Stoeger Cougar

პირველად გამოქვეყნდა, იანვარი 5, 2010 

დაახლოებით ერთი თვის წინ ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა, დეტალურად შემესწავლა საკმაოდ საინტერესო იარაღი — თურქული წარმოების 9 მმ-იანი კომპაქტური პისტოლეტი Stoeger P8000 Cougar. ამ მოდელს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, თუმცა შეძენისგან მისი შედარებით მაღალი ფასი მაკავებდა — 1600 ლარი, რაც, ჩემი აზრით, თურქული წარმოების იარაღისთვის ზედმეტად მაღალია.

შესაბამისად, როდესაც მომეცა შესაძლებლობა ეს პისტოლეტი მნიშვნელოვნად უფრო დაბალ ფასად შემეძინა, გადაწყვეტილება დიდხანს აღარ დამიყოვნებია. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ მისი დატოვება არ მქონდა განზრახული — მიზანი მხოლოდ დეტალური შესწავლა და შემდგომ სხვა ადამიანისთვის გადაცემა („გადამელოცვა“) იყო.

ამრიგად, გადავიდეთ უშუალოდ მიმოხილვაზე.

პირველ რიგში, დავადგინოთ, რასთან გვაქვს საქმე — ანუ ვინ არის ამ იარაღის მწარმოებელი. ამ შემთხვევაში საქმე ნამდვილად თურქულ-იტალიურ პროექტთან გვაქვს. ვუსვამ ხაზს სიტყვას ნამდვილად, რადგან პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მაღაზიაში იარაღს „თურქულ-ინგლისურად“ ან „თურქულ-იტალიურად“ წარმოაჩენენ, თუმცა რეალურად ის 100%-ით თურქული კომპანიის პროდუქციაა, ხოლო მხოლოდ მოდელის სახელწოდება ან კონსტრუქციული სისტემა აქვს უცხოური წარმომავლობის.

აქ სიტუაცია განსხვავებულია. Stoeger არის იტალიური Beretta-ს შვილობილი კომპანია. იაფი პისტოლეტების წარმოების იდეა თურქეთის ტერიტორიაზე სწორედ იტალიაში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც საკმაოდ წარმატებული Beretta Cougar ბაზარზე ცუდად იყიდებოდა მაღალი ფასის გამო — იგი პრაქტიკულად იმავე ფასის სეგმენტში იყო, რომელშიც, მაგალითად, Heckler & Koch USP.

შემდგომში Beretta-მ დაიწყო ახალი თაობის Cougar-ის ანალოგის წარმოება (Beretta PX სერია), ხოლო Cougar-ის წარმოებისთვის გამოყენებული დაზგა-დანადგარები Stoeger-ს გადასცა და წარმოება თურქეთში გადაიტანა. შედეგად მივიღეთ Stoeger P8000 Cougar — კონსტრუქციულად პრაქტიკულად ბერეტტას იდენტური, მაგრამ ფასიით გაცილებით ხელმისაწვდომი პისტოლეტი.

პისტოლეტების გარდა, Stoeger ასევე უშვებს Benelli-ს სანადირო თოფების კლონებს (რაც ლოგიკურია, ვინაიდან Benelli-ც Beretta-ს ჰოლდინგში შედის). სულ ახლახან დაიწყო Cougar-ის გამოშვება .40 S&W კალიბრში, ხოლო მომავალში იგეგმება .45 ACP ვერსიის დამატებაც — ისევე, როგორც ეს ორიგინალ Beretta Cougar-ს ჰქონდა.

როგორც ჩანს, Beretta-მ Stoeger-ს გადასცა მაკომპლექტებელი ნაწილების საკმაოდ დიდი მარაგიც. კონკრეტულად იმის დადგენა, რომელი დეტალია იტალიური წარმოების და რომელი — თურქული, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა პისტოლეტს მოყვება ორი ორიგინალური Beretta-ს 15-ვაზნიანი მჭიდი, რომლებიც იტალიაშია დამზადებული.

ეს ფაქტი განსაკუთრებით სასიამოვნო სიურპრიზია, რადგან იაფი იარაღის სუსტი წერტილი თითქმის ყოველთვის სწორედ მჭიდებია: სუსტი კონსტრუქცია, თხელი კორპუსის კედლები, დაბალი ხარისხის ზამბარები — ყველაფერი ის, რაც უარყოფითად აისახება იარაღის საიმედო ფუნქციონირებაზე.

კომპკექტიში იარაღს მოყვება ერგონომიული პლასტმასის კეისი, პარალონით, საგარანტიო სერტიფიკატი, ინსტრუქცია. ორი მჭიდი და რა თქმა უნდა ერთი პისტოლეტი. წინა პატრონმა მოაყოლა ასევე საწმენდი ორი ჯაგრისი, მაგრამ მოყვება ის თუ არა იარაღს მაღაზიაში მე არ ვიცი.   

კონსტრუქციული თვალსაზრისით, იარაღს გააჩნია საკმაოდ საინტერესო ჩაკეტვის სისტემა — ლულის ბრუნვითი ჩაკეტვა. Beretta-მ შეძლო და შექმნა მინიმუმ ორი თანამედროვე, ერთმანეთისგან კონსტრუქციულად განსხვავებული პისტოლეტი — Beretta 92 და Cougar — რომლებიც არ იყენებენ ბრაუნინგის კლასიკურ ჩაკეტვის სისტემას. უკვე ეს ფაქტი Beretta-ს იარაღის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს.

Stoeger Cougar-ში ლულა მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვით და არა ვერტიკალურ სიბრტყეში. თეორიულად, ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს როგორც მეტ საიმედოობას — ვინაიდან სავაზნე არ მოძრაობს ვაზნის მიმართ — ასევე უკეთეს სიზუსტეს, რადგან ლულა არ იცვლის პოზიციას სამიზნის მიმართ სროლის მომენტში.

წარსულში მქონდა შესაძლებლობა მესროლა Stoeger Cougar-ით და 25 მეტრზე გაფანტვა არ აღემატებოდა 6–8 სანტიმეტრს, რაც კომპაქტური პისტოლეტისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. უკუცემის ძალა შედარებით მცირეა, ხოლო ლულის ვერტიკალური მოძრაობა („ხტომა“) მინიმალური. მთლიანობაში, იარაღი ძალიან კომფორტული და სასიამოვნო სასროლია.

სასხლეტიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს — ის რბილი, ერთგვაროვანი და პროგნოზირებადია. ეს კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზია, რადგან იაფი სეგმენტის იარაღში ხარისხიანი სასხლეტი იშვიათი გამონაკლისია. როგორც წესი, ასეთ იარაღებში შიდა დეტალები დამატებით დამუშავებას არ გადის, რაც მძიმე და არათანაბარი სასხლეტის სვლით ვლინდება. Stoeger Cougar ამ მხრივ აშკარად სასიამოვნო გამონაკლისია — ჩემს ეგზემპლარსაც ზუსტად ასეთი კარგი სასხლეტი ჰქონდა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: თავის დროზე Cougar-ის ტესტირება ჩავატარეთ ახალი, პრაქტიკულად უმოქმედო (მინიმალურად ნასროლი) მდგომარეობაში, მინუსურ ტემპერატურაზე და სრულიად ზეთის გარეშე. მიზანი იყო შესაძლო პრობლემების გამოვლენა, თუმცა იარაღმა უპრობლემოდ გაისროლა დაახლოებით ასი ვაზნა. მუშაობდა რბილად, ხოლო ვაზნების მიწოდება ხდებოდა სტაბილურად.

შედარებისთვის, იგივე Jericho-ს ახალ ეგზემპლარებში ხშირად შეინიშნება ზედმეტი ხისტობა — როგორც მექანიზმების მუშაობაში, ასევე ვაზნების მიწოდების პროცესში, რაც ახალ იარაღში ზოგჯერ პრობლემებსაც იწვევს. Stoeger Cougar ამ მხრივ აშკარად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

Сougar-ის“საშტატო” იტალიური მჭიდები

 კონსტრუქციას დავუბრუნდეთ. თავის დროზე, იტალიელი კარაბინერების მოთხოვნით, Beretta-მ Beretta 92-ზე დააყენა ბრუნავი დამრტყმელი (firing pin), რის შედეგადაც დამცველი რამკიდან საკეტზე გადავიდა. Stoeger Cougar-ს ზუსტად იგივე კონსტრუქცია აქვს.

როგორც Beretta 92-ის შემთხვევაში, დამცველის გააქტიურებისას ხდება ჩახმახის ავტომატური დაწევა (decocking) და მისი გათიშვა. შედეგად, ჩართული დამცველით ჩახმახის შეყენება შეუძლებელია, ხოლო სასხლეტი თავისუფლად მოძრაობს და არ უკავშირდება ჩახმახს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი პრაქტიკულად იდენტურია Beretta 92-ში გამოყენებულის. განსხვავებულია ტარის კუთხე და ფორმა, ასევე ჩარჩოს წინა ნაწილი, რაც განპირობებულია ლულის ბრუნვითი ჩაკეტვის განსხვავებული სისტემით.

დაშლა ხდება ისევე, როგორც Beretta 92-ზე: ფიქსატორზე დაჭერის შემდეგ, ჩარჩოს მარცხენა მხარეს განლაგებული ღილაკი დაბლა იწევა და საკეტი სცილდება ჩარჩოს. შემდგომ თითის დაჭერით წინ იწევა ჩამკეტი, რომელშიც მოთავსებულია დამაბრუნებელი ზამბარა, იგი ამოიღება საკეტიდან, შემდეგ კი — ლულა. აწყობა სრულდება საპირისპირო თანმიმდევრობით.

ორიგინალის მსგავსად, ჩარჩო დამზადებულია ალუმინისგან. ლულა ქრომირებულია და დამუშავებულია სტანდარტული ჭრილებით (rifling).

იარაღზე დატანილია ამერიკული იმპორტიორის ნიშნები, რაც მიუთითებს, რომ კონკრეტული ეგზემპლარი გათვლილია აშშ-ის ბაზარზე.

სამიზნე მოწყობილობები კლასიკურია — კორა და თარაზო თეთრი წერტილებით. ტარის პანელები შავი პლასტმასისაა, Stoeger-ის ლოგოთი.

დაფარვაზე ცალსახად ცუდს ვერაფერს ვიტყვი: ალუმინის ჩარჩო დაფარულია შავი დამცავი ფენით, რომელიც საკმაოდ გამძლედ გამოიყურება, ხოლო საკეტი შეღებილია სქელი შავი საღებავით. სხვა ფოლადის დეტალები და ლულა, როგორც ჩანს, ოქსიდირებულია. საერთო ჯამში, ყველაფერი ხარისხიანად და გამძლედ გამოიყურება.

დაშლისას კიდევ ერთი სასიამოვნო სიურპრიზი გამოვლინდა — დეტალების დამუშავების დონე და მორგების ხარისხი. არ შეიმჩნევა ფრეზის კვალი, ყველა ზედაპირი გაპრიალებულია, ლამაზად გაშავებული და დეტალები იდეალურად ეწყობა ერთმანეთს. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ცალსახად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ Stoeger Cougar არანაირად არ არის „იაფი“ იარაღი.

დიახ, მისი ფასი 1600 ლარია, მაგრამ ხარისხის თვალსაზრისით იგი არაფრით ჩამოუვარდება არც Beretta-ს, არც SIG Sauer-ს და არც სხვა ცნობილ 9 მმ-იან პისტოლეტებს. მას არ გააჩნია არც ერთი ის ნიშანი, რაც ჩვეულებრივ ახასიათებს იაფ სეგმენტს: ცუდი სასხლეტი, უხეშად დამუშავებული და ცუდად მორგებული დეტალები, დაბალი ხარისხის მჭიდები, შიგნიდან ან გარედან დაუმუშავებელი ზედაპირები და სუსტი დაფარვა. ჩამოთვლილიდან არცერთი არ ეხება Cougar-ს.

გასაკვირი არც არის, რომ აშშ-ის ბაზარზე მისი ფასი დაახლოებით 370 დოლარია და იქ უკვე საკმაოდ პოპულარული მოდელია — ინტერნეტში უამრავი დადებითი გამოხმაურება გვხვდება და ამ ეტაპზე სერიოზული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს.

მინუსები

მიუხედავად იმისა, რომ იარაღი დეტალურად შევისწავლე, ასევე ჩავუღრმავდი მისი წინამორბედის ექსპლუატაციის ისტორიას. აღმოჩნდა, რომ ინტენსიური სროლის პირობებში ლულის ჩამკეტი ბლოკი შეიძლება გაცვეთილ იქნას, რაც გარკვეულ პრობლემებს იწვევს ვაზნების მიწოდებისას. საბედნიეროდ, ეს პრობლემა ადვილად მოსაგვარებელია — საჭირო ნაწილის შეკვეთა უშუალოდ მწარმოებლისგან თურქეთიდან უპრობლემოდ შეიძლება.

ლულის დეტალური დათვალიერებისას ასევე შევნიშნე ქრომის ფენაზე ორი უმნიშვნელო ნაკაწრი. სერიოზულ პრობლემას ეს არ წარმოადგენს, თუმცა სხვა იარაღებზე მსგავსი რამ არ შემიმჩნევია. დეტალური შესწავლა ამ დეფექტის ვერ მოხდა, ბოროსკოპის არარსებობის გამო. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ რომ ამ დეფექტს არანაირი გავლენა არ უნდა ქონდეს სიზუსტეზე და ალბათ ლულის საბოლოო რესურსზეც.

და, ფაქტობრივად, ეს არის ყველაფერი. სხვა რაიმე მინუსი ან კონსტრუქციული ნაკლი ვერ აღმოვაჩინე. სუბიექტურ შეფასებებს შეგნებულად არ შევეხები — ვიღაცას შეიძლება გარეგნობა არ მოეწონოს, სხვას ტარის ფორმა ან კუთხე და ა.შ.

კონკურენტებთან შედარებისას, მაგალითად IMI-ს Jericho, რომელიც იგივე ფასში იყიდება აშკარად უფრო უნივერსალურია: აქვს პოლიმერის ჩარჩო და ღამის სამიზნე მოწყობილობები, თუმცა ეს უკვე პრიორიტეტების საკითხია.

shooterscentral.ge-ს დასკვნა

Stoeger Cougar არის შესანიშნავი კომპაქტური 9 მმ-იანი პისტოლეტი. მიუხედავად შედარებით დაბალი ფასისა დასავლური წარმოების იარაღებთან, ის არანაირად არ წარმოადგენს „იაფ“ იარაღს და ამით მკვეთრად გამოირჩევა ქართული ბაზრის კონკურენტებისგან (Jericho, Arcus და მით უმეტეს სხვა თურქული პისტოლეტები).

ჩემი აზრით, მისი ფასი საქართველოში მაინც ზედმეტად მაღალია — 1600 ლარი სამართლიანი არ არის და ის უფრო დაბალ ფასად უნდა იყიდებოდეს. მიუხედავად ამისა, იარაღის უდავო პლიუსებია: მაღალი წარმოების ხარისხი, რბილი და სტაბილური მუშაობა, 15-ვაზნიანი იტალიური მჭიდები, კომპაქტური გაბარიტები და მცირე წონა.


Scroll to Top