“სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან

პირველად გამოქვეყნდა: აპრილი 23, 2011 

სამხრეთ აფრიკაზე, განსაკუთრებით კი მის შეიარაღებულ ძალებსა და სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე, საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი. არადა, ამ თვალსაზრისით ეს უკიდურესად საინტერესო ქვეყანაა, როგორც შესწავლის ობიექტი. თავისი შედარებით მოკლე ისტორიის განმავლობაში სამხრეთ აფრიკა პრაქტიკულად მუდმივი სამხედრო კონფლიქტების რეჟიმში ცხოვრობს (ამ მხრივ გარკვეულ პარალელს ავლებს საქართველოთან) და ამ პერიოდში მოახერხა ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ჩამოყალიბება (რაც, სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ვერ ითქმის).

სამხრეთ აფრიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის შეიარაღებას აწარმოებს — დაწყებული მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღიდან და დამთავრებული საბრძოლო მოიერიშე ვერტმფრენებით. ვცადოთ მარტივ შეკითხვაზე პასუხი: რამდენ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას სრულფასოვანი საბრძოლო მოიერიშე ვერტმფრენი? ასეთი ქვეყნები ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელია. მათ შორის, მაგალითად, რუსეთი უკვე 25 წელზე მეტია ცდილობს და დღემდე ვერ შექმნა 40 წლის წინ დაპროექტებული Ми-24-ის სრულფასოვანი შემცვლელი. მთელი ევროპა გაერთიანდა და, თუ არ ჩავთვლით მსუბუქ იტალიურ „მანგუსტას“, დიდი სირთულეებითა და შეფერხებებით ნელ-ნელა შეჰყავს მწყობრში Eurocopter Tiger.

ამ ფონზე, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, სამხრეთ აფრიკამ დამოუკიდებლად შექმნა სრულფასოვანი საბრძოლო ვერტმფრენი — AH-2 Rooivalk.

რა თქმა უნდა, ქვეყნის უჩვეულო გეოგრაფიული პირობები, სპეციფიკური ლანდშაფტი და არაკონვენციონალური საბრძოლო მოქმედებების ხასიათი იარაღისა და აღჭურვილობის მიმართ უნიკალურ მოთხოვნებს აყალიბებს. შესაბამისად, სამხრეთ აფრიკას გააჩნია არაერთი მართლაც უნიკალური და პიონერული შეიარაღების ნიმუში. მაგალითად, ჯავშანმანქანები, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შემდეგ 30–40 წუთში კვლავ მწყობრში ბრუნდებიან; თვითმავალი საარტილერიო სისტემა G6; კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მოდიფიკაცია — CR-21 და სხვა.

ამ სტატიაში კი ყურადღებას გავამახვილებთ იარაღზე, რომელიც ფორმალურად პიონერული არ არის, რადგან ის კონცეპტუალურად იმეორებს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ გერმანულ 13 მმ-იან ტანკსაწინააღმდეგო შაშხანას — Tankgewehr 1918-ს. მიუხედავად ამისა, NTW-20 ნამდვილად უნიკალურია იმ ტექნიკური და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.

პირველი თავის კლასში იყო გერმანული Tankgewehr 1918, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა იმით, რომ სროლისას ხშირად იწვევდა მსროლელის ძვლების მოტეხილობას და უკუცემის შედეგად მიწაზე დამხობას.

სამხრეთაფრიკული 20 მმ-იანი „ხელის ქვემეხი“ საკმაოდ იშვიათი კლასის იარაღს მიეკუთვნება. კონცეფცია, რომლის მიხედვითაც იგი შეიქმნა, არსებითად იგივეა, რაც მსხვილკალიბრიანი .50 კალიბრის შაშხანების შემთხვევაში გამოიყენება. აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ იარაღის დანიშნულების შესახებ ზუსტად და მკაფიოდ გამოთქვა აზრი ყველასთვის ცნობილმა გურუმ — ჯეფ კუპერი:

არსებობს მიზეზი, რის გამოც მსხვილკალიბრიანი, ხელით გადასატანი შაშხანები არსებობს, და ეს მიზეზი არის მექანიკური აღჭურვილობის განადგურება საშუალო მანძილებზე.

ტრადიციულად, .50 კალიბრის და უფრო მსხვილი შაშხანების სამიზნეებში შედის სხვადასხვა მნიშვნელოვანი და ფაქიზი ტექნიკა: რადიოლოკაციური სადგურების ანტენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მიწაზე განლაგებული საავიაციო ტექნიკა, რთული შეიარაღების სისტემები და სხვა მსგავსი ობიექტები. მოწინააღმდეგის ცალკეული ქვეითი მებრძოლი არასოდეს ყოფილა „ბარეტისტების“ პრიორიტეტული სამიზნე. ამას ემატება ისიც, რომ .50 კალიბრის ვაზნები განსაკუთრებული სიზუსტით არ გამოირჩევა ძალიან დიდ მანძილებზე, ხოლო სპეციალური სნაიპერული ვაზნების დამზადება (როდესაც ტყვია მთლიანად ფრეზირებით მზადდება) უკიდურესად ძვირადღირებულია.

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო კონფლიქტებმა აჩვენა: 12.7 მმ-იანი (.50) ტყვიის სამიზნეში მოხვედრა ძლიერ ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს მოწინააღმდეგეზე, რის გამოც ცალკეული მებრძოლების განადგურებაც პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გვხვდება. არსებული ინფორმაციით, .50 კალიბრის ეფექტური გამოყენების მანძილი მნიშვნელოვნად არ აღემატება სტანდარტული სნაიპერული შაშხანების ეფექტურ დისტანციებს.

სამხედრო სნაიპერების მიერ ინდივიდუალურ სამიზნეებზე მუშაობის ეფექტური მანძილები გაიზარდა არა .50 კალიბრის, არამედ უფრო ზუსტი და ამავე დროს უფრო მძლავრი კალიბრების გამოყენებით, როგორიცაა .300 Winchester Magnum, .338 Lapua Magnum და შედარებით ახალი .408 CheyTac.

სამხრეთ აფრიკელებმა კი სრულიად განსხვავებული გზა აირჩიეს და შექმნეს 20 მმ-იანი სნაიპერული „ხელის ქვემეხი“, რომელიც იყენებს მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხებისთვის განკუთვნილ 20 მმ-იან ჭურვებს.

იარაღის ავტორი გახლავთ კომპანია Aerotek-ის სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი, წარმოშობით კიპრიოტი — ტონი ნეოფიტუ. სრულფასოვანი, „ცოცხალი“ იარაღის შესაქმნელად მას სულ რაღაც ოთხნახევარი თვე დასჭირდა. მოგვიანებით, იარაღის წარმოების უფლებები შეიძინა კომპანიამ Denel, რომელიც NTW-20-ს დღემდე სთავაზობს პოტენციურ მყიდველებს. 1998 წლიდან ეს იარაღი შეიარაღებაში მიღებულია სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების მიერ.

იარაღის მოკლე ვადებში შექმნას ხელი შეუწყო იმან, რომ ტონი ნეოფიტუს დიდი გამოცდილება ჰქონდა ვერტმფრენებზე დასაყენებელი ტურელების პროექტირებაში, რის გამოც მან საკმაოდ სწრაფად ააწყო პირველი პროტოტიპი. დამატებით გამოყენებული იქნა უკვე არსებული იარაღის ნაწილებიც — კერძოდ, GA1 ავტომატური ქვემეხის ლულა და საკეტის თავი, რამაც სამუშაოები კიდევ უფრო დააჩქარა.

ფასის შემცირების, ტექნოლოგიური სიმარტივისა და სიზუსტის პოტენციალის გამო არჩეულ იქნა ხელით გადასატენი შაშხანის კონცეფცია. საკეტს გააჩნია ექვსი საბრძოლო ბჯენი. სამვაზნიანი მჭიდი იარაღის გვერდიდან არის განლაგებული, რასაც იარაღის ძირითადი აგებულება და უკუცემის შემცირების სისტემის მუშაობის სქემა განაპირობებს.

იარაღის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის სამკომპონენტიანი უკუცემის შემცირების სისტემა, რომელიც ძლიერი 20 მმ-იანი ჭურვების გამოყენებას შესაძლებელს ხდის. პირველი კომპონენტია მასიური კომპენსატორი, რომელიც დენთის აირებს დაახლოებით 130 გრადუსიანი კუთხით ფანტავს და მნიშვნელოვნად ამცირებს უკუცემას. მეორე კომპონენტს წარმოადგენს ორი პარალელური ზამბარა, რომლებიც ამცირებს როგორც უშუალო უკუცემის ძალას, ისე მოძრავი ნაწილების უკან დაბრუნებით წარმოქმნილ დატვირთვას. მესამე კომპონენტია ჰიდრავლიკური ბუფერი, რომელიც უკუცემის ენერგიის ყველაზე დიდ ნაწილს შთანთქავს და მუშაობს პროცესის საწყის ეტაპზე; შემდეგ ის ეთიშება სისტემას და დარჩენილი ენერგიის შთანთქმა ზამბარებს გადაეცემათ.

ჰიდრავლიკური ბუფერის ეფექტურობა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე, ვინაიდან იგი იყენებს ზეთს სამუშაო სითხედ, რომლის თვისებებიც ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად იცვლება. შესაბამისად, ხელმისაწვდომია ორი განსხვავებული ტიპის ბუფერი სხვადასხვა კლიმატური პირობებისთვის. თავად ჰიდრავლიკის გამოყენება ცეცხლსასროლ იარაღში ახალი იდეა არ არის — მაგალითად, გერმანულმა კომპანიამ Heckler & Koch სცადა ჰიდრავლიკური სისტემის გამოყენება საკუთარ პისტოლეტში P7, თუმცა ეს გადაწყვეტა წარმატებული არ აღმოჩნდა. გაცილებით უფრო დიდი ზომის იარაღში სამხრეთ აფრიკელების სქემა გაცილებით ეფექტური გამოდგა.

უკუცემის დროს არც ერთი ელემენტი, რომელთანაც მსროლელი უშუალო კონტაქტშია (კონდახი, სახელური, რესივერი, ოპტიკა, სადგარი), არ მოძრაობს. მოძრავი ნაწილების სვლის სიგრძე დაახლოებით 100 მმ-ს შეადგენს.

იარაღზე სტანდარტულად ყენდება ოპტიკური სამიზნე 8×56 Lynx, ინტეგრირებული ტყვიის ვარდნის კომპენსატორით.

იარაღის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ლაფეტს, რომელზეც მთელი სისტემა გადაადგილდება. მის უკანა ნაწილში განლაგებულია მონოპოდი, რომელიც ასევე იარაღის ხელით გადატანის კომპონენტის ფუნქციას ასრულებს. იგი რეგულირებადია და შესაძლებელია მისი აკეცვა ან მოხსნა. სახელური აღებულია სამხრეთ აფრიკული მოიერიშე შაშხანა R4-დან (ისრაელური Galil-ის ლიცენზირებული მოდიფიკაცია). დამრტყელ-სასხლეტი მექანიზმი მოდულური ტიპისაა და მისი რეგულირება შესაძლებელია მოხსნის გარეშეც. იარაღი იშლება და იწმინდება ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.

NTW-20-ის მასა 26 კგ-ს შეადგენს და ტრანსპორტირებისას იგი ორ ნაწილად იყოფა — 11 და 15 კგ-იან პაკეტებად. აწყობილ საბრძოლო მდგომარეობაში იარაღის სრული სიგრძეა 1795 მმ, ლულის სიგრძე კი ზუსტად ერთი მეტრი. უახლესი მოდიფიკაცია კალიბრში 20×110 mm Hispano უკვე 31 კგ-ს იწონის. მწარმოებლის მონაცემებით, სროლის ეფექტური მანძილი შეადგენს დაახლოებით 1300 მეტრს 20 მმ-იანი ჭურვით და 1700 მეტრს 14.5 მმ-იანი ტყვიით სროლისას.

20×110 mm Hispano-ს ჯავშანგამტანი და მაღალფეთქებადი ჭურვები.
სურათი — მწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდიდან.

სამ ვაზნიანი მჭიდის წინა მხარე ისეთი ფორმიასაა, რომ ჭურვის ცხვირი დაცული იყოს მჭიდის კედელთან კონტაქტისგან.

ლულის, მჭიდისა და საკეტის თავის გამოცვლით შესაძლებელია ქვემეხის კონვერტაცია შაშხანაში, რომელიც იყენებს რუსულ 14.5×114 მმ კალიბრის ვაზნებს. ლულის მოხსნა შესაძლებელია საველე პირობებშიც — გასაღების ფუნქციას თავად ვაზნის მასრა ასრულებს: როგორც 20 მმ-იანი ჭურვის, ისე 14.5 მმ-იანი ვაზნის მასრები (მასრის ქვედა ნაწილი), რისთვისაც იარაღზე შესაბამისი ზომის „პაზები“ წინასწარ არის მონიშნული.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ორ კალიბრს მოგვიანებით დაემატა მესამე — 20×110 mm Hispano. ეს კიდევ უფრო ძლიერი ჭურვია, რომლის საწყისი სიჩქარე 20×82 მმ-თან შედარებით დაახლოებით 100 მ/წ-ით მაღალია. ეფექტური სროლის მანძილი შთამბეჭდავ 1500 მეტრს აღწევს. ამ კალიბრში იარაღი ცალვაზნიანია, ხოლო მისი მასა 31 კილოგრამს შეადგენს.

კარგად ჩანს გვერდიდან განლაგებული მჭიდი. მეტალის ჩარჩო ამარტივებს იარაღის გადატანას და დამატებით იცავს ოპტიკას დაზიანებისგან.

.50BMG ვაზნა და 20X82 ჭურვი

რაც შეეხება ამუნიციას, რომელსაც ეს ქვემეხი იყენებს, 20×82 მმ-იანი ჭურვი შეიქმნა Mauser-ის მიერ 1930-იან წლებში და პრაქტიკულად წარმოადგენს 20×80RB Oerlikon-ის ჭურვის კოპიას. განსხვავებით უკანასკნელისგან, მას აქვს უფრო მკვეთრად გამოხატული ბოთლისებრი ფორმა და სრული დიამეტრის საექსტრაქციო რკალი.

ვაზნა შედარებით დაბალი სიმძლავრისაა სხვა 20 მმ-იან ჭურვებთან შედარებით, რაც თავიდანვე განპირობებული იყო მისი გამოყენებით მსუბუქ ავტომატურ ქვემეხებში. სწორედ ამავე მიზეზის გამო გახდა შესაძლებელი მისი გამოყენება შაშხანის კლასის იარაღში.

ამ კონცეფცია ამერიკელებმა კიდევ უფრო განავითარეს: დაბალი სიმძლავრის ჭურვის ირგვლივ შექმნილი შაშხანის იდეა მათ 25 მმ-მდე გაზარდეს, ხოლო საბრძოლო ეფექტურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ჭურვის უფრო მძლავრი საბრძოლო ნაწილის გამოყენებით. ჩემი აზრით, ეს იარაღი კონცეფციით უფრო ახლოს დგას უნიტარული ჭურვების გამოყენებაზე გათვლილ ყუმბარმტყორცნებთან, ვიდრე კლასიკურ სნაიპერულ სისტემებთან. აღნიშნული სისტემა შექმნილია კომპანია Barrett-ის მიერ და ატარებს ინდექსს XM109.

Barrett XM109 

1997 წელს, იმ პერიოდში ჟურნალ Soldier of Fortune-ში მომუშავე ცნობილმა ექსპერტმა პიტერ კოკალისმა გამოსცადა აღნიშნული იარაღი და სტატიაში დაწერა, რომ მას შეუძლია აჩვენოს დაახლოებით 1.1 MOA-ის ტოლი ჯგუფები 900 მეტრზე სროლისას, რაც პრაქტიკაში დაახლოებით 25 სანტიმეტრს შეესაბამება. ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია ვერ მოვიძიე, რის გამოც რთულია შედარება — აქვს თუ არა ამ ქვემეხს რაიმე რეალური უპირატესობა უფრო ტრადიციულ მსხვილკალიბრიან სნაიპერულ სისტემებთან შედარებით. უდავოდ რჩება მხოლოდ ის ფაქტი, რომ 20 მმ-იან ჭურვს მნიშვნელოვნად უფრო დიდი დამაზიანებელი ძალა აქვს.

.50 კალიბრის ვაზნებისგან ამ ამუნიციის მთავარი განსხვავება ის არის, რომ აქ „ტყვიის“ როლში გამოდის სრულფასოვანი ჭურვი, რომელიც შედგება ფეთქებადი საბრძოლო ბირთვისგან და აღჭურვილია ამფეთქებლით. საბრძოლო ნაწილის მქონე .50 BMG კალიბრის ვაზნებიც არსებობს, თუმცა აშკარაა, რომ 20 მმ-იანი ჭურვი გაცილებით უფრო მძლავრია — უბრალოდ იმიტომ, რომ ის ბევრად მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას იტევს.

სულ 20×82 კალიბრის ხუთი ტიპის ჭურვი არსებობს, რომელთაც უშვებს სამხრეთ აფრიკული კომპანია Pretoria Metal Pressings. ესენია:

  • აალებადი მაღალფეთქებადი ჭურვი ცხვირში განლაგებული ამფეთქებლით (HEI);
  • აალებადი მაღალფეთქებადი მგეზავი ჭურვი (HEIT);
  • აალებადი, ნახევრად ჯავშანგამტანი მაღალფეთქებადი ჭურვი ამფეთქებლით ძირში (SAPHEI);
  • პრაქტიკული სავარჯიშო ჭურვი (TP);
  • პრაქტიკული სავარჯიშო მგეზავი ჭურვი (TPT).

ჭურვების საწყისი სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 720 მ/წ-ს. ამფეთქებელი საბრძოლო მდგომარეობაში გადადის გასროლიდან დაახლოებით 8 მეტრის შემდეგ, ხოლო მგეზავი ნივთიერების წვის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 წამია. ჭურვის გარშემო განლაგებულია რბილი მეტალის რკალები, რომლებიც ამცირებს ლულის ცვეთას და აუმჯობესებს ობტურაციას.

ნახევრად ჯავშანგამტან ჭურვს შეუძლია გახვრიტოს 10 მმ სისქის სტანდარტული NATO-ს ჯავშანფირფიტა 1000 მეტრის მანძილზე, სწორი კუთხით მოხვედრის შემთხვევაში. ძირში განლაგებული ამფეთქებელი უზრუნველყოფს ოდნავ დაგვიანებულ დეტონაციას, რის გამოც ჭურვი განსაკუთრებით ეფექტურია, მაგალითად, ჯავშანტრანსპორტიორების წინააღმდეგ — დეტონაცია ხდება უკვე შიგნით შეღწევის შემდეგ.

ამ იარაღს რამდენიმე ანალოგიც ჰყავს: ბულგარული APH RK20, ხორვატიული RT20, ინდური ოთხკალიბრიანი Vidhwansak და საკმაოდ საინტერესო, კერძო პირის მიერ აწყობილი Anzio 20mm Rifle. არსებობს სხვა მოდელებიც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსხვილკალიბრიანი, არა თვითდამტენი შაშხანის წარმოება ტექნოლოგიურად არც ისე რთულია. უკვე ჩვენმა მეზობლებმაც — აზერბაიჯანელებმა — დაიწყეს ამ კლასის იარაღის წარმოება. ხოლო რას ვაწარმოებთ ჩვენ, ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია.

სურათზე Anzio 20mm Rifle .50 კალიბრის Barrett M82-ისგვერდით. სურათიმ წარმოებლის საიტიდან

Scroll to Top