იარაღის საწმენდი ნაკრები დამწყებისთვის

კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ: თუ სრულწლოვანი ხართ და ბავშვობაში ომობანას თამაშობდით, თუ სათამაშო იარაღი თქვენთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი იყო, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოში ნებადართულია სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ფლობა. ამიტომ გირჩევთ, გადადგათ პირველი ნაბიჯი და იყიდოთ თქვენი პირველი იარაღი.

ჩემი პირველი იარაღი იყო 12 კალიბრის, ორლულიანი თურქული თოფი, რომელიც ვიყიდე მაშინ, როცა ზუსტად მახსოვს — 20 წლის ვიყავი. კარგი თოფი იყო: თერმოსტაბილური, ვერტიკალური მოკლე ლულებით და ნიკელის დაფარვით… თურქული წარმოების იყო და, რა თქმა უნდა, ერთი ნაკლიც ჰქონდა. მოგვიანებით ის მალევე შეცვალა გაზისა და საფანტის პისტოლეტმა Voltra 85-მა. შემდეგ უკვე მაკაროვის სისტემის პისტოლეტიც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

შემდეგ მოვხვდი ისეთ სამსახურში და ისეთ წრეში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი საყვარელი სასაუბრო თემა იყო. მერე დავრეგისტრირდი talks.guns.ru-ზე და დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება — სადაც იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები ჩემი ცხოვრების განუყრელი და ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა.

ცხადია, იარაღის შეძენის შემდეგ მალევე გამიჩნდა სურვილი, შემეძინა მისთვის საჭირო მოვლისა და წმენდის საშუალებები. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი ძირითადი და ფაქტობრივად ერთადერთი „ქიმია“ იყო მშრალ ხიდზე კუსტარულად დამზადებული ნეიტრალური ზეთი, ე.წ. „შელოჩი“ და საწმენდი ხსნარი „ბერკუტი“. ხოლო მთელი საწმენდი ინსტრუმენტების ნაკრები, რომელსაც ვიყენებდი, აკმ-ის „ზიპით“ შემოიფარგლებოდა.

თუმცა ნელ-ნელა ცოდნაც მემატებოდა, ხელფასიც იზრდებოდა, შესაბამისად იზრდებოდა იარაღის რაოდენობაც და გასროლილი ვაზნების რაოდენობაც.

ასე გამოიყურება ხოლმე ჩემი მაგიდა იარაღის წმენდის პროცესში

დღეს, რვა წლის შემდეგ, უკვე შემიძლია თავს უფლება მივცე და დავწერო მოკლე „სტატია“ დამწყებთათვის, რომელიც მათ გაუადვილებს შესაბამისი „ქიმიისა“ და აქსესუარების შერჩევას. თავიდანვე გავიმეორებ — ეს ტექსტი არ არის განკუთვნილი გამოცდილ მსროლელებისთვის და არ ეხება რაიმე განსაკუთრებულ ხრიკებს, ფოკუსებს ან პროფესიონალურ საიდუმლოებებს.

სტატიის მთავარი მიზანია დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც ცხოვრებაში პირველი იარაღი შეიძინა, სწორი პირველადი არჩევანი გააკეთოს და მინიმალური, მაგრამ საჭირო ნაკრები შეიძინოს ზედმეტი ფინანსური ხარჯების გარეშე. ეს არ არის ზუსტი ინსტრუქცია — უფრო პატარა „შპარგალკაა“. ბოლოს და ბოლოს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე გაქვთ და ინტერნეტიც ხელმისაწვდომია, ასე რომ გირჩევთ გამოიყენოთ საკუთარი გონება. ყველაფერი, რაც ქვემოთ წერია, უბრალოდ ცოტათი დაგეხმარებათ.

ნაბიჯი პირველი: საწმენდები

დაანებეთ თავი ძველ რუსულ ფოლადის შომპოლებს — ისინი არ ვარგა. მეტიც, ისინი სახიფათოა და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიფუჭებენ იარაღს. შეეცადეთ გამოიყენოთ მხოლოდ პლასტმასის ან ხის შომპოლები და „პრაწირკები“. უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებია რბილი ფოლადისგან დამზადებული, მაგალითად თითბერის.

გრძელლულიანი იარაღის შომპოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეზინის ან პლასტმასის გადაკრული ზედაპირი. დასაშვებია სხვადასხვა დამხმარე ინსტრუმენტების გამოყენებაც: კბილის საჩიჩქნები, მაჩხირები, კბილის ჯაგრისები და სხვა მსგავსი საშუალებები. ზედმეტად ნუ გადაიტვირთავთ თავს — თქვენი მიზანი მარტივია: მოაშოროთ მექანიზმს ჭუჭყი და საჭირო ადგილებში დაფაროთ დეტალები ზეთის თხელი ფენით. ეს არის და ეს.

რაც ამ მიზანს საუკეთესოდ ემსახურება, ის გამოიყენეთ. თუ ბამბის ჩხირებით უკეთ გამოგდით, თავისუფლად იყიდეთ აფთიაქში და გამოიყენეთ ისინი. მაგალითად, ზეთის თხელი ფენის დასატანად მე თავად პატარა სამხატვრო ფუნჯს ვიყენებ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ხისგან სპეციალური ფორმის საწმენდებიც გამოთალოთ — მთავარია, ისინი იარაღს არ კაწრავდნენ.

მაგალითად, პისტოლეტის გასაწმენდად სრულიად საკმარისია: ერთი რბილი ფოლადის დახვეული ლულის საწმენდი ჯაგრისი, ერთი პლასტმასის „პრაწირკა“ და ერთი წაწვეტებული თავით ხის ჩხირი, რათა ძნელად მისადგომი ადგილებიდან ჭუჭყი ამოიღოთ. პირველ ეტაპზე მეტი არაფერი დაგჭირდებათ.

ე.წ. “პრაწირკა”. ამ შემთხვევაში ხის

გრძელი იარაღის შომპოლი უნდა იყოს ფოლადის, გადაკრული გარედან რეზინით ან პლსტმასით, სახელური უნდა თავისუფლად ტრიალებდეს. არ უნდა იყოს ზედმეტად დრეკადი.

!!!საწმენდების გამოყებებისას მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი რკინის რკინაზე კონტაქტი!!!  

ნაბიჯი მეორე: ნეიტრალური ზეთი

პირველი, რაც უნდა შეიძინოთ, არის კარგი ნეიტრალური ზეთი. ნეიტრალური ნიშნავს, რომ ზეთს არ აქვს ისეთი მინარევები, რომლებიც მაგალითად ნამწვავს შლის. ასეთი ზეთი გამოიყენება მხოლოდ იარაღის დასაზეთად და არა წმენდისთვის. მაგალითად, მე დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებდი ESSO-ს უნივერსალურ ზეთს, რომელიც დაახლოებით 5 ლარად ვიყიდე „გუდვილის“ მაღაზიაში.

აღნიშნული ზეთი იდეალურია იარაღის დასაზეთად. თავი შეიკავეთ სპრეების ყიდვისგან — ასეთი ზეთები ზედმეტად თხევადია და ერთი დაჭერით ძალიან ბევრ ზეთს აფრქვევენ, რომელიც ყველგან ხვდება და კონტროლს კარგავს.

აპრობირებული და პრაქტიკული მეთოდია ზეთის თხელი ფენით დატანა ფუნჯის დახმარებით. ასე ზუსტად აკონტროლებთ რაოდენობას და ზეთი ხვდება მხოლოდ იქ, სადაც ნამდვილად საჭიროა.

ნაბიჯი მესამე: საწმენდი სითხე.

იარაღის საწმენდი საშუალება და ზეთი ერთი და იგივე არ არის.
ზეთის დანიშნულებაა ლითონის დეტალებში ხახუნის შემცირება და იარაღის კოროზიისგან დაცვა. საწმენდი საშუალებები კი განკუთვნილია იარაღის დეტალებიდან და ლულიდან დენთის წვის პროდუქტების მოსაშორებლად. ამისთვის ისინი ამ ნარჩენებთან ქიმიურ რეაქციაში შედიან, შლიან და ათხევადებენ მათ, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს მექანიკურ გაწმენდას.

თუ იარაღი უბრალოდ სახლში გიდევთ და არ იყენებთ, ასეთი ძლიერი საწმენდი ქიმიის გამოყენება აუცილებელი არ არის. იარაღის საწმენდი ქიმია საკმაოდ აგრესიულია და მისი დიდი ხნით იარაღში დატოვება რეკომენდებული არ არის. ასევე, პროფილაქტიკური წმენდისას მისი გამოყენება საჭიროებას არ წარმოადგენს.

დამწყებისთვის ძალიან კარგი არჩევანია უნივერსალური ზეთი Ballistol, რომელიც თბილისის მაღაზიებშიც იყიდება. ეს არის ხარისხიანი ზეთი, რომელსაც აქვს მინარევები დენთის წვის პროდუქტებისა და სხვა ჭუჭყის დაშლისთვის. ამავე დროს იგი იცავს ფოლადს, ამცირებს ხახუნს, მოქმედებს როგორც ზეთი და არ აზიანებს ხესა და მეტალის საფარებს.

იმის გამო, რომ Ballistol-ში არის მინარევები, რომლებიც რეაქციაში შედიან ჭუჭყთან (აქვს მსუბუქი ტუტოვანი ეფექტი), მე მას პირადად იარაღის საბოლოო დასაზეთად არ ვიყენებ. თუმცა ის შესანიშნავი, რბილი და არააგრესიული საწმენდი საშუალებაა.

საწყის ეტაპზე გირჩევთ გამოიყენოთ იგი იარაღის მექანიზმებისა და ლულის დენთის წვის პროდუქტებისგან გასაწმენდად. გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვებასთან ერთად შეძლებთ უფრო აგრესიულ ქიმიაზე გადასვლას, რომლის გამოყენებაც მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

დაიმახსოვრეთ: საწმენდი სითხეები არასდროს უნდა დარჩეს იარაღში

ასეთი ნაკრები უნივერსალურია და მოსახერხებელი, თუმცა მისი ზოგიერთი ელემენტი შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეთ. ამ ტიპის ნაკრების ფასი საშუალოდ 100-დან 200 ლარამდე მერყეობს.

იარაღის გასაწმენდათ ასევე გამოდგება ხსნარი WD-40, რომელიც იყიდება მანქანის აქსესუარების მაღაზიებში და ელიავას ბაზრობაზე. ეს არის ნავთის შემცველი სითხე, რომელიც არბილებს ჭუჭყს და აადვილებს მის მოშორებას. რაიმე განსაკუთრებუკლი საწმენდი თვისებები არ აქვს მაგრამ მე მას ვეძახი იარაღის სარეცხ წყალს ანუ ის თხევადია, წნევით გამოდის და კარგად გამორეცხავს მექანიზმებს. საველე პირობებში ის ხანმოკლე დროთ ნეიტარლურ ზეთსაც შეცვლის.

ნაბიჯი მეოთხე: საწმენდი ტილოები

აქაც ზედმეტი ფილოსოფია და „ტვინის ჭყლეტა“ საჭირო არ არის, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე. გამოგადგებათ ძველი ბამბის მაისურები (უკეთესია ღია ფერის, რომ ჭუჭყი კარგად ჩანდეს), ძველი ზეწრები და მსგავსიც — ყველაფერი, რაც კარგად იწოვს სითხეს და არ ტოვებს ბუსუსებს.

ჩემი პრიბალტელი მეგობრები წარმატებით იყენებენ ლიტვურ ტუალეტის ქაღალდს. მე პირადად ძველ მაისურებს ვიყენებ, ზოგჯერ კი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში სპეციალურად ვყიდულობ თეთრ ბამბის მაისურებს. მათ ვჭრი პატჩებად — სხვადასხვა საჭირო ფორმისა და ზომის პატარა ნაჭრებად — და შემდეგ, საჭიროებისას, უკვე გამზადებულებს ვიყენებ.

ნაბიჯი მეხუთე: ადგილის მოწყობა

ზოგადად, ქიმიასთან მუშაობისას სასურველია, ოთახი კარგად იყოს განიავებული. დაიცავით სამუშაო მაგიდა ზეთისა და სხვა ქიმიური საშუალებების ზემოქმედებისგან, ასევე ნაკაწრებისგან. კარგი განათებაც აუცილებელია — ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს.

პატარა რჩევები და ხრიკები:

1. მსგავსი მარტივი მოწყობილობა ქიმიური საშუალებების მობილურობის პრობლემას მარტივად აგვარებს. მე ხან ვერანდაზე ვწმენდ იარაღს, ხან ბაღში, ხან ოთახში, და ასეთი კონსტრუქცია ძალიან მეხმარება სითხეების შენახვასა და გადაადგილებაში. დამზადება მარტივია: ამ შემთხვევაში გამოვიყენე მუყაოს ყუთი — ჭურჭელს ჯერ ფანქრით შემოავლებ კონტურს, შემდეგ ამოჭრი ზედმეტ მუყაოს და მზადაა. საკმაოდ მოსახერხებელი გამოსავალია.

2. თუ გაქვთ საშუალება, საწმენდი ნაკრები ინტერნეტით შეიძინეთ. არჩევანი ბევრად დიდია და ფასიც ხშირად უფრო მისაღები გამოდის. მაგალითად, L.L.Bean Elite Otis Gun Cleaning Kit სრულიად საკმარისია სხვადასხვა კალიბრის რამდენიმე პისტოლეტისთვის და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ.

3. წესრიგში და სისუფთავეში უნდა იყოს არა მხოლოდ იარაღი, არამედ საწმენდი ინვენტარიც. ცხელი წყლით და სარეცხი ფხვნილით ან ხსნარით გაწმენდილი ჯაგრისების სიცოცხლე მნიშვნელოვნად იზრდება.

4. საკმაოდ კარგი ინვენტარის შეძენა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო მაღაზიებშიც. მაგალითად: კბილის ჯაგრისები, გრილისთვის განკუთვნილი ლატუნის ჯაგრისები კარგად წმენდს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ რევოლვერებსა და პისტოლეტებს, ხოლო ხის საჭრელი დაფები მოსახერხებელია იარაღის დასაშლელად და ზედ სამუშაოდ.
მოკლედ, თუ სპეციალიზებულ მაღაზიებში რამეს ვერ პოულობთ, ხშირად გამოსავალი „სამოქალაქო“ მაღაზიების დახლებზეც არსებობს. მთავარი ისაა, რომ ნივთი მიზანს ემსახურებოდეს — იარაღის ხარისხიან გაწმენდას. ცხადია, ესთეტიკის მხრივ შესაძლოა სპეციალიზებულ საქონელს ჩამოუვარდეს, მაგრამ ხანდახან სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ: იარაღი რაც შეიძლება მალე უნდა გაიწმინდოს სროლის შემდეგ და თვეში ერთხელ მაინც — პროფილაქტიკის მიზნით.
ასევე შეგახსენებთ ერთ ძველ წესს, რომელიც ერთ ძველ წიგნში ამოვიკითხე: იარაღის სისუფთავის შენარჩუნების საუკეთესო გზა არის ნაკლებად შეეხოთ მას ბინძური ხელებით.

წარმატებებს გისურვებთ!

პს

ეს დასაფენი მე შევიძინე ისევ გუდვილში. ღირდა სულ 7 ლარი. იწოვს სითხეებს, ზედ დალაგებული ნაწილები არ დაგორავენ იქით აქით და არ იკარგებიან ხოლო იარაღი ზედ რომ დევს არ იკაწრება.

პირველად გამოქვეყნდა: 2 აგვისტო, 2010

Scroll to Top