირადად ჩემს იარაღზე ეს პრობლემა არ შემიმჩნევია.
დაბალი დამზადების ხარისხის შედეგად, პისტოლეტში ბევრი დეტალი არ არის მარტივად ურთიერთჩანაცვლებადი და დამატებით მორგებას საჭიროებს, რაც ასევე გასათვალისწინებელია.
იარაღის დაშლა ხდება ისევე, როგორც CZ-75-ის შემთხვევაში: საკეტს ოდნავ გაწევთ უკან, ამოაძრობთ საკეტის გამჩერებელს და მოხსნით საკეტს. შემდეგ ამოიღებთ დამაბრუნებელ ზამბარას თავისი შტოკით და ლულას. სულ ეს არის.
საკეტის გამჩერებლის უკან ჩასმისას ყურადღებით იყავით — თუ ზუსტად არ მოათავსებთ და ხელი აგიცდათ, ადვილად დაკაწრავთ ჩარჩოს
სროლა და ექსპლუატაცია
მიუხედავად ძალიან ბევრი ხარვეზისა და დაბალი ხარისხისა, იარაღი მაინც ისროდა. დაახლოებით ხუთასი ვაზნის ფარგლებში მხოლოდ ერთი დაბრკოლება დაფიქსირდა: იარაღის საკეტი დაიკეტა და სავაზნე ცარიელი აღმოჩნდა. არ მოხდა მჭიდის ვაზნიდან მიწოდება, რაც საკამოდ უცნაური და იშვიათი დაბრკოლებაა.
კიდევ ერთი საკმაოდ დამაფიქრებელი თავისებურება იყო ის, რომ გასროლილი მასრები აშკარად გაბერილი იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საკეტი იხსნება ზედმეტად ადრე — მაშინ, როდესაც ლულაში წნევა ჯერ კიდევ მაღალია. პირადად მე სხვა არც ერთ იარაღზე მსგავსი გაბერილი მასრები არ შემხვედრია. ჩემი დაკვირვებით, მასრების მსუბუქი დეფორმაცია ზოგჯერ კომპაქტურ მოდელებში გვხვდება, მაგრამ 112 მმ-იანი ლულის შემთხვევაში — ეს უკვე სერიოზული კითხვებს აჩენს. არსებობს ინფორმაცია, რომ ქარხანამ მოგვიანებით გაზარდა დამაბრუნებელი ზამბარის სიხისტე, რამაც აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვნად შეამცირა.
ერგონომიკა, ცხადია, წარმოადგენს დიდ ნაბიჯს წინ მაკაროვთან შედარებით. რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იყო სასხლეტის ძალიან გრძელი „ოვერთრეველი“, ანუ გასროლის შემდეგ თავისუფალი სვლის დიდი სიგრძე. ამასთან, თავად სასხლეტი საკმაოდ რბილი იყო. დანარჩენი — არაფერი განსაკუთრებული.
სიზუსტე: იმ პერიოდში მე მაინცდამაინც კარგი მსროლელი არ ვიყავი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ვიკინგების სიზუსტე ზოგადად მათი ძლიერი მხარე არ არის. მიუხედავად ამისა, სიზუსტიუს ხარისხი ადეკვატურია თავდაცვის იარაღისთვის.
იარაღის ტარებისას გამოვლინდა კიდევ ერთი არასასიამოვნო თავისებურება. თუ პისტოლეტი ბუდეში არ იყო მოთავსებული და ხდებოდა მისი „მექსიკურად“ ტარება — ანუ ქამარში ჩადებული — მაღალი იყო მჭიდის თვითნებური ამოვარდნის ალბათობა. ამის მიზეზი არასწორად განლაგებული და დიდი ზომის მჭიდის ღილაკია. რამდენჯერმე 17 ვაზნით დატენილი მჭიდი ამოვარდა და საკმაოდ დიდ მანძილზე გაფრინდა, სანამ მიწაზე დაეცემოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ „ექსტრემალურ ტესტს“ მჭიდმა წარმატებით გაუძლო — არ დაიშალა და არ დაზიანდა. მსმენია, რომ მსგავს გამოცდას ხორვატიული HS Produkt-ის HS9-ს იგივე დეტალი ყოველთვის ვერ გადის.
ვერ ვიტყვი, რომ ვიკინგი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იმ ბაზრებზე, სადაც ის იყიდება. რუსეთში დღეს ის ძირითადად გამოიყენება ტირებში და პრაქტიკულ სროლაში. ვიკინგი იყიდებოდა კანადაშიც, დაახლოებით 450 დოლარის ფასად — რაც, პრინციპში, ძვირი არ არის, თუმცა იქაც ვერ მოიპოვა პოპულარობა.

ამ სურათით შეგიძლიათ თავად შეაფასოთ იარაღის საექსპორტო „შეფუთვა“ — ასეთ კოლოფში, ცხადია, რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდები 🙂
ცნობილია, რომ საუკეთესო რუსი სპორტსმენი მსროლელები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე შეცვალონ ვიკინგი იმპორტული პისტოლეტით. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პრაქტიკული სროლა იარაღის მიმართ ძალიან სპეციფიკურ მოთხოვნებს აყენებს. ამიტომ ჩვეულებრივმა ადამიანმა, რომელიც იარაღს თავდაცვისთვის ატარებს, ამ სფეროში არსებული გამოცდილება სიფრთხილით და კონტექსტის გათვალისწინებით უნდა შეაფასოს.
Shooterscentral-ის დასკვნა
მთლიანობაში, იარაღი მაინც ტოვებს სასიამოვნო შთაბეჭდილებას, იმის გათვალისწინებით რა არის ხელმისაწვდომი ფასის ამ კატეგორიაში. თუ მისი ფასი მისაღებია, მისი შეძენა შესაძლებელია. ჩემი აზრით, ვიკინგის მაქსიმალურად მისაღები ფასი დაახლოებით 1000 ლარია, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ მისი სათადარიგო ნაწილების შოვნა პრაქტიკულად არარეალურია.
ვიკინგი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ ან ინოვაციურ კონსტრუქციას. ეს არის სრულიად ჩვეულებრივი, დიდი ზომის, სამსახურეობრივი 9×19 მმ-იანი პისტოლეტი საშუალო ხარისხის შესრულებით. რაიმე განსაკუთრებული, რაც მას ანალოგებზე მაღლა დააყენებდა, პრაქტიკულად არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ ის კარგია მათთვის, ვისაც Glock-ი უნდა, მაგრამ შესაბამისი ბიუჯეტი არ აქვს. პირადად მე ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვიყავი 2001 წელს — გლოკი მინდოდა, მაგრამ ფული არ მქონდა და ვიკინგი 500 დოლარად შევიძინე.
პლიუსები:
- კარგი/გავრცელელბული კალიბრი
- დიდი ტევადობის მჭიდი
- მისაღები ერგონომიკა
- დაბალი ფასი
მინუსები:
- დამზადების დაბალი ხარისხი
- სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების პრაქტიკული არარსებობა
- დიდი მასა და გაბარიტები
ჩემი რეკომენდაცია იქნება ყიდვისას “ვიკინგი” ნამდვილად კარგად შეამოწმოთ და გაოთვალისწინოთ რომ რაც უფრო გვიანი გამოშვების არის მით უფრო უკეთესი იარაღი იქნება. ვიკინგის კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალოს ბულგარული Arcus (დაახლოებით 1100 ლარი), ისრაელური წარმოების Jericho და Bul (1400–1600 ლარი), ასევე თურქულ-იტალიური Stoeger Cougar (დაახლოებით 1600 ლარი).
ჩინურ იარაღს არ განვიხილავ — არ მქონია შეხება და შესაბამისად ვერ შევადარებ, თუმცა ცნობილია, რომ ფასით საქართველოში იმპორტირებული ჩინური პისტოლეტები ძალიან იაფია.
მე ჩემი აზრები და პირადი გამოცდილება გაგიზიარეთ. საბოლოო არჩევანი კი თქვენზეა


